USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკავშირის საბჭოს მიერ ქართველი დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
თარიღი:  885

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკავშირის საბჭოს მიერ ქართველი დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, დღეს ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ევროკავშირს და საქართველოს შორის ვიზების გაცემის პროცედურების გამარტივების შესახებ შეთანხმების ნაწილების შეჩერების თაობაზე, რამაც საქართველოს დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის ევროკავშირში მოგზაურობისას ვიზაზე განაცხადის გაკეთების საჭიროება შეიძლება გამოიწვიოს.

„ძირითადი უფლებები და დემოკრატიული ღირებულებები ევროკავშირში ინტეგრაციის ძირითადი პრინციპებია. იმ ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც ამ ღირებულებებს ფეხქვეშ თელავენ, ევროკავშირში გამარტივებული შესვლით არ უნდა ისარგებლონ“, - განაცხადა პოლონეთის შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის მინისტრმა ტომაშ სიმონიაკმა.

„ევროკავშირის იმ წევრ ქვეყანაში მოგზაურობისთვის, რომელმაც სავიზო მოთხოვნები აღადგინა, საქართველოს დიპლომატები და ოფიციალური პირები ასევე აღარ ისარგებლებენ ისეთი შეღავათებით, როგორიცაა: შემცირებული ვადა განაცხადის შესატანად, დაბალი სავიზო მოსაკრებელი და ნაკლები დამატებითი დოკუმენტის წარდგენის შესაძლებლობა.

დემოკრატიული უკუსვლა და რეპრესიები

ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საქართველოს მიერ გასულ წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონისა და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის მიღების საპასუხოდ. ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ეს კანონმდებლობა ძირს უთხრის საქართველოს მოსახლეობის ძირითად უფლებებს, მათ შორის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, საჯარო საქმეებში მონაწილეობის უფლებას და ასევე ზრდის სტიგმატიზაციას და დისკრიმინაციას.

საქართველოს მიერ განხორციელებული ქმედებები არღვევს იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, რომელთა საფუძველზეც დაიდო გამარტივების შეთანხმება და ეწინააღმდეგება ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების ინტერესებს.

ეს ასევე არის რეაგირება საქართველოს ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ ძალადობრივ რეპრესიებზე, რომელიც დაიწყო მას შემდეგ, რაც მთავრობამ 2024 წლის 28 ნოემბერს განაცხადა, რომ 2028 წლამდე აღარ განაგრძობს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების პროცესს.

პირები, ვისაც შეზღუდვები ეხება

სავიზო რეჟიმის გამარტივების ხელშეკრულების შეჩერება შემდეგ კატეგორიებს შეეხება:

 საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრებს, რომლებიც მონაწილეობენ ოფიციალურ შეხვედრებსა და სხვა ღონისძიებებში, რომელიც იმართება ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების მიერ;

საქართველოს ეროვნული და რეგიონული მთავრობებისა და პარლამენტების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს წევრებს;

დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს.

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ჩვეულებრივ პასპორტებს, კვლავ ისარგებლებენ უვიზო მიმოსვლით ევროკავშირში მოკლევადიანი ვიზიტებისთვის.

საკითხის ისტორია

 ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზების გაცემის პროცედურების გამარტივების შესახებ შეთანხმება 2011 წლის 1 მარტს შევიდა ძალაში. იგი ითვალისწინებდა საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის გამარტივებას ევროკავშირში ყოფნისთვის არაუმეტეს 90 დღის განმავლობაში ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში.

შეთანხმებაში არის პუნქტი, რომელიც საშუალებას აძლევს თითოეულ მხარეს „სრულად ან ნაწილობრივ შეაჩეროს ეს შეთანხმება საზოგადოებრივი წესრიგის, ეროვნული უსაფრთხოების ან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით“.

2017 წლის 1 მარტს საბჭომ და ევროპარლამენტმა მიიღეს დადგენილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში მოგზაურობისას უვიზო რეჟიმი დაწესდა.

შემდეგი ნაბიჯები

შეთანხმების ნაწილობრივი შეჩერების ძალაში შესვლის შემდეგ - და იმის გამო, რომ საქართველოს მოქალაქეები უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ - ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შეუძლიათ გადაწყვიტონ ინდივიდუალურად დააწესონ სავიზო მოთხოვნები დიპლომატიური და სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტების და სპეციალური პასპორტების მფლობელთათვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის