2024 წლის 1 იანვრიდან მშენებლობის ნებართვის მისაღებად დეველოპერულ კომპანიებს მთელი საქართველოს მასშტაბით გამწვანების პროექტის წარდგენის ვალდებულება ექნებათ. აქამდე აღნიშნულi ვალდებულება მხოლოდ თბილისში არსებობდა. შესაბამისი კანონი მესამე მოსმენით პარლამენტმა დღეს მიიღო.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე ამბობს, რომ მომდევნო 1 წლის განმავლობაში ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში შესაბამისი კანონქვემდებარე აქტები დამტკიცდება, რომლის მიხედვითაც ყოველი მუნიციპალიტეტისთვის შესაბამისი ხე-მცენარეების ნუსხა შედგება.
მაია ბითაძე ამბობს, რომ დეველოპერული კომპანიები ექსპლუატაციაში ბინებს ვერ მიიღებენ თუ გამწვანების პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები შესრულებული არ იქნება. მისი თქმით, ამ მიმართულებით კომპანიების მონიტორინგი განხორციელდება.
“გამწვანების პროექტი სამშენებლო ნებართვისა და განაშენიანების რეგულირების განუყოფელი ნაწილი ხდება. ეს იმას ნიშნავს, რომ სამშენებლო ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების შემდგომ და მიღების პარალელურად შემოწმდება, თუ რამდენად არის შესრულებული გამწვანების პროექტი. აღნიშნული გამწვანების პროექტიც არ იქნება ქაოსური, ის იქნება მუნიციპალიტეტთან წინასწარ შეთანხმებული. იმ დამტკიცებული ხე-მცენარეთა ნუსხის მიხედვით, რომლის შემუშავებაშიც თითოეულ მუნიციპალიტეტს დავეხმარებით", - ამბობს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე.
როგორც კომპანია "არსის" გენერალური დირექტორი აცხადებს, აუცილებელია ბიზნესებთან აქტიური კომუნიკაცია და მათი მოსაზრებების გათვალისწინება. მისი თქმით, ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც მსჯელობა სამომავლოდ ბიზნესს მუნიციპალიტეტთან დასჭირდება, შენობების ექსპლუატაციაში მიღებაა, რომელიც მხოლოდ გამწვანების პროექტის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი. ორთოიძის თქმით, პრაქტიკაში ამ ნაწილის შესრულება შეიძლება გართულდეს.
“არის პროექტები, როცა მაგალითად სახლის მშენებლობა წინ უსწრებს რეკრეაციას. შეიძლება რამდენიმე კორპუსისგან შემდგარი კომპლექსია და რეკრეაცია შუაშია მოქცეული, ანუ სანამ შენობების მშენებლობა არ დასრულდება, მანამდე რეკრეაციას ვერ აკეთებ. ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომელიც პრაქტიკაში გამოჩნდება. მუნიციპალიტეტიც დაინახავს, ეს როგორ უნდა დარეგულირდეს.
ჩვენ რომ მოგვთხოვონ პირველივე სახლის დასრულების დროს, რეკრეაცია იყოს დასრულებული, შეუძლებელია. იმიტომ რომ სხვა სახლების მშენებლობის დროს რეკრეაცია დაზიანდება. თუ ბოლოს მოგვთხოვენ, ამ შემთხვევაში არაკეთილსინდისიერმა კომპანიამ შეიძლება არ დაასრულოს რეკრეაციის მოწყობა", - ამბობს კომპანია “არსის” გენერალური დირექტორი ბესო ორთოიძე.
კერძო სექტორი ცვლილებებს კი მიესალმება, თუმცა კითხვები არსებობს კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით. კომპანია “მარდი ჰოლდინგის” აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც შესაბამის პროექტებს ბათუმში ახორციელებს, ამბობს, რომ მთავარი გამოწვევა ამ ნაწილში დადგენილი წესების აღსრულება იქნება. მისი თქმით, ამ შემთხვევაში მთავარი როლი მუნიციპალიტეტებს ეკისრებათ.
“k3 კოეფიციენტთან დაკავშირებითაც არის ობიექტები, რომლებიც არ პასუხობენ სტანდარტებს, მაგრამ იმის გამო რომ სახლის ჩაბარება დროში იწელება და ადამიანები ჩაუბარებელ, ექსპლუატაციაში მიუღებელ ბინებში სახლდებიან, ამიტომაც გარკვეულწილად მუნიციპალიტეტებიც ხელს უწყობენ ექსპლუატაციაში მიღებას.
გამოწვევა არის უფრო მეტად აღსრულება. გასაგებია კანონი კარგია, მივესალმებით, მაგრამ რამდენად აღასრულებს და რამდენად კეთილსინდისიერი მიდგომა იქნება, ეს არის საინტერესო", - ამბობს “მარდი ჰოლდინგის” აღმასრულებელი დირექტორი ნათია სირაბიძე.
თურქეთის პარლამენტმა ბოლო მოსმენით მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც 15 წელს მიუღწეველ მოზარდებს სოციალურ ქსელებსა და ონლაინ პლატფორმებზე რეგისტრაცია აეკრძალებათ. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
როგორც სააგენტო იუწყება, კანონი მიიღეს მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ 14 წლის მოზარდმა თურქეთის ქალაქ კაჰრამანმარაშის სკოლაში ცეცხლის გახსნა და ცხრა მოსწავლე და ერთი მასწავლებელი მოკლა.
ახალი კანონი სოციალურ ქსელებს დაავალდებულებს ასაკის შემოწმების სისტემა დანერგონ და მშობლის კონტროლი დააწესონ, აგრეთვე ოპერატიული რეაგირება მოახდინონ იმ კონტენტზე, რომელიც სახიფათოდ იქნება მიჩნეული.
სიახლე გულისხმობს იმას, რომ ისეთმა პლატფორმებმა, როგორებიცაა YouTube, TikTok, Facebook, Instagram და ა.შ., 15 წლამდე მოზარდებს რეგისტრაცია აუკრძალონ და შექმნან მშობლის კონტროლი.