USD 2.7195
EUR 3.2090
RUB 3.4546
თბილისი
"საია" 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე განცხადებას ავრცელებს
თარიღი:  419

საქართველოს ახალგაზრა იურისტთა ასოციაცია 2021 წლის 21 იანვარის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც საქართველომ რუსეთს სამართლებრივი დავა მოუგო განცხადებას ავრცელებს.

საიას განცხადების შინაარსს უცვლელად გთავაზობთ:

"სახელმწიფოთაშორის საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II) (no. 38263/08), რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებულ დარღვევებს შეეხება.

საქმის ფაქტობრივი გარემოებები:

2008 წლის რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის კონტექსტში, რუსეთის მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად საქართველოს არაერთი მოქალაქე დაზარალდა. ასობით ადამიანი დაშავდა ან გარდაიცვალა ომის დროს რუსეთის მიერ განხორციელებული საჰაერო დაბომბვისადა სროლების შედეგად. ასევე ხშირი იყო მოქალაქეთა უკანონოდ დაკავება და მათ მიმართ არასათანადო მოპყრობის განხორციელება. ათასობით მოქალაქის ქონება გაიძარცვა და განადგურდა, შედეგად მოქალაქეებმა დაკარგეს წვდომა საკუთრებაზე. ამასთან, 300 000 ადამიანზე მეტი იძულებული გახდა დაეტოვებინა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ტერიტორიები.

წარდგენილ საჩივარში საქართველო ამტკიცებდა, რომ რუსეთმა ადმინისტრაციული პრაქტიკის სახით, რუსულ შეიარაღებულ ძალებს და მათ კონტროლქვეშ მოქმედ სეპარატისტულ ძალებს ხელი შეუწყო/ნება დართო, განეხორციელებინათ განურჩეველი და არაპროპორციული თავდასხმები მშვიდობიანი მოსახლეობის და მათი ქონების წინააღმდეგ.

საჩივარი ევროპული კონვენციის 8 მუხლის დარღვევას შეეხებოდა, კერძოდ, სიცოცხლის უფლება (მე-2 მუხლი); წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა (მე-3 მუხლი); თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (მე-5 მუხლი); პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (მე-8 მუხლი); სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება (მე-13 მუხლი); საკუთრების დაცვა (1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი); განათლების უფლება (1-ლი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი); მიმოსვლის თავისუფლება (მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი).

2008 წლის 11 აგვისტოს საქართველომ სტრასბურგის სასამართლოს მიმართა, ხოლო სახელმწიფომ სრული საჩივარი 2009 წლის 6 თებერვალს წარადგინა.

ევროპული სასამართლოს ძირითადი არგუმენტები 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე:

2008 წლის 12 აგვისტოდან, საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ (ოკუპაციის ფაზა)მომხდარ მოვლენებზე რუსეთის ფედერაციის იურისდიქცია ვრცელდებოდა - სასამართლოს განმარტებით, რუსეთის ფედერაცია ახორციელებდა ეფექტიან კონტროლს სამხრეთ ოსეთზე, აფხაზეთსა და ე.წ. „ბუფერულ ზონაზე“ 2008 წლის 12 აგვისტოდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსული სამხედრო ძალების ოფიციალურ გაყვანამდე. ამ პერიოდის შემდეგ რუსული სამხედრო ძალების ყოფნა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ტერიტორიაზე და ამ ტერიტორიების ხელისუფლების დაქვემდებარება რუსეთზე,მიუთითებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე ეფექტიანი კონტროლის არსებობას. შესაბამისად, სასამართლომ განმარტა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ მომხდარი მოვლენები ექცეოდა რუსეთის ფედერაციის იურისდიქციის ფარგლებში კონვენციის პირველი მუხლის მიზნებისთვის.

