USD 2.6638
EUR 3.1012
RUB 3.6306
თბილისი
სანზონაში, რატევანის ქუჩის მიმდებარედ არსებული 10.88 ჰექტარი სატყეო ფართობის აღდგენისთვის, ჯამში, 10 170 მწვანე ნარგავი დაირგვება.
თარიღი:  368
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური სანზონაში, რატევანის ქუჩის მიმდებარედ არსებული 10.88 ჰექტარი სატყეო ფართობის აღდგენის სამუშაოებს ახორციელებს. ტერიტორიაზე, ჯამში, 10 170 მწვანე ნარგავი დაირგვება.
 
 აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო მასშტაბური გამწვანების აქცია, რომელშიც მონაწილეობა თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა პაატა ტოგონიძემ მიიღეს.
 
 მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სატყეო ტერიტორია ფაქტობრივად დეგრადირებულია. ამავე, ტერიტორიაზე, არსებობდა უკანონო შემოღობვები და თვითნებურად მითვისებული იყო 3 ჰექტარი სატყეო მიწა, რომელიც სახელმწიფოს დაუბრუნდა.
 
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური დედაქალაქი არა მხოლოდ რეკრეაციული სივრცეების განვითარებაზე ზრუნავს, არამედ დიდ ყურადღებას უთმობს ქალაქის გარშემო არსებული ტყეების მოვლა-პატრონობასა და აღდგენას, რომლებიც თბილისის ტერიტორიის 23.6%-ს შეადგენს. 2018 წლიდან დღემდე სამსახური ახორციელებს ტყის გამაჯანსაღებელ და აღდგენით სამუშაოებს, რომლებიც მოიცავს: დეგრადირებულ ტერიტორიებზე ხეების დარგვას, ბუნებრივი განახლების ხელშემწყობ ღონისძიებებს, სანიტარიულ ჭრებსა და ნახანძრალი ან დაზიანებული ზონების გაწმენდას. სამსახურის მიერ 2018-2025 წლებში ტყის აღდგენა-გაშენების სამუშაოები, ჯამში, 140 ჰექტარ ფართობზე განხორციელდა.
 
 ღონისძიებაში, ასევე, მონაწილეობდნენ თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე კოტე ზარნაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ვალერიან პაპუაშვილი. მონაწილეებს ნერგების დარგვაში შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები დაეხმარნენ.
საზოგადოება
საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის მისაღებად ახალი რეგულაციები შემოდის - წესდება ენობრივი ბარიერი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტს წარედგინა შსს-ს ავტორობით მომზადებული მასშტაბური ცვლილებათა პაკეტი, რომელიც „მიგრაციული ნაკადების ეფექტურ მართვას შეუწყობს ხელს“.

კერძოდ, მისი თქმით, საკანონმდებლო დონეზე დასჯადი ხდება საქართველოს მოქალაქესთან ფიქციური ქორწინება, თუ მიზნად ისახავს ქორწინება ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვებას.

ასევე, წესდება ენობრივი ბარიერის ცენზი და საქართველოს მთავრობა დაადგენს იმ კონკრეტული დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელიც მიჩნეული იქნება ქვეყანაში უცხოელების მიერ სწავლის გაგრძელების საფუძვლად.

„საქართველოს პარლამენტს უკვე წარედგინა შსს-ს ავტორობით მომზადებული მორიგი მასშტაბური ცვლილებათა პაკეტი, რომელიც მიგრაციული ნაკადების ეფექტურ მართვას შეუწყობს ხელს. აღნიშნული პაკეტი შსს-მ საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისა, ასევე იუსტიციის სამინისტროსთან კოორდინაციით მოამზადა და დაჩქარებული წესით პარლამენტს გადაეცა განსახილველად.

ცვლილებები შეეხება სხვადასხვა მიმართულებას და ძირითადად გაანალიზებულია პრაქტიკული გამოწვევები, რაც მიგრაციული ნაკადების მართვის მიმართულებით არსებობდა. ცვლილებები შეეხება სასწავლო ბინადრობებს. აღნიშნული ბინადრობები, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში არამიზნობრივად გამოიყენებოდა. ჩვენ არაერთი შემთხვევა გამოვავლინეთ, როდესაც სასწავლო ბინადრობის მქონე პირები არადანიშნულებისამებრ იყენებდნენ აღნიშნულ უფლებას. შესაბამისად, წესდება კონკრეტული სამართლებრივი რეგულაციები. კერძოდ, წესდება ენობრივი ბარიერის ცენზი და საქართველოს მთავრობა დაადგენს იმ კონკრეტული დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელიც მიჩნეული იქნება ქვეყანაში სწავლის გაგრძელების საფუძვლად.

გარდა ამისა, წესდება კონკრეტული აკრძალვა იმ უცხოელი ახალგაზრდებისთვის, ვინც ბოროტად იყენებს სასწავლო ბინადრობას.

საკანონმდებლო დონეზე დასჯადი ხდება საქართველოს მოქალაქესთან ფიქციური ქორწინება, თუ მიზნად ისახავს ეს ქორწინება ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვებას. სპეციალური კომისია შეისწავლის თითოეულ ასეთ შემთხვევას და თუკი გაჩნდება ეჭვი, რომ ადგილი აქვს ფიქციურ ქორწინებას, სისხლის სამართლის წესით მოხდება დანაშაულის ჩამდენი პირების წინააღმდეგ სანქციის გატარება.

მნიშვნელოვნად მარტივდება ადმინისტრაციული წარმოების პროცესები, კერძოდ: პრაქტიკაში, ხშირ შემთხვევაში ბინადრობის ნებართვაზე უარის გასაჩივრება გამოიყენებოდა ქვეყანაში ხანგრძლივი ვადით ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად და ამ ქმედების პრევენციის მიზნით, მარტივდება, როგორც გასაჩივრების ვადები და წარმოების პროცესი, ასევე მთლიანად იცვლება საკანონმდებლო ჩარჩო ამ კუთხით. იზრდება შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის ფუნქცია-მოვალეობები და მას დაემატება ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის უფლება იმისათვის, რომ არალეგალური მიგრაციის თითოეული შემთხვევა, ოპერატიულად, სამძებრო სამუშაოების შედეგად იქნეს გამოვლენილი", - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის