USD 2.6981
EUR 3.1530
RUB 3.3399
Tbilisi
საგარეო საქმეთა სამინისტრო - ირანის საელჩომ სამძიმრის წიგნის გახსნის შესახებ 26 ივნისს ოფიციალური ნოტით მოგვმართა
Date:  221

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ირანის საელჩოში სამძიმრის წიგნი, სადაც ირანის მოქალაქეების დაღუპვასთან დაკავშირებით ჩანაწერი გაკეთდა, ირანის საელჩოს ინიციატივით გაიხსნა.

აღნიშნულის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის საელჩოში საქართველოს სააგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მისვლასთან დაკავშირებით აცხადებენ.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ირანის საელჩომ საგარეო საქმეთა სამინისტროს სამძიმრის წიგნის გახსნის შესახებ 26 ივნისს ოფიციალური ნოტით მიმართა.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2025 წლის 13 ივნისს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა ახლო აღმოსავლეთში ესკალაციას: „ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობით, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას. ჩვენ განსაკუთრებულად ვუსვამთ ხაზს დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას დეესკალაციისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“.

2025 წლის 26 ივნისს ირანის საელჩომ ოფიციალური ნოტით მიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში სამძიმრის წიგნის გახსნის შესახებ და თბილისში გახსნილ სამძიმრის წიგნში ირანის მოქალაქეების დაღუპვასთან დაკავშირებით გაკეთდა შესაბამისი ჩანაწერი“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ცნობისთვის, გუშინ, საქართველოში ისრაელის საელჩომ შეშფოთება გამოხატა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ირანის საელჩოს სოლიდარობის ღონისძიებაში მონაწილეობის თაობაზე და განაცხადა რომ ეს „მორალურად არასწორია“.

მანამდე განცხადება გაავრცელა ირანის საელჩომ, რომლის თანახმადაც, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა, ისრაელის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა მიმართ სამძიმარი გამოთქვა, ირანის მიმართ კი სოლიდარობა გამოხატა. ირანის საელჩოს განმარტებითვე, აღნიშნულთან დაკავშირებით საელჩოში ღონისძიება გაიმართა.

tbilisi
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way