USD 2.6971
EUR 3.1405
RUB 3.4134
თბილისი
საქართველოს ბანკებმა მარტში ₾378 მილიონის ახალი იპოთეკური სესხი გასცეს
თარიღი:  583

ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის მარტში ქართულმა ბანკებმა სულ 4,112 იპოთეკური კრედიტი გასცეს, რომელთა მთლიანი ღირებულებაც 378 მილიონ ლარს შეადგენდა.

ახალი იპოთეკური სესხების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9%-ით შემცირდა, ხოლო გაცემული კრედიტების პორტფელი კი 15%-ით გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ ბანკები საშუალოდ უფრო ნაკლებ იპოთეკებს გასცემენ ვიდრე გასულ წელს, თუმცა საშუალო იპოთეკური სესხის ზომა კი გაიზარდა.

კერძოდ, 2024 წლის მარტში საშუალო იპოთეკის ზომა 73 ათასი ლარი იყო, ხოლო 2025 წლის მარტში გაცემული იპოთეკური კრედიტის საშუალო მოცულობა 92 ათას ლარს შეადგენდა, რაც წლიურად 25.5%-ით არის გაზრდილი. აღნიშნული მატება სავარაუდოდ, ქვეყანაში უძრავი ქონების ფასების ზრდით არის განპირობებული.

იპოთეკური დაკრედიტების პორტფელის ზრდის დაბალი ტემპის გამო, 26 თებერვალს საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა რეგულაციების გამარტივების გადაწყვეტილება მიიღო. შედეგად სესხში შესაძლებელი გახდა პირველადი შენატანი იყოს ბინის ღირებულების 10%, ხოლო 90% კი კრედიტი, ნაცვლად აქამდე მოქმედი წესისა, რომელიც განსაზღვრავდა რომ მომხმარებელი ბინის შესაძენად დებდა მინიმუმ 15%-ს, ხოლო ბინის ღირებულების 85%-ს ბანკისგან იღებდა.

კიდევ ერთი ცვლილებით ასევე მარტივდება ბინების შეძენა ემიგრანტებისთვის, რადგანაც უცხოეთში მიღებული შემოსავლების დადასტურებით გაცემულ იპოთეკებში მინიმალური შენატანი 30%-დან ნაცვლად, 20%-მდე მცირდება.

სებ-ის თანახმად, 2025 წლის მარტის მდგომარეობით ლარის იპოთეკური სესხების განაკვეთი 11.86%-ია, რაც წლიურად 0.09 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.

ეკონომიკა
საქსტატი - დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-მდე შემცირდა

დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-ს შეადგენდა, რაც ნოემბერში არსებულ 4.8%-იან ინფლაციასთან შედარებით ნაკლებია. საქსტატმა 2025 წლის დეკემბრის ინფლაციის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა.

ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა კვლავ სურსათმა იქონია, სადაც ფასები წლიურად 8.8%-ით არის გაზრდილი. უფრო დეტალურად ჯგუფების მიხედვით ინფლაცია ასე ნაწილდება:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.98 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (18.4%), ხილი და ყურძენი (15%), პური და პურპროდუქტები (14.3%), ყავა, ჩაი და კაკაო (10.1%), ზეთი და ცხიმი (10.1%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (8.2%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (7.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (7%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.1%), ბოსტნეული და ბაღჩეული (0.1%);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.56 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.1%), საავადმყოფოების მომსახურების (9%) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (5.3%) ქვეჯგუფებზე;

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.4%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.28 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (7.3%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1.3%).

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის