USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
თბილისი
საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 0.5 პროცენტული პუნქტით 10.50 პროცენტამდე ამცირებს
თარიღი:  1152

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 10 მაისს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.50 პროცენტს შეადგენს.

საქართველოში ინფლაციას შემცირების ტენდენცია აქვს და მიმდინარე წლის აპრილში მთლიანი ინფლაცია 2.7 პროცენტამდე, ხოლო საბაზო ინფლაცია 4.7 პროცენტამდე შემცირდა. ინფლაციის კლებას, დიდწილად, იმპორტირებული პროდუქტების ფასების შემცირება განაპირობებს; საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასები 2022 წლის შუა პერიოდიდან ეტაპობრივად იკლებს, ხოლო საერთაშორისო ტრანსპორტირების ღირებულება პანდემიამდელ დონეს დაუახლოვდა. ეს ტენდენციები, გამყარებულ გაცვლით კურსთან ერთად, ადგილობრივ ბაზარს ეტაპობრივად გადმოეცემა და იმპორტირებულ ინფლაციას ამცირებს. შესაბამისად, საერთაშორისო ბაზრებიდან მომდინარე ინფლაციური წნეხი განეიტრალდა. შედარებით მცირე ბიჯებით იკლებს ადგილობრივი ინფლაციაც და მოსალოდნელია, რომ წლის განმავლობაში მისი შემცირება გაგრძელდება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ინფლაციური მოლოდინები კლებადია. მიმდინარე წელს, საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა პოტენციურ დონესთან ახლოს, 5 პროცენტის ფარგლებში, იქნება. შესაბამისად, ფასებზე ერთობლივი მოთხოვნიდან მომდინარე ზეწოლა ნაკლებად მოსალოდნელია. ამას, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგად, წინა წელთან შედარებით დაკრედიტების შენელებული ტემპი და ფისკალური კონსოლიდაცია უწყობს ხელს. სხვა თანაბარ პირობებში, მოსალოდნელია, რომ წლიური ინფლაციის მაჩვენებელი შემცირებას განაგრძობს, მოკლევადიან პერიოდში მიზნობრივი დონის ქვემოთ იქნება და საშუალოვადიან პერიოდში 3 პროცენტიანი მაჩვენებლის ირგვლივ დასტაბილურდება. მაღალი ინფლაციის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, მოკლე ვადით მიზნობრივ დონეზე მეტად შემცირებული ინფლაცია გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების დამატებით ნორმალიზებას შეუწყობს ხელს. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, ფასების სტაბილურობის წინაპირობაა.

შესაბამისად, ინფლაციური ტენდენციებისა და პროგნოზის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა დაიწყო. თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ, პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, გაურკვევლობა კვლავ მაღალია. ამ ეტაპზე, ხელფასი-ფასის სპირალის განვითარების ცალსახა ნიშნები არ შეიმჩნევა, თუმცა პროდუქციის ერთეულზე პერსონალის ხარჯი გაზრდილია, რაც შრომის ბაზრის მხრიდან ინფლაციურ ზეწოლას კვლავ საყურადღებო ფაქტორად ტოვებს. ამავდროულად, ერთ-ერთ მთავარ რისკად რჩება გეოპოლიტიკური მდგომარეობაც. აქედან გამომდინარე, მაღალი გაურკვევლობის პირობებში, მოსალოდნელია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას მხოლოდ ნელი ტემპით განაგრძობს.

საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 21 ივნისს ჩატარდება

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის