USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
თბილისი
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს დაარსებიდან 103 წელი შეუსრულდა
თარიღი:  708

103 წლის წინ, დღევანდელ დღეს – 16 იანვარს, დაარსდა საინჟინრო განათლების პირველი კერა, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც იყო უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა არა მხოლოდ საქართველოს საუნივერსიტეტო განათლების ისტორიაში, არამედ სამხრეთ კავკასიის რეგიონში. პირველმა უმაღლესმა საინჟინრო-ტექნოლოგიურმა სკოლამ კოლოსალური წვლილი შეიტანა საინჟინრო-ტექნიკურ და ტექნოლოგიურ მეცნიერებათა განვითარებასა და ეროვნული საინჟინრო კადრების მომზადების მხრივ. დარწმუნებული ვარ, ყოველ 16 იანვარს, ისევე როგორც დღეს ჩვენ, მეცნიერთა, მკვლევართა და სტუდენტთა ახალი თაობები ქედს მოიხრიან უნივერსიტეტისა და დიდ ერისკაცთა - ივანე ჯავახიშვილის, ალექსანდრე დიდებულიძის, ანდრია რაზმაძის, ნიკო და გიორგი ნიკოლაძეებისა და მსოფლიო დონის იმ მრავალი ქართველი მეცნიერის წინაშე, რომელთა წვლილი განუზომელია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსებისა და განვითარების საქმეში, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ უნივერსიტეტის დაარსებიდან 103-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

სტუ-ის ცნობით, ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუ-ის აკადემიური საბჭოსა და სენატის წევრები, კანცლერი, სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, ვიცე-რექტორები, ფაკულტეტების დეკანები, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელები, სამეცნიერო-აკადემიური წრეები და სტუდენტები, ასევე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი, სტუ-ის თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი, საპატრიარქოს რეალური ისტორიის დამდგენი მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე, პროფესორი, მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, მეუფე ანანია ჯაფარიძე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, 1918 წელს ქვეყნის გამოჩენილმა მეცნიერებმა შეძლეს პირველი ქართული ეროვნული განათლების კერის – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნა, სადაც 1922 წლის 16 იანვარს, საფუძველი ჩაეყარა პოლიტექნიკურ ფაკულტეტს, რომელიც მოგვიანებით უნივერსიტეტად ჩამოყალიბდა. ასე იქცა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საინჟინრო განათლების პირველ კერად არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სამხრეთ კავკასიის რეგიონში. დაარსებიდან დღემდე, უნივერსიტეტმა კოლოსალური წვლილი შეიტანა ქვეყნის აღმშენებლობასა და ეკონომიკურ განვითარებაში.

