USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
თბილისი
სალომე ზურაბიშვილი - საქართველო არასდროს დაუბრუნდება, რუსეთის ფეხქვეშ არ დადგება, ეს არის ის, რაც ჩვენ გვაქვს ერთად დასაცავი. ერთად დავიცავით, თქვენ დაიცავით და მე მხარი დაგიჭირეთ რვა მარტს
თარიღი:  900

მე არსად არ მივდივარ, ჩემ გადადგომაზე ოცნება მგონი, ყველამ უნდა დაივიწყოს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ინაუგურაციის დროს დადო ფიცი, რომ დაიცავდა საქართველოს კონსტიტუციას და ბოლომდე ამ ფიცის ერთგული იქნება.

„დღეს, მინდა მოგმართოთ თქვენ, საქართველოს საზოგადოებავ, რადგანაც მე მხოლოდ თქვენს წინაშე ვარ ანგარიშვალდებული. ანგარიშვალდებული ვარ, რამეთუ თქვენ ამირჩიეთ და მე ამ არჩევანის მიმართ ვგრძნობ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას. მე ვიცი, რომ თქვენ ამირჩიეთ იმისთვის, რაც მე ვარ, რაც ვიყავი მთელი ცხოვრება, ანუ ევროპის მომხრე, საქართველოს ევროპული მომავლის მომხრე, ნაწილობრივ ევროპელი. ეს არის ის მონაცემები, რის გამოც თქვენ გააკეთეთ თქვენია არჩევანი და მე ამ არჩევანის მიმართ ვარ ანგარიშვალდებული.

მე ვიცი, თქვენ როგორი მომავალი გინდათ საქართველოსთვის, როგორი მომავალი უნდა მომავალ თაობას, ახალგაზრდებს. მე ვიცი, რომ ყველა იმ პრობლემის გადაჭრა, რაც დღეს დგას ქვეყნის წინაშე, ეს იქნება კორუფცია, ადამიანების გადინება ქვეყნიდან, რუსების სრულიად უკონტროლო შემოსვლა ამქვეყანაში, ეს ყველაფერი შეიძლება არ იქნება გადაჭრილი, მაგრამ იქნება მოგვარებული ნაბიჯ-ნაბიჯ, როცა ჩვენ შევუერთდებით ევროკავშირს. ეს არის ჩვენი ერთადერთი პერსპექტივა. ამიტომ მე არსად არ მივდივარ, ჩემ გადადგომაზე ოცნება მე მგონი, ყველამ უნდა დაივიწყოს. მე აქ ვარ, სადაც ვარ, მაგრამ მე ყველგან ვივლი, სადაც წასასვლელი ვარ იმიტომ, რომ ეს არის ჩემი უმაღლესი კონსტიტუციური ვალდებულება. მე ვიცავ ამ ქვეყნის კონსტიტუციას, რამეთუ მე ეს ფიცი დავდე, როცა იყო ჩემი ინაუგურაცია, როგორ საქართველოს პრეზიდენტის და ვიქნები ბოლომდე ამ ფიცის ერთგული“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის თქმით, ევროპაში ვიზიტების დროს მან ისარგებლა საკუთარი კონტაქტებით და ნდობით, რომელიც მის მიმართ აქვთ ევროპაში.

„საქართველოს ყველა ინსტიტუტი ყველაფერს უნდა აკეთებდეს, რაც მის შესაძლებლობაშია, იმისათვის რომ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ხელი შეუწყოს. ეს მიმაჩნია ჩემი უმაღლეს და უპირველეს ვალდებულებად. ამიტომ დავდივარ. ახლა ვიყავი ბერლინში, ბრიუსელში, პარიზში. ვსარგებლობ იმით, რაც არის ჩემი კონტაქტები. ვსარგებლობ იმით, რაც არის ჩემ მიმართ ნდობა, მაგრამ პირველ რიგში ეს არის თქვენ მიმართ ნდობა. თქვენ რომ არ გამოსულიყავით და მთელი ევროპისთვის არ გეჩვენებინათ თუ რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ეს პერსპექტივა, მაშინ მეც არ მექნებოდა ნდობა, როდესაც ევროპის სხვადასხვა ლიდერებს ვხვდები“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, სახელმწიფოსთვის არ არის სწორი, როდესაც პრეზიდენტი საკუთარი სახსრებით მართავს მნიშვნელოვან შეხვედრებს.

„მათ იციან , რომ მე ვარ თქვენი არჩეული, რომ ეს პერსპექტივა არის თქვენი არჩეული და ამისთვის არის, რომ მხარს გვიჭერენ, ამიტომ მხვდებიან პატივისცემით. მე კი არ დავიმსახურე, თქვენ დაიმსახურეთ. მე ვარ ამაყი, რომ მე თქვენ წარმოგადგენთ ევროპის დედაქალაქებში. ამაყი ვარ, რომ ამას ვაკეთებ დღეს ჩემი სახსრებით, თუმცა სახელმწიფოსთვის ეს არ არის სწორი, იმიტომ რომ ქვეყნის პრეზიდენტი არ უნდა დადიოდეს თავისი სახსრებით ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრებზე, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო რუსეთის „ფეხქვეშ“ აღარასოდეს არ უნდა დადგეს და ეს მიზანი ყველას ერთად გვაქვს დასაცავი.

პრეზიდენტის თქმით, ეს იქნება ერთიანი მუდმივი სვლა, ვიდრე არ გავალთ ფონს და არ მივალთ იქ, სადაც არის საქართველოს ადგილი, რაშიც პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ყველა ერთად დგას და თუ ხელისუფლება ამას "გაიგებს და შეეგუება", იქნება ძალიან კარგი, თუ არადა, "ალბათ, მისი მომავალი ამაზეა დამოკიდებული".

„ვიმედოვნებ, რომ შევძლებ, მოვახერხებ ორთვენახევარში, სამ თვეში მოვიარო მთავარი და შეიძლება ევროპის ყველა დედაქალაქი, რათა იქ მივიტანო თქვენი სურვილი, თქვენი ოცნება, თქვენი მომავლის დაცვა. ყველამ იცის, რომ საქართველოს ეს უნდა, რომ საქართველო არასდროს არ იქნება, არასდროს დაუბრუნდება, რუსეთის ფეხქვეშ არ დადგება, ეს არის ის, რაც ჩვენ გვაქვს ერთად დასაცავი. ერთად დავიცავით, თქვენ დაიცავით და მე მხარი დაგიჭირეთ რვა მარტს. ეს იქნება ჩვენი, ერთიანი მუდმივი სვლა, ვიდრე არ გავალთ ფონს და არ მივალთ იქ, სადაც არის საქართველოს ადგილი. ამაში მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველანი ერთად ვართ, თუ ხელისუფლება ამას გაიგებს და შეეგუება, ეს იქნება ძალიან კარგი, თუ არადა, ალბათ, მისი მომავალიც ამაზეა დამოკიდებული. მე თქვენი იმედი მაქვს და თქვენ ჩემი იმედი გქონდეთ, ერთად წავალთ და გავალთ ბოლოში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის