USD 2.5973
EUR 2.9137
RUB 3.1869
თბილისი
სალომე ზურაბიშვილი - ევროპულობა და ევროპელობის სურვილი საქართველოს დნმ-შია
თარიღი:  855

საქართველოს ევროპული შესაძლებლობები - ამ დისკუსიის სახელწოდება ყველაფრის მთქმელია და ეს სწორედ ის შესაძლებლობაა, რომლის განხორციელებაც საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან სურს.

ევროპულობა და ევროპელობის სურვილი საქართველოს დნმ-შია. ეს არის ის, რაც იმ ქართველებისათვის მოტივაციის ძალა იყო, რომლებიც საქართველოს მე-20 საუკუნის დამოუკიდებლობას ამზადებდნენ; დამოუკიდებლობის მამები, რომლებიც ჩვენ გვყავდა, ყველა ევროპული ორიენტაციის იყო. ისინი შესაძლოა, განათლებას რუსულ უნივერსიტეტებში იღებდნენ, მაგრამ ევროპისკენ და ევროპული მმართველობის მოდელებისკენ იყურებოდნენ.

საქართველოს დამოუკიდებლობისა და ქართველი ერის ერთ-ერთი მამა, ილია ჭავჭავაძე ირლანდიურ მოდელზე ფიქრობდა, სხვები შვეიცარიულ მოდელზე. ასე, რომ მზერა ყოველთვის დასავლეთისკენ იყო მიპყრობილი. ეს არის სწორედ ის, რამაც მე-19 საუკუნეში რუსულ იმპერიალისტურ ყალიბში ყოფნის შემდეგ, პირველი ქართული დამოუკიდებელი რესპუბლიკა დააარსა. როდესაც საქართველომ 1918 წელს დამოუკიდებლობა დაიბრუნა, ქვეყანაში არა მხოლოდ სახელმწიფოს მართვის მოდელი ევროპული არსებობდა და არამედ შეიქმნა კონსტიტუცია, რომელიც ბევრი მიმართულებით ევროპაში იმ დროს არსებულ კონსტიტუციებზე წინ იდგა. ბევრი რამ, რის გაკეთებასაც დღეს ვცდილობთ და რისი აღმოჩენაც ხელახლა გვინდა, იმ დროს უკვე არსებობდა. ძალიან განვითარებული იყო მართლმსაჯულების სისტემა. ჩვენ არ დაგვჭირდებოდა ევროკავშირის რეკომენდაციები, ევროკავშირს მაშინ, რომ ეარსება. მასში ჩადებული იყო დაუცველობის ძლიერი [სისტემა] და მთელი კონსტიტუცია მიმართული იყო ადამიანის უფლებებისა და უმცირესობების დაცვისკენ, რაც იმ დროისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

ცნობილია, რომ ქალებს არჩევნებში არა მხოლოდ ხმის მიცემის უფლება ჰქონდათ, არამედ ჰქონდათ უფლება ყოფილიყვნენ არჩეულნი; ამგვარად, დამფუძნებელი კრების წევრი 5 ქალი გახდა, რომელთაგანაც ერთი მუსლიმი იყო. ეს ყველაფერი 1921 წელს რუსეთმა გააქრო, როდესაც იმპერიის დაცემის შემდეგ, საქართველოში მე-11 წითელი არმიის მეშვეობით შემოვიდა საქართველოში.

სწორედ რამდენიმე დღის წინ იყო 25 თებერვალი - საბჭოთა ოკუპაციის დღე, თბილისის დაცემის ტრაგიკული დღე და საბჭოთა 70 წლიანი რეჟიმის დასაწყისი, რომელმაც ძალიან ბევრი რამ შეცვალა, რამაც გვაიძულა დაგვევიწყებინა ჩვენი წარსული, ტრადიციები, ზოგიერთი ჩვენი პრინციპი და რამაც ვალდებული გაგვხადა 1991 წელს დამოუკიდებლობის ხელახლა მოპოვების შემდეგ, ყველაფერი გარკვეულწილად ხელახლა შეგვექმნა, რადგან ამდენი ხნის განმავლობაში ბევრი რამ შეცვლილი იყო.

სრულიად საქართველოს კულტურული და ინტელექტუალური ელიტა დახვრიტეს. ამიტომ, ქვეყანას ხელახლა შექმნა სჭირდებოდა და თანაც ძალიან რთულ პირობებში, რადგან 1991 წლიდანვე რუსეთმა საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლა სეპარატისტებისათვის იარაღის მიწოდებით, პირველი ომის გაღვივებითა და მათი მხარდაჭერით დაიწყო. საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ეს პირველი ომი ,,გაყინული კონფლიქტით“ დასრულდა და ასე გასტანა 2008 წლამდე, სანამ რუსეთმა ომით არ მოახდინა ამ გაყინული კონფლიქტების ოკუპირებულ ტერიტორიებად ტრანსფორმაცია, სადაც მან სამხედრო ბაზები გახსნა, რომლებიც იქ დღემდე არსებობს.

ამიტომ ეს იყო ძალიან რთული და ამავდროულად, საოცრად სწრაფი გზა.

2003 წელს, საქართველოში საფრანგეთის ელჩად ჩასვლამდე, მე ვეწვიე პარიზში ბევრ ინსტიტუციას და რამდენიმე საერთაშორისო ინსტიტუტს, მაშინ პასუხი ძალიან ნათელი იყო - საქართველო ვერასოდეს იქნება ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ნაწილი, რადგან ის ევროპისა და ევროკავშირისაგან ცოტა არ იყოს შორს მდებარეობს.

ეს იყო 2003 წელს, დღეს კი 2024 წელია. ბოლო 20 წელში საქართველომ ყველა ეტაპი გაიარა - სამეზობლო პოლიტიკაში არყოფნიდან მასში გაწევრიანებამდე, ასოცირების ხელშეკრულება, ვიზალიბერალიზაცია, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმება და მყარად მიიწევდა იმისკენ [კანდიდატის სტატუსისკენ], რაც გასული წლის მიწურულს მოგვენიჭა; ანუ „სადღაც სხვაგან ყოფნიდან“ 20 წლის შემდეგ მოგვენიჭა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. მანამდე კი, მოგვენიჭა ის [ევროპული პერსპექტივა], რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუმცა საქართველოს მოსახლეობისთვის ცოტა არ იყოს იმედგაცრუება აღმოჩნდა, მაგრამ ჩემთვის, ადამიანისათვის, რომელმაც მანამდე იცოდა ევროპელ პარტნიორებს შორის მიმდინარე ყველა დისკუსია, ევროპული პერსპექტივა [ევროპელების პოლიტიკაში] რადიკალურ ცვლილებას წარმოადგენდა, რადგან ევროპელები პირველად ამბობდნენ, რომ გეოგრაფიას მნიშვნელობა აღარ აქვს, მნიშვნელოვანია სისტემა, ინსტიტუციები და [ევროპამ] ღიად აღიარა საქართველოს ბედი დაბრუნდეს ევროპულ ოჯახში.

ასე რომ, ევროპული შესაძლებლობები იმის მსგავსია, რისკენაც საქართველო მთელი ამ წლების განმავლობაში მიისწრაფოდა და ეს გზა ჯერ არ დასრულებულა. ჩვენ განვიცდით დიდ ცვლილებებს, რომელთა სიმბოლოც კანდიდატის სტატუსია და ეს ხდება მაქსიმალური გამოწვევების პერიოდში. ეს გამოწვევები ჩვენით არ იწყება.

დღეს, რომ ერთი მესიჯის გაჟღერების შესაძლებლობა მქონოდა აქ - ვიტყოდი: იმისათვის, რომ საქართველომ განაგრძოს ევროპული გზა და როგორც სრულფასოვანი წევრი, ნამდვილად დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს, ამ ჰორიზონტისკენ გავლილი გზა, რომ რეალობად იქცეს და ქვეყანა ევროპის ნამდვილ წევრად გარდაიქმნას, არსებობს ერთი კოლოსალური გამოწვევა და   ეს გამოწვევა არის რუსეთი და დღეს რუსეთი უკრაინაში.

დიახ, ჩვენ ვიცით, გამოგვიცდია და ბევრის თქმა შეგვიძლია იმაზე, თუ რას ნიშნავს იყო რუსეთის მეზობელი, იყო რუსეთის სხვადასხვა რეჟიმის მიერ, სხვადასხვა ფორმით დაპყრობილი, მაგრამ დღეს გამოწვევა უკრაინაშია. არ არსებობს საქართველოს და საქართველოს ამ ევროპული გზის მხარდაჭერა, უკრაინის მხარდაჭერის გარეშე. უკრაინის მხარდაჭერა ევროპელების, ყველა დასავლელი პარტნიორის და მათ შორის, ამერიკელთა  უმრავლესობის საერთო მიზანია. ეს ყველასთვის მთავარი მიზანი და ამოცანაა.

თუ რუსეთმა არ გაიზიარა რას ნიშნავს იყო ერთ-ერთი მრავალთა შორის, იყო ერი საზოგადოებაში, საერთაშორისო საზოგადოების ნაწილი, თუ მან განაგრძო ფიქრი იმაზე, რომ შეუძლია გაფართოვდეს როცა სისუსტეს გრძნობს, ანდა სულაც იმიტომ, რომ ეს [გაფართოება] მისი ბუნების ძირეული მახასიათებელია, მაშინ არ იქნება არც სტაბილურობა და არც მშვიდობა. ძალიან რთული იქნება ჩვენნაირი ქვეყნებისთვის, როგორიც მოლდოვა და უკრაინაა, განვაგრძოთ ამ გზაზე სიარული, რომელიც ჩვენთვის მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის გზაა, პირველ რიგში,  კი, მშვიდობისა და უსაფრთხოების გზაა. ასე რომ, თუ რუსეთი არ შეიცვლება...  და ერთადერთი გზა, რითაც რუსეთი შეიცვლება არის თუ ვერ მოიგებს უკრაინაში. ეს ისევ და ისევ ერთიანი პასუხისმგებლობაა. რა თქმა უნდა, არიან ქვეყნები, რომლებსაც ბევრად მეტის გაკეთება შეუძლიათ. საქართველო ალბათ, იმ ქვეყნებს მიეკუთვნება, რომლებსაც ნაკლების გაკეთება შეუძლიათ სიტუაციიდან გამომდინარე - ოკუპირებული ტერიტორიების გამო, რუსეთთან სიახლოვის გამო, რომელიც ყოველდღიურად იგრძნობდა, იგრძნობა გამყოფ ხაზთან, რომელიც ჩვენს და ოკუპირებულ ტერიტორიებს შორისაა ,,გავლებული“ და რომელიც თითქმის ყოველდღიურად იცვლება და სადაც ადამიანები ტყვედ აჰყავთ და სადაც ამ ხაზის ორივე მხარეს, ადამიანის ცხოვრება უარესდება: საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმიტომ, რომ ფსიქოლოგიურად უკიდურესად რთულია ამ მუდმივი ზეწოლის ქვეშ ცხოვრება და ოკუპირებულ მხარეს იმიტომ, რომ მოსახლეობას ნებისმიერი ელემენტარული უფლების განხორციელებაზე წვდომა არ აქვს.

თუ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებ მოსახლეობას სამედიცინო მხარდაჭერა სჭირდება (რაც COVID პანდემიისას ძალიან თვალსაჩინო იყო), ისინი გამყოფ ხაზს რთულად კვეთენ, რადგან ყოველთვის არ აძლევენ [საოკუპაციო ხაზზე] გადმოსვლის უფლებას, ან არ იციან როდის შეძლებენ გადმოსვლას. განათლების მისაღებადაც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდიან.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაცული არ არის ენა, როგორც კულტურული იდენტობის მატარებელი ნიშანი, არანაირი გზით არ არის დაცულ არც აფხაზური და  არც ოსური ენა. ფაქტობრივად, ისინი ამ ენებზე აღარ საუბრობენ, არის მხოლოდ რუსული [ენა] და საქართველოსათვის კარგად ნაცნობი, რუსიფიკაცია. არ არის დაცული კულტურა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ მომხდარა ის, რისი მოლოდინიც არსებობდა სეპარატისტული ძალების მხრიდან - იდენტობისა და განსხვავებულობის გაძლიერება.

მაგალითისათვის ავიღოთ აფხაზეთი. მათ მიერ გაჟღერებული ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრინციპი, რომ ეს მათი მიწაა და რომ ეს [მიწა] არ გაიყიდებოდა, ან გასხვისდებოდა უცხოელებზე, რუსებმა დაძლიეს, ძლიერი ზეწოლა მოახდინეს და შეძლეს აფხაზეთის ე.წ. პარლამენტისაგან ნებართვის აღება ეყიდათ მიწები, აეროპორტი და შავი ზღვის სანაპიროზე არსებული ოჩამჩირის პორტი. ეს თავისთავად პრობლემას წარმოადგენს, რადგან რუსეთს იქ უკვე არსებული სამხედრო ბაზების გარდა, ახალი სამხედრო ბაზის დამატება სურს.

ასე რომ, საქართველოს მომავალი უკრაინაშია, ევროპის მომავალი უკრაინაშია და უკრაინის გამარჯვებაშია. უკრაინა, მრავალი თვალსაზრისით, უკვე გამარჯვებულია, რადგან რუსეთმა წარმატებას ვერ მიაღწია და ეს ყველას კარგად უნდა გვესმოდეს. მიუხედავად, რუსული პროპაგანდის მცდელობებისა, გავლენა მოახდინოს ჩვენს საზოგადოებრივ აზრზე, პრეზიდენტ პუტინის ომის მიზნები საერთოდ არ შესრულებულა.

პირველი მიზანი რამდენიმე დღეში უკრაინაზე უპირატესობის მოპოვება იყო, რათა ენახათ როგორ გარბის უკრაინის პრეზიდენტი, მის მთავრობასთან ერთად, უკრაინიდან. მიზანი იყო კიევის აღება და როგორც ისინი ამბობენ, დენაციფიკაცია, (რაც არავინ იცის რას ნიშნავს, რადგან შეიძლება ვიკითხოთ, სად არიან დღეს ნაცისტები?!), ეს ყველაფერი არ მოხდა.

შემდეგ ისინი [რუსები] ფიქრობდნენ, რომ მათი სამხედრო ძალა შეძლებდა უკრაინის სამხედრო რესურსების სწრაფად დაძლევას, კვირების, ან თვეების განმავლობაში. ისინი ტანკებითა და ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის გადატანით იმუქრებოდნენ. ეს ყველაფერი უფრო ფსიქოლოგიური ომია, რომელიც KGB-ს ძველი აგენტის მიერ იმართება. არ არსებობენ ძველი აგენტები, ისინი აგენტებად რჩებიან. სწორედ ამიტომ პრეზიდენტი პუტინი იძულებული იყო დღეგამოშვებით ეცვალა თავისი სამხედრო მეთაურები, რადგან არაფერი შესრულებულა ისე, როგორც მათ წარმოედგინათ.

მართალია, მათ ჯერ არ იციან რას ნიშნავს წმინდა სამხედრო დამარცხება და დიახ, უკრაინას ჯერ არ დაუბრუნებია მისი ტერიტორიები სრულად, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, მაგრამ უკრაინას არაფერი დაუკარგავს. უკრაინას არ დაუკარგავს საკუთარი საზოგადოებრივი აზრის მხარდაჭერა. ასეთ პირობებში ორწლიანი ომი უკიდურესად რთულია და ძალიან დამაზიანებელია საზოგადოების ერთობისთვის. უკრაინამ კი ამ ყველაფერს გაუძლო!

მიუხედავად რუსული პროპაგანდისა, რომელიც ძალიან აქტიურია გარკვეული რეაქციების გამოწვევის მცდელობებში, უკრაინა ევროპელი პარტნიორებისგან მხარდაჭერას იღებს; აქაც, ორი წლის შემდეგაც, ძლიერი მხარდაჭერა არსებობს. ჩვენი [კოლექტიური] საზოგადოებრივი აზრი, მიუხედავად მცდელობებისა ზეგავლენა მოახდინონ უკრაინის გარშემო თუ ევროპის სხვადასხვა ქვეყნების საზოგადოებზე, ისევ იგივეა, უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინისათვის ამ მხარდაჭერას და რჩება იმ განწყობაზე, რომ სოლიდარობამ უნდა გაიმარჯვოს. 
 
მიუხედავად ევროპელის (და არა ევროპელების) მცდელობებისა, ევროპელი პარტნიორების ერთობა არ დაიშალა, ჯგუფის წევრებმა შეძლეს სწორი მიმართულების შენარჩუნება. ორი წლის შემდეგ(აც) კი, ევროპამ შეძლო უკრაინის მხარდასაჭერი პაკეტისათვის 50 მილიარდის გამოყოფის საკითხზე ერთიანობის შენარჩუნება. ვერავინ შეძლებდა წინასწარმეტყველებას, რომ ორი წლის შემდეგაც კი, ევროპა ისევ შეძლებდა კონსენსუსის ამ დონეზე შენარჩუნებას და შეძლებდა ასეთი მასშტაბის მხარდაჭერის შენარჩუნებას.
 
არც ევროპელები და ამერიკელები გაიყვნენ. ესეც ის არის, რის მიღწევასაც რუსები ძალიან აქტიურად ცდილობდნენ. რა თქმა უნდა, არ ვიცით რა გველოდება მომავალი თვეების განმავლობაში, რა შედეგებით დასრულდება არჩევნები, მაგრამ თუ შევხედავთ ევროპული ქვეყნების მაგალითებს - მთავრობის ცვლილება და ზოგიერთი პოპულისტური ჯგუფების მიერ ძალაუფლების მოპოვება საკმარისი არ არის საგარეო პოლიტიკის კურსის ცვლილებისათვის. ვფიქრობ, დღეს ყველა იაზრებს, რომ ეს ეგზისტენციალური საკითხია.
 
როდესაც საქართველოზე ვსაუბრობდი, ვთქვი, რომ ჩვენთვის ეს საკითხები ეგზისტენციალურია. მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა და შემდეგ აღადგინა ის, მაგრამ, დღეს ეს [ეგზისტენციალურია] არა მხოლოდ ჩვენთვის, ‘ჩვენ ერთ ნავში ვსხედვართ’,  ეს ეგზისტენციალურია თითოეულისათვის.ეს არის ის მესიჯი, რომელიც მინდა გავუზიარო საზოგადოებას, რომელიც საქართველოს უყურებს, მაგრამ რომელიც ასევე საკუთარ თავსაც უნდა უყურებდეს და აკვირდებოდეს იმ შედეგებს, რომლის მიღწევასაც საბჭოთა პროპაგანდა ყველანაირი სახის ახალი მეთოდებით სხვადასხვა საზოგადოებებზე ცდილობს: კიბერშეტევებით, ექსტრემისტული და მარგინალური ჯგუფების დაფინანსებით, ამ ჯგუფების მეშვეობით პრორუსული პროპაგანდისტული თემების გაჟღერებითა და ევროპულ საზოგადოებებში ერთიანობის დარღვევით.
 
მაგრამ ეს [მეთოდები] არც თუ ისე კარგად მუშაობს. უნდა აღვნიშნო, რომ ამ კუთხით [პროპაგანდასთან დამკლავებით] ჩვენ ევროპულ საზოგადოებებთან შედარებით უფრო წინ ვართ, რადგან ჩვენ ეს დიდი ხანია ვიცით. დიახ, ჩვენთან აქტიური საბჭოთა პროპაგანდა მიმდინარეობს, დიახ ჩვენთანაც იგივე მეთოდებია: საქართველოში ისინი აფინანსებენ მარგინალურ ჯგუფებს, ისინი ოქტომბერში ჩვენი მომავალი არჩევნებისთვის ემზადებიან და სავარაუდოდ, ჩვენ ვნახავთ ყველანაირი მცდელობების გააქტიურებას, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ საქართველო ძალიან მედეგია.
 
ჩვენ საბჭოთა პროპაგანდის 70 წლიანი გამოცდილება გვაქვს. იმ დროს, საქართველოში საზოგადოება ძალიან აქტიური და პოლიტიზებული იყო და ამით მან შეძლო საკუთარი საღი აზრისა და სწორი მიმართულების შენარჩუნება. იგივე ხდებოდა დამოუკიდებლობის შემდეგ - ოკუპირებული ტერიტორიების არსებობის ფონზე, ყოველდღიური მუდმივი ზეწოლის ფონზე, რომელიც თბილისიდან 40 კილომეტრში მდებარე [საოკუპაციო] ხაზს მოაქვს, მე არ გამიგონია ვინმეს ეთქვას, რომ რადგან რუსული ტანკები ასე ახლოსაა დედაქალაქთან, ჩვენ ნაკლებად უნდა ვისაუბრებთ ევროპასა და ნატო-ში ინტეგრაციაზე.
 
მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის