ჩვენს ქვეყანაში უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენები გვარწმუნებს, რომ ეს პროცესები მსოფლიო მასშტაბის უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ ცვლილებათა ანარეკლია, - ამის შესახებ ნათქვამია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული მოვლენები განსახილველია პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სტრატეგიულ და მრავალ სხვა ჭრილში.
„ჩვენ კი, მიზეზთა ერთობლიობის გამო, დღეს შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს. ეკლესია ვერ დაიწყებს სპეციფიკური დეტალების განხილვას, მაგრამ ტრადიციული ფასეულობები და სახელმწიფოს დამოუკიდებლობა ის სფეროებია, რომელთაც ის ისტორიულად უდიდეს ყურადღებას უთმობდა და კვლავ დაუთმობს.
საზოგადოებაში არსებული დაპირისპირების ხაზი დღეს ფასეულობების წინააღმდეგ ბრძოლისა და სახელმწიფოს სუვერენიტეტის ველზე გადის. უახლეს ისტორიაში ჩვენი ქვეყნის წინსვლა დაფუძნებული უნდა იყოს წმინდა ილია მართლის სიტყვებზე: ,,მამული, ენა, სარწმუნოება”.
ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როდესაც ფაქტები და არგუმენტები ჩანაცვლებულია მედიითა და სოციალური ქსელებით შექმნილი აღქმით, ალტერნატიული რეალობით. დაუშვებელია, ნაჩქარევ, ემოციურ ქმედებებს მიეცეს საშუალება, დაარღვიოს სტაბილურობა და მშვიდობა, რომლებიც ასე ძვირფასია ამ პროცესებში აქტიურად ჩართული ახალგაზრდა თაობისთვის. მნიშვნელოვანია, ქვეყნისათვის საუკეთესო არჩევანზე სიღრმისეული მსჯელობა და ჯანსაღი დისკუსიის პროცესი შედგეს, რადგან არაერთხელ გვიგემია ერთიანი დამარცხება, როდესაც სიძულვილი იმარჯვებდა საზოგადოებაში დაპირისპირებულ მხარეებს შორის.
ეკლესია ყოველთვის იყო და კვლავ იქნება ჩვენი შვილების გულწრფელი ინიციატივების, მისწრაფებების გულშემატკივარი და მხარდამჭერი, მით უფრო, როცა საქმე ქვეყნის ბედს ეხება, თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ახალგაზრდებისა და მოზარდების ამ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რაოდენ ფაქიზ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებთან გვაქვს საქმე. მომავალი თაობის ჯანსაღი აქტიურობისა და პატრიოტული სულისკვეთების ცალკეული პოლიტიკური ინტერესებისა და მავნე იდეოლოგიის პროპაგანდისთვის გამოყენება ყველასთვის დამაზიანებელი იქნება.
ხელისუფლება გარკვევით დეკლარირებს, რომ მისი პოლიტიკური ვექტორი, ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის სურვილი, არის ევროინტეგრაცია. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქომ გააკეთა განცხადება. მასში ნათქვამი იყო, რომ წლების განმავლობაში დიპლომატიური სამსახურის უმაღლესი პირებისგან ისმოდა დამაჯერებელი დასტური იმისა, რომ ქვეყნის სწრაფვა ევროინტეგრაციისაკენ არ გულისხმობდა საკუთარი კულტურისა და ფასეულობების უარყოფას. თუმცა, ფაქტია, წლების განმავლობაში უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების თუ ტელევიზიების მხრიდან წარმოებდა ეკლესიის დისკრედიტაციის კამპანია და ეს ხდებოდა ლგბტ ცხოვრების წესის, ცოდვის პროპაგანდის მზარდი ტენდენციის პარალელურად.
საქართველოს მოსახლეობისთვის უცხო, უჩვეულო და სახიფათო იდეოლოგიების თავს მოხვევა ამძაფრებს საზოგადოებაში პოლარიზაციის პროცესს. ჩვენ არავისგან მოველით დახმარებას იდეოლოგიურ საკითხებში, ამის საჭიროება არც გვაქვს. აღვნიშნავთ, რომ ხელისუფლება თვალნათლივ დაადგა ტრადიციული ღირებულებების დაცვის გზას.
ევროპარლამენტის რეზოლუციაში ჩანაწერი, რომ ქართული სახელმწიფოს მიერ დაუშვებელია მოზარდებში ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის კანონის მიღება, წარმოადგენს ქვეყნის უმეტესი მოსახლეობისათვის აღიარებული ფასეულობების წინააღმდეგ ზეწოლას. რჩება შთაბეჭდილება, რომ მათი მხრიდან საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტი არ განიხილება, როგორც სრულყოფილი მოცემულობა. ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტის უგულებელყოფით ქვეყნისთვის სასიკეთო არცერთი საქმე არ გამოვა.
საქართველოს ეკლესია მთავარ პრიორიტეტად მიიჩნევს საქართველოს მოსახლეობაში უფლის სიტყვის გაძლიერებას. ჩვენ გვსურს, დავიცვათ ჩვენი ტრადიციები, ოჯახის სიწმინდე და მისი მნიშვნელობა, შევინახოთ ქართული კულტურა, ვესწრაფვით ჩვენს ოს და აფხაზ ძმებთან ერთად ერთიან სახელმწიფოში ცხოვრებას, მსოფლიოში ურთულესი პოლიტიკური პროცესების პირობებში ყოველგვარ კონფლიქტში ჩარევისაგან თავის არიდებას და ქვეყნის შიგნით მშვიდობიან თანაცხოვრებას, ეს ყველაფერი კი შეუძლებელია სრულყოფილი სახელმწიფო დამოუკიდებლობის გარეშე“, - ნათქვამია განცხადებაში.
„სუფრა - ასე ჰქვია ქართულ მოლხენა-დროსტარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობისა და მხიარულების განსახიერებას წარმოადგენს. რომელი კერძებს მიირთმევენ ქართველები სტუმრებთან ერთად? ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ქართული სუფრის დიდებულება ეჩვენებინა და დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც კარგად გამოუვიდა“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება“ (ავტორი - მაიკე ფონ გალენი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
„როცა მივედით, მაგიდა უკვე გაშლილი დაგვხვდა: თეფშებზე დაწყობილი ყველით და ლორით, ნიგვზის ფარშიანი ბადრიჯნით, მხალეულობით, მწვანილით, კიტრით და პომიდორით... მათ შორის ჩადგმულია გრაფინები მოცხარის წვენით და ტარხუნის ლიმონათის ბოთლებით. ოფიციანტი წითელ ღვინოს ბოკალებში ასხამს. გარეთ თბილისური საღამოა, რესტორან „რიგის“ დარბაზში გაშლილ გრძელ მაგიდაზე კი ქართული სუფრა - ქართული ქეიფი იწყება.
ისინი, რომლებიც ქართულ სამზარეულოს არ იცნობენ, მადააღძრულები სწრაფად მიირთმევენ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თბილ მჭადებს, სალათებს და ყველს. მაგრამ ვინც იცის, ის ნელ-ნელა ჭამს და მთავარს ელოდება...
ქართველი ქალბატონი თიკო ტუსკაძე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ახლა სამშობლოში იმყოფება, ჩვენი გიდის როლს ასრულებს და ქართულ სუფრას გვაცნობს როგორც „გემრიელი საჭმელების უსასრულო რიგს“. იგი კულინარული წიგნის ავტორია და გვიხსნის, თუ რომელი საჭმელი როგორ მივირთვათ.
ზოგიერთმა უკვე საკმაო რაოდენობის სალათა მიირთვა, რომ მაგიდაზე ახალი კერძები მოაქვთ - მოხრაკულ-მოთუშული სოკო, ხაჭაპური, ხორცით მომზადებული კერძები... საჭმლით სავსე თეფშები სულ უფრო მრავლდება და მაგიდაზე თავისუფალი სივრცე მცირდება, თუმცა ახალ-ახალი ნუგბარისათვის ადგილი მოიძებნება.
„სტუმართმოყვარეობა - ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კარგად არის გამოხატული ქართულ სუფრაში, როცა მაგიდას ეროვნულ სამზარეულოს კერზები ამშვენებს“, - განმარტავს მაკა თარაშვილი. რა თქმა უნდა, იგი ახალბედა სუფრის წევრებისაგან განსხვავებით, შეცდომებს არ უშვებს და ყველაფერს ერთად არ მიირთმევს. მან კარგად იცის, რა როდის უნდა მიირთვას და უცხოელ სტუმრებს ჭამის საიდუმლოებას ასწავლის: როდის დგება მწვადის, „ჩაქაფულის და საჭმელების მიღების დრო...
ქართული ტრადიციის თანახმად, სუფრაზე იმდენი საჭმელი უნდა იყოს, რომ სტუმრების წასვლის შემდეგაც საკმაო რაოდენობით უნდა დარჩეს: „სუფრა, რომელზეც არაფერი აღარ რჩება, საქართველოში არ არსებობს“, - ამბობს მაკა თარაშვილი, - მასპინძლები იფიქრებენ, რომ სტუმრები მშივრები დარჩნენ. ამიტომ ყველაფერი უამრავია“.
რესტორანი „ქეთო და კოტე“ ძველი თბილისის უბანში, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. დარბაზში მყუდრო გარემოა შექმნილი. მაგიდები ყოველთვის მდიდრულადაა გაშლილი - ტრადიციული კერძები თანამედროვე სტილითაა გაფორმებული. თავდაპირველად თვენ მოგართმევენ ცივ და ვეგეტარიანულ კერძებს, ბოსტნეულს, შემდეგ გამომცხავარს, ცომეულს, ბოლოს კი ხორცით მომზადებულ საჭმელებს.
ქართული სუფრის ტრადიციაა თამადა, ანუ დროსტარების ხელმძღვანელი. იგი სუფრის თავში ზის და სადღეგრძელოებს ამბობს. რესტორან „შატო მუხრანში“, სადაც ჩვენ ვიყავით (თბილისიდან ერთი საათის სავალზე), მეღვინე პატრიკ ჰონეფმა ჩვენი სტუმრობის სადიდებელი სადღეგრძელო წარმოსთქვა. გერმანელი მეღვინე უკვე მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, ოჯახიც აქ ჰყავს. პატრიკი მადლობას გვიხდის სტუმრობისათვის, რომ გერმანელი ტურისტები საქართველოთი დაინტერესდნენ და კავკასიურ ქვეყანას ეწვივნენ.
მასპინძელი გვიხსნის, რომ სუფრის თამადა ყურადღებით ისმენს სტუმრების საუბარს სადღეგრძელოებისათვის იმპულსის მისაცემად. იგი დისკუსიას ზომიერ მიმართულებას აძლევს და განწყობას ამაღლებს. ამიტომაც თამადა ისეთი პიროვნებაა, რომელიც ცნობილია თავისი კეთილი ხასიათით, გონებამახვილობით და ინტელექტით.
თუ როგორ მზადდება კლასიკური ქართული კერძები, ამას თქვენ თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, კახეთში გაიგებთ, სადაც ღვინის კომპანია „შუმის“ რესტორანი მდებარეობს. აქ სტუმარი საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ ცხვება ქართული თონის პური, როგორ კეთდება ხინკალი, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ დიდებულ და გემრიელ კერძს წარმოადგენს.