ერთ-ერთი ასურელი მამათაგანის, დავით გარეჯელის შესახებ არსებობს საინტერესო ლეგენდა, რომელიც მის თბილისის მიდამოებში მოღვაწეობას უკავშირდება. ეს ლეგენდა მოღწეულია, მხოლოდ ზეპირგადმოცემების სახით, რომელიც პირველად მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნის შუა ხანებში იქნა ჩაწერილი. ის დღევანდელი თბილისის ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა ადგილისა თუ ნაგებობის სახელწოდებათა დაბადებას გვაუწყებს. გარდა დავით გარეჯელის საინტერესო თავგადასავლისა, ამ ინტერვიუში ზეპირსიტყვიერების ნიმუშის ისტორიული პარალელების მოძებნას შევეცდებით. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დავით მერკვილაძე მოგვითხრობს:
დავით მერკვილაძე: ჩვენ მოგვეპოვება დავით გარეჯელის ცხოვრების სხვადასხვა რედაქციები და არც ერთ მათგანში ამ ლეგენდის სიუჟეტი ასახული არ არის.
რას მოგვითხრობს ეს ლეგენდა?
– თავისი მოძღვრის, იოანე ზედაზნელის სავანეს დატოვების შემდეგ, ამ თქმულების თანახმად, წმიდა დავითს თბილისის მიდამოებისკენ აუღია გეზი და მის მახლობლად, ერთი მთის ფერდზე, მცირე ზომის გამოქვაბულში დამკვიდრებულა. ეს არის დღევანდელი მთაწმინდა, რომელსაც მეორენაირად მამა დავითის მთას უწოდებენ, რაც სწორედ ამ ლეგენდაში ასახული ამბის გამოძახილია.
ამის შემდეგ როგორ გაგრძელდა მამა დავითის ცხოვრება?
– მამა დავითი კვირაში ერთხელ ჩამოდიოდა მთიდან და თბილისელებში ქრისტიანობასა და ქრისტიანულ მორალს ქადაგებდა. თბილისში იმხანად გაძლიერებული ყოფილა ცეცხლთაყვანისმცემელთა სარწმუნოება. წმიდა დავითის გულში ჩამწვდომი ქადაგებები დიდ დაბრკოლებას უქმნიდა ცეცხლთაყვანისმცემელთა რელიგიურ წარმატებას. ამიტომ, მათ გადაწყვიტეს, რადაც არ უნდა დაჯდომოდათ, თავიდან მოეცილებინათ წმიდა დავითი. ვინაიდან, ამ განდეგილ ბერს, თბილისელთა შორის უდიდესი ავტორიტეტი გააჩნდა, ცეცხლის მსახურებმა, მოინდომეს, იმდაგვარად გაეტეხათ მისთვის სახელი, რომ მის ქადაგებასაც ძალა დაჰკარგვოდა.
კერძოდ?
– ცეცხლთაყვანისმცემლებმა მოისყიდეს ერთი უკანონოდ დაფეხმძიმებული თბილისელი მეძავი დიაცი და მამა დავითის მორიგი ქადაგების ჟამს, სახალხოდ სიძვის ცოდვაში დასდეს ბრალი წმიდანს. ამის დასტურად ხალხს სწორედ ის, ფეხმძიმე დედაკაცი წარუდგინეს, მანაც ყოველივე დაამოწმა და ხელი წმიდანს დაადო, როგორც მის თანამცოდველს. ამან ხალხში დიდი გაოგნება და აღშფოთება გამოიწვია.
როგორ მოიქცა ასეთ სიტუაციაში მამა დავითი?
– თქვენ, წარმოიდგინეთ, სულაც არ შეეცადა თავის მართლებას. ის, როგორც ეს ღვთისმოსავ ქრისტიან ბერს შეეფერებოდა, მზად იყო უდრტვინველად მიეღო დაუმსახურებელი ბრალდება და ყოველი ლანძღვა-ყვედრება ასევე მოთმინებით აეტანა. ამიტომ, მან მოგვებს, არც არაფერი უპასუხა, მაგრამ მეორე მხრივ, ეს გამოიწვევდა დიდ დაბრკოლებას სარწმუნოების გზაზე თბილისელ ქრისტიანთა შორის, ვინაიდან მათ თვალში მამა დავითი ზოგადად ქრისტიანის იდეალს წარმოადგენდა და ამრიგად უზარმაზარი პასუხისმგებლობის ტვირთი იგრძნო თავის თავზე. ამიტომ, საჭირო გახდა, ხალხის წინაშე სიმართლე განცხადებულიყო. როგორც თქმულება მოგვითხრობს: წმიდა დავითმა აიღო თავისი კვერთხი, დაადო იგი ორსულის მუცელს და ხმამაღლა შესძახა: „ყრმაო ღაღად ყავ, ნუთუ მე ვარ მამა შენი?“ უცებ, ყველასგან მოულოდნელად, ცილის მწამებელი დედაკაცის წიაღიდან მოისმა ხმამაღალი ამოძახილი: „არა, არა...“ ეს უკვე ნამდვილი სასწაული იყო, რამაც გარს შემოკრებილ მრევლზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. ხოლო, ბერის დაუძინებელი მტრები ცეცხლმსახური მოგვნი სახტად დატოვა.
