USD 2.6876
EUR 3.1689
RUB 3.5025
თბილისი
სახალხო დამცველის მიერ მოწვეული სპეციალისტი/ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ
თარიღი:  527
2 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მოწვეულმა სპეციალისტთა/ექსპერტმა ჯგუფმა მორიგი ვიზიტი განახორციელა კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შეფასების მიზნით.
სახალხო დამცველის მანდატის გათვალისწინებით, ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტების მიზანი, შექმნის დღიდანვე, არის პაციენტისთვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების მონიტორინგი. ჯგუფი არ ერთვებოდა/არ ერთვება პაციენტის მკურნალობის უშუალო პროცესში.
2 აპრილს ექიმებმა გასინჯეს პაციენტი. არასამუშაო დღეს განხორციელებული ვიზიტის გამო, სამწუხაროდ, მკურნალ ექიმთან გასაუბრება, ან ადგილზე სამედიცინო დოკუმენტაციის გაცნობა ვერ მოხერხდა.
 ვიზიტში მონაწილეობა მიიღეს ექსპერტებმა: თენგიზ წულაძემ (ნევროლოგი), გიორგი კაჭარავამ (კარდიოლოგი), გიორგი გრიგოლიამ (ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი) და აიდა გოზალოვამ (ჰემატოლოგი, კლინიკური ონკოლოგი, ინტერნისტი, პალიატიური მედიცინის სპეციალისტი).ვიზიტის შემდგომ გამართულ ონლაინ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ასევე ნინო ზავრაშვილმა (ენდოკრინოლოგი), გიორგი პაპიაშვილმა (კარდიოლოგ/არითმიოლოგი) და გრიგოლი ხურციძემ (თერაპევტი, შინაგანი სნეულებები/ჰოსპიტალური მედიცინა).
 ექიმ-ექსპერტების დასკვნა:
 პაციენტის მდგომარეობა:
დამძიმება 19 თებერვლის (პაციენტთან წინა ვიზიტის) შემდეგ.
ობიექტური გამოკვლევით:
გამოხატულია მძიმე სარკოპენია.
პაციენტმა დაიკლო კიდევ 4 კილოგრამი კუნთების მნიშვნელოვანი განლევის ხარჯზე. გადაადგილება მნიშვნელოვნად შეზღუდულია სისუსტის გამო.
 წამოდგომისას აღინიშნება წნევის ძლიერი ვარდნა 120/90-იდან 78/40-მდე, რასაც თან ერთვის წონასწორობის კარგვა და კოორდინაციის საგრძნობი მოშლა.
აღსანიშნავია გონებრივი ფუნქციების მნიშვნელოვანი დაქვეითება, დეპრესია.
შთაბეჭდილება:
1. სარკოპენია, კუნთების განლევა, კახექსიის მძიმე 4 სტადია.
2. ორთოსტატიული წნევის კრიტიკული ვარდნა კოორდინაციის მოშლით.
პროგნოზი და რისკები:
1. პაციენტი შესულია აქტიური კატაბოლიზმის ფაზაში.
წონის მეტი კლების შედეგად ის დამოუკიდებლად საწოლიდან წამოდგომასაც ვერ შეძლებს, რადგანაც მთლიანად განლეული ექნება ქვედა კიდურების კუნთები და სისუსტის გამო ვერ შეძლებს მოძრაობას.
მისთვის კრიტიკულ წონას წარმოადგენს 52-53 კილოგრამი, რის შემდეგადაც დაიწყება ორგანიზმის შეუქცევადი ცვლილებები.
2. კვლავ ვლინდება პერიფერული და აუტონომიური ნეიროპათია, რაც წამოდგომისას იწვევს წნევის კრიტიკულ ვარდნას.
 ამჟამად ზედამხედველობის გარეშე პაციენტის მოძრაობა სახიფათოა, რადგანაც ძალიან მაღალია დავარდნის, სხეულის დაზიანებისა/მოტეხილობების რისკი. ამ უკანასკნელის განვითარების შემთხვევაში, კახექსიური სხეულის რესურსი იმისათვის რომ ჭრილობა ან მოტეხილობა შეხორცდეს არის ძალიან დაბალი, რაც გამოიწვევს სხვა კრიტიკული გართულებების (სისხლჩაქცევა, ინფექცია, ღრმა ვენების თრომბოზი და ა.შ ) კასკადურ განვითარებას ლეტალური გამოსავლის მაღალი ალბათობით.
სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის წევრები:
/გიორგი გრიგოლია/
/გრიგოლი ხურციძე/
/გიორგი კაჭარავა/
/გიორგი პაპიაშვილი/
/თენგიზ წულაძე/
/ნინო ზავრაშვილი/
/აიდა გოზალოვა/
✅
მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის