USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
საქართველოს ბიომრავალფეროვნება - ქართული მუხა Quercus Iberica
Date:  3736

ქართული მუხა (ლათ. Quercus iberica) — ფოთოლმცვენი ხე წიფლისებრთა ოჯახისა, რომლის სამშობლოა კავკასია (გავრცელებულია აგრეთვე შავი ზღვის სანაპიროზე ჩრდილო-აღმოსავლეთი თურქეთის ტერიტორიაზე, მცირე აზიასა და ირანშიც).[1] ქართული მუხა წარმოადგენს საკმაოდ მოზრდილ ხეს, რომელიც 20-25 მეტრის სიმაღლემდე იზრდება, იშვიათ შემთხვევებში კი 40 მეტრსაც აღწევს. Q. iberica სინათლისა და სითბოს მოყვარული ხეა, ფართოდაა გავრცელებული აღმოსავლეთი საქართველოს უფრო მშრალ რეგიონებში (ტოპონიმი „იბერია“ აღმოსავლეთი საქართველოს ეკვივალენტურია). მიუხედავად ამისა, იგი შეიძლება დასავლეთი საქართველოს ნოტიო ჭალებშიც შეგვხვდეს, სადაც ხშირად შედარებით მშრალ, ციცაბო ფერდობებზე წმინდა რაყას ქმნის. ბუნებრივ პირობებში მრავლდება თესლით. ნაყოფმსხმოიარობს 15-20 წლისა. ბუნებრივი განახლება ცუდი და ნელია.

სისტემატიკა

ტყავისებური ფოთლები აქვს. ფოთლის ქვედა მხარე უფრო ღია მწვანეა. Q. iberica ცნობილია მისი ძალიან მოკლე სანაყოფე ყუნწებით. 1-2 ან რამდენიმე რკო ერთადაა შეკრებილი, სულაც უყუნწოა ან ძალიან მოკლე ყუნწი აქვთ. ერთწლიანი ტოტების ეპიდერმისი შიშველია ან მხოლოდ მცირედ შებუსვილი. ფოთლები უკუკვერცხისებრია, ქვემოდან უფრო მკრთალი და შიშველი ან ძარღვების გაყოლებაზე ბეწვით მოფენილი (ნორჩობისას შებუსვილი), თითოეულ გვერდზე 6-12-ნაკვთიანი, ძირში მცირეოდენ ამოკვეთილი ან სოლისებრი. ნაყოფი (რკო), როგორც უკვე აღვნიშნეთ, მჯდომარეა ან მოკლეყუნწიანი, ნახევრამდე ან ერთი მესამედით ბუდეში ჩამჯდარი. ბუდის ქერქლები მჭიდროდაა მიწოლილი და ბუსუსებით მოფენილი. ბინომიალური ლათინური დასახელების ავტორიტეტად სხვადასხვა წყაროში მითითებულია ფრიდრიჰ აუგუსტ მარშალ ფონ ბიბერშტაინი ან ქრისტიან ფონ სტევენი. ზოგჯერ ამ სახეობას Quercus petraea-ს — კლდის მუხის ქვესახეობად თვლიან.

გავრცელება

იზრდება ქვაღორღიან, მდიდარ ტყის წაბლა და ყომრალ, კარბონატულ და მთა-მდელოს ნიადაგებზე. არ უყვარს ზედმეტად ტენიანი ან დაჭაობებული ნიადაგები. მძლავრი ფესვთა სისტემა აქვს, ამიტომ ქარგამძლეა. Q. iberica ქმნის ფოთოლმცვენ ტყეებს წაბლთან, რცხილასთან და ნეკერჩხალთან ერთად. შემთხვევათა უმეტესობაში ქართული მუხა იზრდება ზღვის დონიდან 400-1000 მეტრ სიმაღლეზე, მაგრამ ზოგ შემთხვევაში იგი შეიძლება შეგვხვდეს 1500-2000 მეტრ სიმაღლეზეც.

გამოყენება

მაგარი მერქანი აქვს. იყენებენ სამშენებლო მასალად, საავეჯო მრეწველობაში, ამზადებენ საკასრე ტკეჩს. ქერქი შეიცავს მთრთიმლავ ნივთიერებებს, შესაბამისად გამოყენებულია მედიცინაში, ტყავის წარმოებაში, ალკოჰოლური სასმელების წარმოებაში. რკოსგან ამზადებენ ყავის სუროგატს. დეკორატიულ ხედაც შეიძლება იქნას გამოყენებული, მშრალი ადგილების გასამწვანებლად, ტყე-პარკების შესაქმნელად.

მუხა ქართულ კულტურაში

წარმართული პერიოდის საქართველოში მუხა, ვაზთან ერთად, გამორჩეულ საკულტო მცენარეს წარმოადგენდა. სწორედ მუხა, თავისი დატოტვილი და ძლიერი ვარჯით, განასახიერებდა ყველაზე უკეთ „სიცოცხლის ხეს“. გასაკვირი არაა, რომ ქართველთა მსგავსი რწმენა-წარმოდგენები ზოგ სხვა მეზობელ თუ არა-მეზობელ ხალხსაც გააჩნდათ. ჩრდილო-კავკასიელი წარმართი ტომები მუხის ქვეშ მარხავდნენ ფრინველის ფორმის სალოცავ კერპს, ბითხას და დღესასწაულებზე ან საჭირბოროტო საკითხებზე ამ მუხასთან იკრიბებოდნენ ხოლმე. სხვა ხეებს შორის გამოირჩევა განსაკუთრებული სიმბოლური დიაპაზონით. მისი მერქნის სიმტკიცის გამო თავიდანვე ითვლებოდა შეუდრეკელობის და უკვდავების სიმბოლოდ. ჩვენს დრომდე მოაღწია რწმენამ, რომ მუხა ელვას იზიდავს. არ არის გასაკვირი, რომ მითოლოგიურ პანთეონში მუხა მეხთამტყორცნელი ზევსის (იუპიტერის) საკულტო ხე იყო. სწორედ საკრალურ მუხათა ფოთლების შრიალში უნდა ამოეცნო დოდონას სალოცავის ქურუმს ზევსის ღვთაებრივი ნება. მუხის ტოტებისაგან დაწნული გვირგვინი იყო რომაელ მმართველთა ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი (მუხის ფოთოლი დღემდე გამოიყენება სამხედრო ემბლემატიკაში). არც ისაა შემთხვევითი, რომ სწორედ სტილიზირებული რკოა გამოსახული დავით აღმაშენებლის სამოსზე (გელათის მონასტრის მოხატულობა, XVI ს.)[3] სიმღერა „მუმლი მუხასა“ ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია მუხის ჩვენი ერის სიმბოლოდ გამოყენებისა.

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way