USD 2.6239
EUR 3.0219
RUB 3.2557
თბილისი
საკოორდინაციო შტაბი - სტიქიის შედეგად შექმნილი გამოწვევების ეფექტურად გადაჭრის მიზნით დღის განმავლობაში დამატებითი ტექნიკა იქნება მობილიზებული კრიტიკულ ლოკაციებზე
თარიღი:  756
დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგებთან გასამკლავებლად საკოორდინაციო შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. საკოორდინაციო შტაბის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გასული ღამის განმავლობაში განხორციელებულ სამუშაოებზე დეტალური ანგარიში მოისმინა და შტაბის წევრებთან ერთად დღის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებები განიხილა.
 
როგორც სხდომაზე აღინიშნა, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები მთელი ღამის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციაზე მუშაობდნენ - უახლოეს საათებში დასრულდება სოფელ აცანასა და მიმდებარე სოფლებთან მისასვლელი გზების გაწმენდა. გარდა ამისა, სრული დატვირთვით განაგრძობს მუშაობას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები როგორც ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის მედიკამენტების მიწოდების, ისე მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევის თვალსაზრისით. აღინიშნა, რომ ღამის განმავლობაში დაფიქსირებულ ყველა გადაუდებელ გამოძახებაზე მოხდა დროული რეაგირება და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ შესაბამის ლოკაციებზე მისვლა შეძლო.
 
გარდა ამისა, თავდაცვის ძალების სპეციალური ტექნიკით გაიწმინდა ოზურგეთთან დამაკავშირებელი ყველა ცენტრალური გზა. დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებთან კოორდინაციით, სხვადასხვა მიმართულებაზე მუშაობენ თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები.
 
საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მხარდასაჭერად თავდაცვის ძალებიდან გამოყოფილია დასავლეთისა და აღმოსავლეთის, სპეციალური ოპერაციების, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის, ასევე წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობების ქვედანაყოფები და სპეციალური ტექნიკური საშუალებები. პროცესს ადგილზე უშუალოდ ხელმძღვანელობს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი.
ამასთან, ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში. ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურ კომუნიკაციაშია მოსახლეობასთან და დღის განმავლობაში მაქსიმალურად დაკმაყოფილდება თითოეული მცხოვრების საჭიროება, მათ შორის, აუცილებლობის შემთხვევაში განხორციელდება მათი ევაკუაცია სტიქიის ზონიდან.
 
აღინიშნა, რომ სტიქიის შედეგად შექმნილი გამოწვევების ეფექტურად გადაჭრის მიზნით დღის განმავლობაში დამატებითი ტექნიკა იქნება მობილიზებული კრიტიკულ ლოკაციებზე.
 
პრემიერ-მინისტრმა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს გაწერილი გეგმით გათვალისწინებული სამუშაოების მაქსიმალურად მოკლე ვადებში დასრულება დაავალა.
მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის