USD 2.6638
EUR 3.1012
RUB 3.6306
თბილისი
საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა საქართველოს ხელისუფლებას ავტორიტარულ მართვაში სდებენ ბრალს, ქვეყანას კი, რუსეთის მიმართ სანქციებისთვის გვერდის ავლაში
თარიღი:  299

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია საფრანგეთის მთავრობას ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.

რეზოლუცია საფრანგეთის მთავრობას მოუწოდებს, რომ „თავის ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციით, მხარი დაუჭიროს ევროპარლამენტის 2025 წლის 13 თებერვლის რეზოლუციაში აღნიშნული პირების, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ახლო გარემოცვის წინააღმდეგ მიზნობრივი ინდივიდუალური სანქციების დაწესებას, ევროპარლამენტის მოწოდებისა და აშშ-ის მიერ უკვე დაწესებული სანქციების შემდეგ“.

რეზოლუცია „მოუწოდებს საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას, მოითხოვოს ყველა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლება, მათ შორის ოპოზიციის ლიდერებისა და იმ ახალგაზრდა მშვიდობიანი დემონსტრანტების, რომლებიც დაკავებული არიან თავიანთი დემოკრატიული აქტივობის გამო“.

ასევე, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა ქვეყნის მთავრობას მოუწოდებს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის საპატიო ლეგიონის ორდენის მინიჭების პირობები შეისწავლოს.

რეზოლუცია „მოუწოდებს საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას, შეისწავლოს ბიძინა ივანიშვილისთვის საპატიო ლეგიონის ორდენის მინიჭების პირობები და განიხილოს ამ ჯილდოს ჩამორთმევის საკითხი, მისი იმ ქმედებების გათვალისწინებით, რომლებიც ეწინააღმდეგება რესპუბლიკის მიერ აღიარებულ ღირებულებებს“.

რეზოლუციის თანახმად, „ევროკავშირის ინსტიტუტებმა და წევრმა სახელმწიფოებმა მეტ ყურადღება უნდა გამოიჩინონ საქართველოში ფუნდამენტური უფლებების დაცვასთან დაკავშირებით და განიხილონ რეაგირების ზომები გამოვლენილ დარღვევებზე, მათ შორის, დარღვევების გაგრძელების შემთხვევაში, მიზნობრივი შემზღუდავი ინსტრუმენტების მობილიზების საშუალებით“.

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა „იმედოვნებს, რომ ევროკავშირის საბჭოს ფარგლებში ყველა წევრ სახელმწიფოს შორის კოორდინაცია შესაძლებელს გახდის საერთო პოზიციის ჩამოყალიბებას, რომელიც დაეფუძნება დემოკრატიული ღირებულებების დაცვას, პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებასა და სამხრეთ კავკასიაში ჩვენი საერთო ინტერესების დაცვას“.

ეროვნული ასამბლეა „მოუწოდებს ევროკავშირს, მკაცრად შეახსენოს საქართველოს ხელისუფლებას მისი ვალდებულება, რომ სრულად უზრუნველყოს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ევროკავშირის ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებების დაცვა, მათ შორის, გამოხატვისა და პრესის თავისუფლება, პირადი უსაფრთხოება და გადაადგილების თავისუფლება, საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად“.

ასევე, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა ევროკავშირს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის გაძლიერებისკენ მოუწოდებს.

რეზოლუცია „მოუწოდებს ევროკავშირს, მოახდინოს მხარდაჭერის მექანიზმების ადაპტაცია ქართული სამოქალაქო საზოგადოების სასარგებლოდ, რათა უზრუნველყოფილი იქნას მათი ეფექტურობა და მდგრადობა დეგრადირებულ ინსტიტუციურ კონტექსტში“.

რეზოლუცია „მოუწოდებს ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს, მათ შორის საფრანგეთს, რომ საქართველოსთან თანამშრომლობის რეორიენტაცია მოახდინონ, რათა ამის ბენეფიციარი პირდაპირ სამოქალაქო საზოგადოება იყოს და უზრუნველყოფილ იქნას ის, რომ ევროპულმა დახმარებამ კონკრეტულად ხელი შეუწყოს ქვეყნის დემოკრატიული მდგრადობის გაძლიერებას“.

ასევე, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა „მოუწოდებს ევროკავშირს, სანქციების მომდევნო პაკეტში დაამატოს ზომები, რომელთა მიზანიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციებისთვის საქართველოს მიერ გვერდის ავლის აღკვეთა იქნება“.

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა „კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არ შეიძლება საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხე ამჟამინდელი მთავრობის ქმედებებმა შეუქმნას და მოწოდებით გამოდის, რომ გაწევრიანების პერსპექტივა ღია დარჩეს იმ პირობით, რომ პოლიტიკური წინაპირობები შესრულდება და მოქმედი მთავრობის მიერ კანონის უზენაესობასა და ფუნდამენტურ უფლებებზე თავდასხმები დასრულდება“.

საზოგადოება
საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის მისაღებად ახალი რეგულაციები შემოდის - წესდება ენობრივი ბარიერი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტს წარედგინა შსს-ს ავტორობით მომზადებული მასშტაბური ცვლილებათა პაკეტი, რომელიც „მიგრაციული ნაკადების ეფექტურ მართვას შეუწყობს ხელს“.

კერძოდ, მისი თქმით, საკანონმდებლო დონეზე დასჯადი ხდება საქართველოს მოქალაქესთან ფიქციური ქორწინება, თუ მიზნად ისახავს ქორწინება ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვებას.

ასევე, წესდება ენობრივი ბარიერის ცენზი და საქართველოს მთავრობა დაადგენს იმ კონკრეტული დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელიც მიჩნეული იქნება ქვეყანაში უცხოელების მიერ სწავლის გაგრძელების საფუძვლად.

„საქართველოს პარლამენტს უკვე წარედგინა შსს-ს ავტორობით მომზადებული მორიგი მასშტაბური ცვლილებათა პაკეტი, რომელიც მიგრაციული ნაკადების ეფექტურ მართვას შეუწყობს ხელს. აღნიშნული პაკეტი შსს-მ საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისა, ასევე იუსტიციის სამინისტროსთან კოორდინაციით მოამზადა და დაჩქარებული წესით პარლამენტს გადაეცა განსახილველად.

ცვლილებები შეეხება სხვადასხვა მიმართულებას და ძირითადად გაანალიზებულია პრაქტიკული გამოწვევები, რაც მიგრაციული ნაკადების მართვის მიმართულებით არსებობდა. ცვლილებები შეეხება სასწავლო ბინადრობებს. აღნიშნული ბინადრობები, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში არამიზნობრივად გამოიყენებოდა. ჩვენ არაერთი შემთხვევა გამოვავლინეთ, როდესაც სასწავლო ბინადრობის მქონე პირები არადანიშნულებისამებრ იყენებდნენ აღნიშნულ უფლებას. შესაბამისად, წესდება კონკრეტული სამართლებრივი რეგულაციები. კერძოდ, წესდება ენობრივი ბარიერის ცენზი და საქართველოს მთავრობა დაადგენს იმ კონკრეტული დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელიც მიჩნეული იქნება ქვეყანაში სწავლის გაგრძელების საფუძვლად.

გარდა ამისა, წესდება კონკრეტული აკრძალვა იმ უცხოელი ახალგაზრდებისთვის, ვინც ბოროტად იყენებს სასწავლო ბინადრობას.

საკანონმდებლო დონეზე დასჯადი ხდება საქართველოს მოქალაქესთან ფიქციური ქორწინება, თუ მიზნად ისახავს ეს ქორწინება ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვებას. სპეციალური კომისია შეისწავლის თითოეულ ასეთ შემთხვევას და თუკი გაჩნდება ეჭვი, რომ ადგილი აქვს ფიქციურ ქორწინებას, სისხლის სამართლის წესით მოხდება დანაშაულის ჩამდენი პირების წინააღმდეგ სანქციის გატარება.

მნიშვნელოვნად მარტივდება ადმინისტრაციული წარმოების პროცესები, კერძოდ: პრაქტიკაში, ხშირ შემთხვევაში ბინადრობის ნებართვაზე უარის გასაჩივრება გამოიყენებოდა ქვეყანაში ხანგრძლივი ვადით ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად და ამ ქმედების პრევენციის მიზნით, მარტივდება, როგორც გასაჩივრების ვადები და წარმოების პროცესი, ასევე მთლიანად იცვლება საკანონმდებლო ჩარჩო ამ კუთხით. იზრდება შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის ფუნქცია-მოვალეობები და მას დაემატება ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის უფლება იმისათვის, რომ არალეგალური მიგრაციის თითოეული შემთხვევა, ოპერატიულად, სამძებრო სამუშაოების შედეგად იქნეს გამოვლენილი", - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის