2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით და საქონლის ექსპორტით დაახლოებით 2.2 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2021 წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთიდან ამავე წყაროებით მიღებულ შემოსავალზე 2.6-ჯერ მეტია. ეს მაჩვენებელი „კოვიდ” პანდემიის დაწყებამდე, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთიდან მიღებულ შემოსავალსაც კი 64%-ით აჭარბებს. 2022 წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით და საქონლის ექსპორტით მიღებული შემოსავალი საქართველოს ეკონომიკის (მშპ-ის) მიმართ 12.6% იყო, როცა 2021 წლის იანვარ-სექტემბერში ეს მაჩვენებელი 6.3%-ს, ხოლო მაქსიმუმს - 10.4%-ს 2019 წელს აღწევდა. ეს ნიშნავს, რომ გასულ წლებთან შედარებით საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება იზრდება. ეს ზრდა ძირითადად ფულადი გზავნილების ნახტომისებურად მატებითაა განპირობებული.
მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელს საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა, მას იმ დონისთვის არ მიუღწევია, რომ ამ ქვეყნასთან ეკონომიკური ურთიერთობების სრულად შეწყვეტის პირობებშიც კი საქართველო ღრმა კრიზისში აღმოჩნდეს და განვითარება ვერ შეძლოს.
კვლევის კონკრეტული მიგნებებიდან აღსანიშნავია შემდეგი:
საქართველოს ხელისუფლების მიზანი რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების მინიმუმამდე შემცირება უნდა იყოს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ თანამონაწილეობით მიმდინარე წლის აპრილში უკვე გავასაჯაროვეთ რეკომენდაციები[1], თუ რა უნდა გაკეთდეს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირებისთვის:
ამასთან ერთად, რომ არ მოხდეს საქართველოს გამოყენება სანქციების გვერდის ასავლელად, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში კომპანიების დაარსება განსხვავებული პრაქტიკით განხორციელდეს. კომპანიის რეგისტრაციაზე თანხმობის მიღებამდე, შეძლებისდაგვარად უნდა გადამოწმდეს, განმცხადებელი პირი რაიმე სახით ხომ არ არის დაკავშირებული სანქცირებულ კომპანიებთან, ან ადამიანებთან.
საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება საფრთხის შემცველია, ვინაიდან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთმა ეკონომიკური ბერკეტები არაერთხელ გამოიყენა საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. მაგალითად, 2006 წელს რუსეთმა საქართველოს ჯერ ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის მოწოდება შეუწყვიტა, შემდეგ საქართველოდან რუსეთში პროდუქციის ექსპორტი ფაქტობრივად აკრძალა, იმავე წლის ბოლოს კი საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია დაიწყო. 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების[2] შემდეგ კი, რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები აკრძალა.
აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების დონე და ტენდენცია. 2022 წლის თებერვლის ბოლოს უკრაინაში რუსეთის დაწყებულმა ომმა საქართველოს რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებაზე დაკვირვება კიდევ უფრო აქტუალური გახადა. რუსეთზე დაწესებული მკაცრი სანქციები მისი ეკონომიკის შემცირებას იწვევს, რაც იმ ქვეყნებზეც აისახება, რომლებსაც მასთან მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები აქვთ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” აქტიურად აკვირდება ამ საკითხს. რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებაზე ბოლო კვლევა[3] მიმდინარე წლის აგვისტოს დასაწყისში გამოვაქვეყნეთ, რომელშიც ძირითადად 2022 წლის იანვარ-ივნისის მდგომარეობა იყო შესწავლილი. წინამდებარე ანგარიში აღნიშნული კვლევის განახლებაა, რომელშიც 2022 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში დაფიქსირებული მაჩვენებლები და ტენდენციებია მოცემული. კვლევა მოიცავს საქართველო-რუსეთს შორის ვაჭრობის, რუსეთიდან შემოსული ტურისტების, ფულადი გზავნილების და რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში კომპანიების რეგისტრაციის შესახებ არსებული მონაცემების ანალიზს. მომდევნო პუბლიკაციის გამოქვეყნება 2023 წლის დასაწყისში არის დაგეგმილი.
2022 წლის იანვარ-სექტემბერში ქართული პროდუქციის რუსეთში ექსპორტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11%-ით გაიზარდა და 473 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იმპორტი კი - 73%-ით გაიზარდა და მან 1.2 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია. საქართველოს მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი 11.5% იყო, რაც 3.3 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 2021 წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებელზე (იხილეთ გრაფიკი 1). ეს შემცირება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ რუსეთში ქართული ექსპორტი უფრო ნაკლები მასშტაბით გაიზარდა, ვიდრე საქართველოს მთლიანი ექსპორტი. 2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს მთლიანი ექსპორტი ჯამში 37.4%-ით გაიზარდა.
მონაცემთა წყარო: „საქსტატი”
რაც შეეხება იმპორტს, საქართველოს მთლიან იმპორტში რუსეთიდან შემოსული პროდუქციის წილი 10.2%-დან 13.1%-მდე გაიზარდა, რაც ბოლო 16 წლის მაქსიმალური მაჩვენებელია (იხილეთ გრაფიკი 2).
მონაცემთა წყარო: „საქსტატი”
საბოლოო ჯამში, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთთან ვაჭრობის წილი საქართველოს მთლიან სავაჭრო ბრუნვაში 11.4%-დან 12.6%-მდე გაიზარდა, რაც ასევე ბოლო 16 წლის მაქსიმუმია.
2022 წლის იანვარ-სექტემბერში რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტში პირველ ადგილზე 109 მლნ აშშ დოლარით ღვინო იყო, მეორე ადგილზე კი ფეროშენადნობები 105 მლნ აშშ დოლარით. მიუხედაცად იმისა, რომ ფეროშენადნობების რუსეთში ექსპორტი 78.6 ათასი ტონიდან 54.2 ათას ტონამდე შემცირდა, ფასის ზრდის გამო მისი ჯამური ღრებულება მხოლოდ 10.3 მლნ დოლარით შემცირდა. შემდეგ მოდის მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი - 45.7 მლნ აშშ დოლარით და სპირტიანი სასმელები - 40.6 მლნ აშშ დოლარით (იხილეთ გრაფიკი 3).
მონაცემთა წყარო: „საქსტატი”
რაც შეეხება რუსეთიდან იმპორტს, პირველ ადგილზე ნავთობპროდუქტები იყო 431 მლნ აშშ დოლარით. შემდეგ მოდიოდა ხორბალი და ხორბლის ფქვილი - 85 მლნ აშშ დოლარით, ქვანახშირი და კოქსი - 65 მლნ აშშ დოლარით და ბუნებრივი აირები (გაზი) 46.5 მლნ აშშ დოლარით (იხილეთ გრაფიკი 4).