„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანგარიშის მიხედვით, შესწავლილმა 16-მა პარტიამ ჯამურად 16,927,785 ლარის ოდენობის შემოსავალი (საბიუჯეტო დაფინანსება, შემოწირულება, საბანკო სესხი) მიიღო და 16,047,245 ლარის ხარჯი გაწია, რაც 2021 საარჩევნო წელთან შედარებით 2.5-ჯერ ნაკლებია.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ყველა პარტიის შემოსავლების 37% (6,191,423 ლარი) და ხარჯების 39% (6,281,984) „ქართულ ოცნებაზე“ მოდიოდა.
„პოლიტიკური პარტიების მიერ ჯამურად მიღებული შემოსავლების 76% (12,925,153 ლარი) სახელმწიფო დაფინანსებაზე მოდიოდა, 24% (4,002,632) კი - კერძოზე (შემოწირულება, საბანკო სესხი). 16-დან 8 პარტიის შემოსავლების 90%-ზე მეტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსება შეადგენს. 16 პოლიტიკური პარტიიდან მხოლოდ 8 პარტიამ, მიიღო შემოწირულება (აქედან ორმა – 1000 ლარზე ნაკლები). პარტიებმა სულ 2,656,066 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღეს, რომლის 39% (1,036,000 ლარი) „ქართული ოცნებაზე“ მოდიოდა.
კვლავ პრობლემას წარმოადგენს მმართველი პარტიის შემომწირველების მიერ მრავალმილიონიანი სახელმწიფო შესყიდვების (ტენდერები, პირდაპირი შესყიდვები) კონტრაქტების მოპოვების ფაქტები, რომელიც კორუფციული გარიგებების ეჭვს აჩენს. პრობლემურია შესაძლო მესამე პირების მეშვეობით განხორციელებული შემოწირულებები, როდესაც შეწირული თანხის წყარო სინამდვილეში არა დონორი, არამედ სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირია. ასეთი ქმედება კანონმდებლობით აკრძალულია. კვლავ არსებითია ფინანსური უთანასწორობა მმართველ პარტიასა და სხვა პარტიებს შორის. პრობლემურია პარტიების მსხვილ დონორებზე დამოკიდებულება. მცირერიცხოვან, მაგრამ მსხვილ დონორებზე ყველა პარტიის მიერ მიღებული თანხის დაახლოებით 50% მოდიოდა. პრობლემურია საკანონმდებლო ცვლილება, რომლითაც „ლელოს“ და „ლეიბორისტულ პარტიას“ საბიუჯეტო დაფინანსება შეუწყდა (მათი წევრების მიერ პარლამენტის დატოვების საფუძვლით). ცვლილების შედეგად „ლეიბორისტული პარტიის” მთლიანი შემოსავალი წინა წელთან შედარებით 75%-ით შემცირდა“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან, როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, სასურველი ეფექტი ვერ ექნება ცვლილებას, რომლითაც პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების მანამდე არსებული ზედა ზღვარი - ქვეყნის წინა წლის მშპ-ს 0.1% - განახევრდა და გახდა მშპ-ს 0.05%, თუმცა მაინც არაადეკვატურად მაღალია.
„ქართული ოცნების“ ორ შემომწირველთან (მათ 2022 წელს „ქართულ ოცნებას“ 40,000 ლარი შესწირეს) დაკავშირებულმა შპს „გზამ“ 2022 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 იანვრამდე პერიოდში 118 მილიონი ლარის ოდენობის 12 ტენდერი მოიგო. ამ კომპანიას 2011 წლიდან 245 მილიონი ლარის ტენდერები აქვს მოგებული, ხოლო მასთან დაკავშირებულ პირებს მმართველი პარტიისთვის 220,000 ლარი აქვთ გაღებული. კორუფციის მაღალ რისკებს შეიცავდა ჯონი ჯინჭარაძის და მარინა დეხტიარევის მიერ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გაღებული შემოწირულებები (ჯამში 40,000₾). თანხის გაღებიდან 17 დღეში მათთან დაკავშირებულ სამშენებლო კომპანიას (რომლის მესაკუთრეებიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან) ხელვაჩაურის საკრებულომ, ბათუმთან ახლოს, სალიბაურის მაღლობზე, 16,000 კვ.მ. ფართობზე, პროექტის განაშენიანების დეტალური გეგმა (გდგ) ერთხმად დაუმტკიცა. ბიძინა ივანიშვილთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულმა 7 პირმა 2022 წელს „ქართულ ოცნებას“ ჯამში 250,000 შესწირა. ამავე პირებს 2011 წლიდან მმართველი პარტიისთვის 1.8 მლნ ლარზე მეტი აქვთ შეწირული. შემომწირველებიდან გამოიკვეთა რამდენიმე მცირე ჯგუფი, რომლებსაც ერთსა და იმავე დღეს ან 1-2 დღის შუალედში აქვთ მმართველი პარტიისთვის თანხა შეწირული და როგორც წესი სხვადასხვა გზით (ბიზნესი, ნათესაობა) არიან ერთმანეთთან დაკავშირებული. ეს გარემოებები აჩენს ეჭვებს, წინასწარ ხომ არ არის ეს კოლექტიური ქმედება ვინმეს მიერ ორგანიზებული და სხვა პირების მეშვეობით ხომ არ ხდება შეწირვა.
ჩვენი რეკომენდაციაა ანტიკორუფციული ბიურო აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი საგამოძიებო უფლებამოსილებებით. პოლიტიკური ნეიტრალიტეტის უზრუნველსაყოფად ბიუროს უფროსი დაინიშნოს პარლამენტის მიერ, დანიშვნაში მონაწილეობა ოპოზიციურმა პარტიებმაც უნდა მიიღონ; აუცილებელია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტომ შეისწავლოს „ეიჩ გრუპ დეველოპმენტის“ მიერ სალიბაურის მაღლობზე დაგეგმილი მშენებლობის ნებართვის შესაძლო კორუფციული გზით მოპოვების ფაქტი; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ უნდა შეისწავლოს მმართველი პარტიის დონორების მიერ განხორციელებული შემოწირულებების კავშირი მათ მიერ მიღებულ მსხვილი სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტებთან, რათა გამოირიცხოს შესაძლო კორუფციული გარიგების არსებობა; პოლიტიკურმა პარტიამ არ უნდა დაკარგოს კუთვნილი სახელმწიფო დაფინანსება იმისდა მიუხედავად იგი საპარლამენტო მანდატებს გამოიყენებს თუ არა, ვინაიდან პარტიის დაფინანსება მის მიერ არჩევნებზე მიღებულ შედეგებზე უნდა იყოს დამოკიდებული და არა საპარლამენტო საქმიანობაზე; იმ პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან განსხვავებული სქესის წარმომადგენელთათვის გათვალისწინებულ დანამატს იღებენ, სრულად უნდა დაიცვან დეკლარაციების შევსების წესი და შესაბამის ველში მიუთითონ მიღებული თანხის ოდენობა; სასურველია, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა წლიურ ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტში ჩაამატოს ცალკე ფორმა, სადაც პარტიები მიუთითებენ „სხვა ფულადი შემოსავლების“ კატეგორიაში აღნიშნული თანხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) კონკრეტულ წარმომავლობას; სასურველია, პოლიტიკურმა პარტიებმა უფრო მეტი აქცენტი გააკეთონ სხვადასხვა ღონისძიებებისა თუ კამპანიების მეშვეობით შემოწირულებების მოზიდვაზე. როგორც წესი, ასეთ დროს პარტიები რამდენიმე მსხვილ დონორზე არ არიან დამოკიდებული და შესაძლო კორუფციული გარიგებების რისკიც უფრო მცირეა”, - ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/