USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
საქართველოს დაცული ტერიტორიების ფლორა
Date:  2934

საქართველოში გავრცელებული მცენარეების 4130 სახეობიდან, დაცული ტერიტორიების მცირე ფართობზე 3000–ზე მეტი სახეობის მცენარე გვხვდება, მათ შორის, 300-მდე კავკასიისა და საქართველოს ენდემია. ენდემიზმის მაღალი დონით გამოირჩევა მაღალი მთისა და კოლხეთის დაბლობის დაცული ტერიტორიები. დაცული ტერიტორიების დაახლოებით 75 % ტყითაა დაფარული, სადაც წარმოდგენილია საკმაოდ ვრცელი წიწვოვანთა მასივები და ფართოფოთლოვანების მნიშვნელოვანი ეკოსისტემები.

ზოგიერთი დაცული ტერიტორია იშვიათი, გადაშენების პირას მყოფი და ენდემური მცენარეების უკანასკნელი, ლოკალური და უნიკალური ჰაბიტატის დასაცავადაა შექმნილი, მათ შორის აღსანიშნავია: იმერული მუხა(Quercus imeretina) და გრძელყუნწა მუხა(Quercus pedunculipholia), ძელქვა (Zelcova carpinifolia), უთხოვარი (Taxus baccata), კოლხური ბზა (Buxus colchica), საკმლის ხე (Pistacea mutica), მაღალმთის ნეკერჩხალი (Acer trautvetteri ), წაბლი (Castanea sativa), აკაკი (Celtis caucasica), სახოკიას ბერყენა (Pyrus sachokiana), ევფრატის ვერხვი (Populus euphratica) და სხვა.

განსაკუთრებული ყურადღების ღირსია ბაწარას სახელმწიფო ნაკრძალში მესამეული პერიოდის დენდროფლორის რელიქტის - უთხოვრის (Taxus baccata) დაახლოებით 240 ჰა ფართობზე წარმოდგენილი ეკოსისტემა. მსოფლიოს მასშტაბით, სადაც უთხოვრების ასაკი დაახლოებით 1500 წლით არის განსაზღვრული, იშვიათობას წარმოადგენს და განსაკუთრებულ მზრუნველობასა და დაცვას საჭიროებს.

ამავე დაცულ ტერიტორიაზე, კერძოდ კი ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალში, ძელქვის საკმაოდ მოზრდილი კორომია გავრცელებული, რაც ასევე იშვიათობას წარმოადგენს. ძელქვა გაფანტულად და ერთეული ეგზემპლარების სახით აჯამეთის აღკვეთილსა და სათაფლიას სახელწმიფო ნაკრძალში გვხვდება.

იმერული მუხის - საქართველოსა და იმერეთის ენდემის საკმაოდ ვრცელი კორომი წარმოდგენილია აჯამეთის აღკვეთილში. იგი გადაშენების საფრთხის წინაშე მდგარი სახეობაა და განსაკუთრებულ მზრუნველობას მოითხოვს. მისი ცალკეული ეგზემპლარები სხვა დაცულ ტერიტორიებზეც შეიძლება იქნას ნანახი.

ჭალის მუხისა და კაკლის მასივები კი მდინარის ნაპირა ჭალის ტყეებშია გავრცელებული და კაკლის ყურის ბუნების ძეგლსა და გარდაბნის აღკვეთილში გვხვდება.

ასევე, თვალშისაცემია კოლხური ბზის მასივები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ქვეტყის სახითაა წარმოდგენილი: სათაფლიას ნაკრძალში, კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე, ბორჯომ-ხარაგაულის, მტირალასა და კოლხეთის ეროვნულ პარკებში, იშვიათად კი - თბილისის ეროვნულ პარკში.

ასევე მიზანშეწონილია აღინიშნოს, მტირალას ეროვნულ პაკრში მდინარე ნამწვავისწყლის ხეობაში არსებული მცენარეთა კომპლექსი „შქერიანი“, რომელიც პონტოს, სმირნოვის და უნგერნის შქერის, იელის, ასევე პონტოს მუხის, ჭყორის, წყავის და პონტოს თაგვისარას მცენარეთა თანასაზოგადოებას ქმნის. მათ სიახლოვეს გაულთეროიდული ეპიგეა იზრდება, რომელიც საქართველოში მხოლოდ აქ გვხვდება და დიდ იშვიათობას წარმოადგენს.

თუშეთისა და ყაზბეგის მაღალმთიანეთი კი რადეს არყის სამფლობელოა და მისი მნიშვნელოვანი არეალი დაცულია სხვა არყების სახეობებთან ერთად.

განსაკუთრებული ყურადღების ღირსია კოლხეთის დაბლობის გუმბათოვანი ჭაობები (RAMSAR sites), რომელთა უნიკალურობა ნაწილობრივ სფაგნუმის 3 ისეთი სახეობითაა განპირობებული, რომლებმაც დასაბამი მისცეს ევროპის სფაგნუმების სახეობებს, ესენია: Spagnum imbricatum, Sp. palustre, Sp. acutiflium.

 

საქართველოს დაცული ტერიტორიების ფაუნა

 

ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული საქართველოს დაცული ტერიტორიები, რომელთა 75 % ტყითაა დაფარული, მრავალი ცხოველის საარსებო გარემოს წარმოადგენენ. დაცულ ტერიტორიებზე ბინადრობს იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველების 90 სახეობა, რაც საქართველოს “წითელი ნუსხის” ცხოველთა სახეობების 67 %-ს შეადგენს. მათგან აღსანიშნავია: აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი (Capra cylindricornis Bl.), არჩვი (Rupicapra rupicapra L.), ნიამორი (Carpa aegagrus L.), კეთილშობილი ირემი (Cervus elaphus L.), მურა დათვი (Ursus arctos L.), ფოცხვერი (Lynx lynx L. ), წავი (Lutra lutra L.), აფალინა (Tursiops truncatus M.), მდინარის კალმახი (Salmo fario Linnaeus), რუსული ზუთხი (Acipenser gueldenstaedti ), კავკასიური სალამანდრა (Mertensiella caucasica W.), კავკასიური გველგესლა (Vipera kaznakovi), გრძელყუნწა მღამიობი (Myotis bechsteinii Kuhl.), ევროპული მაჩქათელა (Barbastella barbastellus Schr.), კავკასიური ციყვი (Sciurus anomalus Güld.) და სხვ.

ხერხემლიანი ცხოველების 14 სახეობა კავკასიის ენდემია, ხოლო დაახლოებით 30–მდე კი გლობალური საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებია. აღსანიშნავია, რომ დაცულ ტერიტორიებზე, მსოფლიოს მასშტაბით გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ფრინველთა 27 სახეობა გვხვდება. არსებული ინფორმაციის თანახმად კი, მთლიანად დაცული ტერიტორიები 314 სახეობის ფრინველის საბინადრო არეალს წარმოადგენენ.

ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში, ჯეირანი და ჯიქი საქართველოსთვის სიმბოლური დატვირთვის მატარებელ ცხოველებად იყვნენ მიჩნეულნი. ამჟამად, ორივე სახეობა გადაშენებულია და დღესდღეობით ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე მხოლოდ აზერბაიჯანიდან რეინტროდუქცირებული ჯეირნების ნახვა არის შესაძლებელი. 2006-2007 წლებში, იმავე ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, ფოტოხაფანგმა აზერბაიჯანიდან გადმოსული ჯიქი დააფიქსირა. მას შემდეგ ეს ჯიქი, რომელსაც „ნოე“ შეარქვეს, ფოტოხაფანგის საშულებით კიდევ რამდენჯერმე იქნა გამოვლენილი. ბოლო რამდენიმე წელია კი, ნოე ვაშლოვანში აღარ გამოჩენილა. მისი ისტორიული ადგილსამყოფელი მხოლოდ ვაშლოვანით არ შემოიფარგლებოდა და გასული საუკუნის 50-იან წლებში თუშეთსაც მოიცავდა.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ნიამორი, კონკრეტულად კი ის სახეობა, რომელიც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიიდან გადაშენდა და მხოლოდ 2007 წელს, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისის ინიციატივით, ნიამორის რეინტროდუქციის პროექტის ფარგლებში, ამ სახეობის სომხეთიდან შემოყვანა გახდა შესაძლებელი. ამჟამად, ნიამორები ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის აწყურის უბანზე არსებულ სპეციალურ ვოლიერში იმყოფებიან.

