30 აგვისტოს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
წმიდა ტბელი აბუსერიძე (XIII)
წმიდა ტბელი აბუსერიძე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XIII ს-ში. წმიდანის მამა ივანე ზემო აჭარის ერისთავთ-ერისთავი თურქებთან ბრძოლაში დაიღუპა. დაქვრივების შემდეგ წმიდა ტბელის დედა მონაზვნად აღიკვეცა ეკატერინეს სახელით. წმიდა ტბელს ორი ძმა ჰყავდა აბუსერი და ვარდანი, რომელნიც მისი დროის ცნობილი მოღვაწენი იყვნენ.
წმიდა ტბელმა მისი გვარის შესაბამისად შესანიშნავი განათლება მიიღო. მან როგორც ჰიმნოგრაფმა, პროზაიკოსმა, ასტრონომმა, საეკლესიო მუსიკათმცოდნემ და საერთოდ ღრმა მეცნიერული აზროვნებით გარჩეულმა მწიგნობარმა წარუშლელი კვალი დაამჩნია ქართული კულტურის ისტორიას.
როგორც წმიდანის ნაწერებიდან ჩანს, მან ზემო აჭარაში სოფელ ხიხანში ააშენა წმიდა გიორგის ეკლესია. ვარაუდობენ, რომ წმიდა ტბელი იქ მოღვაწეობდა როგორც სასულიერო პირი და იქ შექმნა მისი თხზულებების უმეტესი ნაწილი. წმიდა ტბელს ჰყოლია შვიდი შვილი და როგორც თავის საგვარეულო მატიანეში წერს, თუ კიდევ გაუჩნდებოდა შვილი მათი სახელებიც უნდა შეეტანათ მატიანეში.
წმიდა ტბელს ინტენსიური კულტურული ურთიერთობა ჰქონდა გელათის აკადემიასთან, ვარაუდობენ, რომ მან იქ მიიღო ისეთი მრავალმხრივი განათლება, რომელიც მას საშუალებას აძლევდა ერთამანეთისაგან განსხვავებულ ჟანრებში ეთქვა თავისი ბრძნული და წმიდა სიტყვა.
წმიდა ტბელის ჰიმნოგრაფიულ კრებულში „გალობანი წმიდისა იოანე ნათლისმცემლისანი, წმიდისა იოანე მახარებლისა და წმიდისა იოანე ოქროპირისანი“ - კარგად ჩანს ავტორის, როგორც უდიდესი ღვთისმეტყველი მწერლისა და წმიდანის სახე. გალობანის ღრმა საღვთისმეტყველო აზრები, მეტაფორები, მოვლენების სიმბოლური და მისტიკური გააზრება „ცნობა ხილულთა“ და „უხილავთა მეცნიერჰყოფა“ წმიდა ტბელს წარმოაჩენს როგორც მსოფლიო დონის მეცნიერსა და ღვთისმეტყველს.
წმიდა ტბელი დაინტერესებული ყოფილა წელთაღრიცხვის პრობლემებით და შეუდგენია „ქრონიკონი სრული საუწყებელითა და განგებითა“, რომელშიც ასტრონომიისა და ისტორიის ცოდნასთან ერთად გადმოცემულია კალენდრის კოსმიური გააზრება და ქრისტიანული ესქატოლოგია.
ცნობილია წმიდა ტბელ აბუსერიძის ჰაგიოგრაფიული ჟანრის თხზულება „ახალნი სასწაულნი წმიდისა მთავარმოწამისა გიორგისანი“, რომელიც მნიშვნელოვანია მისი ისტორიული ღირებულებითაც, იგი გვაწვდის ცნობებს ფეოდალური ეპოქის საქართველოს ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი საგვარეულოს აბუსერიძეთა მოღვაწეობის და მათი კულტურულ-აღმშენებლობითი საქმიანობის შესახებ.
გარდა ლიტერატურული და მეცნიერული მოღვაწეობისა, რომელიც სათანადოდ არის დაფასებული ქართველი მეცნიერების მიერ, წმიდა ტბელი ცნობილია როგორც წმიდა და ღმერთშემოსილი მამა და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მიერ წმიდა ტბელის კანონიზაციით სამუდამოდ დაკანონდა მისი, როგორც წმიდა მამის პატივისცემა და შესაბამისად დაფასდა ის ღვაწლი, რითაც მან სამართლიანად მოიპოვა ქართველი ხალხის სიყვარული.
წმიდა მოწამე მირონ ხუცესი (+250)
წმიდა მოწამე მირონი აქაიელი (საბერძნეთი) ხუცესი იყო, III საუკუნეში ცხოვრობდა და 250 წელს, იმპერატორ დეკიუსის (249-251) ზეობისას ეწამა ქრისტესთვის. იგი, ჩვეულებრივ, მეტად თავმდაბალი და გულმოწყალე იყო, მაგრამ საოცარ სიმტკიცესა და გამბედაობას იჩენდა, როცა საქმე სულიერი შვილების დაცვას შეეხებოდა. ერთხელ, ქრისტეშობის დღესასწაულზე, ნეტარი მამა ღვთისმსახურებას აღასრულებდა. უეცრად მლოცველთა დასატუსაღებლად და ჯალათთათვის გადასაცემად ტაძარში შეიჭრა ადგილობრივი მთავარი ანტიპატრი მხედრებთან ერთად. ეს რომ იხილა, მირონი გამოესარჩლა სამწყსოს და გაბედულად ამხილა მმართველი სისასტიკეში. ამისთვის მას საშინელი სატანჯველები დაატეხეს თავს: დაკიდეს, რკინის ჩანგლებით ჯიჯგნეს, შემდეგ კი გახურებულ ღუმელში შეაგდეს. ქურიდან გადმომსკდარმა ალმა მახლობლად მდგომი ასორმოცდაათი ადამიანი იმსხვერპლა, თავად წმიდა მამა კი, ღვთის ნებით, უვნებელი გადარჩა. მაშინ მმართველმა მარტვილს კერპების თაყვანისცემა მოსთხოვა და, როცა პასუხად მტკიცე უარი მიიღო, ბრძანა, ქამრის სახედ აეჭრათ ტყავები მისი სხეულიდან. წმიდა მირონმა ერთი ქამარი აიღო და სახეში ესროლა მტარვალს. განრისხებულმა ანტიპატრმა ქრისტეს გატყავებული ზვარაკი მხეცებს მიუგდო დასაგლეჯად. ნადირები არ მიეკარნენ უფლის რჩეულს. საკუთარი უძლურების შეგრძნებით გააფთრებულმა და სასოწარკვეთილმა მთავარმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. წმიდა მირონი ქალაქ კვიზიკში წაიყვანეს და მახვილით მოჰკვეთეს
წმიდა მოწამენი: პავლე, დაჲ მისი იულიანა და სხვანი (+დაახლ. 273)
წმიდა მოწამე პავლე, დაჲ მისი იულიანა და სხვანი დაახლოებით 273 წელს, იმპერატორ ავრელიანეს (270-275) ზეობისას ეწამნენ ქრისტესთვის ფინიკიის ქალაქ პტოლემაიდში.
წმიდა მოწამენი: თვირსე, ლევკიოსი, კორონატი და მეგობარნი მათნი (III)
წმიდა მოწამენი: თვირსე, ლევკიოსი, კორონატი და მეგობარნი მათნი ბითვინიის კესარიაში და აპოლონიაში ეწამნენ იმპერატორ დეკიუსის (249-251) დროს. ზოგიერთები წმიდა კორონატს აიგივებენ კორნუტთან, ნიკომიდიელ ეპისკოპოსთან, რომლის ხსენებაც 12 სექტემბერს აღინიშნება.
