USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
თბილისი
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამშენებლო ფაკულტეტის დღე აღინიშნა
თარიღი:  694

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამშენებლო ფაკულტეტის დღე აღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა.

რექტორმა სტუმრებს ღონისძიებაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა, ხოლო სამშენებლო ფაკულტეტის დეკანს, აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებს ფაკულტეტის დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა.

როგორც დავით გურგენიძემ აღნიშნა, 1922 წელს ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაიხსნა პოლიტექნიკური ფაკულტეტი, სადაც ახლად შექმნილი სამი განყოფილებიდან, ერთ-ერთი სამშენებლო იყო. სახელმწიფოს მიერ დარგი დღემდე პრიორიტეტულადაა აღიარებული და რაც მთავარია, საუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი მაღალკვალიფიციურ კადრს ამზადებს.

„დღეს, ფაკულტეტის დაარსებიდან 101 წლის შემდეგ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამშენებლო ფაკულტეტი ამზადებს მაღალკვალიფიციურ კადრებს. ჯერ პოლიტექნიკური ინსტიტუტის, ხოლო შემდეგ ტექნიკურ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები წარმატებით მოღვაწეობდნენ და მოღვაწეობენ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. ყველა ნაგებობა, რასაც ჩვენს ქვეყანაში ვხედავთ, სამშენებლო ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა მიერ განხორციელებული პროექტებია. ქვეყნის აღმშენებლობის წარმატების ერთ-ერთი გასაღები სწორედ სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტების ხელშია. ქართველი მშენებლები მსოფლიოს მასშტაბით დღემდე არიან ჩართულნი სტრატეგიული ობიექტების მშენებლობის საქმეში და სასიხარულოა, რომ დღემდე ჩვენს კადრებზე დიდი მოთხოვნაა. ხაზგასმითაა აღსანიშნავი, რომ სამშენებლო ფაკულტეტზე მიმდინარეობს მაღალპროფესიული სამეცნიერო კვლევები, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ ისეთ ლაბორატორიებში როგორიცაა, მშენებლობის სასწავლო, სამეცნიერო, საექსპერტო საგამოცდო, ჰიდროინჟინერიის სასწავლო-სამეცნიერო და საექსპერტო, გორგიძის სახელობის მექანიკის სასწავლო-სამეცნიერო, წყალმომარაგების, წყალ-არინების და წყლის გაწმენდის ლაბორატორიები. 21-ე საუკუნე ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს დარგს, რომელსაც სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტები, ჩვენი მეცნიერების ხელმძღვანელობით, ახალი კვლევებითა და ახალი მიდგომებით პასუხობენ. დარგის განვითარებისა და მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს უდიდესი წვლილი შეაქვს. წარმატებები მინდა ვუსურვო ფაკულტეტს, სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს და აკადემიურ პერსონალს“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

უნივერსიტეტის ცნობით, სამშენებლო ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფაკულტეტების დეკანები, სტუდენტები, ასევე, აზერბაიჯანის, სომხეთის, პოლონეთის უნივერსიტეტების წარმომადგენლები, დარგში მოქმედი კომპანიების ხელმძღვანელი პირები და დარგის სპეციალისტები.

სამშენებლო ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ზურაბ გვიშიანმა ფაკულტეტის ისტორია მიმოიხილა და იმ წარმატებულ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც ფაკულტეტის მეცნიერ-თანამშრომლებმა და სტუდენტებმა განახორციელეს. დეკანმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს, ასევე, სტუ-ის რექტორს უნივერსიტეტში „ფაკულტეტის დღის“ დაარსებისა და იმ მხარდაჭერისთვის, რასაც დავით გურგენიძე თითოეული ფაკულტეტის, მეცნიერისა და სტუდენტის მიმართ იჩენს.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე 4 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სამშენებლო ფაკულტეტს. ეს იყო პერიოდი, როცა დაიწყო ახალი ლაბორატორიების ჩამოყალიბება და ძველის განახლება, ფაკულტეტმა მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებთან დაამყარა მჭიდრო თანამშრომლობა. 4 წლის განმავლობაში სრულიად შეიცვალა ინფრასტრუქტურა, მიდგომები. ჩვენი ფაკულტეტის წარმატებაში, ბატონი დავითის უდიდესი წვლილია - მადლობა მას. სასიხარულოა, რომ წინსვლის ჯაჭვი არ გაწყდა და დღეს ფაკულტეტის ადმინისტრაცია აგრძელებს, რექტორის, ყოფილი დეკანის გაკვალულ გზას. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს აკრედიტაციისთვის მზადებაა. საერთაშორისო ABET აკრედიტაციის მოსაპოვებლად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი ერთდროულად ამზადებს სამოქალაქო ინჟინერიის ქართულენოვან და ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამებს. ამ პროცესში ჩვენი ჩართვა უკვე მიანიშნებს, რომ ფაკულტეტი მზადაა 21-ე საუკუნის გამოწვევებს სათანადოდ უპასუხოს. წარმატებები მინდა ვუსურვო უნივერსიტეტს, ფაკულტეტს, სტუდენტებს, მეცნიერებსა და ჩვენს კურსდამთავრებულებს“, - განაცხადა პროფესორმა ზურაბ გვიშიანმა.

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა სამშენებლო ფაკულტეტის ღვაწლმოსილი მეცნიერები, პროფესორები - მარინა ჯავახიშვილი, ირაკლი ქვარაია, თამაზ ხმელიძე და თენგიზ პაპუაშვილი, საპატიო სიგელებით დააჯილდოვა.

სამშენებლო ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმო სტუდენტურ თვითშემოქმედებას. ახალგაზრდებმა წარმოადგინეს საკონცერტო პროგრამა.

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის