USD 2.7089
EUR 3.1193
RUB 3.3402
Tbilisi
საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლის განსხვავებული დასკვნა - სახელმწიფოს მეთაურის სტატუსი გაგებულია შინაარსისგან დაცლილ, ფუნქციას მოკლებულ მოცემულობად, რასაც, ბუნებრივია, ვერ გავიზიარებთ
Date:  512

დასკვნის ერთიანი ლოგიკა და საკითხის გადაწყვეტა ცხადყოფს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების მიერ პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფოს მეთაურის სტატუსი გაგებულია შინაარსისგან დაცლილ, ფუნქციას მოკლებულ მოცემულობად, რასაც, ბუნებრივია, ვერ გავიზიარებთ - შეუძლებელია საქართველოს კონსტიტუცია ქმნიდეს შინაარსისგან გამოფიტულ, ფიქციურ ინსტიტუტებს, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლე, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ ტუღუში, პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შესახებ განსხვავებულ აზრში აღნიშნავენ.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, რომელიმე კონსტიტუციური ინსტიტუტის შინაარსისაგან დაცლა აკნინებს კონსტიტუციის მნიშვნელობას.

ამასთან, აღნიშნული სამი მოსამართლეების განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტი, როგორც პოლიტიკურად მიუკერძოებელი უმაღლესი თანამდებობის პირი, ყველაზე ხელსაყრელ პოზიციაშია, საერთო ეროვნული პოზიცია გააჟღეროს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.

„ჩვენმა კოლეგებმა არასწორად განმარტეს საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტის კონსტიტუციური მანდატი, ასევე პრეზიდენტის მიერ საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებაზე მთავრობის თანხმობის განმსაზღვრელი კონსტიტუციური დანაწესის არსი და მიზანი.

ამავე დროს, საქართველოს კონსტიტუციით იმპიჩმენტის საფუძვლად მიჩნეული კონსტიტუციის დარღვევის ფაქტობრივად ფორმალურ, ნებისმიერი ხარისხის დარღვევამდე დაყვანით დაკნინდა ამ პროცესში სასამართლო კონტროლის მნიშვნელობა. ჩვენი კოლეგების მიერ არსებითად არასწორად მოხდა საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სახელისუფლებო მოწყობის სისტემაში პრეზიდენტის კონსტიტუციური როლისა და დანიშნულების ანალიზი. ბუნებრივია, ვიზიარებთ, რომ საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი არ მართავს ქვეყანას, არ ახორციელებს აღმასრულებელ ხელისუფლებას, არ წარმართავს საშინაო და საგარეო პოლიტიკას და ა.შ., თუმცა აღნიშნული თავისთავად არ ნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუცია სრულად გამორიცხავს საგარეო ურთიერთობების სფეროში საქართველოს პრეზიდენტის მოქმედების შესაძლებლობას და, სახელმწიფოს მეთაურის სტატუსიდან გამომდინარე, არ ანიჭებს მას გარკვეულ როლსა და ფუნქციას.

ჩვენი კოლეგების პოზიციიდან არ იკვეთება, თუ რას გულისხმობს პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფოს მეთაურის როლი. დასკვნის ერთიანი ლოგიკა და საკითხის გადაწყვეტა კი ცხადყოფს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების მიერ პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფოს მეთაურის სტატუსი გაგებულია, შინაარსისგან დაცლილ, ფუნქციას მოკლებულ მოცემულობად, რასაც, ბუნებრივია, ვერ გავიზიარებთ. საკუთარი მიზნისა და დანიშნულების გათვალისწინებით, შეუძლებელია საქართველოს კონსტიტუცია ქმნიდეს შინაარსისგან გამოფიტულ, ფიქციურ ინსტიტუტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რომელიმე კონსტიტუციური ინსტიტუტის ამგვარად წარმოჩენა, მისი შინაარსისაგან დაცლა არა მხოლოდ აკნინებს კონსტიტუციის მნიშვნელობას, არამედ ასევე უგულებელყოფს მის, როგორც დემოკრატიული მმართველობის ქვაკუთხედის, დანიშნულებას.

როგორც ერის უპარტიო ლიდერი, საქართველოს პრეზიდენტი უნდა ასახავდეს და გამოხატავდეს ხალხის საერთო მორალურ ღირებულებებსა და მისწრაფებებს. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავისუფალია ყოველდღიური პოლიტიკური თუ ვიწროდ პარტიული დღის წესრიგისგან, მას შეუძლია, რომ შეასრულოს „ერის სინდისის“ ფუნქცია, რაც, მათ შორის, გულისხმობს პოლიტიკური პროცესისგან დავიწყებულთათვის საუბარს, და, შედეგად, საზოგადოების ინკლუზიურობის ხელშეწყობას. საქართველოს პრეზიდენტი, როგორც პოლიტიკურად მიუკერძოებელი უმაღლესი თანამდებობის პირი, ყველაზე ხელსაყრელ პოზიციაშია, საერთო ეროვნული პოზიცია გააჟღეროს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.

არსებითად არასწორია საქართველოს პრეზიდენტის როლის დაყვანა საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლში ჩამოთვლილი უფლებამოსილებების მექანიკურ აღმსრულებლამდე. კონსტიტუციაში პირდაპირ არ არის მითითებული და არც საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლში ჩამოთვლილ რომელიმე უფლებამოსილების განხორციელებას უკავშირდება, თუმცა, ბუნებრივია, პრეზიდენტს აქვს უფლება, შეხვდეს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს, დაესწროს საზეიმო ღონისძიებებს, ხელი შეუწყოს მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების შესახებ საზოგადოებრივ დისკუსიას, საერთო ეროვნულ ღირებულებებთან მიმართებით საზოგადოებრივი თანხმობის მიღწევას და ა.შ.. უდავოა, რომ პრეზიდენტი უფლებამოსილია საზოგადოებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე მოვლენების, მაგალითად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მოაწყოს საზეიმო ღონისძიებები.

ბუნებრივია, იგი არ არის შეზღუდული აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვიოს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციათა და უცხო სახელმწიფოთა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. საქართველოს პრეზიდენტი ასევე უფლებამოსილია, პოპულარიზაცია გაუწიოს საერთო ეროვნული მნიშვნელობის მქონე იდეებს და უზრუნველყოს მათი წინა პლანზე წამოწევა, მათ შორის, საქართველოს პარტნიორებამდე სხვადასხვა ფორმით მიტანა. მსგავსი საქმიანობა წარმოადგენს მისი, როგორც სახელმწიფოს მეთაურის, ცერემონიული როლის, ფუნქციის განუყოფელ ნაწილს და მისი განხორციელების აუცილებელ კომპონენტს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციაში არ არის გაწერილი სახელმწიფოს მეთაურის ცერემონიული საქმიანობის ჩამონათვალი, ეჭვგარეშეა, რომ ზემოხსენებული აქტივობების განხორციელების უფლებამოსილება უშუალოდ მომდინარეობს პრეზიდენტის კონსტიტუციური მანდატიდან.

საქართველოს პრეზიდენტს შესაძლოა, გადასაწყვეტი ჰქონდეს უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხი, რისთვისაც დასჭირდეს უცხო ქვეყნის სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირებისგან ინფორმაციის მიღება ან/და მოქალაქეობის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აზრის მოსმენა. შესაძლებელია ისიც, რომ მისი ექსკლუზიური უფლებამოსილების განხორციელების, კანონზე ვეტოს დადების პროცესში, მისთვის მნიშვნელოვანი იყოს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მოსაზრების მოსმენა და გაანალიზება. აღნიშნულ შემთხვევებში, შესაძლოა, საქართველოს პრეზიდენტს დასჭირდეს საერთაშორისო აქტორებთან სხვადასხვა ფორმით კომუნიკაცია. თუმცა, ეჭვგარეშეა, რომ მისი ასეთი ქმედების განხორციელება არ მოითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მთავრობის თანხმობას.

მიგვაჩნია, რომ ჩვენმა კოლეგებმა არსებითად არასწორად განმარტეს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში არსებული მთავრობის თანხმობის ინსტიტუტის არსი და დანიშნულება. პოტენციურად, საქართველოს პრეზიდენტის ან სხვა სახელმწიფო თანამდებობის პირის მიერ საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის საწინააღმდეგოდ მოქმედების, ან/და კონსტიტუციის თუ კანონის სხვა დებულების დარღვევის საფრთხე მუდმივად არსებობს. თუმცა საქართველოს კონსტიტუცია პოტენციური დარღვევის პრევენციისათვის ადგენს დარღვევაზე რეაგირების მექანიზმებს და არა ქცევის თავისუფლების წინასწარ შეზღუდვებს“, - აღნიშნულია იმერლიშვილის, კვერენჩხილაძისა და ტუღუშის განსხვავებულ მოსაზრებაში.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულმა სამმა მოსამართლემ არ გაიზიარა საკონსტიტუციო სასამართლოს დანარჩენი 6 მოსამართლის დასკვნა, რომ პრეზიდენტის მიერ ევროპაში, მთავრობის უნებართვო ვიზიტებით კონსტიტუცია დაირღვა.

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way