USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
თბილისი
საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები კახა კალაძეს მიწების მონაცვლეობის საკითხებთან დაკავშირებით, შესაძლო კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებენ
თარიღი:  559

საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები - საბა ბუაძე და ანა გოგოლაძე თბილისის მერს, კახა კალაძეს შესაძლო კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებენ და გამოძიების დაწყებას მოითხოვენ.

მათ თბილისის პროკურატურასთან ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულმა დეველოპერმა წინასწარი განზრახვით, მინიმალურ ფასად შეისყიდა სატყეო ზონის მქონე მიწები, სადაც მშენებლობა არის აკრძალული და დაუყოვნებლივ მიმართა დედაქალაქის მერიას აღნიშნული მიწების მონაცვლეობის მოთხოვნით. საბა ბუაძის და ანა გოგოლაძის განმარტებით, წინასწარ დაგეგმილ და ორგანიზებულ სქემას დედაქალაქის ბიუჯეტის ასეულობით ათასი ლარი მოხმარდა.

„დღეს თბილისის პროკურატურას მივმართავთ მოთხოვნით, დაიწყოს გამოძიება თბილისის მერის განკარგულებასთან დაკავშირებით, რომელიც მიწების მონაცვლეობას და შესაძლო კორუფციულ გარიგებას ეხება, რომელიც წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ ნაცად პრაქტიკად იქცა. კერძოდ, გასულ წელს საქმეში არსებულმა ნომინალურმა ფიგურამ, რომლის უკან დგას „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული დეველოპერი, მიზანმიმართულად, წინასწარი განზრახვით, მინიმალურ ფასად შეისყიდა სატყეო ზონის მქონე მიწები, სადაც მშენებლობა არის აკრძალული და დაუყოვნებლივ მიმართა დედაქალაქის მერიას აღნიშნული მიწების მონაცვლეობის მოთხოვნით. მან მოითხოვა ლისის მიმდებარედ ბევრად ძვირადღირებული ტერიტორია. დედაქალაქის მერმა აღნიშნულ პირს მიწა უყოყმანოდ მოუნაცვლა 2-ჯერ უფრო დიდ და ძვირადღირებულ ტერიტორიაში. შესაძლო წინასწარ დაგეგმილ და ორგანიზებულ სქემას მოხმარდა დედაქალაქის ბიუჯეტის ასეულობით ათასი ლარი და შესაბამისად, დედაქალაქმა ასეულობით ათასი ლარი იზარალა“, - განაცხადა გოგოლაძემ.

„ლელოს“ წევრის, საბა ბუაძის განცხადებით კი, საქმე ეხება სავარაუდო დანაშაულს, რომელიც გამოძიებას საჭიროებს.

„ჩვენ დღეს მივმართავთ პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით იმ ძალიან თვალნათელ და აღვირახსნილ კორუფციულ მმართველობასთან დაკავშირებით, რომელიც თბილისის მერიაში არის გაბატონებული და რომლის შედეგადაც ყოველთვიურად, სისტემატურად ნიავდება თბილისელების საკუთრებაში არსებული ქონება. ამ შემთხვევაშიც, კალაძესთან, თბილისის მერიასთან დაახლოებულ ბიზნესმენებს ფიქტიური გარიგებების საშუალებით გადაეცემათ ჩვენ საკუთრებაში არსებული მიწა და ამის ხარჯზე ხდება დედაქალაქის დამატებით დამახინჯება, იქ კორპუსების აშენება თან ისე, რომ ქალაქს უკვე ასიათასი ლარის ღირებულების ზარალი ადგება“, - განაცხადა ბუაძემ.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის