სრულიად მიუღებელი იყო ირაკლი კობახიძის საჯარო გამოსვლა, ანუ ღია მუქარა, რომელიც გაჟღერდა გუშინ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მიმართ - ასეთივე მიუღებელი იყო ის ფაქტი, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დაემორჩილა ამგვარ მუქარას და დამოუკიდებლობაზე ხელის შეხებას,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული მოვლენების შედეგად გარკვეული რეპუტაციული ზიანი უკვე მიადგა სებ-ს და ეს ზიანი ქვეყანას და ეროვნულ ბანკს სწორედ მათ მიაყენეს, ვისაც ევალებოდა, ბანკის დამოუკიდებლობაზე ეზრუნა.
„საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის ერთ-ერთი გარანტია და ეკონომიკური მდგრადობის ქვაკუთხედია - ეს ყველამ ვიცით. მთავარი პრინციპი, რომელსაც საქართველოს ბანკის საქმიანობა ეფუძნება, კი მისი დამოუკიდებლობაა - ესეც ყველამ ვიცით. ეს პრინციპი ამიტომაც დაცულია კონსტიტუციის 68-ე მუხლით. ამდენად ვთვლი, როგორც პრეზიდენტი და კონსტიტუციის გარანტი, რომ ჩემი მოვალეობაა, დავიცვა სებ-ის დამოუკიდებლობა. სრულიად მიუღებელი იყო ირაკლი კობახიძის საჯარო გამოსვლა, ანუ ღია მუქარა, რომელიც გაჟღერდა გუშინ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მიმართ. კიდევ უფრო მიუღებელი, ან ასეთივე მიუღებელი იყო ის ფაქტი, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დაემორჩილა ეროვნული ბანკის მიმართ ამგვარ მუქარას და მისი დამოუკიდებლობაზე ხელის შეხებას. ეს ერთდროულად მიმაჩნია მიუღებელ ნაბიჯად, რომელიც ეწინააღმდეგება ყველა პრინციპს და უღირს საქციელად. ეს ასევე იყო ერთპიროვნული გადაწყვეტილება საბჭოს ყველა წევრის ვიცე-პრეზიდენტების, როგორც ჩვეულებრივი წევრების გვერდის ავლით - არც კონსულტაცია ჩატარებულა, არც მათი წინასწარ ინფორმირება მომხდარა. ამას ადასტურებს გადადგომების მთელი რიგი, უკვე სამი ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტის ერთი მრჩეველი გადადგა. ამ მოვლენების შედეგად გარკვეული რეპუტაციული ზიანი უკვე მიყენებული იქნა სებ-ის და მაშასადამე, ქვეყნის მიმართ. სწორედ იმათმა მიაყენეს ზიანი ქვეყანას, ვისაც ევალებოდა ეზრუნათ ბანკის დამოუკიდებლობაზე, ქვეყნის რეპუტაციაზე და მის ფინანსურ და ეკონომიკურ სტაბილურობაზე. ამან თავის გავლენა იქონია ასევ საზოგადოების განწყობებზე. მინდა მივმართო საზოგადოებას, რომ ამ უღირსი ქცევების მიუხედავად, ამ ყველაფერს არ მიეცეს რაღაც პანიკური რეაქციების შედეგი, რამაც შეიძლება კიდევ უფრო დააზარალოს სისტემა. რეალურად არსებობს რიგი ნაბიჯებისა, რაც გადადგმული უნდა იყოს ამ ხელოვნურად შექმნილი კრიზისის გადასალახად“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა უნდა გადადგეს და დასძინა, რომ ის თურნავას დანიშვნასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ნანობს.
"პირდაპირ ჩემს მიერ წარდგენილ კანდიდატს, ქალბატონი ნათია თურნავა. მე უნდა ვთქვა, რომ ძალიან ვნანობ ჩემს გადაწყვეტილებას და თუნდაც ბოდიშს ვიხდი ამისთვის. მას რომ არ გადაედო უვადოდ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა, რომელიც დღეს უნდა შემდგარიყო, მე მას პირადად მოვახსენებდი ჩემს მოსაზრებებს, თუ რა უნდა იყოს ჩემი შემდგომი ნაბიჯები.
და პირველ რიგში, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, რომელმაც ვერ დაიცვა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და პირდაპირ ამ პრინციპს თავად ზიანი მიაყენა, უნდა გადადგეს. დროა, ასევე რომ საბჭომ აიღოს პასუხისმგებლობა და განახორციელოს საკუთარი ზედამხედველობის ფუნქცია.
ეს შესაძლებელია 3 ვიცე-პრეზიდენტის გადადგომის მიუხედავად, რადგან მათ 2 თვის მანძილზე კიდევ გააჩნიათ ვადა, რათა მათი უფლებამოსილება გაგრძელდეს. გადადგომის ვადა არის 2 თვის შემდეგ. საბჭო სრულად ფუნქციონირებს და შეუძლია ყველანაირი გადაწყვეტილება მიიღოს. ეს არის ის ნაბიჯები, რაც სასწრაფოდ გადასადგმელია, რათა უფრო სერიოზული რეპუტაციული ზიანი არ მიადგეს ქვეყანას. ასევე საერთაშორისო რეაქციები, რაც არის მოსალოდნელი“,-განაცხადა პრეზიდენტმა.
ამერიკული გაზეთი „ჰილი“ (The Hill) აქვეყნებს სტატიას სათაურით „მკვდრეთით აღმსდგარი: დონალდ ტრამპი როგორც ამერიკული პოლიტიკის „ლაზარე“ (ავტორი - დერეკ ჰანტერი).
„სიტყვას „ისტორიული“ პოლიტიკაში ხშირად იყენებენ ხოლმე და მას ფეხბურთის ბურთივით ათამაშებენ, ზოგჯერ კი მიზანში ვერ ურტყამენ. დონალდ ტრამპთან მიმართებით კი ამ სიტყვის გამოყენება სამართლიანია. მისი მიღწევა მართლაც ისტორიულია. მან უდიდესი რევანში აიღო პოლიტიკაში.
დონალდ ტრამპი არამხოლოდ პოლიტიკური გვამი იყო, არამედ საერთოდ, „პერსონა ნონ-გრატა“ როგორც ვაშინგტონში, ასევე მშობლიურ ნიუ-იორკშიც. და როგორც ხდება ხოლმე პოლიტიკაში, მას საპყრობლეში გაგზავნითაც ემუქრებოდნენ... და ახლა იგი თეთრ სახლში ძლევამოსილად ბრუნდება - ისეთ თამაშში გამარჯვების შემდეგ, რომელიც მანამდე არავის უთამაშია.
აშშ-ის ისტორიაში დონალდ ტრამპამდე მისნაირად მხოლოდ 22-ე და 24-ე პრეზიდენტი გროვერ კლივლენდი იქნა არჩეული ორი ვადით („შუალედური შესვენებით“ 1885-1889 და 1893-1897 წლებში). მსგავსი შემთხვევა ჰქონდა რიჩარდ ნიქსონს, რომელმაც 1960 წელს საპრეზიდენტო არჩევნებიც წააგო, გუბერნატორის არჩევნებიც (1962 წელს) და განაცხადა - „მორჩა, მეგობრებო, რიჩარდ ნიქსონს ვეღარსად ვეღარ ნახავთ - იმიტომ, რომ ეს ჩემი ბოლო პრეს-კონფერენციაა“. ჩვენ მისი ნახვა მაინც მოგვიწია 1968 წელს, თეთრ სახლის ოვალურ კაბინეტში. თუ რითი დაასრულა მან თავისი პრეზიდენტობა, გვახსოვს („უოტერგეიტით“), მაგრამ ფაქტია, რომ მისი დაბრუნება იმ დროისათვის ძალზე შთამბეჭდავი იყო.
დონალდ ტრამპმა კი რიჩარდ ნიქსონსაც გადააჭარბა. იგი ფაქტიურად „დამარხული“ იყო საკუთარი რესპუბლიკური პარტიის წევრების მხრიდანაც კი, სხვები კი მოთმინებით ელოდნენ, რომ იგი უბრალოდ გუდა-ნაბადს აიკრავდა და პოლიტიკიდან წავიდოდა. მაგრამ ასე არ მოხდა.
ამერიკელებმა თავისი პოზიცია გამოხატეს: მათ ცვლილებები სურდათ და კიდეც განახორციელეს. დონალდ ტრამპი ვერაფერმა ვერ შეაჩერა - ვერც ბრალდებებმა, ვერც თავდასხმებმა... ყველა მემარცხენე გაზეთი და ტელევიზია აკრიტიკებდა, ემუქრებოდა, აშინებდა, მაგრამ ისინი ყველა „ქაღალდის ვეფხვები“ აღმოჩნდნენ, დონალდ ტრამპმა ყველა „დაიკიდა“. რას იზამენ ახლა ტელეარხების MSNBC-სა და CNN-ის ხელმძღვანელები და მაყურებლები? ვინ აღმოჩნდა მარგინალი - ისინი თუ დონალდ ტრამპი? აღიარებენ თუ არა იმას, რომ არასწორად იქცეოდნენ - როცა ყველას, ვინც დონალდ ტრამპის გვერდით იდგა, გიჟებად და სულელებად თვლიდნენ?
მოკლედ, დონალდ ტრამპი „კონსტანტის“ (მუდმივის) განსახიერებაა: იგი იყო, არის და იქნება.
წყარო: https://thehill.com/opinion/campaign/4975713-donald-trump-greatest-comeback-since-lazarus/