თქმულების ერთი ვერსიით, მოგვებს ქვა აუღიათ და თავად დაუწყიათ მათ მიერ შეცდენილი ფეხმძიმის ჩაქოლვა, რასაც დანარჩენი იქ მყოფნიც აჰყოლიან. ჩაქოლილი ცილისმწამებელი ისევე დაუტოვებიათ ქვათა შუა. აქედან წარმოდგა სახელწოდება ქვათაშუეთი ანუ ქაშუეთი.
მეორე ვერსიით, ამ მძიმე ცოდვის გამო, ცილისმწამებელ დედაკაცზე ღვთის რისხვა მოწეულა და მას ბავშვის ნაცვლად ქვა უშვია. აქედან მიღებულა სახელი ქვაშვეთი.
რა კავშირი აქვს ამ სახელწოდებასა და დღევანდელ ქაშუეთის ტაძარს?
– პირდაპირი კავშირი. გადმოცემის თანახმად, წმიდა დავითი სწორედ ამ ადგილას, ანუ მაშინდელი თბილისის გარეუბანში ჩამოდიოდა ყოველ კვირას, თავისი სამკვიდრებელი მთიდან და ეწეოდა ღვთივსულიერ ქადაგებებს. ეს ტერიტორია მართლაც უშუალოდ მამა დავითის მთის ძირას მდებარეობს და ლოგიკურია, რომ ყოველკვირეულ ქადაგებებსაც აქ ჰქონოდა ადგილი. სასწაულიც ამ ადგილას აღსრულებულა და სწორედ ამ ამბის აღსანიშნავად აუგიათ აქ ტაძარი.
კი მაგრამ, ქაშუეთის ტაძარი, ხომ გაცილებით გვიან პერიოდშია აგებული იმ ეპოქასთან შედარებით, როცა დავით გარეჯელი მოღვაწეობდა?
– რასაკვირველია, ქაშუეთის წმიდა გიორგის ტაძრის დღევანდელი ნაგებობა მეოცე საუკუნის დასაწყისში აიგო სამთავისის ტაძრის გეგმარების მიხედვით. მაგრამ, იმ ადგილას, მანამდე არსებობდა უფრო ადრინდელი ტაძარი, რომელიც ჟამთასვლისგან ძლიერ დაზიანებული ყოფილა. მის დაზიანებას განსაკუთრებით შეუწყო ხელი იმან, რომ მეცხრამეტე საუკუნეში, იქვე, იმპერატორ ალექსანდრეს სახელობის ბაღის ტერიტორიაზე, როგორც შემდგომში ხალხმა მას ალექსანდროვის ბაღი უწოდა, იდგა რუსის ზარბაზანი და დროის აღსანიშნავად ყოველ საათში ისროდა. ამ სროლებით გამოწვეულმა ვიბრაციამ კი დროთა განმავლობაში ძველი ქაშუეთის ტაძრის კედლების დაბზარვა და დახეთქვა გამოიწვია. ამიტომ, საჭიროდ ჩათვალეს მის ადგილას ახალი, თანამედროვე ტაძარი აგებულიყო.
აქვს თუ არა თქვენს მიერ მოთხრობილ ლეგენდას რაიმე გაგრძელება?
– მიუხედავად იმისა, რომ წმიდა დავითის სასწაულებრივი გამართლება ყველამ იხილა, მას მაინც აღარ ჩაუთვლია მიზანშეწონილად გაეგრძელებინა მოღვაწეობა ძველებური ფორმით. შესაძლებელია, გრძელდებოდა ზეწოლა მასზე ცეცხლთაყვანისმცემელთა (მაზდეანთა) მხრიდან და ამის გამოც, წმიდა დავითს სურდა, თავისი შემდგომი მოღვაწეობა სრულ სიმყუდროვეში განეგრძო, რაც შეიძლება შორს საერო ცხოვრების ალიაქოთისგან. ამიტომ, თავის მოწაფე ლუკიანესთან ერთად გაემართა აღმოსავლეთისკენ და გარეჯის მრავალმთის დაუსახლებელ და უდაბნო ადგილას ჰპოვა სამუდამო თავშესაფარი. ასე ჩაეყარა საფუძველი დავით გარეჯის შემდეგში ცნობილ სამონასტრო კომპლექსს.
დასაშვებია რომ, ამ ლეგენდას კავშირი ჰქონდეს ისტორიულ სინამდვილესთან?
– რა უცნაურიც არ უნდა იყოს, ლეგენდაში ასახულ ამბავში, ზუსტად არის არეკლილი იმ ეპოქის, ანუ მეექვსე საუკუნის შუა ხანების ისტორიული რეალიები.
კერძოდ, ეს არის ცეცხლთაყვანისმცემელთა თავისუფალი და თავგასული ქმედებები თბილისში. აღსანიშნავია, რომ ეს ზუსტად ის დროა, როდესაც, გაძლიერებული ირანი ახერხებს ქართლის სამეფოში, რომელიც მთელ აღმოსავლეთ საქართველოს მოიცავდა, მეფობის გაუქმებას და აქ თავის მოხელეს, – მარზპანს ნიშნავს ქვეყნის მმართველად. შესაბამისად, ძლიერდება მისი მხრიდან რელიგიურ-იდეოლოგიური ზეწოლაც – ცდილობენ ირანის სახელმწიფო რელიგიის – მაზდეანობის გაძლიერებას შეუწყონ ხელი და ამით, ქართველთა შორის მაზდეანობის მიმდევრები გაამრავლონ.
მაზდეანთათვის ასეთი ხელსაყრელი პოლიტიკური ვითარების ფონზე, პირდაპირ რატომ არ ცდილობდნენ დავით გარეჯელის დასჯას და
რაში სჭირდებოდათ მის წინააღმდეგ ამგვარი ინტრიგების ხლართვა?
– ამ კითხვის დასმა მით უფრო აქტუალური გახდება, თუ გავიხსენებთ, რომ დავით გარეჯელის ძველი თანამოღვაწე სხვა ასურელი მამათაგანი – აბიბოს ნეკრესელი, სწორედ მაზდეანებმა დასაჯეს სიკვდილით. ამავე ხანებში (მეექვსე საუკუნის 40-იანი წლები) სიკვდილით იქნა დასჯილი, ასევე, წმიდა ევსტათი მცხეთელიც. სიცხადისთვის ცოტა უკეთ გავერკვეთ დეტალებში: აბიბოსი იყო ნეკრესის ეპისკოპოსი, რომელმაც ვერ აიტანა თავის ეპარქიაში ცეცხლის მსახურების გაძლიერება, შევიდა მათ მთავარ სალოცავში და წყლის დასხმით ჩააქრო მაზდეანთა „წმიდა, ღვთაებრივი“ ცეცხლი, ხოლო ევსტათი მცხეთელი, წარმოშობით სპარსელი იყო და სხვათა შორის, მოგვის შვილი, რომელიც მცხეთაში დამკვიდრებულა და ქრისტიანობა უღიარებია. ეს სპარსელ მაზდეანთა მხრიდან მამა-პაპური რჯულის ღალატად იქნა მიჩნეული. ამიტომაც, გამოუტანეს ასეთი მძიმე განაჩენი. ამავე დროს, ქრისტიანობის ქადაგება და ქრისტიანული ღვთისმსახურება არ ისჯებოდა სპარსული კანონმდებლობითაც კი. შესაბამისად, წმიდა დავითი არანაირ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას არ სჩადიოდა. ამიტომ, მისმა რელიგიურმა მოწინააღმდეგეებმა ზემოთ დასახელებულ ხერხს მიმართეს, ანუ, თბილისელთა შორის ზნეობრივი შერცხვენისა და წმიდა სახელის შებღალვის გზით, შეეცადნენ ძალა დაეკარგათ მისი სულიერი მოღვაწეობისთვის და ძლიერი მეტოქე საბოლოოდ დაემარცხებინათ. მაგრამ, როგორ დამთავრდა მათი ეს მცდელობა, ჩვენ უკვე ვნახეთ.
დავით გარეჯელის ცხოვრების ეს ეპიზოდი თბილისელთა შორის თაობიდან თაობას გადაეცემოდა, გამოიარა საუკუნეები და ასე მოაღწია ჩვენამდე. ეს ლეგენდა რომ ცოცხლად შემოინახა მეხსიერებამ, ადასტურებს თბილისური ტოპონიმიკაც: მამა დავითის მთა, ქაშუეთი. იმის მიუხედავად, რომ ტაძარი წმიდა გიორგის სახელს ატარებს ყველა თბილისელისთვის ის ქაშუეთის სახელით არის ცნობილი. გარდა ამისა, თვით მეოცე საუკუნის დასაწყისშიც კი (საქართველოს ეგრეთ წოდებულ გასაბჭოებამდე) ყოველ წელიწადს ამაღლების სწორ ხუთშაბათს – წმიდა დავით გარეჯელის ხსენების დღეს, შესაძლებელი იყო ხილვა მთაწმინდის ციცაბო ფერდზე, ხვეულ ბილიკზე მიმავალი ფეხშიშველა თბილისელი მანდილოსნებისა, რომელთაც წესად ჰქონდათ, ამ დღეს დავით გარეჯელის ძველი სამკვიდრებლის მოლოცვა. გადმოცემის თანახმად, ხსენებული სასწაულის შემდეგ, წმიდა დავითის ლოცვის შედეგად, მისი საცხოვრებლის სიახლოვეს საკურნებელი წყარო აღმოცენებულა, რომელსაც განსაკუთრებით უშვილო ქალები ესწრაფვოდნენ, როგორც შვილიერების მადლის მიმცემს. ეს წყარო დღემდე, ანუ ოცდამეერთე საუკუნეშიც, ამჟამინდელი მთაწმინდის პანთეონის ტერიტორიაზე მოედინება.