USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
თბილისი
„საქსტატი“ - 2020 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სახეზე გვაქვს საქართველოს ეკონომიკის 7,7%-იანი ვარდნა
თარიღი:  1280

დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2020 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სახეზე გვაქვს საქართველოს ეკონომიკის 7,7%-იანი ვარდნა, ხოლო 11 თვის საშუალო მაჩვენებელი აქედან გამომდინარე -5,9%-ია, - ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ეკონომიკის ვარდნის მიუხედავად, ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა დამამუშავებელი მრეწველობის, საფინანსო საქმიანობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ასევე, წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ნარჩენების მართვის სფეროებში. დანარჩენ სექტორებში კი გამოვლინდა კლების ტენდენცია.

„განსაკუთრებით აღსანიშნავია დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობის შემცირება, ასევე მშენებლობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, სასტუმროებისა და რესტორნების, ხელოვნების, გართობის, დასვენებისა და ვაჭრობის სექტორებში დაფიქსირებული კლების ტენდენცია. 2020 წლის ნოემბერში საქონლის ექსპორტი შემცირებულია 13,4 %-ით, ხოლო იმპორტი12,1%-ით. რაც შეეხება საგარეო ვაჭრობის 11 თვის ჯამურ მაჩვენებელს, ექსპორტის მოცულობა შემცირდა 11,3%-ით, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი, დაახლოებით, 16%-ით არის შემცირებული.

2020 წლის ნოემბერში ქვეყანაში დარეგისტრირდა, დაახლოებით, 3450 ახალი საწარმო და აღნიშნული მაჩვენებელი 11,4 %-ით ჩამორჩება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. 4,2%-ით შემცირდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებულ დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და 7,3 მილიარდი ლარი შეადგინა.

რაც შეეხება მიზეზებს სექტორულ ჭრილში, დავიწყებ დარგებით, სადაც კლების ტენდენცია გამოვლინდა. მშენებლობის სექტორში კვლავ კლების ტენდენცია შეინიშნებოდა, როგორც საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობის, ისე სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოების შესრულების მიმართულებით, როგორიც არის, მაგალითად, ელექტრო- ტექნიკური და სამონტაჟო სამუშაოები, წყალგაყვანილობის, გათბობისა და ჰაერის კონდინცირების მონტაჟი. შემცირდა, ასევე, შემუშავებული სამშენებლო პროექტების მოცულობაც. აღსანიშნავია, რომ 15%-ით შემცირდა სამშენებლო მასალების იმპორტი,“- განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

მისივე განმარტებით, ტრანსპორტის სექტორში კლება ძირითადად დაკავშირებული იყო საჰაერო ტრანსპორტის ფუნქციონირებასთან, თუმცა აღნიშნულ დარგში კლების ერთ-ერთ მიზეზად სახელდება ასევე ტვირთის სატრანსპორტო დამუშავებასთან და დასაწყობებასთან დაკავშირებული მომსახურების მოცულობის შემცირებაც.

„სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში კლება, ძირითადად დაკავშირებული იყო საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის შემცირებასთან, დაახლოებით, 92%-ით არის შემცირებული საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა, რამაც, რასაკვირველია, გავლენა მოახდინა ტურისტული სააგენტოებისა და ტუროპერატორების შემოსავლებზე. ხელოვნების, გართობისა და დასვენების სექტორში კლების გამოვლენის მიზეზად გვევლინება როგორც აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული კომპანიების, ისე დასვენების, გართობის, სპორტისა და კულტურული ღონისძიებების ორგანიზებით დაკავებული დაწესებულებების შემოსავლების შემცირება. ვაჭრობის დარგში კლება, ძირითადად, დაკავშირებული იყო მსუბუქი ავტომობილებით ვაჭრობის მოცულობის შემცირებასთან, დაახლოებით, 62%-ით შემცირდა მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მაჩვენებელი. გარკვეულწილად შემცირებულია, ასევე, საცალო ვაჭრობა სამშენებლო მასალებითა და ალკოჰლური სასმელებით, ასევე, საბითუმო ვაჭრობა ნავთობპროდუქტებით,“- განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

იმ სექტორებს შორის, სადაც ეკონომიკური ზრდა შეინიშნება, აღსანიშნავია საფინანსო საქმიანობის სექტორი.

როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა განმარტა, აღნიშნულ სექტორში ზრდის გამომწვევ მიზეზად გვევლინება კომერციული ბანკების პროცენტული შემოსავლის ზრდა, რაც გარკვეულწილად დაკავშირებული იყო ფიზიკურ პირებზე გაცემული გრძელვადიანი სესხების მოცულობის ზრდასთან.

„ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში ზრდა განაპირობა საინფორმაციო და საკომუნიკაციო საქმიანობით დაკავებული კომპანიების ბრუნვის მოცულობის მატებამ, ხოლო, რაც შეეხება, წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ნარჩენების მართვის სექტორს, ზრდის ტენდენციები, ძირითადად, დაკავშირებული იყო ნარჩენების შეგროვების, დამუშავებისა და უტილიზაციის საქმიანობებთან,“- განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის