საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის I კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18.7 პროცენტით (270.1 ლარით) გაიზარდა და 1 716.6 ლარი შეადგინა.
ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.
„საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 761.1 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 23.8 პროცენტით); ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 631.3 ლარი (გაიზარდა 55.2 პროცენტით); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 386.8 ლარი (გაიზარდა 21.6 პროცენტით); მშენებლობა - 2 145.5 ლარი (გაიზარდა 14.7 პროცენტით). 2023 წლის I კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 375.7 ლარით, ხოლო კაცების - 2 053.4 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 190.9 ლარი (16.1%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 358.1 ლარი (21.1%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
2023 წლის I კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 279.4 ლარით (18.9%) გაიზარდა და 1 759.1 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია და კომუნიკაციის (3 740.2 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 57.1 პროცენტით), ასევე ხელოვნება, გართობა და დასვენების (2 832.9 ლარი, გაიზარდა 14.8 პროცენტით) დარგებში ფიქსირდება. 2023 წლის I კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 252.4 ლარით (18.1%) გაიზარდა და 1 643.2 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს. საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს თბილისი და მცხეთა-მთიანეთის რეგიონი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
თურქეთის პარლამენტმა ბოლო მოსმენით მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც 15 წელს მიუღწეველ მოზარდებს სოციალურ ქსელებსა და ონლაინ პლატფორმებზე რეგისტრაცია აეკრძალებათ. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
როგორც სააგენტო იუწყება, კანონი მიიღეს მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ 14 წლის მოზარდმა თურქეთის ქალაქ კაჰრამანმარაშის სკოლაში ცეცხლის გახსნა და ცხრა მოსწავლე და ერთი მასწავლებელი მოკლა.
ახალი კანონი სოციალურ ქსელებს დაავალდებულებს ასაკის შემოწმების სისტემა დანერგონ და მშობლის კონტროლი დააწესონ, აგრეთვე ოპერატიული რეაგირება მოახდინონ იმ კონტენტზე, რომელიც სახიფათოდ იქნება მიჩნეული.
სიახლე გულისხმობს იმას, რომ ისეთმა პლატფორმებმა, როგორებიცაა YouTube, TikTok, Facebook, Instagram და ა.შ., 15 წლამდე მოზარდებს რეგისტრაცია აუკრძალონ და შექმნან მშობლის კონტროლი.