USD 2.6971
EUR 3.1405
RUB 3.4134
Tbilisi
საქართველოს ავიაბაზარს კიდევ ერთი, ევროპული ავიაკომპანია შემოემატა
Date:  521
„საქართველოს ავიაბაზარს კიდევ ერთი, ევროპული ავიაკომპანია შემოემატა. დღეს ციურიხიდან თბილისის მიმართულებით პირველად მივიღეთ შვეიცარული, დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია „ედელვაისის“ პირდაპირი რეისი, რაც, რა თქმა უნდა, არის უდიდესი მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ავიაციისა და ტურიზმის ინდუსტრისთვის“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss-ის მიერ საქართველოში ოპერირების დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა.
კომპანიის საქართველოში ოპერირების დაწყებასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიღება გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა, შვეიცარიის ელჩმა საქართველოში ჰაიდი გრაუმ, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, საქაერონავიგაციის, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პირებმა. მიღებას ასევე დაესწრნენ ციურიხიდან პირველი რეისით ჩამოფრენილი ავიაკომპანიის წარმომადგენლები და შვეიცარიელი ჟურნალისტები, კომპანია „ტავ ჯორჯიას“ თანამშრომლები.
ქვრივიშვილის თქმით, ამ წარმატებას წინ უძღოდა ხანგრძლივი მოლაპარაკებები, რომლებიც წარმატებით დასრულდა.
„ედელვაისის“ შემოსვლა არის უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებისთვის და დივერსიფიკაციის პოლიტიკის ხელშეწყობისთვის - საქართველოში შემოვა კიდევ უფრო მეტი საერთაშორისი მოგზაური, ამ შემთხვევაში შვეიცარიიდან, რაც იმას ნიშნავს,რომ მაღალმსყიდველუნარიანი ტურისტების სეგმენტი დაგვემატება“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა აპირებს განახორციელოს საკმაოდ მასშტაბური მარკეტინგული კამპანიები შვეიცარიასთან, მათ შორის, ავიაკომპანია „ედელვაისთან“, ისევე, როგორც ავიაკომპანია „იზიჯეტთანაც“, რომელმაც უკვე დაიწყო ფრენა ჟენევა-თბილისის მიმართულებით.
„შეიძლება ჩაითვალოს, რომ წლევანდელი წელი ნამდვილად ისტორიული და რეკორდული წელია, რადგან, მათ შორის, შვეიცარიასთან, ჩვენ უკვე გვაქვს ჟენევიდან კვირაში ორი სიხშირით პირდაპირი ფრენები, ისევე, როგორც ციურიხიდან და ეს, რა თქმა უნდა, როგორც აღვნიშნე, უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებას, ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის მცირე და საშუალო მეწარმეებს, კიდევ უფრო მეტად განავითარონ საქმიანობა ტურიზმის სექტორში“ - განაცხადა ქვრივიშვილმა.
Edelweiss 29 წლის წინ დაფუძნებული შვეიცარიული Swiss International Airlines-ის შვილობილი ავიაკომპანიაა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს Lufthansa ჯგუფის მფლობელობაში შედის და ავიარეისებს ციურიხის ბაზიდან ევროპის ქვეყნებისა და ამერიკის კონტინენტზე 90 მიმართულებით ახორციელებს. ავიაკომპანია Edelweiss საქართველოში ფრენებს Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შეასრულებს.
economics
საქსტატი - დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-მდე შემცირდა

დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-ს შეადგენდა, რაც ნოემბერში არსებულ 4.8%-იან ინფლაციასთან შედარებით ნაკლებია. საქსტატმა 2025 წლის დეკემბრის ინფლაციის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა.

ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა კვლავ სურსათმა იქონია, სადაც ფასები წლიურად 8.8%-ით არის გაზრდილი. უფრო დეტალურად ჯგუფების მიხედვით ინფლაცია ასე ნაწილდება:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.98 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (18.4%), ხილი და ყურძენი (15%), პური და პურპროდუქტები (14.3%), ყავა, ჩაი და კაკაო (10.1%), ზეთი და ცხიმი (10.1%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (8.2%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (7.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (7%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.1%), ბოსტნეული და ბაღჩეული (0.1%);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.56 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.1%), საავადმყოფოების მომსახურების (9%) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (5.3%) ქვეჯგუფებზე;

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.4%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.28 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (7.3%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1.3%).

See all
Survey
By the way