USD 2.7433
EUR 2.8862
RUB 2.7214
თბილისი
სად (ვერ) სწავლობენ აფხაზი სტუდენტები?
თარიღი:  784

ავტორი: გიორგი კანაშვილი, კონფლიქტოლოგი

უკვე თხუთმეტი წელია, ქართულ-აფხაზურ დიალოგში ვმონაწილეობ და ერთ-ერთი თემა, რომელზედაც აფხაზები მუდმივად ჩივიან, თბილისის მიერ აფხაზეთის დასავლეთისგან იზოლაციაა, რაც მათ სხვა ალტერნატივების ძიებისკენ უბიძგებთ. ჩვენს რეგიონში კი, ან ევროპულ ბილიკს უნდა დაადგე, ან — რუსულ გზატკეცილს. ამ ფონზე, ბოლო წლებია, სხვადასხვა შეხვედრაზე უმაღლესი განათლების საკითხმაც წამოიწია. აფხაზები საუბრობენ, რომ მათ ახალგაზრდებს ევროპაში განათლების მიღება სურთ, რის საშუალებასაც ქართული სახელმწიფო არ აძლევთ.

გულწრფელად დამაინტერესა ამ საკითხმა და შევეცადე მის შეძლებისდაგვარად ობიექტურ შესწავლას. წინამდებარე ტექსტში დაწვრილებით აღვწერ, რა საშუალებები აქვთ აფხაზ ახალგაზრდებს უმაღლესი განათლების მიღების კუთხით, იქნება ეს თავად აფხაზეთში, რუსეთში, თურქეთსა თუ ევროპაში. ბოლოს ვისაუბრებ საქართველოს პოლიტიკაზე და მასში შესატან ცვლილებებზე.

სწავლა აფხაზეთში

აფხაზი აბიტურიენტის „მენიუ“არცთუ მრავალფეროვანია: მას შეუძლია ისწავლოს აფხაზეთში, რუსეთში, თურქეთში და უაღრესად იშვიათ შემთხვევებში — ევროპაში. ბოლო წლებია, დასავლეთის კარი უფრო გაიხსნა, თუმცა მცირედ.

საკუთრივ აფხაზეთში დღეისთვის ორი უმაღლესი სასწავლებელი ფუნქციონირებს — აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სოხუმის ღია ინსტიტუტი. ეს უკანასკნელი 1997 წელს შეიქმნა, რომლის 6 ფაკულტეტზეც სულ 500-მდე სტუდენტი სწავლობს. იგი აფხაზეთში ნაკლებად პრესტიჟულად ითვლება, იქ მიღებული განათლების ხარისხი კი საკამათოდ, რაც კინაღამ მისი დახურვის საფუძველიც კი გახდა.

ყველაზე სახელოვანი და დიდი უმაღლესი სასწავლებელი აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტია, რომელიც სოხუმში 1932 წელს გაიხსნა, როგორც გორკის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი. 1979 წელს, აფხაზთა რიგი პოლიტიკური მოთხოვნების ფონზე, იგი უნივერსიტეტად გარდაიქმნა. საინტერესოა, რომ ქართულ-აფხაზურმა დაპირისპირებამ ფიზიკური სახე სწორედ ასუ-ის სტატუსის გარშემო ატეხილი კონფლიქტის დროს მიიღო. 1989 წლის ივლისში, სტუდენტებს შორის შეტაკებებამა რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. პროცესი ქართული და აფხაზური სექტორების განცალკევებით დასრულდა.

ამჟამად ასუ-ის 8 ფაკულტეტზე 3000-მდე სტუდენტი სწავლობს, უნივერსიტეტს აქვს 42 კათედრა; ბოლო წლებია, ასუ-ში სწავლის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას ცდილობენ. მაგალითად, სასწავლო პროცესი ბოლონიის სისტემის შესაბამისად დაიყო ოთხწლიან საბაკალავრო და ორწლიან სამაგისტრო პროგრამებად. თუ არ ჩავთლით ცალკეულ დისციპლინებსა და ზოგიერთ კათედრას, მთლიანობაში უნივერსიტეტმა მოახერხა ახალ მოდელზე გადასვლა. სწავლების ენა უმთავრესად რუსულია.

საერთაშორისო კავშირების მხრივ ასუ ფრიად შეზღუდულია და ძირითადად, რუსეთში მოქმედი უნივერსიტეტებით შემოიფარგლება. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი (МГУ) პირველი უმაღლესი სასწავლებელი იყო, რომელმაც ასუ-თან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა. ეტაპობრივად მყარდებოდა კავშირები რუსეთის სხვა უნივერსიტეტებთანაც, განსაკუთრებით, ჩრდილოეთ კავკასიაში მდებარე უმაღლეს სასწავლებლებთან.

მიუხედავად ცალკეული მცდელობებისა, აფხაზურ უნივერსიტეტებს მინიმალური კავშირები აქვთ დასავლურ, ან სხვა რომელიმე საგანმანათლებლო სივრცესთან, რუსეთის გარდა (გამონაკლისია თურქეთი, რაზეც ქვედა თავებშია საუბარი). თანამშრომლობა, გაცვლითი პროგრამები და სასწავლო ვიზიტები ევროპაში, ეპიზოდურ ხასიათს ატარებს და ძირითადად პირად კავშირებზეა დამყარებული.

დიდი სურათის დასანახად შეგვიძლია დავამატოთ, რომ რუსეთთან ახლო, ხოლო დასავლეთთან შეზღუდული კავშირები, პოსტ-საბჭოთა სივრცის კონფლიქტურ რეგიონებში განთავსებული ყველა უნივერსიტეტისთვისაა დამახასიათებელი.  სტატუსთან დაკავშირებული საკითხებიდან გამომდინარე დნესტრისპირეთის, მთიანი ყარაბაღის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის უნივერსიტეტები საერთო ევროპულ საგანმანათლებლო პროგრამებში ვერ მონაწილეობენ (მაგალითად, ისინი არ არიან ჩართულნი ერაზმუს + პროგრამაში).

ზოგადად, უნდა ითქვას, რომ აფხაზეთში უმაღლესი განათლების ხარისხის გაზომვა რთულია, რადგან არც საქართველოს, არც რომელიმე სხვა კომპეტენტური საერთაშორისო  ცენტრი, განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებებს არ აფასებს. თუმცა, ლეგიტიმურია ვივარაუდოთ, რომ ზოგად ევროპული განათლების სისტემისა და პროცესებისაგან მოწყვეტა/იზოლირება და ამასთანავე, შეზღუდული ფინანსური რესურსები, განათლების ხარისხზე აფხაზეთში დადებითად არ უნდა მოქმედებდეს.

სწავლა რუსეთში

უმაღლეს განათლებას აფხაზები, აფხაზეთის გარდა, უმთავრესად რუსეთში იღებენ. ასე იყო 2008 წელს მოსკოვის მიერ აფხაზეთის აღიარებამდეც და იგივე ტენდენცია შენარჩუნდა მას შემდეგაც. რაც შეიცვალა ისაა, რომ აფხაზეთისადმი რუსეთის განათლების პოლიტიკას უფრო დაუფარავი/ღია სახე მიეცა. მოსკოვმა და სოხუმმა 2018 წელს ხელი მოაწერეს შეთანხმებას დიპლომთა ორმხრივი აღიარების შესახებ, რუსული ფულით სარემონტო სამუშაოები ჩატარდა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ა.შ.

საინტერესოა, რომ 2018 წლის მონაცემებით რუსეთში 278 ათასი უცხოელი სტუდენტიდან ლომის წილი – 200 ათასი სტუდენტი სამეზობლოზე, ანუ  დსთ-ზე, ბალტიისპირეთსა და საქართველოზე (აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის ჩათვლით) მოდის. აქედან, ყველაზე მეტი – 33,5 % ყაზახია (სტუდენტები ცენტრალური აზიიდან ჯამურად 74, 4%-ს შეადგენენ), ხოლო  ყველაზე ნაკლები – 0,8 %, ბალტიისპირელი სტუდენტია. ქართველი, აფხაზი და ოსი სტუდენტები ერთად 1,5 %-ს, სომხეთიდან ჩასულნი 1,4 %-ს, ხოლო აზერბაიჯანელები 4,9 %-ს შეადგენენ.

ყოველწლიურად, რუსეთი აფხაზებს „როსთანამშრომლობის“ ხაზით დაახლოებით ჯამში 50 ადგილს გამოუყოფს საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებისათვის. შერჩევის შემთხვევაში, აფხაზი სტუდენტი უფასოდ სწავლობს შესაბამის უნივერსიტეტში, თუმცა ძირითადად თვითონვე ფარავს ყველა დანარჩენ ხარჯს. ეს გარემოება მნიშვნელოვანია, რადგან ყველას არ გააჩნია ფინანსური შესაძლებლობა და ბევრი ისევ აფხაზეთში არჩევს უმაღლესი განათლების მიღებას.

სხვათა შორის, ბოლო წლებია, რუსეთში მსჯელობენ საგრანტო სქემაში ცვლილებების შეტანის თაობაზე. ცვლილებების შედეგად, გარკვეული კატეგორიის უცხოელი სტუდენტებისათვის გამოიყოფა სასწავლო გრანტები, რომელთა მეშვეობითაც გარდა უშუალოდ სწავლის დაფინანსებისა, დაიფარება სწავლასთან დაკავშირებული სხვა ხარჯებიც (საცხოვრებლის, კვების, გადაადგილების და სხვა); დიდი ალბათობით, ახალი სისტემა აფხაზებსა და ოსებსაც შეეხება, რაც ცხადია, რუსეთში სწავლის გაგრძელების დამატებითი სტიმული გახდება.

1993 წლიდან დღემდე, ანუ თბილისის მიერ აფხაზეთზე ფაქტობრივი კონტროლის დაკარგვის შემდეგ, 28 წელი გავიდა. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რუსეთში ამ დროის განმავლობაში, მხოლოდ ოფიციალური პროგრამების მეშვეობით, 1 400-მა აფხაზმა ისწავლა. დაახლოებით იმავე რაოდენობის სასწავლო ადგილებს გამოყოფს რუსეთი სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონისათვის. ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ აფხაზების აბსოლუტური უმრავლესობა აფხაზეთს გარეთ უმაღლეს განათლებას რუსეთში იღებს.

სწავლა დასავლეთსა და თურქეთში

აფხაზები ხშირად ჩივიან, რომ საქართველო მათ დასავლეთში განათლების შესაძლებლობას არ აძლევთ, ყველა არსებულ გზას უკეტავთ და რომ ამგვარი ქმედება ეწინააღმდეგება საყოველთაოდ მიღებულ ადამიანის უფლებებს. ზოგიერთი აფხაზი იმასაც ამბობს, რომ დასავლეთისკენ მიმავალი გზის დახურვით, ქართველები მათთვის რუსეთს უალტერნატივო მიმართულებად ხდიან. თემის საგნობრივი შესწავლა, იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ საკითხი საკმაოდ მრავალწახნაგოვანია და საკუთარი სიმართლე, როგორც აფხაზებს, ასევე ქართველებსაც გააჩნიათ.

ბოლო წლებია, საქართველოს ხელისუფლება „ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის“ ინიციატივის ფარგლებში, შეეცადა გაეადვილებინა აფხაზებისა და ოსების საერთაშორისო საგანმანათლებლო პროცესებში ჩართვა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში  სახელმწიფო მინისტრის აპარატის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდა საკმაოდ შთამბეჭდავი სია სხვადასხვა სტიპენდიისა, რომელთა მეშვეობითაც აფხაზეთის მცხოვრებთ საზღვარგარეთ განათლების მიღება შეუძლიათ.

თუმცა, აფხაზები ამ სტიპენდიებით ძირითადად არ/ვერ სარგებლობენ. მიზეზი რამდენიმეა და ყველა პოლიტიკური. სტიპენდიის განცხადების შევსებისას, აფხაზებს არ სურთ წარმოშობის ქვეყანად საქართველოს მითითება. მათთვის ასევე პრობლემურია განათლების აღიარებაში ქართული ინსტიტუციების ჩართულობა (მაგ. დიპლომის აღიარება) დაბოლოს, აფხაზები არ არიან მზად განათლების მისაღებად ქართული, ან საქართველოს მიერ გაცემული, ე.წ. ნეიტრალური პასპორტი აიღონ.

ეს ერთი შეხედვით ჭირვეული მიდგომა აფხაზეთში შექმნილი სოციალურ-პოლიტიკური გარემოებებითაა განპირობებული. კერძოდ, განათლების მიღება საზღვარგარეთ, ზემოთ ჩამოთვლილი ქართული პირობების შესრულებით, აფხაზისათვის სოციალური სიკვდილის ტოლფასი შეიძლება გახდეს, რადგან, წარმოშობის ქვეყანად საქართველოს მითითება და მითუმეტეს, ქართული პასპორტის აღების ფაქტის გამჟღავნება, აფხაზურ საზოგადოებაში  მკვეთრად უარყოფითად, ალბათ ღალატადაც კი შეფასდება. შედეგად, აფხაზები დიდწილად, ვერ სარგებლობენ საქართველოს მოქალაქეთათვის განკუთვნილი სტიპენდიებით.

მიუხედავად ამ რთული მოცემულობისა, ბოლო ხანებია, ზოგიერთი საერთაშორისო აქტორი ცდილობს ისეთი კომპრომისული მიდგომების შემუშავებას, რომლებიც ქართული და აფხაზური წითელი ხაზების გადაკვეთის გარეშე, აფხაზეთის მცხოვრებთ დასავლეთში განათლების საშუალებას მისცემს. ასე მაგალითად, 2015 წლიდან, უაღრესად პრესტიჟულმა ბრიტანულმა სასტიპენდიო პროგრამამ ქვეყნების სიას გეოგრაფიული რეგიონი „სამხრეთ კავკასია“ დაამატა, რამაც სტიპენდიით სარგებლობა შესაძლებელი გახადა იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც აღნიშნულ რეგიონში ცხოვრობენ, თუმცა თავს არც საქართველოს, არც სომხეთს და არც აზერბაიჯანს არ მიაკუთვნებენ.

ამ მცირედი ცვლილების შედეგად, 5-6 წელია აფხაზები ბრიტანული უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამებზე უპრობლემოდ ირიცხებიან და იღებენ მაღალხარისხიან განათლებას (ყოველწლიურად 2 სტუდენტზეა საუბარი). სამწუხაროდ, ამ შესაძლებლობით არ სარგებლობენ ოსები, ძირითადად, ინგლისური ენის არასათანადო ფლობის გამო.

ბოლო ერთი წელია, რაც ციურიხის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევის ინსტიტუტმა, ასევე დაიწყო კონკურსის გამოცხადება ახალგაზრდა სამხრეთ კავკასიელ მკვლევართათვის. სულ 5 სტიპენდია გაიცემა და გამარჯვებული აპლიკანტი ერთი სემესტრით სტუმრობს შვეიცარიულ უნივერსიტეტს. აქაც, უნივერსიტეტის ადმინისტაცია გარკვეულ მოქნილობას იჩენს და აფხაზებს პროგრამაში მონაწილეობის საშუალება ეძლევათ.

აფხაზებისათვის ევროპაში განათლების მიღების კიდევ ერთი შესაძლებლობაა, ე.წ. რონდინეს სტიპენდია. იტალიური ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოში კონფლიქტების მიერ გამოწვეული ზიანის შემცირებას ცდილობს, ახალგაზრდებს კონფლიქტური ზონებიდან ფორმალური და არაფორმალური განათლების საშუალებას აძლევს. ასევე ბოლო წლებია, გერმანული ორგანიზაცია „Corridors“-ის ძალისხმევის შედეგად, ახალგაზრდებს კავკასიიდან, მიეცათ საშუალება ერთი თვე დაჰყონ იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტში.

ამ ჩამონათვალით სრულდება იმ დასავლურ პროგრამათა სია, რომლებშიც აფხაზები იღებენ მონაწილეობას და შესაბამისად, დასავლურ განათლებას. შესაძლოა, ცალკეული აფხაზები, საკუთარი ფინანსური ხარჯებითა და კავშირების მეშვეობით, ახერხებდენ დასავლურ უნივერისტეტებში სწავლას, თუმცა ამგვარი შემთხვევები ერთეულია.

  • თურქეთი

განსხვავებულია მდგომარეობა თურქეთში; აქ, რუსეთის შემდეგ, ყველაზე მეტი აფხაზი იღებს უმაღლეს განათლებას. მხოლოდ 2016 წლის მდგომარეობით, თურქეთის უნივერსიტეტებში 80-მდე აფხაზი სტუდენტი ირიცხებოდა. სტუდენტები გადანაწილებულნი არიან ანატოლიის, ბოსფორის და სხვა საკმაოდ პრესტიჟულ უნივერსიტეტებში. ბოსფორის უნივერისტეტში აფხაზური ენის შემსწავლელი კურსებიც მოქმედებს. ფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმები აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თურქულ უნივერსიტეტებს შორის.

თურქეთის ამგვარი ღიაობა აფხაზი სტუდენტების მიმართ გასაგებია და  თურქეთში მრავალრიცხოვანი აფხაზური დიასპორის არსებობით აიხსნება.  აფხაზური წარმოშობის ბიზნესმენები, პოლიტიკოსები და დიასპორული ორგანიზაციები აქტიურად ზრუნავენ საიმისოდ, რომ აფხაზმა სტუდენტებმა ჩააბარონ, მიიღონ სტიპენდიები და უპრობლემოდ ისწავლონ თურქულ უნივერსიტეტებში.

ზოგადად, ისიც უნდა ითქვას, რომ პოლიტიკური თავისებურებებიდან გამომდინარე პოსტ-საბჭოთა სივრცეში არსებული კონფლიქტური ზონებიდან, დასავლურ უმაღლეს განათლებაზე წვდომა ყველაზე ნაკლებად აფხაზებს (და ოსებს) აქვთ. შედარებისათვის, მთლიანი ყარაბაღის მცხოვრებნი სომხურ პასპორტებს ფლობენ და მათზე ყველა ის დასავლური საგანმანათლებლო პროგრამა ვრცელდება, რაც სომხეთის მოქალაქეებზე. დნესტრისპირელებისათვის მოლდოვური საბუთების აღება ეთიკურ პრობლემას არ წარმოადგენს, ისინი მოლდოვურ უნივერისტეტებშიც სწავლობენ და „ერაზმუს პლუსის“ პროგრამაშიც თავისუფლად ერთვებიან. ჯერჯერობით, იდენტურია მდგომარეობა, უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებშიც.

განსხვავებული, თუმცა ყურადსაღები გამოცდილება დაგროვდა კვიპროსშიც. აქ ურთიერთობების ნორმალიზაციისა და კონფლიქტის ტრანსფორმაციის მიზნით, ევროკავშირმა იმ თურქი კვიპროსელი სტუდენტებისათვის, რომლებიც თურქეთის მიერ ოკუპირებულ ჩრდილოეთ ნაწილში ცხოვრობენ და ევროპის უნივერსიტეტებში განათლების მიღება სურთ, სპეციალური პროგრამა შეიმუშავა. 2007 წლიდან დღემდე, ამ ინიციატივის ფარგლებში 1050-მდე სასწავლო სტიპენდია გაიცა. ყოველწლიურად, პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირი დაახლოებით 2 მილიონ ევროს ხარჯავს.

სწავლა საქართველოში

დღემდე, მიუხედავად ცალკეული მცდელობებისა, თბილისმა ვერ მოახერხა აფხაზებისთვის ისეთი რამის შეთავაზება, რაც მათ ენგურის გადმოკვეთას აიძულებდათ. ერთადერთი გამონაკლისია ჯანდაცვის რეფერალური პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, 2010 წლიდან მოყოლებული, საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში ათასობით აფხაზმა და ოსმა  უფასოდ იმკურნალა.  ქართულ უნივერსიტეტებში, თუ არ ჩავთვლით ერთეულ  შემთხვევებს, აფხაზები არ სწავლობენ.

ბოლო ხანებია, განსაკუთრებით, 2018 წელს წამოწყებული „ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლება სულ უფრო ამარტივებდა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ აბიტურიენტთათვის ქართულ უნივერსიტეტებში მოხვედრის პროცედურებს. შედეგად, აფხაზს შეუძლია ქართულ უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად, ერთიანი ეროვნული გამოცდები რუსულად ჩააბაროს, ან გაიაროს აფხაზური ენის ტესტი და ასე მოხვდეს ე.წ. 1+4 პროგრამაზე; შეიქმნა ახალი შესაძლებლობაც, აბიტურიენტებს აფხაზეთიდან (ასევე ცხინვალის რეგიონიდან) ეძლევათ უფლება ერთი წელი ისწავლონ სპეციალური მომზადების ცენტრში, ხოლო შესაბამისი ქულების დაგროვების შემთხვევაში, საერთოდაც ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხონ სასურველ უნივერსიტეტში.

კორონავირუსის ეპიდემიისა და გამშვები პუნქტების ჩაკეტვის ფონზე, რის გამოც აბიტურიენტებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლა და გამოცდების ჩაბარება აღარ შეეძლოთ, თბილისმა უმაღლეს სასწავლებლებში აბიტურიენტების უგამოცდოდ მიღებაც კი გადაწყვიტა.

თითქოსდა უცნაურია, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების ამ მცდელობებს ეთნიკურად აფხაზი აბიტურიენტების ქცევაზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია; ქართულ უნივესიტეტებს აფხაზი აბიტურიენტები არ მოსწყდომიან. საკითხავია რატომ?!

აფხაზების „სიჯიუტე“  და ქართული რბილი ძალისადმი დაბალი მოწყვლადობა რამდენიმე მიზეზით აიხსნება. პირველი და უმთავრესია ის სტიგმა, რომელიც აფხაზურ საზოგადოებაში საქართველოსთან ნებისმიერ ურთიერთობასთან მიმართებაში არსებობს. ერთადერთი გამონაკლისია, რაზეც ზემოთაც დავწერე, მკურნალობაა, თუმცა ყველა სხვა შემთხვევაში, ენგურის ხიდის გადმოკვეთა არასასურველ ქმედებათა კატეგორიას განეკუთვნება. ასეთი თუ ხდება, უაღრესად გასაიდუმლოებულად, ხოლო გაცხადების შემთხვევაში, ტაბუს დამრღვევთ საჯაროდ ამუნათებენ.

გარდა აფხაზური საზოგადოებრივი აზრისა, არის სხვა ტიპის, უფრო პრაქტიკულ სიბრტყეში განსახილველი საკითხებიც, რომელთა დროულმა გადაწყვეტამ აფხაზ აბიტურიენტთა არჩევანზე ნაწილობრივ მაინც შეიძლება იმოქმედოს.

