USD 2.7484
EUR 2.8998
RUB 2.7361
თბილისი
საკონსტიტუციო სასამართლო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით მოსამართლეების - თეიმურაზ ტუღუშისა და გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებულ მოსაზრებას აქვეყნებს
თარიღი:  339

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მოსამართლეების – გიორგი კვერენჩხილაძის და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებულ მოსაზრებას აქეყნებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით.

კერძოდ, ორი მოსამართლე - გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ ტუღუში მიიჩნვენ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა დაეკმაყოფილებინა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის სადავო ნორმების მოქმედება.

საუბარია ნორმებზე, რომლებიც ითვალისწინებს: ორგანიზაციების „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად“ სახელდებისა და ამავე სტატუსით რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულებას, ასევე, ორგანიზაციებში დაცულ ინფორმაციაზე წვდომასა და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას.

მოსამართლეების აზრით, მათმა კოლეგებმა, საქმის ფარგლებში, არასწორად შეაფასეს შედეგები, რომლებიც შეიძლება, მოჰყვეს ორგანიზაციებისათვის „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ სტატუსის მინიჭებასა და ამ სახელით რეესტრში რეგისტრაციას.

მოსამართლეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმების მოქმედების პირობებში, სახელმწიფოს მიერ ორგანიზაციებისთვის ცალსახად ნეგატიური კონოტაციის მქონე სახელის დარქმევა და ამავე სახელწოდებით რეესტრში რეგისტრაციის დავალდებულება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მათ დამოუკიდებლობას - მოიაზრებს რა მათ სხვა სუბიექტების ინტერესების გამტარებელ პირებად, რაც ფუნდამენტურად აზიანებს ორგანიზაციების საქმიან რეპუტაციას, სანდოობას და საზოგადოებაში აჩენს მათდამი მტრულ, მასტიგმატიზებელ დამოკიდებულებას.

ამასთან, ისინი მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმების შინაარსის გათვალისწინებით, სახელმწიფოს ეძლევა, მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვების და საჯაროდ გამოქვეყნების უფლება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით დაცული პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების მყისიერი და შეუქცევადად დარღვევის საფრთხე.

მოსამართლეების აზრით, ის, რომ ზოგიერთ ადამიანს სხვა პირების ფინანსები აინტერესებთ, სახელმწიფოს არ აძლევს კონსტიტუციურ ლეგიტიმაციას, მათი ინტერესების დასაკმაყოფილებლად მოიპოვოს და საჯარო გახადოს პირადი ინფორმაცია.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების – გიორგი კვერენჩხილაძის და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრს უცვლელად გთავაზობთ:

1.გამოვხატავთ რა ჩვენი კოლეგებისადმი – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის წევრებისადმი პატივისცემას, ამავე დროს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად, გამოვთქვამთ განსხვავებულ აზრს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 4 ოქტომბრის №3/3/1828,1829,1834,1837 საოქმო ჩანაწერთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა დაეკმაყოფილებინა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ სადავო ნორმების მოქმედება, რომლებიც ითვალისწინებს: ა) გასაჩივრებულ კანონს დაქვემდებარებული (მედია) ორგანიზაციების უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად სახელდებისა და ამავე სტატუსით რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულებას და ბ) (მედია) ორგანიზაციებში დაცულ ინფორმაციაზე წვდომასა და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას.

2.„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს იმ (მედია) ორგანიზაციების ჩამონათვალს, რომელთაც მოეთხოვებათ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაცია, ხოლო ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეშვეობით, ორგანიზაციის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის ვალდებულებას. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი კი ითვალისწინებს (მედია) ორგანიზაციების უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ სუბიექტებად არანებაყოფლობით რეგისტრაციის შესაძლებლობას, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე.

3.რაც შეეხება (მედია) ორგანიზაციებში დაცულ ინფორმაციაზე წვდომასა და პერსონალური ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულების განმსაზღვრელ ნორმებს, ამ კუთხით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი და მე-6 მუხლი ადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის განაცხადისა და ყოველწლიური საფინანსო დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებას. გასაჩივრებული ნორმა ადგენს, თუ რა კატეგორიის ინფორმაცია უნდა აისახოს ხსენებულ დეკლარაციაში, ხოლო მისი ფორმა მტკიცდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ და მასში დეტალურად მიეთითება ინფორმაცია, ორგანიზაციის შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ, მათ შორის, ორგანიზაციის მიერ გაწეული ხარჯების მიმღებ პირთა საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი, სახელწოდება და სამართლებრივი ფორმა). საფინანსო დეკლარაცია ქვეყნდება საჯაროდ. ამავე დროს, სადავო კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი და მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ანიჭებს უფლებამოსილებას, კანონით დადგენილი ვალდებულებების სათანადოდ შესრულების შემოწმების მიზნით, ჰქონდეს წვდომა ორგანიზაციაში არსებულ ნებისმიერ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემის, სხვა პერსონალური მონაცემისა და საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა. აღნიშნული მიზნით კი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, საჭირო ინფორმაცია, სავალდებულო წესით მოითხოვოს, ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირისგან, ასევე, სახელმწიფო დაწესებულებისგან.

4.მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონში გამოყენებული ტერმინები, მათი ნეგატიური შინაარსის გათვალისწინებით, ეჭვქვეშ აყენებს მისი მოქმედების სფეროში მოქცეული სუბიექტების დამოუკიდებლობას და წარმოაჩენს მათ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად. მოსარჩელე მხარის პოზიციით, ხსენებული სახელდება იწვევს (მედია) ორგანიზაციებისათვის რეპუტაციის შელახვას, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მათ დამოუკიდებლობას, ობიექტურობასა და სანდოობას და ხელს უშლის ორგანიზაციების ეფექტიან ფუნქციონირებას. შესაბამისად, მოსარჩელეები მიიჩნევდნენ, რომ სადავო ნორმების მოქმედების პირობებში, ორგანიზაციებს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე პერიოდში, მოუწევთ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის სტატუსით ფუნქციონირება, რაც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს მათ რეპუტაციას და ხელს შეუშლის საქმიანობის განხორციელებაში. ამგვარი ზიანის გამოსწორება კი, თავის მხრივ, შეუძლებელი იქნება შემდგომში, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმათა არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი.

5.ორგანიზაციაში დაცულ ინფორმაციაზე წვდომისა და პერსონალური ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულების კონტექსტში, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებასთან დაკავშირებით, მოსარჩელე მხარე აპელირებდა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ენიჭება უფლებამოსილება, მოიპოვოს და გაასაჯაროოს ნებისმიერი ხასიათის პერსონალური მონაცემი, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა. აღნიშნული კი წარმოშობს როგორც ორგანიზაციაში დასაქმებულთა, ასევე მესამე პირთა პირადი ცხოვრების ხელყოფისა და ორგანიზაციის საქმიანობის ხელშეშლის რისკებს.

6.საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე და მიიჩნია, რომ სადავო ნორმების მოქმედების პერიოდში, (მედია) ორგანიზაციების უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის სტატუსით საქმიანობა არ წარმოადგენს შეუქცევად, გამოუსწორებელ ზიანს. საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციით, აღნიშნული ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში, მოხდება დამდგარი შედეგების უკუქცევა და იმ მდგომარეობის აღდგენა, რაც არსებობდა სადავო ნორმების ამოქმედებამდე. ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ დაასაბუთა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე პერიოდში, სადავო რეგულირებებისათვის მოქმედების ძალის შენარჩუნება იმგვარად შეარყევს ამ ორგანიზაციების მიმართ საზოგადოების ნდობას და დააზიანებს მათ რეპუტაციას, რომ, შედეგად, მოხდება მათი საქმიანობის პარალიზება (იხ., საოქმო ჩანაწერის სამოტივაციო ნაწილის 57-ე–58-ე პარაგრაფები). ორგანიზაციაში დაცულ ინფორმაციაზე წვდომისა და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გამოქვეყნების საკითხთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ საკანონმდებლო ბაზის სისტემური ანალიზის, სადავო კანონის აღსასრულებლად გამოცემულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში განხორციელებული ცვლილებებისა და სადავო რეგულირების პრაქტიკაში გამოყენების გათვალისწინებით, არ იკვეთება მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული პირადი ინფორმაციის გასაჯაროების გამო, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შეუქცევადად დარღვევის საფრთხე და, შესაბამისად, არ არსებობს სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების საფუძველი (იხ., საოქმო ჩანაწერის სამოტივაციო ნაწილის 69-ე–74-ე პარაგრაფები).

7.მიგვაჩნია, რომ ჩვენმა კოლეგებმა, წინამდებარე საქმის ფარგლებში, არასწორად შეაფასეს ის შედეგები, რომლებიც შეიძლება, მოჰყვეს (მედია) ორგანიზაციებისათვის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებასა და ამ სახელით რეესტრში რეგისტრაციას. სადავო ნორმების მოქმედების პირობებში, სახელმწიფოს მიერ (მედია) ორგანიზაციებისთვის ცალსახად ნეგატიური კონოტაციის მქონე სახელის დარქმევა და ამავე სახელწოდებით რეესტრში რეგისტრაციის დავალდებულება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მათ დამოუკიდებლობას, a priori მოიაზრებს რა მათ სხვა სუბიექტების ინტერესების გამტარებელ პირებად, რაც ფუნდამენტურად აზიანებს (მედია) ორგანიზაციების საქმიან რეპუტაციას, სანდოობას და საზოგადოებაში აჩენს მათდამი მტრულ, მასტიგმატიზებელ დამოკიდებულებას. მიგვაჩნია, რომ ნდობისა და რეპუტაციის შემლახავი სახელწოდებით, სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის გავლის ვალდებულებას, სახელმწიფოს მიერ/მისი სახელით შექმნილი სტიგმის ქვეშ ფუნქციონირებას, ნამდვილად გააჩნია იმის პოტენციალი, რომ შეუქცევადად დაარღვიოს (მედია) ორგანიზაციების უფლებები, რომელთა აღდგენა ვერ მოხდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი.

8.გარდა ამისა, ჩვენი პოზიციით, საკონსტიტუციო სასამართლოს, ასევე უნდა შეეჩერებინა იმ სადავო ნორმების მოქმედება, რომლებიც ითვალისწინებს (მედია) ორგანიზაციებში დაცულ ინფორმაციაზე წვდომასა და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას. ამ კონტექსტში, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა სადავო ნორმების მოქმედების არშეჩერების არგუმენტად გამოიყენა, მათ შორის, კანონქვემდებარე აქტში განხორციელებული ცვლილებები და სხვა საკანონმდებლო აქტები, რომელთა ანალიზის შედეგადაც დაასკვნა, რომ მოსარჩელე მხარეს აღარ მოეთხოვება მისთვის პრობლემური პირადი მონაცემების წარდგენა/გასაჯაროება. რა თქმა უნდა, ვერ დავეთანხმებით ჩვენი კოლეგების პოზიციას, რომ სადავო კანონის შინაარსი და ფარგლები შეიძლება შემცირდეს მის აღსასრულებლად გამოცემულ კანონქვემდებარე აქტში განხორციელებული ცვლილებების შედეგად. ამასთანავე, სადავო კანონით (მედია) ორგანიზაციებში დაცულ ინფორმაციაზე წვდომის ფარგლებს ვერ ამცირებს სხვა საკანონმდებლო აქტებში არსებული მოწესრიგება, რამდენადაც სადავო ნორმები ინფორმაციის მოპოვების უფლებასა და ფარგლებს დამოუკიდებლად აწესრიგებს. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება, სადავო ნორმებიდან მომდინარე შეზღუდვის შინაარსთან და სახელმწიფოს მიერ მოპოვებადი/გამოქვეყნებადი ინფორმაციის ფარგლებთან მიმართებით, არსებითად მცდარია. მივიჩნევთ, რომ სადავო ნორმების შინაარსის გათვალისწინებით, სახელმწიფოს ეძლევა, მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვების და საჯაროდ გამოქვეყნების უფლება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით დაცული პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების მყისიერი და შეუქცევადად დარღვევის საფრთხე.

9.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების საკითხზე მსჯელობისას უნდა დადგინდეს, შეიცავს თუ არა სადავო ნორმების მოქმედება გამოუსწორებელი ზიანის მიყენების რეალურ და მყისიერ საფრთხეს, შესაძლებელია თუ არა, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების გზით, ამგვარი საფრთხის თავიდან აცილება, რამდენად არსებობს გამოუსწორებელი შედეგის დადგომის თავიდან აცილების სხვა, ალტერნატიული შესაძლებლობა, ისევე, როგორც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებით, სხვა პირების უფლებებისა და საჯარო ინტერესების შეზღუდვის საფრთხეც (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 13 ნოემბრის №1/7/681 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის №1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). ხსენებულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, განსხვავებული აზრის ავტორები, ცალ-ცალკე შევაფასებთ სადავო ნორმების მოქმედების საჭიროებას, როგორც სუბიექტთა უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად სახელდებისა და ამავე სახელით რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულების, ისე საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებში დაცულ ინფორმაციაზე წვდომისა და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულების საკითხთან მიმართებით.

1.უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად სახელდებისა და ამავე სახელით რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება

10.მოსარჩელეთა პოზიციით, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსის მინიჭება იწვევს (მედია) ორგანიზაციების რეპუტაციის შელახვას, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მათ დამოუკიდებლობას, ობიექტურობასა და სანდოობას, აგრეთვე ხელს უშლის ორგანიზაციების ეფექტიან ფუნქციონირებას, რაც, საბოლოო ჯამში, განაპირობებს მათი უფლებებისა და თავისუფლებების შეუქცევადად დარღვევას.

11.სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების საკითხის გადასაწყვეტად, აუცილებელია, უპირველესად, გაანალიზდეს სადავო კანონის მოქმედების სფეროში მოქცეული სუბიექტების – (მედია) ორგანიზაციების ინსტიტუციური მახასიათებლები, როლი და ფუნქცია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო შემდეგ შეფასდეს, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მათ საქმიანობაზე უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსის მინიჭებასა და ამ სახელით რეგისტრაციის ვალდებულებას.

12.სადავო კანონის მოქმედება ვრცელდება არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებსა და მედია ორგანიზაციებზე. საქართველოს კანონმდებლობით, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი წარმოადგენს საზოგადოებრივ საწყისებზე შექმნილ ორგანიზაციას, რომელიც საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს. ამ ორგანიზაციის დამფუძნებლებს/მასში გაერთიანებულ პირებს ამოძრავებთ საერთო იდეების რეალიზებისა და მიზნების მიღწევის სურვილი, ხოლო ამ მიზნების მიღწევის ეფექტიან, ხშირ შემთხვევაში კი, უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს გარკვეული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით ჩამოყალიბება და ადამიანური თუ ფინანსური რესურსების გაერთიანება/მოზიდვა, სხვაგვარად, დამოუკიდებელი სუბიექტუნარიანობის მქონე იურიდიული პირის დაფუძნება. სათანადო ფორმით შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი მისი დამფუძნებლების, თანამშრომლების, ისევე როგორც მასთან საქმიან თუ სხვა ტიპის ურთიერთობაში მყოფი პირების მხრიდან აღიქმება/უნდა აღიქმებოდეს როგორც წესდებით განსაზღვრული, საკუთარი მიზნების მისაღწევად შექმნილი დამოუკიდებელი სუბიექტი.

13.არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი შესაძლოა, შეიქმნას მრავალი სხვადასხვა მიზნის მისაღწევად, იქნება ეს ადამიანის უფლებების, მათ შორის, მოწყვლადი ჯგუფების ინტერესების დაცვა და ადვოკატირება, არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობის შექმნა, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მმართველობით გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართულობა და მათ შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა თუ სხვა. ამ მიზნების მიღწევა კი შეუძლებელია იზოლირებულად, სახელმწიფო სტრუქტურებთან, სხვადასხვა ორგანიზაციებთან თუ პირებთან თანამშრომლობის, საზოგადოების წევრებთან კომუნიკაციისა და მათი ჩართულობის გარეშე. როგორც ზემოხსენებული ორგანიზაციები ასრულებენ მნიშვნელოვან როლს დემოკრატიული საზოგადოებების სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებასა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების გაძლიერებაში, ისე საზოგადოებრივი აზრი, სოციუმის დამოკიდებულება ამ ორგანიზაციებისადმი ახდენს ფუნდამენტურ გავლენას მათ რეპუტაციასა და საქმიანობის ეფექტიანობაზე.

14.ამდენად, (მედია) ორგანიზაციების ფუნქციონირების იმანენტური ნაწილია თავისი მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად, საკუთარი სახელით, დამოუკიდებლად მოქმედება/პოზიციონირება და საზოგადოების მხრიდან მათი ამგვარად აღქმადობა. სხვა შემთხვევაში, საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიმწოდებელი მედია საშუალებების, ისევე, როგორც სოციალურ ურთიერთობებში ჩართული თუ ხელისუფლების საქმიანობის გარედან შემფასებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიმართ დამოუკიდებლობის აღქმადობის დაკარგვამ შესაძლოა, გამოიწვიოს მათი საქმიანი რეპუტაციისა და ავტორიტეტის შელახვა, პროფესიული უნარებისა და შესაძლებლობების დაკნინება, დისკრედიტაცია და „საზოგადოებრივი დარაჯის როლის“ ეფექტიანად შესრულების შეფერხება.

15.ამ კუთხით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონი, მისი მოქმედების სფეროში მოქცეულ სუბიექტებს – (მედია) ორგანიზაციებს ანიჭებს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსს. სხვისი ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად მოხსენიება, თავისთავად, იწვევს ასოციაციას, რომ ესა თუ ის პირი მოქმედებს არა დამოუკიდებლად, თვითდასახული მიზნების მისაღწევად, არამედ სხვა პირის მითითებით/დავალებით.

16.სადავო ნორმებში გამოყენებული ტერმინების მკვეთრად უარყოფით შინაარსზე მიუთითებდა განმწესრიგებელ სხდომაზე მოწვეული სპეციალისტიც – ფილოლოგიის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ენობრივი მონაცემების კომპიუტერული დამუშავების განყოფილების გამგე – მარინა ბერიძე. კერძოდ, სპეციალისტის განმარტებების, ისევე, როგორც მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი კვლევის – „საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ლინგვისტური ანალიზის“ თანახმად, ტერმინოლოგიური და კორპუსლინგვისტური მეთოდებით ჩატარებული კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ სადავო კანონში გამოყენებულ ძირითად ტერმინებს: „უცხოურ ძალას“ და „ინტერესების გამტარებელს“ ქართულ ენობრივ და სოციალურ-კულტურულ სივრცეში გააჩნიათ მკვეთრად უარყოფითი/ნეგატიური მნიშვნელობა.

17.სადავოდ გამხდარი ტერმინები, პრაქტიკულად, ახდენს განურჩევლად ყველა ორგანიზაციის მიკერძოებულ სუბიექტებად წარმოჩენას, ხაზს უსვამს რა ამ ორგანიზაციების სხვაზე დამოკიდებულებას და გამორიცხავს ორგანიზაციის/მისი დამფუძნებლების ავტონომიურ ნებელობას. ნორმატიულ დონეზე სახელმწიფოს ამგვარმა პოზიციონირებამ, შესაძლოა, მნიშვნელოვნად დააზიანოს (მედია) ორგანიზაციების საქმიანი რეპუტაცია, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მათი სანდოობა და საზოგადოებაში გაჩნდეს მათდამი მტრული, მასტიგმატიზებელი დამოკიდებულება.

 

18.ანალოგიური პოზიციაა გამოთქმული „„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის თაობაზე“ ვენეციის კომისიის 2024 წლის 21 მაისის დაჩქარებული წესით მომზადებულ დასკვნაში, რომლის თანახმადაც, კანონს შემოაქვს სპეციფიკური კატეგორია და იარლიყი იმ სუბიექტებისათვის, რომლებიც დაფინანსების ნაწილს უცხოეთიდან იღებენ, ცალკეული სუბიექტების „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად“ გამოყოფამ კი შესაძლოა, შელახოს მათი რეპუტაცია და მათ მიმართ უნდობლობის ატმოსფერო გააჩინოს. მიუხედავად იმისა, რომ კანონი არ იძლევა საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ დაფინანსება გავლენის ტოლფასია, უბრალო იარლიყიც კი საკმარისი იქნება ორგანიზაციის სტიგმატიზაციისა და ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე მისთვის ძირის გამოთხრისათვის (იხ., ხსენებული დასკვნის 71-ე–72-ე პარაგრაფები).

19.აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული სახელდება არა მხოლოდ უარყოფს (მედია) ორგანიზაციების დამოუკიდებლობას, არამედ მათ წარმოაჩენს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად. ზემოხსენებული სტატუსის მინიჭებით, სადავო კანონის რეგულირების ქვეშ მოქცეული ორგანიზაციები წარმოჩენილია, როგორც სხვაზე დამოკიდებული სუბიექტები, რომლებიც ასრულებენ/შეასრულებენ უცხო ძალის მითითებებს და იმოქმედებენ, მათ შორის, საქართველოს ინტერესებთან შეუსაბამოდ.

20.არ გამოირიცხება, რომ რიგი (მედია) ორგანიზაციები, კონკრეტულ შემთხვევებში, მართლაც ასრულებდნენ უცხოური ძალის მითითებებს, თუმცა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, ისევე, როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ბუნებრივი მდგომარეობა არის საკუთარი მიზნების შესაბამისად საქმიანობა. ასეთად ქმნის მას კანონმდებლობა და, შესაბამისად, როგორც წესი, ამ განწყობით მოქმედებენ მისი დამფუძნებლები და ასეთია მათ მიმართ საზოგადოების აღქმა. მაგალითად, ერთ-ერთი მოსარჩელის ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ინსტიტუტის მისიას წარმოადგენს საზოგადოების გაძლიერება და მისი ინკლუზიურობისა და ინფორმირებულობის გაზრდა. ამ მიზნით, ინსტიტუტი მუშაობს სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე, იცავს ადამიანის უფლებებს, ხელს უწყობს კარგი მმართველობის დანერგვას და ამზადებს ინფორმაციულ ანგარიშებს, ხარისხიან კვლევებს და რეკომენდაციებს; ინსტიტუტი ადვოკატირებას უწევს ახალ ინიციატივებს და არსებული პოლიტიკის, კანონებისა და პრაქტიკის რეფორმებს. მიუხედავად იმისა, რომ ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს“ გააჩნია საკუთარი, მკვეთრად გამოხატული მიზნები და ამოცანები, როგორც კი იგი მოექცევა სადავო კანონის მოქმედების სფეროში, მიიჩნევა, რომ ამ ორგანიზაციის მიზნები ნიველირდება და იგი მოქმედებას იწყებს სხვა პირის მითითებებით/მისი ინტერესებისათვის.

21.სადავო კანონი შემოსავლის (20%-ზე მეტი) წყაროს ინტერესებსა და ორგანიზაციის საქმიანობის მიზნებს შორის ტოლობის ნიშნის დასმით, დამოუკიდებელი ორგანიზაციების სანდოობისა და ობიექტურობის პრეზუმფციის უარყოფას ახდენს, რამდენადაც ასეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის ან/და მედია ორგანიზაციებისათვის დაფინანსების მიღება წარმოადგენს (და ასეთად აღიქმება კიდეც) საკუთარი მიზნების განხორციელებაში ხელშეწყობის მექანიზმს და არა სხვისი მიზნების მსახურების ინსტრუმენტს.

22.საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიუთითებს, რომ საქართველოში მოქმედი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ უცხოეთიდან დაფინანსების მიღება შესაძლებელია განხორციელდეს განსხვავებული მოტივაციითა და მიზნებით (იხ., საოქმო ჩანაწერის სამოტივაციო ნაწილის 51-ე პარაგრაფი). რიგ შემთხვევებში, კონკრეტული (მედია) ორგანიზაციების დაფინანსების მიზანი შეიძლება მართლაც იყოს უცხოელი დამფინანსებლის ინტერესების გატარება/ლობირება. ამგვარი ორგანიზაციებისათვის სადავო კანონში მითითებული სახელდების – უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსის მინიჭებას, შესაძლოა, ჰქონდეს სოციუმის ინფორმირების მიზანი, რათა საზოგადოების წევრები გაფრთხილებული იყვნენ, იცოდნენ, რომ კონკრეტული ორგანიზაცია ქმედებებს ახორციელებს სხვა, უცხოური ძალის სახელით/მისი მითითებების შესაბამისად. თუმცა სადავო კანონში გამოყენებული ტერმინები, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, დაფინანსების მიღების ფაქტს, ყველა შემთხვევაში, აიგივებს უცხოური ძალის ინტერესების გატარებასთან და ერთ სიბრტყეში მოიაზრებს იმ ორგანიზაციებს, რომლებიც რეალურად მოქმედებენ სხვა, უცხოური სუბიექტების მითითებით/დავალებით და იმ (მედია) ორგანიზაციებს, რომლებიც დამოუკიდებლად, საკუთარი მიზნების მისაღწევად საქმიანობენ. შედეგად, ის საერთო ფასეულობები, იდეები და ინტერესები, რომლის გარშემოც პირები ერთიანდებიან და ნებაყოფლობით პლატფორმას ქმნიან, სადავო ტერმინოლოგიით დაკნინებულია, არ იწოდება ეროვნულად, ორგანიზაციების საქმიანობა დაყვანილია დამფინანსებლებისათვის მარტოოდენ მომსახურების გაწევამდე.

23.ამდენად, სადავო ტერმინოლოგიით, კანონის ფარგლებში მოქმედი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ასოცირდებიან არა ეროვნული ფასეულობების დამცველ, საზოგადოებისა და დემოკრატიისათვის აუცილებელ ელემენტებად, არამედ ცხადდებიან უცხოური ინტერესების მსახურებად და ამ ძალას დაქვემდებარებულ სუბიექტებად.

24.ამასთანავე, სადავო ნორმები არა მხოლოდ ახდენს (მედია) ორგანიზაციების ნეგატიურ კონტექსტში სახელდებას, არამედ ასევე მოითხოვს მათგან, თავად მიმართონ სახელმწიფო ორგანოებს, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსის მისაღებად. როგორც აღინიშნა, ხსენებული სახელდება დამოუკიდებელი ორგანიზაციებისათვის რეპუტაციის შემლახველია, აქვს მათი ობიექტურობისა და სანდოობის შელახვის და ამ ორგანიზაციების ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეშლის პოტენციალი. აღნიშნულის აღქმადობა კიდევ უფრო მწვავდება, როდესაც (მედია) ორგანიზაციას აიძულებენ, თავად მიმართოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს, სადავოდ ქცეული სტატუსის მისაღებად და დარეგისტრირდეს სპეციალურ რეესტრში, მაშასადამე, ასეთად მოახდინოს თვითიდენტიფიცირება/თვითაღიარება.

25.ამდენად, სადავო ნორმების მოქმედების გაგრძელების შემთხვევაში, ორგანიზაციებს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე პერიოდში მოუწევთ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის სტატუსით საქმიანობა. ხსენებულმა კი, შესაძლოა, მნიშვნელოვნად დააზიანოს მათი რეპუტაცია და ხელი შეუშალოს საქმიანობის ეფექტურად განხორციელებას.

26.მასტიგმატიზებელი ტერმინების ენაში განგრძობადად გამოყენების შესაძლო შედეგებზე ასევე მიუთითებდა სპეციალისტი მარინა ბერიძე, რომელმაც განმარტა, რომ ენობრივ კორპუსში ტერმინების ამა თუ იმ შინაარსით დამკვიდრებას ხელს უწყობს მათი მრავალჯერადი გამოყენება, ხოლო, თუკი უარყოფითი კონოტაციის მქონე ტერმინი ასოცირდა კონკრეტულ სუბიექტთან, ძალიან დიდი დრო შეიძლება დასჭირდეს სოციუმის ცნობიერებიდან ამ ასოციაციური კავშირის გაქრობას. ნორმატიულ დონეზე სუბიექტთა კონკრეტული კატეგორიისათვის მასტიგმატიზებელი სახელდების მინიჭება და, მით უფრო, ამავე სახელწოდებით რეესტრში რეგისტრაცია, ბუნებრივად ზრდის მათი გამოყენების სიხშირეს, შედეგად კი, ხელს უწყობს ენაში კონკრეტული ტერმინების/ამ ტერმინთან დაკავშირებული ასოციაციების ჩამოყალიბებას და საზოგადოების ცნობიერებაში დამკვიდრებას.

27.გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ საქართველოს ჯერ კიდევ მრავალი გამოწვევა გააჩნია სრულყოფილი დემოკრატიული მმართველობის ჩამოყალიბების, სამართლის უზენაესობისა თუ კონსტიტუციური უფლებების სათანადოდ რეალიზების თვალსაზრისით. ამგვარი ტიპის ქვეყნებში (მედია) ორგანიზაციებს მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულება შეუძლიათ სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბების/განვითარების, საჯარო გადაწყვეტილებების მიღებისა და მმართველობის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის/ინფორმირებულობის კუთხით, თუმცა ამ პროცესებში აქტიური ჩართულობა, მით უფრო, საზოგადოების რიგითი წევრების მონაწილეობის უზრუნველყოფა რთული ან შეუძლებელი იქნება, თუკი სოციუმში არ იარსებებს (მედია) ორგანიზაციებისადმი ნდობა, რწმენა იმისა, რომ ეს ორგანიზაციები მოქმედებენ დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად. საზოგადოების მხრიდან ნდობის მოპოვება და არსებული ნიჰილისტური დამოკიდებულების დაძლევა საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია, თუმცა ამის საპირისპიროდ, ისედაც ფრაგმენტირებულ საზოგადოებაში, შედარებით მარტივია (მედია) ორგანიზაციების დამოუკიდებლობისა და სანდოობის ეჭვქვეშ დაყენებით, მათდამი ნდობის გაქრობა და მტრული გარემოს შექმნა.

28.ამ კუთხით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ (მედია) ორგანიზაციებს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსს ანიჭებს სახელმწიფო. უდავოა, რომ სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პოლიტიკა და საჯაროდ გაცხადებული პოზიციები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივი აზრის ფორმირების პროცესზე. ბუნებრივია, რომ მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ ნდობა სახელმწიფოს სახელით შესრულებული მოქმედებების მიმართ და არსებობდეს მათი სისწორის პრეზუმფცია. შესაბამისად, სახელმწიფოს ოფიციალურ ქმედებებს და გამოხატულ პოზიციებს აქვთ საზოგადოების აზრზე, მის ფორმირებაზე ზემოქმედების პრეტენზია/პოტენციალი. სახელმწიფოს მიერ კონკრეტული (მედია) ორგანიზაციებისათვის უარყოფითი კონოტაციის მქონე სახელის დარქმევამ, მათი დამოუკიდებლობის უარყოფამ და ყველა მათგანის უცხოური ძალების მითითებების/ინტერესების შემსრულებლებად წარმოჩენამ, შესაძლოა, საზოგადოებაში გააჩინოს (მედია) ორგანიზაციებისადმი მასტიგმატიზებელი დამოკიდებულება, ხოლო ამ ნეგატიური დამოკიდებულების, სოციუმის ცნობიერში დამკვიდრებული უარყოფითი ასოციაციების შეცვლა შესაძლოა, ვერ მოხდეს ძალიან ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

29.ამასთან ერთად, სადავო კანონით, იმ (მედია) ორგანიზაციებისათვის, რომლებიც საკუთარი ნებით არ დარეგისტრირდებიან მათი რეპუტაციის შემლახავი სტატუსით, ითვალისწინებს როგორც ამ სტატუსის იძულებით მინიჭებას, ისე კანონის მოთხოვნათა დარღვევის გამო, მკაცრი ფინანსური სანქციების დაკისრების შესაძლებლობას. შედეგად, სადავო ნორმების მოქმედების პირობებში, კანონის მოქმედების სფეროში მოქცეულ სუბიექტებს, მათი ნებითა თუ ნების საწინააღმდეგოდ, მაინც ენიჭებათ მასტიგმატიზებელი სახელი და ამ სტატუსით უწევთ ფუნქციონირება. ამასთანავე, მათ შეიძლება დაეკისროთ საკმაოდ დიდი რაოდენობის ფინანსური სანქციები და ამით დამატებით შეფერხდეს მათი საქმიანობა. ამდენად, აშკარაა, რომ სადავო კანონში გამოყენებულმა უარყოფითი კონოტაციის მქონე ტერმინებმა, ამგვარი სახელით რეესტრში რეგისტრაციამ და რეპუტაციის შემლახავი სტატუსის ხანგრძლივმა ასოცირებამ (მედია) ორგანიზაციებთან, შესაძლოა, მნიშვნელოვნად დააზიანოს (მედია) ორგანიზაციების სანდოობა, ხელი შეუშალოს მათ საქმიანობას და, რიგ შემთხვევებში, გამოიწვიოს კიდეც მათი პარალიზება, რაც, საბოლოო ჯამში, მიუთითებს გამოუსწორებელი ზიანის მიყენების რეალური საფრთხის არსებობაზე.

30.უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად სახელდებისა და ამავე სახელით რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულების დამდგენი ნორმების შეჩერების საკითხთან მიმართებით, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის პოზიცია ბუნდოვანია, რამდენადაც საოქმო ჩანაწერის სამოტივაციო ნაწილში წარმოდგენილია არა საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებელი სამართლებრივი მსჯელობა, საკუთარი შეფასება, არამედ იმის აღწერა, თუ რა მიაჩნია მოსარჩელე მხარეს უფლების შეზღუდვად. კონსტიტუციურ სარჩელებსა და განმწესრიგებელ სხდომაზე გამოთქმული არგუმენტების რეზიუმირების მიღმა, არ იკვეთება უშუალოდ საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიცია, თუ რა ასპექტში ხდება სადავო ნორმებში გამოყენებული ტერმინებით მოსარჩელეთა უფლებების შეზღუდვა. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების თანახმად, სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად გაქარწყლდება ყველა ის ნეგატიური შედეგი, რაც, მოსარჩელის აღქმით, შეიძლება მოჰყვეს სადავო კანონის მოქმედებას (უარყოფითი კონოტაციის მქონე სტატუსის ქვეშ საქმიანობა, რაც საფრთხეს უქმნის მათ დამოუკიდებლობას, არყევს მათდამი ნდობას და აზიანებს საქმიან რეპუტაციას) და აღდგება პირვანდელი მდგომარეობა (იხ., საოქმო ჩანაწერის სამოტივაციო ნაწილის 57-ე პარაგრაფი). ამ მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს დამატებით არ დაუსაბუთებია, თუ როგორ შეიძლება გამოსწორდეს მოსარჩელეთათვის, თვეების ან წლების განმავლობაში მასტიგმატიზებელი სტატუსით რეგისტრაციის შედეგად შელახული რეპუტაცია და საქმიანობის შეფერხებით გამოწვეული ზიანი. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმების შეუჩერებლობა განსაკუთრებით პრობლემურია იმ პირობებში, როდესაც განმწესრიგებელ სხდომაზე, მოპასუხე მხარემაც კი ვერ დაასახელა, თუ რა ლეგიტიმურ მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს (მედია) ორგანიზაციების ამ კონკრეტული ტერმინით სახელდება/რეგისტრაცია, ამის საპირისპიროდ კი, მოსარჩელეები მკაფიოდ მიუთითებდნენ მათი უფლებების შეზღუდვის ფაქტებსა და შეუქცევადი ზიანის მიყენების რისკზე.

31.გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოსარჩელეები, გამოუსწორებელი ზიანის მიყენების ფაქტის დასადასტურებლად, განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდნენ, მათ შორის, (მედია) ორგანიზაციების როლზე უახლოს მომავალში გასამართი არჩევნების დაკვირვების/გაშუქების პროცესში. უფრო კონკრეტულად კი, მიუთითებდნენ, რომ სადავო ნორმები მიზნად ისახავს მათ სტიგმატიზებას, რათა მათ მიერ საარჩევნო პროცესის დაკვირვება/გაშუქება და აზრის გამოთქმა საზოგადოებაში აღქმული არ იყოს, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანიზაციის პოზიციონირებად.

32.საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „ზოგადად, დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების პრაქტიკული უზრუნველყოფა შესაძლებელია მაშინ, როდესაც ამომრჩეველი ჯეროვნად არის ინფორმირებული მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და პოლიტიკური აქტორების თაობაზე, რაც მას აძლევს შესაძლებლობას, არჩევნებთან დაკავშირებული მრავალფეროვანი, განსხვავებული და, მათ შორის, საპირისპირო მოსაზრებებისა და ინფორმაციის გაანალიზების საფუძველზე, მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი პოლიტიკური არჩევანის შესახებ. ამ მხრივ, მედია ერთ-ერთ წამყვან როლს ასრულებს, ვინაიდან სწორედ ის გვევლინება უმთავრეს ინფორმაციულ წყაროდ ამომრჩევლებისთვის, რომელიც ქმნის წინაპირობებს ფართო ინფორმაციაზე დაყრდნობილი ინდივიდუალური პოლიტიკური არჩევანის ჩამოყალიბებისთვის. საარჩევნო გარემო მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს სამართლიანად, როდესაც საზოგადოება ფართოდ არის ინფორმირებული და მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში განუწყვეტლივ იღებს სხვადასხვა ინფორმაციასა და განსხვავებულ მოსაზრებებს მიმდინარე თემებზე, მათ შორის, ცხადია, პოლიტიკური საარჩევნო სუბიექტების შესახებ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბრის №3/4/1483 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-35).

33.სწორედ საარჩევნო პერიოდში ერთიორად იზრდება (მედია) ორგანიზაციების მიერ კონსტიტუციური საჯარო წესრიგით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების გზით, „საზოგადოებრივი დარაჯის როლის“ ეფექტიანად შესრულების საჭიროებაცა და მნიშვნელობაც. კანონის მოქმედების სფეროში მოქცეული ორგანიზაციების მიერ საკუთარი თავის უცხოური ინტერესების გამტარებლად თვითიდენტიფიცირებამ შესაძლოა, მნიშვნელოვნად დააზიანოს მათი ობიექტურად აღქმა, ხელი შეუშალოს მათ სანდოობას. ხსენებულმა კი, შეიძლება, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის, დაკვირვების შედეგების და პოზიციის მიმართ საზოგადოების ნდობა.

 

34.ამდენად, მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმების მოქმედების პირობებში, ნეგატიური კონოტაციის სახელით რეგისტრაციის ვალდებულებით, შესაძლოა, შეუქცევადად დაზიანდეს (მედია) ორგანიზაციების რეპუტაცია და ხელი შეეშალოს მათი საქმიანობის განხორციელებას. გამოუსწორებელი და მყისიერი ზიანის საფრთხე კი, განსაკუთრებით მკაფიოდ იკვეთება არჩევნების პროცესის დაკვირვების/გაშუქების და „საზოგადოებრივი დარაჯის როლის“ ეფექტიანად შესრულების შესაძლო შეფერხების კუთხით, რამდენადაც სადავო კანონით გათვალისწინებული სახელით რეგისტრაციას შესაძლოა, მოჰყვეს (მედია) ორგანიზაციების სტიგმატიზება, ხოლო ამ ვალდებულების შეუსრულებლობას, მათ მიმართ კონკრეტული სანქციების გამოყენება, რამაც, ასევე შესაძლოა, ხელი შეუშალოს მათ საქმიანობას. ამასთანავე, ცხადია ისიც, რომ სადავო ნორმების მოქმედების შეჩერება გამორიცხავს უარყოფითი კონოტაციის მქონე სახელით ორგანიზაციების რეგისტრაციას, რაც არსებითად შეამცირებს სადავო ნორმების მასტიგმატიზებელ პოტენციალს.

35.როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების გადაწყვეტილების მიღებისას საკონსტიტუციო სასამართლო, გამოუსწორებელი შედეგის დადგომის შესაძლებლობასთან ერთად, მხედველობაში იღებს იმ ინტერესებს, რომლებიც შესაძლოა, შეილახოს/საფრთხის ქვეშ დადგეს ნორმის/ნორმების მოქმედების შეჩერებით. მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება რაიმე ინტერესი, რომელსაც შეიძლება ემსახურებოდეს სადავო კანონის მოქმედების სფეროში მოქცეული ორგანიზაციების უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად სახელდება და ამ სახელით რეესტრში რეგისტრაცია. განმწესრიგებელ სხდომაზე მოპასუხე მხარის წარმომადგენელმაც დაადასტურა, რომ ხსენებული სახელის გამოყენება რაიმე მიზანს არ ემსახურება და სადავო კანონის მიზნები თანაბრად მიიღწევა ნებისმიერი ნეიტრალური კონოტაციის სახელის გამოყენებით.

36.ამდენად, აშკარაა, რომ სადავო კანონით გათვალისწინებული სახელდება არის თვითმიზნური ხასიათის და რაიმე ლეგიტიმური ინტერესის მიღწევას არ ემსახურება. უფრო მეტიც, ნეიტრალური ტერმინოლოგიის ნაცვლად, მკაფიოდ უარყოფითი კონოტაციის მქონე სახელწოდებით მოხსენიება, ბუნებრივად მიანიშნებს სტიგმატიზაციისა და საზოგადოების მხრიდან ნეგატიური დამოკიდებულების ჩამოყალიბების სურვილზე. სადავო ნორმების მოქმედების პირობებში კი, ნდობისა და რეპუტაციის შემლახავი სახელწოდებით სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის გავლის ვალდებულება, ნამდვილად შეუქცევადად დაარღვევს (მედია) ორგანიზაციების უფლებებს და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმების შესაძლო არაკონსტიტუციურად ცნობა ვერ გამოიწვევს შეუქცევადად დარღვეული უფლებების აღდგენას.

2.(მედია) ორგანიზაციებში დაცულ ინფორმაციაზე წვდომა და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გამოქვეყნება

37.განსახილველ საქმეზე, მოსარჩელე მხარე ითხოვდა, მათ შორის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ რიგი ნორმების მოქმედების შეჩერებას, რომლებიც არეგულირებს (მედია) ორგანიზაციებში დაცულ ინფორმაციაზე წვდომისა და პირადი ინფორმაციის გამოქვეყნების საკითხებს. სადავო ნორმები აწესრიგებს, ერთი მხრივ, ორგანიზაციის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის პროცესში, რეგისტრაციას დაქვემდებარებული სუბიექტის მიერ სახელმწიფოსათვის გარკვეული ინფორმაციის (სარეგისტრაციოდ განკუთვნილი განაცხადი, ყოველწლიური საფინანსო დეკლარაცია) წარდგენის ვალდებულებას, ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილებას/ვალდებულებას, გამოიკვლიოს და შეისწავლოს აღნიშნული ინფორმაცია და უზრუნველყოს მისი საჯაროდ ხელმისაწვდომობა. იმავდროულად, განაცხადის/საფინანსო ინფორმაციის შესწავლა-გამოკვლევის მიზნით, ისევე, როგორც უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის გამოსავლენად ან/და სადავო კანონის მოთხოვნათა შესრულების შესამოწმებლად მონიტორინგის მიზნებისათვის, სადავო ნორმები აგრეთვე განსაზღვრავს სახელმწიფოს შესაძლებლობას, მოიძიოს ყველა საჭირო ინფორმაცია, პირის განსაკუთრებული კატეგორიის/სხვა პერსონალური მონაცემისა და საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის ჩათვლით. თავის მხრივ, ყველა პირი, ორგანიზაცია და დაწესებულება ვალდებულია, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილ ორგანოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია.

38.განმწესრიგებელ სხდომაზე, მოსარჩელე მხარე აღნიშნავდა, რომ სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის პროცესში, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული მონიტორინგის მექანიზმის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილ პირს, ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისგან, ისევე, როგორც სახელმწიფო დაწესებულებისგან, შეუძლია, სავალდებულო წესით მოითხოვოს, პრაქტიკულად, ნებისმიერი ტიპის ინფორმაციის მიღება. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სადავო მოწესრიგება ხელს უშლის (მედია) ორგანიზაციების საქმიანობას, თუმცა, ამავდროულად, წარმოშობს კონფიდენციალური და პირადი ხასიათის ინფორმაციის გასაჯაროებისა და, შედეგად, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით გარანტირებული პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებით დაცული სფეროს გამოუსწორებელი დაზიანების საფრთხეს, როგორც (მედია) ორგანიზაციებში დასაქმებულთათვის, ასევე საქმიანი პარტნიორებისა და მესამე პირთათვის.

39.საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა სადავო ნორმების მოქმედების არშეჩერების არგუმენტად გამოიყენა, მათ შორის, კანონქვემდებარე აქტში განხორციელებული ცვლილებები და მიუთითა, რომ აღნიშნულის შედეგად მოსარჩელე მხარეს აღარ მოეთხოვება იმ პირადი მონაცემების წარდგენა/გასაჯაროება, რომელსაც მიიჩნევდა პრობლემურად. რა თქმა უნდა, ვერ დავეთანხმებით ჩვენი კოლეგების პოზიციას, რომ სადავო კანონის შინაარსი და ფარგლები შეიძლება შემცირდეს მის აღსასრულებლად გამოცემული კანონქვემდებარე აქტში განხორციელებული ცვლილებების შედეგად. (მედია) ორგანიზაციებში დაცულ ინფორმაციაზე წვდომის საკითხს სადავო ნორმები დამოუკიდებლად აწესრიგებს, მათ შორის, ადგენს, რომ უფლებამოსილ პირს შეუძლია, კონკრეტული მიზნებისათვის, მოითხოვოს/მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემი და საიდუმლოების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა) შემცველი ინფორმაცია. იმ პირობებში, როდესაც სადავო ნორმებით მკაფიოდაა დადგენილი უფლებამოსილი პირის მიერ მოპოვებადი ინფორმაციის შინაარსი და ფარგლები, გაუგებარია რა გავლენას ახდენს მასზე კანონქვემდებარე აქტში განხორციელებული ცვლილებები. ასევე ვერ დავეთანხმებით საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას სადავო ნორმებისა და სხვა საკანონმდებლო აქტების ურთიერთმიმართების თაობაზე, რამდენადაც იგი არსებითად მცდარია.

40.ამ კუთხით, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების საკითხის სრულყოფილად გადასაწყვეტად, აუცილებელია, შეფასდეს თუ რა ტიპის ინფორმაციაზე წვდომა გააჩნია სახელმწიფოს, კანონში არსებობს თუ არა რაიმე ქმედითი მექანიზმი პირთა სენსიტიურ ინფორმაციაზე სახელმწიფოს წვდომის/ამ ინფორმაციის გასაჯაროების პრევენციისათვის და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამგვარი ინფორმაციის სახელმწიფოს ხელში აღმოჩენას და შემდგომში მის გასაჯაროებას, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების შეუქცევადად დარღვევის ჭრილში.

2.1.ვისგან და რა ინფორმაციის მოპოვება/გამოქვეყნება შეუძლია სახელმწიფოს

41.„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს სხვადასხვა პროცედურას, რომლის მიზანიცაა უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის რეგისტრაცია, ამგვარი ორგანიზაციების გამოვლენა და კანონის რომელიმე მოთხოვნის შესრულების შესამოწმებლად მონიტორინგი. თითოეულ შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილ პირს უჩნდება საჭირო ინფორმაციის შესწავლის/მოძიების უფლებამოსილება, ხოლო, შესაბამის სუბიექტს განაცხადის, დეკლარაციისა თუ მოთხოვნილი ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება.

42.„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტებს (კომერციულ და არაკომერციულ იურიდიულ პირებს) უდგენს რეესტრში სარეგისტრაციო განაცხადის (რომელიც იმავდროულად არის სუბიექტის საფინანსო დეკლარაცია) წარდგენის ვალდებულებას. აღნიშნულ განაცხადში უნდა აისახოს ინფორმაცია განაცხადის ავტორის საიდენტიფიკაციო მონაცემების, ადგილსამყოფლის მისამართის, ვებგვერდის მისამართის შესახებ, აგრეთვე ინფორმაცია განაცხადის ავტორის მიერ წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული ნებისმიერი ფულადი თანხისა და ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის წყაროს, ოდენობისა და მიზნის, ისევე, როგორც წინა კალენდარული წლის განმავლობაში დახარჯული ნებისმიერი ფულადი თანხის ოდენობისა და მიზნის შესახებ და განაცხადის შევსების თარიღი. თავის მხრივ, სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირების შემთხვევაში, წარდგენილი განაცხადი და მასში დაფიქსირებული ზემოთ მითითებული ინფორმაცია სათანადო ვებგვერდზე უნდა განთავსდეს და საჯაროდ იყოს ხელმისაწვდომი. ამ კუთხით, განაცხადში მითითებული ინფორმაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სპეციალურად მომზადებულ ვებგვერდზე საჯაროდ ხდება ხელმისაწვდომი და შეიძლება მოიცავდეს, მათ შორის, სახელშეკრულებო, ფინანსურ თუ პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ სენსიტიურ ინფორმაციას.

43.ამასთანავე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, მე-7 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის პროცესში წარდგენილი განაცხადის/ფინანსური დეკლარაციის შესწავლა-გამოკვლევისათვის, აგრეთვე უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის გამოსავლენად ან კანონის რომელიმე მოთხოვნის შესრულების შესამოწმებლად მონიტორინგის ფარგლებში, უფლებამოსილ პირს შეუძლია, მოიძიოს საჭირო ინფორმაცია.

44.სადავო ნორმების თანახმად, უფლებამოსილი პირის მიერ ინფორმაციის მოძიება გულისხმობს, მათ შორის, ინფორმაციის მოთხოვნას ნებისმიერი პირის, ორგანოს, ორგანიზაციის და დაწესებულებისათვის, ხოლო ამ უკანასკნელთ ევალებათ თავის ხელთ არსებული ინფორმაციის წარდგენა. ამდენად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის ანალიზი მიუთითებს, რომ იმ პირებთან მიმართებით, რომლებიც აკმაყოფილებენ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის სტატუსს, სახელმწიფოს აქვს როგორც მათი რეგისტრაციის მიზნებისათვის ინფორმაციის მოძიების უფლებამოსილება, ისე მოძიებული ინფორმაციის ნაწილის (მათ შორის, ხსენებული კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული მონაცემების) ვებგვერდზე გამოქვეყნების ვალდებულება. ამის მიღმა, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის პროცესში წარდგენილი განაცხადის/ფინანსური დეკლარაციის შესწავლა-გამოკვლევისათვის, აგრეთვე უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის გამოსავლენად ან კანონის რომელიმე მოთხოვნის შესრულების შესამოწმებლად მონიტორინგისათვის, სახელმწიფოს შეუძლია, ინფორმაცია მოსთხოვოს ნებისმიერ პირს. ამდენად, ფაქტობრივად, შეუზღუდავია იმ სუბიექტთა წრე, რომლისგანაც სახელმწიფოს შეუძლია მოითხოვოს ინფორმაციის წარდგენა.

45.ამასთანავე, თავად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონი ზემოხსენებული მუხლები განსაზღვრავს თუ რა ტიპის ინფორმაციის მოთხოვნა შეუძლია უფლებამოსილ პირს კანონით გათვალისწინებული მიზნებისათვის. კერძოდ, უფლებამოსილ პირს შეუძლია, მოიძიოს ინფორმაცია, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემი და საიდუმლოების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა) შემცველი ინფორმაცია. თავის მხრივ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი კი უკავშირდება ფიზიკური პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებას, პოლიტიკურ შეხედულებებს, რელიგიურ, ფილოსოფიურ ან სხვაგვარ მრწამსს, პროფესიული კავშირის წევრობას, ჯანმრთელობას, სქესობრივ ცხოვრებას, ბრალდებულის, მსჯავრდებულის, გამართლებულის ან დაზარალებულის სტატუსს სისხლის სამართლის პროცესში, მსჯავრდებას, ნასამართლობას, განრიდებას, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დანაშაულის მსხვერპლად ცნობას, პატიმრობას და მის მიმართ სასჯელის აღსრულებას, აგრეთვე ბიომეტრიულ და გენეტიკურ მონაცემებს, რომლებიც ფიზიკური პირის უნიკალური იდენტიფიცირების მიზნით მუშავდება.

46.ამდენად, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის პროცესში წარდგენილი განაცხადის/ფინანსური დეკლარაციის შესწავლა-გამოკვლევისათვის, აგრეთვე უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის გამოსავლენად ან კანონის რომელიმე მოთხოვნის შესრულების შესამოწმებლად მონიტორინგის ფარგლებში, უფლებამოსილ პირს შეუძლია, მოიძიოს ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის, კომერციული ინტერესების შემცველი ინფორმაცია და ისეთი სენსიტიური კატეგორიის მონაცემი, რომელიც უკავშირდება ფიზიკური პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებას, პოლიტიკურ შეხედულებებს, რელიგიურ, ფილოსოფიურ ან სხვაგვარ მრწამსს, პროფესიული კავშირის წევრობას, ჯანმრთელობას და სქესობრივ ცხოვრებას. ხოლო ერთადერთი ინფორმაცია, რომლის მოძიება/მოთხოვნაც უფლებამოსილ პირს არ შეუძლია, ესაა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოება.

47.აღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია, ვერ გავიზიარებთ ჩვენი კოლეგების პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო კანონის აღსასრულებლად გამოცემული კანონქვემდებარე აქტში განხორციელებული ცვლილებების შედეგად ან/და სხვა საკანონმდებლო აქტებში არსებული მოწესრიგებებიდან გამომდინარე, რამენაირად მცირდება იმ ინფორმაციის მოცულობა/კატეგორია, რომელზე წვდომაც სახელმწიფოს გააჩნია.

48.რაც შეეხება სხვა საკანონმდებლო აქტებზე მითითებას, რომლებითაც დაცულია ჟურნალისტური წყაროს, იურიდიული დახმარების მიმღები პირისა თუ პაციენტის უფლებები, ამ მხრივ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო მუხლები ექსპლიციტურად მიუთითებს, რომ კანონის მიზნებისათვის უფლებამოსილ პირს შეუძლია, მოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი (ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია პირის ჯანმრთელობასთან, სქესობრივ ცხოვრებასთან, რელიგიასთან და ა.შ.), გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა. რადგანაც არც ჟურნალისტური წყაროს, იურიდიული დახმარების მიმღები პირისა თუ პაციენტის შესახებ ინფორმაცია, საქართველოს კანონმდებლობით, იმთავითვე არ წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას, ცხადია, რომ სადავო კანონი უფლებამოსილ პირს ანიჭებს მისი მოთხოვნის უფლებას. ამასთანავე, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება უფრო გვიან მიღებულ (გამოცემულ) ნორმატიულ აქტს. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს არ დაუსაბუთებია, რომ არსებობს მოსარჩელე მხარის მიერ პრობლემურად მიჩნეული სხვადასხვა ტიპის ინფორმაციაზე, მათ შორის, ჟურნალისტური წყაროს, იურიდიული დახმარების მიმღები პირისა თუ პაციენტის შესახებ მონაცემებზე წვდომის ამკრძალავი, სადავო კანონზე უფრო გვიანდელი ან უპირატესი იურიდიული ძალის მქონე სამართლებრივი აქტი.

 

49.ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ვერ გავიზიარებთ ჩვენი კოლეგების პოზიციას, სადავო ნორმების საფუძველზე მოპოვებული/გამოქვეყნებული ინფორმაციის ფარგლებთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ გასაჩივრებული დებულებები, კანონით გათვალისწინებული მიზნებისათვის, უშვებს ნებისმიერი პირისაგან ყველა კატეგორიის ინფორმაციის გამოთხოვის შესაძლებლობას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა.

2.2.ინფორმაციის მოპოვების/გასაჯაროების შედეგად პირთა უფლებების შეუქცევადი დარღვევის საფრთხე

50.როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ნორმების საფუძველზე, სახელმწიფოს შეუძლია, ინფორმაციის წარდგენა სავალდებულოდ მოსთხოვოს, არა მხოლოდ იმ სუბიექტს, რომელიც აკმაყოფილებს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის კრიტერიუმებს, არამედ ნებისმიერ პირს, ორგანოს, ორგანიზაციას და დაწესებულებას. ხოლო, მოთხოვნილი ინფორმაცია შეზღუდული არაა რაიმე კატეგორიით და, მათ შორის, შეიძლება, ეხებოდეს პირის პირადი და ოჯახური ცხოვრების სენსიტიურ ასპექტებს, კომერციულ და პროფესიულ საიდუმლოებას, ჟურნალისტურ წყაროსა და საქართველოს კონსტიტუციით განსაკუთრებულად დაცულ მონაცემებს. გარდა ამისა, რეესტრში საჯაროდ გამოქვეყნებას ექვემდებარება კანონში მითითებული მთელი რიგი მონაცემები, რომლებიც, თავის მხრივ, შესაძლოა, უკავშირდებოდეს სახელშეკრულებო, ფინანსურ თუ პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ და კომერციული ინტერესების შემცველ ინფორმაციას.

51.ამდენად, აშკარაა, რომ ზემოხსენებული სადავო ნორმები სახელმწიფოს წვდომას უქვემდებარებს ინდივიდთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების საკმაოდ მგრძნობიარე და უაღრესად პერსონალურ სპექტრს, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით განსაკუთრებული ხარისხით დაცულ, ინტიმურ განზომილებას მიკუთვნებულ ინფორმაციას, მე-19 მუხლით გარანტირებულ კომერციული ინტერესის შემცველ მონაცემებს და სხვა. ამგვარი ინფორმაციის სახელმწიფოს ხელში გადასვლა, რომ აღარაფერი ითქვას მათ გასაჯაროებაზე, როგორც წესი, კრიტიკულად ამცირებს ინდივიდების ავტონომიურობის, დაცულობის შეგრძნებას. სახელმწიფოს მიერ კონტროლის განცდამ და ინდივიდების ღრმად პირადული ინფორმაციის საზოგადოების წინაშე გასაჯაროების საფრთხემ, თავის მხრივ, შესაძლებელია, გამოიწვიოს ადამიანების მხრიდან საკუთარი ქმედებებისათვის მომეტებული თვითკონტროლის დაწესება (მაგალითად, მათ შორის, ჟურნალისტურ წყაროდ გახდომაზე უარის თქმა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების (მათ შორის, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული სერვისების) საზოგადოებრივი ორგანიზაციებისაგან მიღებისაგან თავის შეკავება და სხვა).

52.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის უპირობო მოთხოვნაა, დაიცვას ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება და, აღნიშნული უფლებების განხორციელება დააზღვიოს სახელმწიფოს, საზოგადოებისა თუ სხვა, ნებისმიერი გარეშე პირების ჩარევისაგან, რათა შესაძლებელი გახდეს ინდივიდის მიერ საკუთარი ცხოვრების თავისივე შეხედულებისამებრ წარმართვა (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-55). ამასთან ერთად, იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე შეეხება სახელმწიფოს მხრიდან ინდივიდის შესახებ ინფორმაციის ფლობას/მის დამუშავებას, ამ პროცესიდან მომდინარე თავისთავადი რისკების გათვალისწინებით, აუცილებელია არსებობდეს მყარი გარანტიები, რათა მონაცემების დამუშავება განხორციელდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური საჯარო მიზნების მისაღწევად (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 9 თებერვლის №1/2/622 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ედიშერ გოდუაძე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ“, II-27, 28).

53.აღნიშნულის საპირისპიროდ კი, სადავო კანონმდებლობა არ შეიცავს რაიმე შემზღუდველ, გამფილტრავ მექანიზმს ორგანიზაციებში დაცული ინფორმაციის მოძიების თაობაზე, გარდა სახელმწიფო საიდუმლოების გაცნობის აკრძალვისა. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის არც ერთი ნორმა არ შეიცავს გარანტიებს მეტისმეტად პირადი ხასიათის ინფორმაციის სახელმწიფოს ხელში გადასვლის/გასაჯაროების პრევენციისათვის.

54.ჩვენმა კოლეგებმა, სადავო ნორმებიდან მომდინარე რისკების არარსებობის საილუსტრაციოდ, მიუთითეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ კონკრეტულ მაგალითებზე. მათი განმარტებით, ცალკეულმა ორგანიზაციებმა, როგორც ჩანს, პირთა უფლებების დაცვის ლეგიტიმური მიზნებიდან გამომდინარე, დაფარეს რიგი პერსონალური მონაცემები იმგვარად, რათა ვერ მოხდეს პირთა იდენტიფიცირება. მაგალითად, ააიპ „საზოგადოება მომავალი თაობისთვის“ ხარჯების უწყისში ანაზღაურების მიმღები ფიზიკური პირის სახელი და გვარი მხოლოდ ინიციალებით – „თ.ა“ არის აღნიშნული. გარდა ამისა, არის შემთხვევები, სადაც სათანადო გრაფაში კონკრეტული ფიზიკური პირის სახელის და გვარის ნაცვლად გაკეთებულია პირის არამაიდენტიფიცირებელი ჩანაწერი, მაგალითად, ააიპ „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიის“ უწყისში ვხვდებით ჩანაწერს - „აფხაზური მხარის კონსულტანტი“ (იხ., საოქმო ჩანაწერის სამოტივაციო ნაწილის 70-ე პარაგრაფი).

55.რა თქმა უნდა, ვეთანხმებით კოლეგების სულისკვეთებას, რომ მონაცემთა გამოქვეყნებისას უნდა მოხდეს პირთა უფლებების დაცვა და არ გასაჯაროვდეს სენსიტიური ინფორმაცია, პირის უფლებების/ინტერესების დამაზიანებელი მონაცემები. თუმცა, ბუნებრივია, ვერ გავიზიარებთ პოზიციას, რომ ამა თუ იმ ფორმით ინფორმაციის ვებგვერდზე გამოქვეყნება, რაიმენაირად ცვლის სადავო ნორმებით დადგენილ ნორმატიულ წესრიგს ან ანეიტრალებს მისგან მომდინარე საფრთხეებს. დღევანდელი მოცემულობითაც, სახელმწიფოს, სადავო ნორმების საფუძველზე, შეუძლია, კანონით გათვალისწინებული მიზნებისათვის, ნებისმიერ პირს მოსთხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია (გარდა სახელმწიფო საიდუმლოებისა) და შემდგომ გაასაჯაროოს კანონში მითითებული მონაცემები ყოველგვარი დაფარვისა თუ დაშტრიხვის გარეშე. უფრო მეტიც, სადავო კანონში საერთოდ არ იკითხება გასაჯაროებას დაქვემდებარებული ინფორმაციის რაიმე ფორმით დაფარვის ვალდებულება და ამგვარი ქმედება შეიძლება, კანონსაწინააღმდეგოდ იქნეს მიჩნეული. სათანადო საკანონმდებლო გარანტიების ნორმატიულ დონეზე რეგლამენტირების გარეშე, მხოლოდ კანონის მოქმედებას დაქვემდებარებულ სუბიექტთა მიერ ნორმის გამოყენების პრაქტიკაზე მითითება ვერ გამოდგება პირთა უფლებების დარღვევის საფრთხის არარსებობის სადემონსტრაციოდ. ზოგადად, ის ფაქტი, რომ კონკრეტულმა ორგანიზაციამ არ მიუთითა თანხის მიმღები სუბიექტის სახელი და გვარი, ბუნებრივია, თავისთავად, არ ნიშნავს, რომ კანონი მას ხსენებულ შესაძლებლობას აძლევდა. მეტი თვალსაჩინოებისათვის, აღვნიშნავთ, რომ №1829 კონსტიტუციურ სარჩელზე მოსარჩელედ მითითებული 122 სუბიექტიდან არც ერთმა არა თუ წარუდგინა რაიმე სახის ინფორმაცია საჯარო რეესტრს, არამედ, ამ დრომდე, საერთოდ უარი თქვა რეგისტრაციაზე. შესაბამისად, ჩვენს კოლეგებს ხსენებული ფაქტი იმავე წარმატებით შეეძლოთ გამოეყენებინათ იმის არგუმენტად, რომ კანონი არ ადგენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულებას.

56.სადავო ნორმების მოქმედების პირობებში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აქვს ვალდებულება, უზრუნველყოს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად რეგისტრაციის შესახებ წარდგენილი განაცხადების საჯაროდ ხელმისაწვდომობა, ყოველგვარი ინფორმაციის დიფერენცირების, გადარჩევისა თუ რაიმე ფორმით გამიჯვნის გარეშე. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და შესაბამის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა რიგი (მედია) ორგანიზაციების შესახებ ინფორმაცია. ამასთანავე, გარდა იმ (მედია) ორგანიზაციებისა, რომლებმაც ნებაყოფლობით მიმართეს შესაბამის უწყებას რეგისტრაციის გავლის შესახებ, სადავო კანონი, ასევე ითვალისწინებს მონიტორინგის მექანიზმის ფარგლებში ნებისმიერი პირისაგან ინფორმაციის მოთხოვნის შესაძლებლობას. ამდენად, ცალსახაა, რომ სადავო ნორმებით, არათუ იქმნება პირის უფლებების შეუქცევადად დარღვევის საფრთხე, არამედ, რიგ შემთხვევებში, იგი რეალიზდა კიდეც.

57.მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდება ამა თუ იმ პირის შემოსვლებისა და ხარჯების შესახებ ინფორმაცია ან/და სახელმწიფო ორგანოებისა და ფართო საზოგადოებისათვის გამჟღავნდება ჟურნალისტური წყაროსა თუ ბენეფიციართა ვინაობა, საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმები არაკონსტიტუციურადაც რომ ცნოს, ხსენებული ინფორმაცია გამჟღავნებულად დარჩება. იმავდროულად, გასაჩივრებული ნორმების საფუძველზე, ინფორმაციის უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაცემის ვალდებულების ამოქმედების მომენტიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების მომენტამდე, დროის სვლასთან ერთად, იზრდება როგორც სახელმწიფოსათვის გადაცემული და შემდგომში გასაჯაროებას დაქვემდებარებული/გასაჯაროებული ინფორმაციის მოცულობა, აგრეთვე ამგვარი ინფორმაციით საზოგადოებაში გავრცელების მასშტაბი. აქედან გამომდინარე, მივიჩნევთ, რომ ხსენებული განაცხადების გამოქვეყნება, ისევე, როგორც საჯარო რეესტრის მხრიდან კონფიდენციალურ და სენსიტიურ ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობა, მით უმეტეს, გასაჩივრებული კანონით გათვალისწინებული ფორმითა და მასშტაბებით, კონსტიტუციურ უფლებებში ისეთ ჩარევას წარმოადგენს, რომელიც ქმნის გამოუსწორებელ ზიანს, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ უზრუნველყოფს გასაჯაროებული ინფორმაციის საჯარო სივრციდან და საზოგადოების ცნობიერებიდან გაქრობას.

58.ერთმნიშვნელოვანია ისიც, რომ სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების შემთხვევაში, ხსენებული ინფორმაციის უფლებამოსილი ორგანოებისათვის მიწოდების ვალდებულება აღარ ექნება სადავო კანონის მოქმედების სფეროში მოქცეულ ორგანიზაციებს. ამდენად, სადავო ნორმების მოქმედების ფარგლებში, მკაფიოდ იკვეთება, პირთა ძირითადი უფლებების შეუქცევადად დარღვევის საფრთხე, ხოლო გასაჩივრებული დებულებების მოქმედების შეჩერება შესაძლებელს გახდის ამ საფრთხის პრევენციას.

2.3.სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებით მესამე პირების უფლებებისა და საჯარო ინტერესების შეზღუდვის საფრთხე

59.საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, სასამართლო გამოუსწორებელი შედეგის დადგომის საფრთხესთან ერთად, მხედველობაში იღებს ნორმის შეჩერების შედეგად სხვათა უფლებებისა და საჯარო ინტერესების დაზიანების რისკებს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 7 ნოემბრის №1/3/509 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე სოფიო ებრალიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ სადავო ნორმების მოქმედების ლეგიტიმურ მიზნად დაასახელა უცხოური დაფინანსების მიმღები პირების შემოსავლებისა და ხარჯების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.

60.უნდა აღინიშნოს, რომ მოპასუხე მხარე მიუთითებს ორგანიზაციების ფინანსების გამჭვირვალობის ზოგად მნიშვნელობაზე და მას განიხილავს, როგორც თვითმიზანს. გამჭვირვალობას, საზოგადოების წვდომას ამა თუ იმ ინფორმაციაზე კონსტიტუცია თავისთავად ფასეულობად მიიჩნევს საჯარო დაწესებულებაში დაცულ ინფორმაციასთან მიმართებით, თუმცა სახელმწიფოს ევალება, ამ შემთხვევაშიც კი, გაითვალისწინოს პირადი ინფორმაციის დაცვის ვალდებულება. საჯარო დაწესებულებაში დაცული ინფორმაციისაგან განსხვავებით, კერძო პირების ხელთ არსებული მონაცემების ხელშეუხებლობა პირადი ცხოვრების უფლებით დაცულ სიკეთეს, ამ უფლების არსებობის ერთ-ერთ უმთავრეს ფუნქციას წარმოადგენს. კონსტიტუცია პირადი ცხოვრების უფლების შეზღუდვას – ხსენებული ინფორმაციის მოპოვებასა და გასაჯაროებას, უშვებს მხოლოდ მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, პროპორციულობის პრინციპის დაცვით.

61.კონსტიტუციური გადაწყვეტით, კონფიდენციალურად მიჩნეული ინფორმაცია არ შეიძლება, გასაჯაროვდეს მხოლოდ იმაზე მითითებით, რომ „გამჭვირვალობა კარგია“. პირადი ცხოვრების კონსტიტუციური უფლებით დაცულ ინფორმაციასთან მიმართებით, მოქმედებს არა ამ ინფორმაციის გამჭვირვალობის, არამედ მისი კონფიდენციალურობის პრეზუმფცია და სახელმწიფოს მხრიდან უნდა დასაბუთდეს არა ის, თუ რატომ უნდა იყოს ეს ინფორმაცია დაცული, არამედ ის, თუ რა მნიშვნელოვანი ინტერესების მისაღწევად ხდება მისი გასაჯაროება. ბუნებრივია, პირადი ცხოვრების კონსტიტუციურ უფლებას სრულად გამოფიტავს და არარად აქცევს მიდგომა, რომლის თანახმადაც, პირადი და ოჯახური ცხოვრების სენსიტიურ ასპექტებთან, კომერციულ და პროფესიულ საიდუმლოებასთან, ფინანსურ თუ პროფესიულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია შეიძლება, გამოქვეყნდეს მარტოოდენ ინდივიდების პირადი ინტერესის დასაკმაყოფილებლად. ის, რომ ზოგიერთ ადამიანს სხვა პირების ფინანსები აინტერესებთ, სახელმწიფოს არ აძლევს თავისთავად კონსტიტუციურ ლეგიტიმაციას, მათი ინტერესების დასაკმაყოფილებლად მოიპოვოს და საჯარო გახადოს პირადი ინფორმაცია.

62.შესაბამისად, სადავო ნორმის შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას, საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა განესაზღვრა ორგანიზაციების ფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, რამდენად არის მიმართული მნიშვნელოვანი ინტერესის დაცვისაკენ. ხოლო, შემდგომ შეეფასებინა ხსენებული ინტერესი არის თუ არა იმ მნიშვნელობის, რომლის დაუყოვნებლივ, საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე პერიოდში, მიღწევაც გადაწონიდა სადავო ნორმის მოქმედების შედეგად პირადი ცხოვრების უფლებისათვის პოტენციური გამოუსწორებელი ზიანის მიყენების რისკებს.

63.ჩვენმა კოლეგებმა უგულებელყვეს ის ფაქტი, რომ გარდა გამჭვირვალობის თავისთავადი სარგებლიანობისა, მოპასუხეს არ მიუთითებია რაიმე ინტერესზე, რომელსაც სადავო ნორმები იცავს ან/და საფრთხეებზე, რომელთა პრევენციასაც სადავო ნორმები ახდენს. ამავე დროს, მრავალი წელია საქართველოში ხსენებული ინფორმაცია კონფიდენციალურია და საქმის განხილვისას არ გამოკვეთილა, თუ რა საფრთხეები შექმნა ხსენებულმა ფაქტმა, რა განაპირობებს ამ ინფორმაციის დაუყოვნებლივ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გასაჯაროების აუცილებლობას. ფაქტობრივად, სადავო ნორმების შეუჩერებლობით, პირადი ინფორმაციის გასაჯაროება ხდება კონკრეტული მიზნის იდენტიფიცირების გარეშე. ამდენად, აშკარაა, რომ მოცემულ საქმეზე არ გამოკვეთილა მესამე პირების უფლება ან/და საჯარო ინტერესი, რომლის დაზიანების საფრთხის არსებობამაც, შეიძლება, გამორიცხოს სადავო ნორმების მოქმედების შეჩერება.

64.ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, მივიჩნევთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, №3/3/1828,1829,1834,1837 საოქმო ჩანაწერით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ სადავო ნორმების მოქმედება, რომლებიც ითვალისწინებს გასაჩივრებულ კანონს დაქვემდებარებული (მედია) ორგანიზაციების უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად სახელდებისა და ამავე სტატუსით რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულებას და (მედია) ორგანიზაციებში დაცულ ინფორმაციაზე წვდომასა და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გამოქვეყნებას.

ანალიტიკა
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.