წმიდა მოწამე პატროკლე (III)
წმიდა მოწამე პატროკლე ცხოვრობდა, იმპერატორ ავრელიანეს (270-275) დროს. ცნობილია, რომ იგი წარმოშობით ქალაქ ტრიკასინიდან (დღევანდელი ტრუა - საფრანგეთში) იყო. უფალმა იგი სასწაულთქმედების ნიჭით დააჯილდოვა. იმპერატორმა ავრელიანემ თავისთან მოუხმო წმიდანს და კერპების თაყვანისცემა მოსთხოვა, სანაცვლოდ კი დიდი პატივი და ჯილდოები აღუთქვა. ზეციური დიდების მოსურნე წმიდანმა იმპერატორს მიმართა: „მე ქრისტიანი ვარ და კერპებს მსხვერპლს არ შევწირავ, არც შენ შეგიძლია, გლახაკს, მე რამე შემომთავაზო“. „როგორ მიწოდებ ქვეყნის გამგებელ იმპერატორს გლახაკს?“ - განრისხდა ავრელიანე. ნეტარმა მიუგო: „შენ დიდი მიწიერი საგანძურის მფლობელი ხარ, მაგრამ არ გაგაჩნია ზეციური საუნჯე, რადგან არა გწამს ქრისტე და საუკუნო ცხოვრებაში სამოთხის ნეტარებას ვერ დაიმკვიდრებ, - ამიტომ ხარ გლახაკი“. ურჩობისა და კადნიერებისათვის თვითმპყრობელმა თავის მოკვეთა მიუსაჯა მარტვილს. მხედრებმა მდინარე სეკვანის (დღევანდელი სენა) ნაპირზე გაიყვანეს იგი, მაგრამ უეცრად თვალთ დაუბნელდათ. პატროკლე ამასობაში წყალზე გადავიდა და მდინარის მეორე ნაპირზე ლოცვა დაიწყო. წმიდანის გაქრობით გაოცებულმა ზოგმა მეომარმა ადიდა ღმერთი, სხვებმა კი სასწაული ჯადოქრობას მიაწერეს. ერთმა წარმართმა ქალმა აუწყა მხედრებს, რომ პატროკლე მეორე ნაპირზე იმყოფებოდა. უღმრთოებმაც გადალახეს მდინარე და უფლის რჩეული სიცოცხლეს გამოასალმეს (+დაახლ. 275). მისი სხეული მღვდელმთავარმა ევსებიმ და დიაკონმა ლიბერიუსმა ღამით პატივით მიაბარეს მიწას.
წმიდა მოწამენი: სტრატონი, ფილიპე, ევტიქიანე და კვიპრიანე (+დაახლ. 303)
წმიდა მოწამენი: სტრატონი, ფილიპე, ევტიქიანე და კვიპრიანე ნიკომიდიაში ეწამნენ. ისინი სანახაობებზე დადიოდნენ და წარმართებს მოუწოდებდნენ, დაეგდოთ კერპთა თაყვანისცემა. მადლიანმა მქადაგებლებმა მრავალი მოაქციეს ქრისტიანობაზე. მმართველმა შენიშნა, რომ სახალხო სანახაობებს მაყურებლები სულ უფრო და უფრო აკლდებოდა და მარტვილები თავისთან მოიხმო. მათ მტკიცედ აღიარეს ჭეშმარიტი სარწმუნოება, რისთვისაც მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად. ნადირები არ გაეკარნენ უფლის რჩეულებს. მაშინ ისინი სასტიკად აწამეს, შემდეგ კი ცეცხლში დაწვეს (+დაახლ. 303).
ღირსი ალიპი, პეჩორელი ხატმწერი (+დაახლ. 1114)
ღირსი ალიპი პეჩორელი, ერთ-ერთი პირველი რუსი ხატმწერი, სიყმაწვილეშივე აღიკვეცა ბერად კიევო-პეჩორის მონასტერში. ხატწერას იგი დაეუფლა ბერძენი ოსტატებისაგან, რომლებიც 1083 წლიდან პეჩორის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მოხატვაზე მუშაობდნენ. ღირსი ალიპი ხატებს უსასყიდლოდ წერდა. თუ შეიტყობდა, რომ რომელიმე ეკლესიაში ხატები დაძველდა, მიჰქონდა და ანახლებდა. თუ ზოგჯერ გასამრჯელოს გადაუხდიდნენ, ღირსი მამა მის ერთ ნაწილს საჭირო მასალის შესყიდვას ახმარდა, მეორეს - გლახაკებს ურიგებდა, მხოლოდ მესამედს იტოვებდა თავისთვის. წმიდა ალიპი არასოდეს რჩებოდა უქმად და ხატწერას მხოლოდ ღვთისმსახურების დროს წყვეტდა. იგი მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს და სიცოცხლეშივე გაითქვა სახელი სასწაულთქმედებით: ნეტარმა ხატებისათვის შემზადებული საღებავების ჭრილობებზე ცხებით განკურნა ერთი კიეველი, რომელიც კეთრს შეეპყრო და ხორცის ლპობაც დასწყებოდა. ცნობილია შემთხვევები, როცა ღირს ალიპის თავის წმიდა საქმეებში ანგელოზები შეეწეოდნენ. კიევის ერთმა მკვიდრმა ტაძარი ააგო და ორ პეჩორელ ბერს სთხოვა, ხატები შეეკვეთათ მისთვის. ბერებმა დაივიწყეს თხოვნა და წმიდანს არაფერი უთხრეს. კიეველი დიდხანს ელოდა შეკვეთის შესრულებას, ბოლოს კი იღუმენთან უჩივლა ნეტარს; მხოლოდ მაშინ გაირკვა, რომ ალიპიმ არაფერი იცოდა შეკვეთის შესახებ, მაგრამ როცა ბერებისთვის გამოტანებული დაფები მოიტანეს, მასზე უკვე მშვენიერი ხატები აღმოჩნდა გამოსახული. ამ კიეველის მიერ აგებული ტაძარი შემდგომში დაიწვა, მაგრამ ხატებს არაფერი დაშავებია. ერთი მათგანი - ღვთისმშობლის მიძინების ხატი, რომელსაც შემდგომ ვლადიმირ-როსტოვისა (ხს. 15 აგვისტოს) ეწოდა, დიდმა მთავარმა ვლადიმირ მონომახმა გადააბრძანა როსტოვში, მის მიერ აგებულ საყდარში.
ნეტარი ალიპი მიიცვალა 17 აგვისტოს, არა უგვიანეს 1114 წლისა. უფლის რჩეული ახლო მღვიმეებში დაკრძალეს.
„სუფრა - ასე ჰქვია ქართულ მოლხენა-დროსტარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობისა და მხიარულების განსახიერებას წარმოადგენს. რომელი კერძებს მიირთმევენ ქართველები სტუმრებთან ერთად? ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ქართული სუფრის დიდებულება ეჩვენებინა და დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც კარგად გამოუვიდა“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება“ (ავტორი - მაიკე ფონ გალენი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
„როცა მივედით, მაგიდა უკვე გაშლილი დაგვხვდა: თეფშებზე დაწყობილი ყველით და ლორით, ნიგვზის ფარშიანი ბადრიჯნით, მხალეულობით, მწვანილით, კიტრით და პომიდორით... მათ შორის ჩადგმულია გრაფინები მოცხარის წვენით და ტარხუნის ლიმონათის ბოთლებით. ოფიციანტი წითელ ღვინოს ბოკალებში ასხამს. გარეთ თბილისური საღამოა, რესტორან „რიგის“ დარბაზში გაშლილ გრძელ მაგიდაზე კი ქართული სუფრა - ქართული ქეიფი იწყება.
ისინი, რომლებიც ქართულ სამზარეულოს არ იცნობენ, მადააღძრულები სწრაფად მიირთმევენ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თბილ მჭადებს, სალათებს და ყველს. მაგრამ ვინც იცის, ის ნელ-ნელა ჭამს და მთავარს ელოდება...
ქართველი ქალბატონი თიკო ტუსკაძე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ახლა სამშობლოში იმყოფება, ჩვენი გიდის როლს ასრულებს და ქართულ სუფრას გვაცნობს როგორც „გემრიელი საჭმელების უსასრულო რიგს“. იგი კულინარული წიგნის ავტორია და გვიხსნის, თუ რომელი საჭმელი როგორ მივირთვათ.
ზოგიერთმა უკვე საკმაო რაოდენობის სალათა მიირთვა, რომ მაგიდაზე ახალი კერძები მოაქვთ - მოხრაკულ-მოთუშული სოკო, ხაჭაპური, ხორცით მომზადებული კერძები... საჭმლით სავსე თეფშები სულ უფრო მრავლდება და მაგიდაზე თავისუფალი სივრცე მცირდება, თუმცა ახალ-ახალი ნუგბარისათვის ადგილი მოიძებნება.
„სტუმართმოყვარეობა - ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კარგად არის გამოხატული ქართულ სუფრაში, როცა მაგიდას ეროვნულ სამზარეულოს კერზები ამშვენებს“, - განმარტავს მაკა თარაშვილი. რა თქმა უნდა, იგი ახალბედა სუფრის წევრებისაგან განსხვავებით, შეცდომებს არ უშვებს და ყველაფერს ერთად არ მიირთმევს. მან კარგად იცის, რა როდის უნდა მიირთვას და უცხოელ სტუმრებს ჭამის საიდუმლოებას ასწავლის: როდის დგება მწვადის, „ჩაქაფულის და საჭმელების მიღების დრო...
ქართული ტრადიციის თანახმად, სუფრაზე იმდენი საჭმელი უნდა იყოს, რომ სტუმრების წასვლის შემდეგაც საკმაო რაოდენობით უნდა დარჩეს: „სუფრა, რომელზეც არაფერი აღარ რჩება, საქართველოში არ არსებობს“, - ამბობს მაკა თარაშვილი, - მასპინძლები იფიქრებენ, რომ სტუმრები მშივრები დარჩნენ. ამიტომ ყველაფერი უამრავია“.
რესტორანი „ქეთო და კოტე“ ძველი თბილისის უბანში, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. დარბაზში მყუდრო გარემოა შექმნილი. მაგიდები ყოველთვის მდიდრულადაა გაშლილი - ტრადიციული კერძები თანამედროვე სტილითაა გაფორმებული. თავდაპირველად თვენ მოგართმევენ ცივ და ვეგეტარიანულ კერძებს, ბოსტნეულს, შემდეგ გამომცხავარს, ცომეულს, ბოლოს კი ხორცით მომზადებულ საჭმელებს.
ქართული სუფრის ტრადიციაა თამადა, ანუ დროსტარების ხელმძღვანელი. იგი სუფრის თავში ზის და სადღეგრძელოებს ამბობს. რესტორან „შატო მუხრანში“, სადაც ჩვენ ვიყავით (თბილისიდან ერთი საათის სავალზე), მეღვინე პატრიკ ჰონეფმა ჩვენი სტუმრობის სადიდებელი სადღეგრძელო წარმოსთქვა. გერმანელი მეღვინე უკვე მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, ოჯახიც აქ ჰყავს. პატრიკი მადლობას გვიხდის სტუმრობისათვის, რომ გერმანელი ტურისტები საქართველოთი დაინტერესდნენ და კავკასიურ ქვეყანას ეწვივნენ.
მასპინძელი გვიხსნის, რომ სუფრის თამადა ყურადღებით ისმენს სტუმრების საუბარს სადღეგრძელოებისათვის იმპულსის მისაცემად. იგი დისკუსიას ზომიერ მიმართულებას აძლევს და განწყობას ამაღლებს. ამიტომაც თამადა ისეთი პიროვნებაა, რომელიც ცნობილია თავისი კეთილი ხასიათით, გონებამახვილობით და ინტელექტით.
თუ როგორ მზადდება კლასიკური ქართული კერძები, ამას თქვენ თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, კახეთში გაიგებთ, სადაც ღვინის კომპანია „შუმის“ რესტორანი მდებარეობს. აქ სტუმარი საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ ცხვება ქართული თონის პური, როგორ კეთდება ხინკალი, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ დიდებულ და გემრიელ კერძს წარმოადგენს.