„2022 წელს, საერთაშორისო საზოგადოებამ, მთელს ქართველ ერთან ერთად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსებიდან 100 წლის იუბილე აღნიშნა. ეს იყო ღირსშესანიშნავი მოვლენა ქვეყნისა და მთელი რეგიონისთვის - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუმრად იმყოფებოდა ასზე მეტი მაღალი რანგის საპატიო სტუმარი, რომლებიც წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უნივერსიტეტებს წარმოადგენდნენ. ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მუდამ იყო და არის უმაღლესი კვალიფიკაციის პროფესიონალთა ალმა-მატერი, რომლებსაც, მაღალი დონის ცოდნითა და უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, ღირსეული წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, რომელიც ერთ-ერთი უძველესი და უდიდესია სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ჰყავს საინჟინრო-ტექნოლოგიური და ჰუმანიტარული დარგების წამყვანი მეცნიერები, სპეციალისტები, წარმატებული ახალგაზრდა მკვლევრები და მოტივირებული სტუდენტები. ჩვენი სამეცნიერო-აკადემიური წრეები აქტიურად თანამშრომლობენ ისეთ უდიდეს საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებთან და ცენტრებთან, როგორიცაა: შვეიცარიაში CERN-ი, იაპონიაში KEK-ი და J-Parc-ი, აშშ-ში FERMILAB-ი, რომლებთანაც 2024 წელს ახალი, უნივერსიტეტისა და ქვეყნითვის უდიდესი მნიშვნელობის მქონე ურთიერთგაგების მემორანდუმები გავაფორმეთ, რითაც თვისობრივად გაცილებით ფართო და ღრმა სამეცნიერო კოლაბორაბორაციებს ჩავუყარეთ საფუძველი. საგულისხმოა, რომ ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ჩვენს უნივერსიტეტში სპეციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ CERN-ის საბჭოს ახლადარჩეული პრეზიდენტი, პროფესორი კოსტას ფონტასი და CERN-ის მეცნიერთა წარმომადგენლობითი დელეგაცია. გარდა ამისა, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა ორ უმნიშვნელოვანეს სამეცნიერო ფორუმს - ჰეგელის 35-ე საერთაშორისო საიუბილეო კონგრესს, რომელშიც 300-მდე ცნობილი უცხოელი მეცნიერი და მკვლევარი მონაწილეობდა, და 25-ე საერთაშორისო კონფერენციას ნანოსტრუქტურებში მსუბუქი-მატერიის დაწყვილების ფიზიკის შესახებ - PLMCN2024-ს. წარმატებით ვთანამშრომლობთ უილიხის ცენტრთან და ორგანიზაცია DAAD-თან. მჭიდრო კონტაქტები გვაქვს ამერიკის, გერმანიის, იტალიის, საფრანგეთისა და ევროპის სხვა წამყვან უნივერსიტეტთან. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი რეგიონში პირველი უმაღლესი სასწავლებელია, რომელსაც ამერიკული საერთაშორისო ABET აკრედიტაცია ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამისთვის მიენიჭა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია მრავალმხრივი საერთაშორისო სამეცნიერო კოლაბორაციები, მნიშვნელოვანია სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებში ჩართვა, ახალი კონტაქტები, ახალი პროექტები, ახალი მიზნები. ყველა დღევანდელი ძალისხმევა მომავალი თაობების კეთილდღეობისკენ არის მიმართული. 2022 წელს, როცა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლისთავი აღვნიშნეთ, საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში, ადმინისტრაციული კორპუსის მიმდებარე სკვერში, მომავლის სტუდენტებისა და პედაგოგებისთვის განვათავსეთ კაფსულა, რომელიც ყველაზე სანუკვარ სურვილებს, მიზნებს, მოლოდინებს ინახავს და ამ მომავლის კაფსულას 2072 წელს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 150 წლის იუბილეზე, სწორედ მომავლის თაობა გახსნის“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში რექტორმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსებიდან 103-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, სტუ-ის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, რექტორმა აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისთვის, სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორს, ზურაბ ჩაჩხიანს და სტუ-ის აკადემიური საბჭოს სწავლულ მდივანს, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორს, იაშა (კოკა) კუტუბიძეს, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, უნივერსიტეტის „ოქროს მედალი“ გადასცა, ხოლო, ცნობილი მწერალი და ნოველისტი, შოთა რუსთაველის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, დავით კლდიაშვილის სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, „ღირსების ორდენის“ კავალერი, სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ფაკულტეტის პროფესორი რევაზ მიშველაძე, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის პროფესორები მაია დავითაია და მაია ძიძიგური უნივერსიტეტის საპატიო დიპლომებით დააჯილდოვა.

სტუ-ის ინფორმაციით, ღონისძიების მსვლელობისას საუნივერსიტეტო სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ დასის მსახიობებმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა ნუგზარ ბუცხრიკიცემ წარმოადგინეს ეპიზოდი სამომავლო სპექტაკლიდან, რომელიც უნივერსიტეტის დაარსების ისტორიას ეძღვნება. დასასრულს კი, სტუ-ის იუზა კუბლაშვილის სახელობის ვაჟთა სახალხო კაპელამ, სამხატვრო ხელმძღვანელის, ციცინო ფალავანდიშვილის დირიჟორობით, ორი კომპოზიცია შეასრულა.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, დაარსებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს განათლებისა და მეცნიერების განვითარებისა და ქვეყნის აღორძინებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისათვის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო – წმინდა გიორგის ოქროს ორდენი მიანიჭა.

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის