USD 2.7050
EUR 3.0872
RUB 3.3681
თბილისი
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმიდან დღეს 33 წელი გავიდა
თარიღი:  1099
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმიდან დღეს 33 წელი გავიდა.
 
1991 წლის 31 მარტს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გაიმართა საერთო - სახალხო კენჭისყრა, რომლის შედეგების საფუძველზე უზენაესმა საბჭომ დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.
 
 უზენაეს საბჭოს ზვიად გამსახურდია ხელმძღვანელობდა, რეფერენდუმის კითხვა კი შემდეგნაირი იყო: "თანახმა ხართ თუ არა აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?"
 
 საქართველოს მოსახლეობამ დამოუკიდებლობის აღდგენას მხარი ერთსულოვნად დაუჭირა - 98,9%-მა რეფერენდუმის კითხვას დადებითად უპასუხა.
 

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი — 1991 წლის 31 მარტს, საქართველოს ეროვნულმა ხელისუფლებამ, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით, ჩაატარა რეფერენდუმი — საერთო-სახალხო კენჭისყრა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საკითხზე.

რეფერენდუმი დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 28 თებერვლის დადგენილების საფუძველზე. ამ დადგენილებით გაუქმდა საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს მიერ 1991 წლის 17 მარტს დანიშნული რეფერენდუმი სსრ კავშირის შენარჩუნების საკითხზე და 1991 წლის 31 მარტს დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის რეფერენდუმი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის თაობაზე კითხვით „თანახმა ხართ თუ არა აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“[1]

რეფერენდუმი ჩატარდა 1991 წლის 31 მარტს მთელი საქართველოს მასშტაბით. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო სამხრეთ ოსეთის ყოფილი ოლქისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობამაც. რეფერენდუმში მონაწილეთა რაოდენობა შეადგენდა 3.302.572 ადამიანს (ამომრჩეველთა 90,3 პროცენტი). მონაწილეთა 98,9 პროცენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. რეფერენდუმის შედეგად, იმავე წლის 9 აპრილს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. იმავე დღეს აშშ-ის სენატმა საგანგებო რეზოლუციით [2] ლეგიტიმურად ცნო 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები, რაც წარმოადგენდა საქართველოს დამოუკიდებლობის დე-ფაქტო ცნობას.

შედეგები

გადაწყვეტილება ხმების რაოდენობა %
მომხრე 3 295 493 99,08
წინააღმდეგი 16 917 0,51
ბათილად ცნობილი ხმები 13 690 0,41
ჯამში 3 326 100 100
რეგისტრირებული ამომრჩევლები/აქტივობა 3 334 286 90,57
 

ამომრჩეველთა საერთო რიცხვი იყო 3,672,403

რეფერენდუმის მონაწილეთა რიცხვი – 3. 334. 286, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 90,79%;

კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვი – 3. 326. 100; რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 90,57%-ს;

სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის დადებითად გადაწყვეტის „დიახ” მომხრეთა რიცხვი – 3. 295. 493, რაც შეადგენს კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვის 99,08%-ს;

სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის, „არა” მომხრეთა რიცხვი – 16. 917, რაც შეადგენს კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვის 0,51%-ს.

ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობა — 13. 690, რაც შეადგენს კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვის 0, 41%-ს.

ცხინვალის რეგიონი

ქალაქ ცხინვალში, ყორნისისა და ჯავის რაიონებში რეფერენდუმი არ ჩატარებულა, მაგრამ საქართველოს ამომრჩეველთა საერთო რიცხვში გათვალისწინებულ იქნა ამ რეგიონის ამომრჩეველთა რაოდენობა. ამომრჩეველთა რაოდენობად აღებულ იქნა 1990 წლის ოქტომბრის არჩევნებისათვის არსებული რაოდენობა: ყორნისის რაიონში – 6786, ჯავის რაიონში – 6526, ჯავის რაიონის 474 ამომრჩეველმა ხმა მისცა საჩხერეში და ყველამ დადებითად უპასუხა კითხვას, ამიტომ ზემოთ აღნიშნული რიცხვი 474-ით შემცირდა. ქ. ცხინვალში იმ დროისთვის აღწერილი იყო 26594 ამომრჩეველი. იმის გათვალისწინებით, რომ 1989 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით ცხინვალში ქართველთა რაოდენობა მთელი მოსახლეობის 16,1% იყო, ხოლო ამჟამად დატოვეს ქალაქი და შეხიზნულები არიან სხვაგან, ქ. ცხინვალში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობად აღებულ იქნა 22312.

ცხინვალის რაიონში რეფერენდუმი ჩატარდა 7 სასოფლო საკრებულოს ტერიტორიაზე, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა იყო 11376, გაიცა 10182 ბიულეტენი, რომელთაგან 2 ბათილად იქნა ცნობილი. სარეფერენდუმო კითხვას დადებითი პასუხი („დიახ“) გასცა 10180 ამომრჩეველმა. რეფერენდუმი არ ჩატარებულა 3 საკრებულოს — გერის, ძარის და ხეთაგუროვის ტერიტორიებზე. გარდა ამისა, ბიყარისა და ღრომის სასოფლო საკრებულოების ტერიტორიაზე. რომელიც ოსებითაა დასახლებული. რეფერენდუმი ჩაატარა ღრომის საბჭოთა მეურნეობის თანამშრომელთა საერთო კრების მიერ არჩეულმა საუბნო სარეფერენდუმო კომისიამ. მის მიერ წარმოდგენილი ოქმის თანახმად, ღრომის საკრებულოს 329 ამომრჩევლიდან დადებითი პასუხი („დიახ“) გასცა 326 ამომრჩეველმა, უარყოფითი („არა“) — სამმა, ბიყარის საკრებულოს 283 ამომრჩევლიდან დადებითი პასუხი გასცა 281 ამომრჩეველმა, უარყოფითი – ორმა. მაგრამ იმის გამო, რომ ეს საუბნო სარეფერენდუმო კომისია კანონის მოთხოვნათა დაცვით არ იყო შექმნილი, ეს პასუხები საბოლოო შედეგებში არ იქნა გათვალისწინებული. საბოლოოდ, ამომრჩეველთა რაოდენობად რაიონში აღებული იქნა 15774 (1990 წლის ოქტომბრის მონაცემები), რეფკრენდუმისა და კენჭისყრის მონაწილეთა რაოდენობად კი — 10182.

ცენტრალური სარეფკრენდუმო კომისია იუწყება, რომ რეფერენდუმში მონაწილეობა ვერ მიიღო საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს ბევრმა მოქალაქემ, რომელთა ნაწილმა შეატყობინა კომისიას, რომ მხარს უჭერენ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას. მათ შორის საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი 1509 ამომრჩეველი ყორნისის რაიონის ერთ-ერთი საკრებულოს 440 ამომრჩეველი. რომლებმაც ვერ შეძლეს ყორნისის რაიონიდან გამოსვლა, სულ 1798 ამომრჩველი.

გარდა ამისა, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას მხარი დაუჭირა მუხროვანის დასახლებაში №123/44 დაწესებულებაში თავისუფლებააღკვეთილმა სხვადასხვა ეროვნების 78 მოქალაქემ, რომელთაც არა აქვთ საარჩევნო უფლება და რომელთაც საკუთარი ინიციატივით ჩაატარეს ფარული კენჭისყრა თვითნაკეთი ბიულეტენებით.

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას მხარი დაუჭირა აზარბაიჯანში მცხოვრებმა 391 ინგილომ. ჩრდილოეთ ოსეთში მცხოვებმა 784 ქართველმა, 458 ნალჩიკელმა, 1174 მოსკოველმა, 466 ლენინგრადელმა, 51 პიროვნებამ სხვადასხვა ქალაქიდან. ქართველმა და არაქართველმა, რომლებმაც იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოს მოქალაქის სტატუსის შემოღების შემდეგ მიიღებენ საქართველოს მოქალაქეობას.

საქართველოს რესპუბლიკის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საჩხერის ტერიტორიული საარჩევნო კომისია გაცნობებთ, რომ 1991 წლის 31 მარტის საჩხერის რაიონის სოფელ პერევისის საარჩევნო უბანში რეფერენდუმში ხმა მისცეს ჯავის რაიონის სოფელ ქარზმანიდან 235-მა, ტბეთიდან – 16-მა, ხოლო ხახიეთიდან, თედენეთიდან, სინაგურიდან. ჯავაბეთიდან 198-მა ამომრჩეველმა. აქედან ყველა ხმა დადებითი აღმოჩნდა.

აჭარის არ

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ამომრჩეველთა საერთო რიცხვი იყო 224.788. რეფერენდუმსა და კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 96,64%-მა. სარეფერენდუმოდ საკითხის დადებითად გადაწყვეტაში – 97,67%-მა. უარყოფითად – 1,42%-მა.

აფხაზეთის ასსრ

აფხაზეთის ასსრ-ში ამომრჩეველთა საერთო რიცხვი იყო 347.175. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო 61,27%-მა; კენჭისყრაში – 61,23%-მა. სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის დადებითად გადაწყვეტას მხარი დაუჭირა კენჭისყრის მონაწილეთა 97,73%-მა, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 59,84%-ს. უარყოფითად გადაწყვეტას — 1,42%-მა, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 0, 87%-ს.

გუდაუთის რაიონის ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეფერენდუმში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, ამიტომ ვერც ამომრჩეველთა აღრიცხვა ჩატარდა. გუდაუთის რაიონის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობად აღებულ იქნა 1990 წლის მარტის არჩევნებისათვის არსებული რაოდენობა – 36060. იქ მხოლოდ ერთი საარჩევნო უბანი გაიხსნა ახალსოფელში. შესაბამისმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა სიაში შეიყვანა გუდაუთის რაიონის ყველა ამომრჩეველი, ვინც კი რეფერენდუმში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა. სიაში შეიყვანეს 2931 ამომრჩეველი, გაიცა 2931 ბიულეტენი, რომელთაგან 1 ბათილად იქნა ცნობილი. სარეფერენდუმო კითხვას დადებითი პასუხი გასცა 2928 ამომრჩეველმა, უარყოფილი — ორმა.

ტყვარჩელში ადგილობრივმა ხელისუფლებამ კი მაშინ გამოთქვა სურვილი რეფერენდუმის ჩატარებაზე, როდესაც საარჩევნო უბნებისა და კომისიების შექმნის ყველა ვადა ამოწურული იყო. ამიტომ ტყვარჩელის ამომრჩევლებს უფლება მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ კენჭისყრაში ქ. ოჩამჩირის წინასწარ განსაზღვრულ საარჩევნო უბანში, სადაც მისული ამომრჩევლები შეიტანეს ცალკე სიაში და კენჭისყრისთვის გამოყენებული იყო ცალკე ყუთი. სიაში შეიყვანეს 1017 ამომრჩეველი. სარეფერენდუმო კითხვას დადებითი პასუხი გასცა 1016-მა ამომრჩეველმა. უარყოფითი მხოლოდ ერთმა. ტყვარჩელის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობად აღებული იქნა 1990 წლის მარტის არჩევნებისათვის არსებული რაოდენობა — 12975.

სოხუმში 57 საარჩევნო უბანში ყველაში კომისია დაკომპლექტდა სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებით. რეფერენდუმს ესწრებოდნენ უცხოეთიდან მოწვეული მეთვალყურეები. უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა აფხაზეთის ასსრ-ის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. მთთვის ვინც რეფერენდუმის დღეს ვერ დაესწრო, მათ (1500-მდე ამომრჩეველმა) ხმა მისცეს ცალკე გახსნილ სამ საარჩევნო უბანში.

აფხაზეთში რეფერენდუმის მსვლელობა გაშუქდა გაზეთ „აფხაზეთის ხმაში“.

ვლადისლავ არძინბა თავის წიგნში „Моя жизнь“, რომელშიც გვერდს არ უვლის არცერთ მოვლენას და დეტალურად აღწერს მათ, 31 მარტის რეფერენდუმზე იფარგლება მხოლოდ ერთი წინადადებით: „რაც შეეხება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმს, რომელშიც აფხაზეთს მონაწილეობა არ მიუღია. 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით გამოაცხადა დამოუკიდებლობა“[3].

პოლიტიკური მნიშვნელობა

1991 წლის 31 მარტის საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი“, ხოლო 29 სექტემბერს აფხაზეთში ჩატარდა აფხაზეთის ასსრ-ის არჩევნები. კენჭისყრის შედეგად ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობამ უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს შემადგენლობა დააკომპლექტა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არჩევნებზე აქტიურად მონაწილეობდნენ ისეთი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, როგორებიც იყვნენ კომუნისტური პარტიისა და აფხაზეთის სახალხო ფრონტის ლიდერები — ვლადისლავ არძინბა, სერგეი ბაღაფში, სერგეი შამბა და სხვები, რომლებმაც პირველივე ტურში მოიპოვეს გამარჯვება. აღნიშნული პოლიტიკური ძალების (შემდგომში — სეპარატისული ლიდერების) მიერ საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ერთეულის, კერძოდ კი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობით მოხდა მათ მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე 31 მარტის რეფერენდუმის შედეგების პირდაპირი აღიარება, რაც კიდევ ერთი დასტურია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დე იურობისა.

ანალიტიკა
The Daily Telegraph - ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს

ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.

დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.

აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.

კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.

უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?

როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.

რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.

ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან)  ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.

არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.

იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.

ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.

თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.