ადმინისტრაციული პრაქტიკის არსებობა ევროპული კონვენციის მე-2, მე-8 და პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლების საწინააღმდეგოდ - სასამართლომ დაადგინა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებდა ადმინისტრაციული პრაქტიკის არსებობას კონვენციის მე-2, მე-8 და პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლების საწინააღმდეგოდ. სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო პირების მკვლელობა, ქართულ სოფლებში სახლების გადაწვა და გაძარცვა ადმინისტრაციულ პრაქტიკას წარმოადგენდა, რაც გულისხმობდა მსგავსი ქმედებების განმეორებით ჩადენას და რუსეთის ოფიციალურ შემწყნარებლობას ამ აქტების მიმართ. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ მსხვერპლების მიმართ ჩადენილი ქმედებები, მათი სერიოზულობის გათვალისწინებით,კვალიფიცირდება როგორც არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა და აღნიშნული პირები ამ ქმედებას დაექვემდებარნენ მათი ეთნიკურობის გამო. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ დაადგინა სიცოცხლის უფლების, წამების აკრძალვის, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის და საკუთრების უფლების დარღვევა.

სამხრეთ ოსეთის ძალების მიერ სამოქალაქო ტყვეები დაკავებულ იქნენ უკანონოდ და მათ მიმართ განხორციელდა არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა, რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრებოდა - სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს 160 მოქალაქე, რომელთა უმრავლესობაც იყო ასაკოვანი და მათი ერთი მესამედი იყო ქალი, სამხრეთ ოსეთის ძალებმა დააკავეს და ჰყავდათ პატიმრობაში სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის სარდაფში ქალაქ ცხინვალში 2008 წლის 10-დან 27 აგვისტომდე პერიოდში. სასამართლოს განმარტებით, მართალია, რუსეთის სამხედრო ძალების პირდაპირი ჩართულობა სამოქალაქო პირების დაკავებაში ცხადად არ დასტურდებოდა, თუმცა, ამ პირთა დაკავება შეერაცხება რუსეთის ფედერაციას იმის საფუძველზე, რომ რუსეთი იყო პასუხისმგებელი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების ქმედებებზეც და მათ არ მიიღეს სათანადო ზომები არასათანადო მოპყრობის პრევენციისთვის. ამასთან, სასამართლომ არ გაიზიარა რუსეთის ფედერაციის არგუმენტი, რომ სამოქალაქო პირთა დატყვევება ხორციელდებოდა მათივე უსაფრთხოების მიზნით. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ დაკავებულებისთვის არ ხდებოდა დაკავების მიზეზების განმარტება. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა ადმინისტრაციული პრაქტიკის არსებობა და წამების აკრძალვის და თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევა სამოქალაქო პირების ნაწილში.

2008 წლის 8-17 აგვისტოს პერიოდში დაკავებული სამხედრო ტყვეები დაექვემდებარნენ წამებას, რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრებოდა - ქართველი სამხედრო ტყვეების მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობა უტოლდებოდა წამებას და აღნიშნული დარღვევები ადმინისტრაციულ პრაქტიკას წარმოადგენდა. სასამართლოს განმარტებით, ქართველ სამხედრო ტყვეთა წამებაში რუსეთის შეიარაღებული ძალების პირდაპირი მონაწილეობა არ იკვეთებოდა, თუმცა, ამის მიუხედავად, ტყვეები მოქცეულნი იყვნენ რუსეთის ფედერაციის იურისდიქციის ქვეშ. შესაბამისად, რუსეთს ეკისრებოდა პასუხისმგებლობა სამხრეთ ოსეთის ძალების ქმედებაზე და ამასთან, მათ არ მიიღეს შესაბამისი ზომები არასათანადო მოპყრობის აღსაკვეთად. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა წამების აკრძალვის დარღვევა სამხედრო ტყვეებთან მიმართებით.

რუსეთმა მოქალაქეების მიმართ მიმოსვლის თავისუფლების უფლება დაარღვია - სასამართლოს განმარტებით, მის ხელთ არსებული ინფორმაცია ადასტურებდა, რომ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება არ აძლევდა ეთნიკურ ქართველებს სახლებში დაბრუნების შესაძლებლობას. სასამართლომ აღნიშნა, რომ აღნიშნული ტერიტორიების დე-ფაქტო ხელისუფლებას და რუსეთის ფედერაციას, როგორც ამ ტერიტორიებზე ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს, კონვენციით ეკისრებოდა ვალდებულება მოსახლეობისთვის მათ სახლებში დაბრუნების უფლება მიეცა კონვენციის მე-2 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის საწინააღმდეგოდ.

კონვენციის 38-ე მუხლის დარღვევა რუსეთის მიერ - სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაციამ, როგორც მოპასუხე სახელმწიფომ, სასამართლოს არ წარუდგინა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, მათ შორის საბრძოლო ანგარიშები, რის გამოც მან ვერ შეასრულა თავისი ვალდებულება - საქმის გარემოებათა დასადგენად უზრუნველეყო სასამართლო ყველა აუცილებელი საშუალებით.

ეფექტიანი გამოძიების ჩაუტარებლობა სიცოცხლის უფლების ჭრილში - სასამართლომ აღნიშნა, რომ რუსეთს ჰქონდა ვალდებულება, გამოეძიებინა, არა მარტო, ის მოვლენები, რომლებიც განხორციელდა საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ, არამედ, ასევე, ის მოვლენები, რომლებიც საბრძოლო მოქმედებების აქტიური ფაზის დროს მოხდა. თუმცა, ამის მიუხედავად, რუსეთის ფედერაციამ არ ჩაატარა ეფექტიანი და ადექვატური გამოძიება კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ.

საბრძოლო მოქმედებების აქტიური ფაზის დროს მომხდარ მოვლენებზე (2008 წლის 8 აგვისტოდან 12 აგვისტომდე) რუსეთის ფედერაციას არ ჰქონდა იურისდიქცია ევროპული კონვენციის 1 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე - სასამართლოს განმარტებით, შეიარაღებული დაპირისპირება და საბრძოლო მოქმედებები მხარეთა სამხედრო ძალებს შორის, რომელთა მიზანს ტერიტორიაზე კონტროლის დამყარება წარმოადგენდა, მიმდინარეობდა ქაოსის ფარგლებში, რაც იმ კონკრეტულ ტერიტორიაზე კონტროლის არარსებობას ნიშნავდა და ასევე გამორიცხავდა სახელმწიფო წარმომადგენლის უფლებამოსილებას და კონტროლს ინდივიდებზე. შესაბამისად, სასამართლომ განმარტა, რომ საომარი მოქმედებების აქტიური ფაზის დროს (8-12 აგვისტო) მომხდარი მოვლენები არ ექცეოდა რუსეთის იურისდიქციის ფარგლებში კონვენციის პირველი მუხლის მიზნებისთვის.

განათლების უფლება და სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების არარსებობა - სასამართლომ აღნიშნა, რომ მას არ ჰქონდა საკმარისი მტკიცებულებები განათლების უფლების დარღვევის დადგენისთვის. სასამართლომ საჭიროდ არ ჩათვალა ცალკე ემსჯელა კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევაზე.

სამართლიანი დაკმაყოფილების საკითხი (კონვენციის 41-ე მუხლი) - ევროპულმა სასამართლომაღნიშნული საკითხის განხილვა ერთი წლის ვადით გადადო და ამ ვადაში მხარეებს - საქართველოსა დარუსეთს კომპენსაციის ირგვლივ მორიგების საშუალება მისცა.

საია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე ასევე იცავს, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს 350-ზე მეტ დაზარალებულ ადამიანს. საიას ჯამში 53 საჩივარი აქვს წარდგენილი, რომელიც ომის დროს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ევროპული კონვენციით გათვალისწინებული სხვადასხვა უფლებების დარღვევას შეეხება. საიას მიერ წარდგენილი საჩივრების განხილვა სასამართლოს მიერ უახლოეს პერიოდში დაიწყება", - ნათქვამია საიას განცხადებაში.

ანალიტიკა
«The Guardian»: „ პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“

„სწორედ იმ დროს, როცა მსოფლიოს უაღრესად ჭირდება ბრძენი უხუცესები, პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“ - ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში“ (The Guardian) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორია დევიდ ვან რეიბრუკი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფილოსოფიაში ნიდერლანდებიდან.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

მოდით ერთ დელიკატურ საკითხზე მსჯელობას შევეცადოთ: ვისაუბროთ ასაკზე ისე, რომ ეიჯიზმში - ასაკობრივ დისკრიმინაციაში - არ გადავვარდეთ.

არასოდეს არ მომხდარა ისეთი პრეცედენტი პლანეტის თანამედროვე ისტორიაში, როგორიც დღეს არის: მსოფლიოში მშვიდობის ბედი ისეთი ადამიანების ხელშია, რომლებიც საკმაოდ ხანდაზმულები არიან. ვლადიმერ პუტინს და სი ძინპინს 72 წელი შეუსრულდათ, ნარენდრა მოდი - 74 წლისაა, ბენიამინ ნეთანიაჰუ - 75-ის, დონალდ ტრამპი - 79-ის, ალი ჰამენეი - 86-ის.

რასაკვირველია, მედიცინის განვითარების წყალობით, ადამიანები სულ უფრო მეტ ხანს ცოხლობენ და შეუძლიათ აქტიური ცხოვრებით იცხოვრონ, მაგრამ ამის მიუხედავად, დრეს ცვენ მოწმენი ვართ იმ პოლიტიკური ლიდერების რაოდენობის ზრდისა, რომლებიც ასაკის კვალობაზე სულ უფრო ამკაცრებენ საკუთარ ხელისუფლებას, ხშირად თავიანთი ახალგაზრდა კოლეგების ხარჯზე.

გასულ კვირაში ჰააგაში ნატოს ყოველწლიურ სამიტზე ალიანსის ლიდერები, ემანუელ მაკრონის და მეტე ფრედერიქსონის (ორივე 47-47 წლისაა), ჯორჯა მელონის (48 წლის), პედრო სანჩესის (53 წლის) ჩათვლით, იძულებულნი იყვნენ დათანხმებულიყვნენ დონალდ ტრამპის მოთხოვნას სამხედრო ბიუჯეტის გაზრდის შესახებ. ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურების საშუალო ასაკი 60 წელს შეადგენს: გერმანიის კანცლერი 69-ისაა, ხოლო თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი - 71 წლის.

ყველა დაეთანხმა სამხედრო ასიგნებათა 5%-იან ზრდას, თუმცა აშკარაა, რომ ეს ციფრო თვითნებურად არის დადგენილი - მისი განხილვა სერიოზული დებატებით არ მომხდარა არც ნატოში და არც წევრი ქვეყნების შიგნით. ამ დროს უფრო მეტად სამხედრო-პოლიტიკური რეალობას კი არ მიექცა ყურადღება, არამედ ჭირვეული ამერიკელი პატრიარქის პატივისცემას და მის აკვიატებულ მოთხოვნას. ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე, რომელიც მხოლოდ 58 წლისაა, ისე შორს წავიდა აშშ-ის პრეზიდენტისადმი მოწიწებაში, რომ დონალდს „მამიკოთი“ (Daddy) მიმართა. ეს დიპლომატია არ არის. ეს მორჩილებაა.

თაობათა კონფლიქტი სხვა არენებზეც ხდება: უკრაინის 47 წლის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უპირისპირდება მასზე ბევრად უფროსი ასაკის კოლეგას - რუსეთის 72 წლის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. იმავე ასაკის მქონე სი ძინპინი მტრული თვალით უყურებს ტაივანის  პრეზიდენტს, რომელიც კომუნისტ ბელადზე 7 წლით უმცროსია. ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომლის წლოვანება საუკუნის სამ მეოთხედს შეადგენს, აუღელვებლად უყურებს ღაზას სექტორის განადგურებას, რომლის მოსახლეობის საშუალო ასაკი 18-20 წელია. ირანში 86 წლის ლიდერი მართავს ქვეყნის 80-მილიონიან მოსახლეობას, რომელთა საშუალო ასაკი 32 წელია. კამერუნელი 92 წლის პრეზიდენტი პოლ ბია 1982 წლიდან იმყოფება იმ ქვეყნის სათავეში, რომლის მცხოვრებლების საშუალო ასაკს 18 წელი შეადგენს, ხოლო სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა - 62 წელს.

რასაკვირველია, ჩვენ არ ვდგავართ გერონტოკრატიული შეთქმულების წინაშე. ჯერ-ჯერობით არც მოხუცი მოქმედი ლიდერების კლუბი არ არსებობს, რომლებიც მსოფლიოს ბატონობას სიცოცხლის ბოლომდე ესწრაფვიან... მაგრამ არის რაღაც შემაშფოთებელი იმაში, რომ  მშვიდობა ინგრევა სწორედ იმ ადამიანების მიერ, რომელთა ცხოვრება მეორე მსოფლიო ომის შემდომი არქიტექტურით განისაზღვრა. ალი ჰამენეი 6 წლისა იყო, როცა ჯერ გერმანიამ, შემდეგ კი იაპონიამ ხელი უსიტყვო კაპიტულაციას მოაწერეს.

დონალდ ტრამპი 1946 წელს დაიბადა, როცა გაერომ თავისი პირველი გენერალური ასამბლეის სხდომა ჩაატარა. ბენიამინ ნეთანიაჰუ  დაიბადა ისრაელის სახელმწიფოს შექმნიდან ერთი წლის შემდეგ. ნარენდრა მოდი დაიბადა 1950 წელს, როცა ინდოეთი საპარლამენტო რესპუბლიკად გამოცხადდა და ქვეყნის კონსტიტუცია მიიღეს. ვლადიმერ პუტინი ქვეყანას 1952 წლის ოქტომბერში მოევლინა, იოსებ სტალინის სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე. ამხანაგი სი ძინპინი - 1953 წლის ივნისში დაიბადა, სტალინის სიკვდილის შემდეგ. რეჯეფ ერდოღანი გაჩნდა 1954 წელს, თურქეთის ნატოში შესვლიდან ორი წლის შემდეგ. ყველა ჩამოთვლილი პირები ომისშემდგომი ეპოქის ბავშვები არიან და ახლა, როცა თავიანთი სიცოცხლის მიჯნას უახლოვდებიან, ისინი, როგორც ჩანს, მზად არიან იმ მსოფლიოს დასანგრევად, რომლებშიც თვითონ დაიბადნენ. ასთი მოქმედება შურისძიებას ჰგავს.

დიახ, საერთაშორისო წესრიგი, რომელიც თეორიულად გარკვეულ წესებს ემყარებოდა, პრაქტიკაში ყოველთვის არეულ-დარეული იყო, ვიდრე ეს ქაღალდზე ჩანდა. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში რაღაც იდეალი არსებობდა, რომლის მიღწევას ყველა თავისებურად ცდილობდა. არსებობდა საერთო მორალური პრინციპები - დიახ, მყიფე, მაგრამ გულწრფელი, რომელიც იმ რწმენას ემყარებოდა, რომლის მიხედვით, კაცობრიობას აღარ უნდა გაემეორებინა მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის მხეცობები და რომ უმჯობესია უთანხმოებები დიალოგისა და დიპლომატიის მეშვეობით მოგვარდეს. დღეს ეს რწმენები აორთქლდა, გაქრა და უმეტესად იმ ადამიანთა გონებასა და სულში, რომლებისთვისაც ყველაზე ძვირფასი უნდა ყოფილიყო და რომელებიც სიკეთის რწმენას ყველაზე მეტად უნდა გაფრთხილებოდნენ.

დღეს უპრეცედენტო მომენტია. წინა მსოფლიო მართლწესრიგის არქიტექტორები - ადოლფ ჰიტლერი, ბენიტო მუსოლინი, იოსებ სტალინი და მაო ძედუნი სულ რაღაც 30-40 წლისანი იყვნენ, როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ. ახალმა თაობამ ახალი მსოფლიო ააშენა, მაგრამ წინა მართლწესრიგის შედეგებს შეეჯახნენ. დრეს ახალი მსოფლიოც ინგრევა იმ ძველი თაობის ადამიანების მიერ, რომლებიც ვერ იცოცხლებენ იმ დრომდე, რათა დაინახონ, როგორი ნანგრევები დარჩება მათი მოქმედებით.

ჩვენ შეიძლებოდა გვქონოდა იმის იმედი, რომ თაობა, რომელსაც ბედმა გაუღიმა და სიცოცხლის ხანგრძლივობა გაუგრძელდა, თავიანთი სიკვდილის შემდეგ სიკეთის, პტივისცემის და გლობალური პოზიტიური ხელმძღვანელობის მემკვიდრეობას დატოვებდა. ამის ნაცვლად ჩვენ მოწმენი ვართ ბოლო ათწლეულებში მომხდარი ყველაზე უარესი რეპრესიების, ძალადობის, გენოციდების, ეკოციდების და საერთაშორისო სამართლის მიმართ უპატივცემლო დამოკიდებულებისა, რომლებსაც ყველაზე მეტად ულმობელი 70-80 წლის მოხუცები სჩადიან და რომლებიც, როგორც ჩანს, უფრო მეტად იმით არიან დაინტერესებული, რომ თავი აარიდონ სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ვიდრე მშვიდობის შენარჩუნებაზე იზრუნონ.

მაგრამ ასე არ უნდა იყოს.

როცა ნელსონ მანდელამ 1999 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტი დატოვა, მან ჩამოაყალიბა ორგანიზაცია „უხუცესები“, რომელიც ყოფილ მსოფლიო ლიდერებს აერთიანებდა. ისინი მუშაობდნენ მშვიდობის, სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების მხარდასაჭერად. დღეს, მოქმედებენ რა კონსენსუსის ტრადიციებით და წინა თაობების პოლიტიკოსთა საუკეთესო გამოცდილებით, „უხუცესების“ წევრები ითვლებიან იმის მაგალითად, თუ როგორ შეუძლიათ ასაკოვან ადამიანებს კაცობრიობას მოუტანონ მეტი სინათლე, გამოხატონ თანაზიარობა, იმოქმედონ სინდისით და არა მარტო გავლენითა და ძალით.

პრობლემა მოხუცებულობაში არ არის. პრობლემა იმაშია, თუ როგორი მიზნის მიღწევა სურთ მისი სარგებლობით და რას აძლევენ უპირატესობას. მსოფლიოს არ სურს ისეთი ახალი მოხუცი ძალოვანი პირები, რომლებსაც მმართველის საჭისა და ტახტის დატოვება არ სურთ. მსოფლიოსათვის უკეტესია ის მოხუცი ლიდერები, ის უხუცესები, რომლებიც მზად არიან კომპრომისებისათვის და ადამიანთა ენერგიის სასიკეთოდ წარმართვისათვის. ისინი, ვინც მემკვიდრეობაზე ფიქრობენ არა როგორც პირად დიდებაზე, არამედ როგორც მშვიდობაზე, რომელსაც ისინი თავიათი სიცოცხლის შემდეგ დატოვებენ. ჩვენს დროში გვჭირდება არა ბატონობა, არამედ სიბრძნის გამოვლენა. და ეს, საბოლოო ჯამში, არის ის, რაც მმართველს ლიდერისაგან განასხვავებს.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.