საქართველოს პარლამენტის პასუხი აშშ-ის კონგრესს - საკანონმდებლო ორგანომ კონტრარგუმენტები ერთ დოკუმენტში ჩაწერა და მხარი სრული უმრავლესობით - 87 ხმით დაუჭირა.
განცხადება, რომელიც სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა წარადგინა, პუნქტობრივად პასუხობს წარმომადგენელთა პალატაში მიღებულ პროექტს; ცრუ ბრალდებად აფასებს იმ 3 ძირითად საკითხს, რომელსაც მეგობარი აქტი ეფუძნება, მათ შორისაა დემოკრატიის უკუსვლა, ხელისუფლების მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვა და არასათანადო კავშირების დამყარება რუსეთთან, ჩინეთსა და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან.
პარლამენტის შეფასებით, აქტი არაერთ დეზინფორმაციასა და ლოგიკურ წინააღმდეგობას შეიცავს, ფაქტები და საერთაშორისო რეიტინგები კი საპირისპიროზე მეტყველებს, რომ საქართველოს 2012 წლის შემდეგ ყველა ფუნდამენტური მიმართულებით პროგრესი აქვს.
განცხადებაში წერია, რომ ევროინტეგრაციას ხელოვნურ ბარიერებს პარტნიორები უქმნიან და არა საქართველოს ხელისუფლება, რომელსაც 2012 წლიდან ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს - ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა და კანდიდატის სტატუსი, რაზეც მანამდე ქვეყანამ უსამართლო უარი მიიღო, ისევე, როგორც 2024 წელს, მოლაპარაკებების გახსნაზე. პარლამენტის დადგენილების მიხედვით, ორმაგი სტანდარტით არის შეფასებული საქართველოს ურთიერთობები ჩინეთთან, ირანთან და რუსეთთან.
"მეგობარი აქტის" არამეგობრული სულისკვეთება "დიფ სთეითის" გავლენებს უკავშირდება - ნათქვამია განცხადების ბოლოს, სადაც ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღებისთვის გამოთქმულია კონგრესთან თანამშრომლობის მზაობაც.
ვიდრე პარლამენტი კონგრესის საპასუხო განცხადებას იღებს, ოპოზიცია მეგობარი აქტის დამტკიცებისთვის მუშაობს. "ნაციონალური მოძრაობა", ამ მიზნით, შეხვედრებს მართავს სენატში, რომლის მხარდაჭერაც დოკუმენტის საბოლოოდ მიღებისთვის აუცილებელია.
რეალური ფაქტები დეზინფორმაციის წინააღმდეგ - "ქართული ოცნების" შეფასებით, პარლამენტი ვალდებულია, კონგრესში გაჟღერებულ ბრალდებებს ფაქტებით, არგუმენტირებული პასუხი გასცეს. განცხადებები დღეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზეც გაკეთდა, სადაც ისაუბრეს "მეგობარი აქტის" რეალურ მიზნებზე.
პარლამენტის განცხადებამდე იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ღია წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ მეგობარ აქტთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დუმილი ხელისუფლებისთვის გაუგებარია.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/