კეთილშობილი ირმის მნიშვნელოვანი პოპულაციები ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებსა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ბინადრობენ, თუმცა მათი ერთეული ინდივიდები თბილისის ეროვნულ პარკსა და გარდაბნის აღკვეთილსაც აფარებენ თავს. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი 20 წლის მანძილზე თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე აღნიშნული ცხოველის არც ერთი ინდივიდი არ დაფიქსირებულა, ხოლო 2013 წლის ზაფხულში ირმის საკმაოდ დიდი ჯოგის გამოვლენა მოხერხდა, რაც გაუმჯობესებული დაცვისა და სათანადო გარემოს შექმნის პირდაპირი შედეგია.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ზოლიანი აფთრის არსებობა ჭაჭუნას აღკვეთილში, თუმცა ეს უკანასკნელი ბოლო წლების მანძილზე სულ უფრო იშვიათად გვხვდება.

კოლხეთის ეროვნული პარკის ზღვის აკვატორიის ნაწილი შექმნილია თეთრგვერდა დელფინის, ზღვის აფალინას და ზღვის ღორის დაცვის მიზნით, რომლებიც ზღვის სანაპიროსთან ახლოს ბინადრობენ. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ პარკის ამ ნაწილში საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი სახეობებია გავრცელებული, მაგალითად: ატლანტური ზუთხი, შავი ზღვის ორაგული, ფორეჯი, სვია და სხვ. ზუთხისებრთა წარმომადგენლები ქვირითობის დროს რიონის შესართავში იყრიან თავს, პალიასტომის ტბა კი, ოდითგანვე შავი ზღვის ლაგუნად ითვლებოდა.

იქტიოფაუნის თვალსაზრისით, ჯავახეთის დაცული ტერიტორიები საკმაოდ მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ. ჯავახეთის ტბებში მრავალი სახეობის თევზი ბინადრობს და შესაბამისად, აქაური ტბები გადამფრენი და მობუდარი ფრინველებისათვის შესანიშნავ საარსებო გარემოს წარმოადგენენ. ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებსა და კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გადის ფრივნელთა მიგრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დერეფანი. ვარხვები, ჩვამები და წეროები აქ დომინანტი სახეობებია, თუმცა ასევე თვალშისაცემია ფრინველთა სახეობების მრავალფეროვნება.

მტაცებელი და ლეშიჭამია ფრინველების, როგორიცაა სვავი, არწივი და ორბი, საბინადრო ადგილები გადაშლილი ველები და ვიწრო კანიონები, მთის სერები და გაშლილი ხეობებია. ასეთი ადგილები უმეტესად თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე, ყაზბეგისა და ალგეთის ეროვნულ პარკში, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, მათ შორის არწივის ხეობაში, ასევე ჭაჭუნას აღკვეთილში გვხვდება.

დაცულ ტერიტორიებზე არქეოლოგიური და პალეონტოლოგიური მნიშვნელობის მრავალი ძეგლია დაცული. ყურადღების ღირსია ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე განამარხებული სპილოს ბეჭის ძვალი და ზღვიური მოლუსკები, რომლებიც იმის მანიშნებელია, რომ ეს ტერიტორიები ოდესღაც წყლით იყო დაფარული და დღესდღეობით ზღვის ფსკერი ხმელეთის სახითაა წარმოდგენილი.

ჭაჭუნას აღკვეთილის ტერიტორიაზე უკანასკნელი წლების განმავლობაში გამოვლენილია: განამარხებული მასტოდონტის ჩონჩხის სხვადასხვა ნაწილები: მეორე ეშვი, მხრის ძვალი, იდაყვისა და სხისვის ძვალი ბუნებრივ შესახსრებაში, ფალანგები, რამდენიმე მალა, ნეკნი. გარდა ამისა აღმოჩენილია სხვა განამარხებული ცხოველების სხეულის ნაწილები და ნეშტი: კერძოდ, რეპტილიების 2 სახეობის კუ: ბერძნული კუ (Testudo graeca), წყლის კუ (Emys sp.), ძუძუმწოვრებიდან: ცხენის წინაპრის ჰიპარიონის (Hipparion sp.), ძროხების (Tragocerinae indet.), შველის წინაპარი (Procapreolus cusanus) და სხვ.

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way