მართალია, თბილისმა გაამარტივა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთათვის ქართულ უნივერსიტეტებში ჩაბარების პროცედურები და სწავლასაც აფინანსებს, თუმცა იმავეს აკეთებს რუსეთიც. ამასთანავე, რუსეთი რიგ შემთხვევაში ანაზღაურებს საერთო საცხოვრებლის საფასურსაც, უახლოეს მომავალში კი სწავლასთან დაკავშირებული ხარჯების სრულად დაფარვასაც აპირებს. ამ ფონზე, ყველა წყენა და სტიგმაც რომ დავივიწყოთ, რუსულ უნივერსიტეტში სწავლა ბევრად ხელსაყრელია, ვიდრე — ქართულში.

ამას ემატება ენის საკითხიც. საქმე ისაა, რომ საქართველოში უმაღლესი განათლების მიღება ძირითადად ქართულ და ინგლისურ ენაზეა შესაძლებელი. მაშინ როდესაც, აფხაზები (ოსებიც) სასკოლო განათლებას რუსულად იღებენ, ქართული არ იციან, ხოლო ინგლისური იშვიათად და ხშირად არასათანადო დონეზე.

ამიტომ, იმისათვის რომ ქართული უმაღლესი განათლება აფხაზებისთვის მიმზიდველი გახდეს, მხოლოდ მისაღები პროცედურების გამარტივებისა და სწავლის საფასურის დაფარვა არაა საკმარისი წინაპირობა. აუცილებელია სასტიპენდიო პაკეტის შემუშავება, რომელიც მოიცავდა სწავლასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯებს (კვება, საცხოვრისი, გადაადგილება და ა.შ.); ამასთანავე, საფიქრალია სახელმწიფო უნივერსიტეტებში რუსულენოვანი ფაკულტეტების დამატების საკითხიც. ასეთი ფაკულტეტები პერსპექტივაში არა მხოლოდ საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში მაცხოვრებელთა, არამედ სხვა კავკასიელთათვისაც საინტერესო შეიძლება გამხდარიყო. სხვათა შორის, ამგვარი გამოცდილება ჩვენ უკვე გვაქვს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თუ არ მოხდა ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ზოგადი გაჯანსაღება, მტრის ხატისა და სტიგმებისაგან ეტაპობრივი განთავისუფლება, ვერანაირი ცალკეული ინიციატივა და მომხიბლავი სტიპენდიები, ვერ გამოიწვევს მდგომარეობის თვისობრივ ცვლილებას. შესაძლოა ცალკეულმა აფხაზებმა გაბედონ ენგურს გამოღმა სწავლა, რაც დიდ სურათზე ვერანაირ გავლენას ვერ იქონიებს.

დასკვნის მაგიერ: რისი გაკეთება შეუძლია თბილისს?

როგორც ვნახეთ, აფხაზები უმაღლეს განათლებას იღებენ აფხაზეთში, რუსეთსა და თურქეთში. საქართველოსა და დასავლეთის საგანმანათლებლო სივრცესთან კავშირები საერთოდ არ არის, ან უმნიშვნელოა. ამ ფონზე, ბუნებრივად ჩნდება კითხვა: გვინდა კი რამის შეცვლა, თუ საქმეთა ამგვარი მდგომარეობა ჩვენს ინტერესებს ემსახურება?!

დავუშვათ, რომ არაფერს ვცვლით, ანუ ვაკეთებთ იმას, რასაც აქამდეც ვაკეთებდით. კერძოდ,  საქართველოს ხელისუფლება ოფიციალური რიტორიკის დონეზე გამოთქვამს სურვილს იმისა, რომ აფხაზებს ჰქონდეთ დასავლეთში განათლების მიღების შესაძლებლობა, თუმცა საერთაშორისო პროგრამების აუცილებელ წინაპირობად დარჩება საქართველოს, როგორც წარმოშობის ქვეყანის არჩევა, დიპლომების აღიარებაში ქართული უწყებების ჩართულობა და საქართველოს, ან ნეიტრალური პასპორტების აფხაზების მიერ ქონა.

თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, მაშინ მომავლის განჭვრეტა დიდად არ გაგვიჭირდება: სტატუს-კვო დიდი სურათი უცვლელი დარჩება. აფხაზები, ალბათ, მოახერხებენ, ბრიტანული ჩივინინგის გარდა, კიდევ რამენიმე ევროპულ სტიპენდიაში ჩართვას, თუმცა სტუდენტთა უმთავრესი ნაკადი ისევ რუსეთისა და ნაწილობრივ, თურქეთისკენ იქნება მიმართული. შედეგად კი, სამხედრო, ეკონომიკურ და საინფორმაციო დომინაციასთან ერთად, რუსეთი აფხაზთა მსოფლხედველობაზე მნიშვნელოვან გავლენას შეინარჩუნებს.

არის მეორე გზაც. საქართველოს, პოლიტიკური და ასევე ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე, შეეძლო თვითონ გამხდარიყო აფხაზეთის (და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის) დასავლური საგანმანათლებლო სისტემისადმი გახსნის ინიციატორი. საუბარია 20-30 სტიპენდიაზე, რაც ამ ეტაპისთვის სრულიად თავისუფლად ეყოფოდა აფხაზ სტუდენტთა საჭიროებებს (შედარებისათვის, მხოლოდ უნგრეთი საქართველოს ყოველწლიურად 80 სტიპენდიას გამოუყოფს).

რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს მყისიერად და ყველა მიმართულებით პოლიტიკის გადახედვას. თბილისს შეუძლია დაიწყოს საუბარი ყველაზე სანდო პარტნიორებთან, ხოლო მათი საშუალებებით მათ ეროვნულ საგანმანათლებლო პროგრამებთან და უნივერსიტეტებთან. ასევე, საქართველოს თხოვნით, ევროკავშირს შეეძლო სპეციალური პროგრამა შეექმნა აფხაზებისა და ოსებისათვის, ისევე როგორც ჩრდილოეთ კვიპროსის შემთხვევაშია. სურვილის შემთხვევაში, ჩვენი წითელი ხაზების გადაკვეთის გარეშეც, გარკვეული ნაბიჯების გადადგმა შეიძლება.

გულუბრყვილო იქნებოდა იმის ვარაუდი, რომ ევროპაში განათლება მიღებული აფხაზები, საქართველოს სიყვარულითა და მის წიაღში დაბრუნების სურვილით აინთებიან. ამგვარი მოლოდინის გაჩენა, იმთავითვე იმედგაცრუებისთვისაა განწირული. არაფერი ამდაგვარი არ მოხდება.

თუმცა საქმე ისაა, რომ თუ ჩვენ ვაშენებთ დასავლურ სახელმწიფოს, მაშინ ჩვენ გვჭირდება მეტი ევროპა ყველგან, მათ შორის, აფხაზეთშიც. ჩვენს საზოგადოებას გასააზრებელი აქვს, რომ ქართულ-აფხაზური ურთიერთობები მარათონია და არა სპრინტი, ხოლო ერთმანეთთან მისასვლელი გზების ძიებაში, ერთ კულტურულ სივრცეში (ამ შემთხვევაში ევროპულში) „მოხარშვა“ გრძელვადიან პერსპეტივაში შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

დაბოლოს, ცხადია, რომ ყოველივე აქ თქმულის განხოციელება, ფრიად გაჭირდება გალში ეთნიკურად ქართული მოსახლეობის სისტემური ჩაგვრის ფონზე. თბილისელ პოლიტიკოსებს გაუჭირდებათ მოსახლეობისათვის იმის ახსნა, თუ რატომ უნდა ისწავლოს აფხაზმა „სორბონაში“,  მაშინ როდესაც იგივე აფხაზი გალელ სკოლის მოსწავლეს ხელებში „ლინეიკას“ ურტყამს? აქ უკვე აფხაზებსაც მართებთ დაფიქრება…

https://civil.ge/

 

ანალიტიკა
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.