„საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 2 274.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე 9.2%-ით ნაკლებია.
სტატისტიკის თანახმადვე, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 45.3%-ს შეადგენს - აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 15.8%-ით შემცირდა და 1 030.1 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.
„2024 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 71.6% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი (217.2 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (153.6 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (100.5 მლნ. აშშ დოლარი).
2024 წლის იანვარ-მაისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ყურძნის ნატურალური ღვინოები არის წარმოდგენილი 140.3 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 13.6%-ს შეადგენს.
მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 105.5 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 10.2%); ხოლო მესამე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები, 73.1 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.1%)”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
თურქეთის პარლამენტმა ბოლო მოსმენით მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც 15 წელს მიუღწეველ მოზარდებს სოციალურ ქსელებსა და ონლაინ პლატფორმებზე რეგისტრაცია აეკრძალებათ. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
როგორც სააგენტო იუწყება, კანონი მიიღეს მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ 14 წლის მოზარდმა თურქეთის ქალაქ კაჰრამანმარაშის სკოლაში ცეცხლის გახსნა და ცხრა მოსწავლე და ერთი მასწავლებელი მოკლა.
ახალი კანონი სოციალურ ქსელებს დაავალდებულებს ასაკის შემოწმების სისტემა დანერგონ და მშობლის კონტროლი დააწესონ, აგრეთვე ოპერატიული რეაგირება მოახდინონ იმ კონტენტზე, რომელიც სახიფათოდ იქნება მიჩნეული.
სიახლე გულისხმობს იმას, რომ ისეთმა პლატფორმებმა, როგორებიცაა YouTube, TikTok, Facebook, Instagram და ა.შ., 15 წლამდე მოზარდებს რეგისტრაცია აუკრძალონ და შექმნან მშობლის კონტროლი.