USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
თბილისი
საქპატენტი - ადგილწარმოშობის დასახელება „წარაფის“ შესახებ
თარიღი:  

გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საქპატენტი ადგილწარმოშობის დასახელება „წარაფის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს

„კულინარიულ ლიტერატურაში ამოიკითხავთ, რომ ღვინო „წარაფთან“ რეკომენდებული კერძებია: მოხარშული ხორცი, საქონლის ხორცი გრილზე ან შამფურზე, ფრინველის კერძები, ყველი და მისი მეგობრები. როგორც ღვინის დაყენებას, ისე მის მირთმევას ყოველთვის განსაკუთრებული წესი აქვს. ღვინის გემური თვისებები ხშირად სწორედ ზუსტად შესაბამის საკვებთან უნდა შეჯერდეს, რათა არომატები ერთმანეთს შეეთვისოს და სრული ჰარმონია მივიღოთ. შესაბამისად, ყველა ღვინოს თავისი დანიშნულება აქვს, იქნება ეს სუფრის, სადეგუსტაციო, თუ სხვა.

იგივე ხდება კახეთშიც. როდესაც საბჭოთა ხელისუფლებამ ყურძნის მოხმარება-გადამუშავების სისტემა აამოქმედა, ღვინოები სამ ძირითად ჯგუფად გადაანაწილა: მაღალხარისხოვანი ევროპული და კახური ტიპის სუფრის ღვინოები, მაგარი და სადესერტო ღვინოები და საკონიაკედ გამოსადეგი ღვინოები.

ღვინო „წარაფი“ სუფრის ღვინის ტიპს განეკუთვნება. წარაფის მიკროზონა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდანახის ტერიტორიაზე მდებარეობს და, ისტორიულად, გურჯაან-კარდანახის მხარეში მოყვანილ ღვინოებს „ვაჟკაცურ, კახური ტიპის ღვინოებსაც ეძახიან“. ეს არის კახური ტრადიციული ღვინოების მომცემი მხარე. ბაკურციხიდან ანაგამდე გაშლილი ზვრები, სადაც სხვადასხვა ჯიშის ყურძენი უმაღლესი კახური ტიპის ღვინოს ამზადებს. მათ შორისაა წარაფი ანუ როგორც ადგილობრივი ხალხი ეძახის - „აქაური წარაფები“.

ამჟამად, რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო „წარაფი“ ქარვისფერი, მშრალი ღვინოა. მუქი ქარვისფრიდან ჩალისფრამდე გამოხატული ფერით. აქვს სხეულიანი, ენერგიული, ექსტრაქტული და ხავერდოვანი გემო კარგად გამოხატული, ამ გეოგრაფიული ადგილისათვის დამახასიათებელი ჯიშური არომატით და ზომიერი, რბილი სიმწკლარტით. დავარგებისას უვითარდება მკვეთრად გამოხატული ბუკეტი ხილის ტონებით. „წარაფის“ ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა არ უნდა იყოს 12%-ზე ნაკლები, შაქრიანობა კი არ უნდა აღემატებოდეს 4 გ/ლ-ს.

წარაფი ერთ-ერთი მაგალითია კახური ღვინის დაყენების მეთოდის, რომელზეც ცნობილი იტალიელი მეღვინე ჯ. დალმასო წერდა: „ღვინის დაყენების მეთოდმა, რომელიც კახურ მეთოდად იწოდება და ბევრად განსხვავდება ევროპული ტექნოლოგიისგან, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რომ ეს ქვეყანა წარსულშიც იყო ცნობილი თავისი მაღალხარისხოვანი ღვინოებით და მომავალშიც რჩება ამ პროგრესული მიმართულების შემოქმედად“.

წარაფის დამზადების დროს გამოიყენება მხოლოდ მის მიკროზონაში მოწეული რქაწითლის ჯიში. ყურძენი აუცილებლად უნდა იყოს მწიფე და კრეფის დროს მისი შაქრიანობა არ უნდა შეფასდეს 21%-ზე დაბალი მაჩვენებლით. არის შემთხვევები, როდესაც წარაფის დასამზადებლად მოწეულ ყურძენს სხვა ჯიშებსაც ურევენ, მაგრამ ამ შემთხვევაში აუცილებლად გასათვალისწინებელია პროპორციები, დასაშვებია მხოლოდ კახური მწვანის და/ან ხიხვის ჯიშის ყურძნის შერევა, ისიც მხოლოდ 15%-იანი დანამატით, რათა წარაფმა არ დაკარგოს მისთვის დამახასიათებელი უნიკალურობა.

როგორც ვახუშტი ბატონიშვილი იტყოდა კახეთის აღწერისას: „და არს ადგილი ესე ფრიად ნაყოფიერი, ყოველთა მარცვლითა, ვენახ-ხილითა“ - ზუსტად ამ სიტყვების გამოხატულებაა წარაფის მიკროზონის რქაწითელი ყურძნის თითო მტევანი, რომელიც სხეულიან, ჯიშიან და ენერგიულ ღვინოს იძლევა.

ღვინის ადგილწარმოშობის დასახელება „წარაფი“ რეგისტრირებულია საქპატენტში 2020 წლის 11 მაისს. დეტალური სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე“,- აცხადებენ საქპატენტში.

კულტურა
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.