USD 2.6802
EUR 2.8555
RUB 2.8670
თბილისი
საარჩევნო სისტემების სახეები და ფორმები მსოფლიოში
თარიღი:  1887

საარჩევნო სისტემა — ფართო გაგებით, საზოგადოებრივ ურთიერთობათა ერთობლიობა, რომელიც მოიცავს სახელმწიფოს არჩევითი ორგანოების ფორმირების პროცესსა და მარეგულირებელი წესების ფართო ნაკრებს. ვიწრო გაგებით, წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნებზე ხმის მიცემისა და ამომრჩეველთა ხმების ადგილებში გარდასახვის წესი.

საარჩევნო სისტემები იყოფა სხვადასხვა ოჯახებად. მათ შორისაა პლურალურ/მაჟორიტარული (ზოგჯერ ისინი ცალკე ოჯახებადაც განიხილება), პროპორციული და შერეული სისტემები. ასევე, გამოიყოფა სხვა სახის სისტემები, რომლებიც არ ერთიანდებიან არცერთ ზემოთ ჩამოთვლილ ოჯახში.

საარჩევნო სისტემა მოიცავს, როგორც პრეზიდენტის, ისე უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსა და ადგილობრივ თვითმმართველობათა არჩევის წესს.

საარჩევნო სისტემა გამოიყენება არაპოლიტიკური გაგებითაც და მოიცავს როგორც კომერციულ კომპანიებში, ისე არაკომერციულ, არასამეწარმეო ორგანიზაციებში მმართველი ორგანოებისა და თანამდებობების არჩევის წესებს.

პლურალური/მაჟორიტარული სისტემები

პლურალური/მაჟორიტარული სისტემები ძირითადად ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში ტარდება, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში გამოიყენება მრავალმანდატიან ოლქშიც. ამ სისტემის გამოყენებისას ამომრჩეველი ხმას უმეტესად კანდიდატს აძლევს. პლურალური/მაჟორიტარული სისტემების ოჯახში ერთიანდება შემდეგი საარჩევნო სისტემები: ფარდობითი უმრავლესობის მაჟორიტარული სისტემა, ორტურიანი სისტემა, ალტერნატიული კენჭისყრა, ბლოკური კენჭისყრა და პარტიული ბლოკური კენჭისყრა. ფარდობითი უმრავლესობის მაჟორიტარული სისტემა, იგივე ერთმანდატიანი პლურალური სისტემა, ასევე, მოიხსენიება სახელით - „გამარჯვებული იღებს ყველაფერს“. სახელწოდების შესაბამისად, აღნიშნული სისტემა გამოიყენება ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში. გამარჯვებული ხდება ის კანდიდატი, რომელიც ხმათა ყველაზე მეტ რაოდენობას მიიღებს. ფარდობითი უმრავლესობის მაჟორიტარულ სისტემას პარლამენტის არჩევნებისთვის იყენებენ დიდი ბრიტანეთი, აშშ, კანადა, ინდოეთი, მალაიზია, ეთიოპია, ნიგერია, აზერბაიჯანი, ბელარუსი და სხვა ქვეყნები. აღნიშნული სისტემა სახელმწიფოთა ნაწილში გამოიყენება საპრეზიდენტო არჩევნებისთვისაც. მათ შორის პრეზიდენტს ,მოცემული სისტემით ირჩევენ აშშ-ში, მექსიკაში, ისლანდიაში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში, სამხრეთ კორეაში, სინგაპურში, ტაივანში, პანამაში, პარაგვაიში, კამერუნში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, რუანდასა და სხვა ქვეყნებში.

ორტურიანი სისტემაც, იგივე აბსოლუტური უმრავლესობის მაჟორიტარული სისტემა, ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში ტარდება, თუმცა არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს გამარჯვებისთვის ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტის მიღება მოეთხოვებათ. ამომრჩეველთა ხმების საერთო რაოდენობა შეიძლება, განისაზღვროს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ან ნამდვილი, იმ ამომრჩეველთა ხმების რაოდენობით, რომლებმაც ხმა რომელიმე კანდიდატს მისცეს. თუკი ვერცერთი კანდიდატი აგროვებს ხმათა საჭირო რაოდენობას, იმართება მეორე ტური, სადაც, როგორც წესი, ორი საუკეთესო ადგილის მქონე კანდიდატი იღებს მონაწილეობას. მეორე ტურში გამარჯვებულად ცხადდება ის კანდიდატი, რომელიც უფრო მეტ ხმას მიიღებს. ორტურიანი სისტემა პარლამენტის არჩევნებისთვის გამოიყენება თურქმენეთში , უზბეკეთში , ვიეტნამსა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. იმ ქვეყნების უმრავლესობაში, სადაც პრეზიდენტი პირდაპირი წესით ირჩევა, არჩევნები სწორედ ორტურიანი სისტემით ტარდება. მათ შორის ორტურიანი სისტემით ირჩევენ საფრანგეთის, პოლონეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, ლიეტუვის, რუსეთის, უკრაინის, თურქეთის, ვენესუელის, არგენტინის, ბრაზილიისა და კოლუმბიის პრეზიდენტებს.

ალტერნატიული კენჭისყრაც ერთმანდატიან ოლქში იმართება. ამ სისტემას პრეფერენციული ან რანგირებული კენჭისყრითაც მოიხსენიებენ. აშშ-ში კი იგი ცნობილია მყისიერი მეორე ტურის (Instant runoff) სახელწოდებით. იგი კანდიდატებისგან გამარჯვებისთვის, ორტურიანი სისტემის მსგავსად, ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტის მიღებას მოითხოვს, თუმცა არჩევნები მხოლოდ ერთ ტურად იმართება. ამომრჩევლებს ხმის მიცემა ერთზე მეტი კანდიდატისთვის, მათთვის უპირატესობების მინიჭებით, შეუძლიათ. მაგალითად, ყველაზე სასურველი კანდიდატის გასწვრივ ბიულეტენში ისინი ნიშნავენ რიცხვ „1“-ს, მომდევნო სასურველი კანდიდატის გასწვრივ - „2“-ს და ა.შ. თუკი პირველი პრეფერენციის ხმებით ვერცერთი კანდიდატი მოაგროვებს გამარჯვებისთვის საჭირო ხმების რაოდენობას, პირველი უპირატესობით ყველაზე ნაკლები ხმის მიმღები კანდიდატი ეთიშება ხმების დათვლის პროცესს და მისი მეორე ხმები სხვა კანდიდატებზე ნაწილდება. ეს პროცესი გამარჯვებულის გამოვლენამდე გრძელდება. ალტერნატიული კენჭისყრა გამოიყენება ავსტრალიისა და პაპუა-ახალი გვინეის საპარლამენტო არჩევნებისთვის.

ბლოკური კენჭისყრის გამოყენებისას საარჩევნო ოლქი მრავალმანდატიანია. ყოველ ამომრჩეველს აქვს იმდენი ხმა, რამდენი კანდიდატიც არის ასარჩევი ოლქიდან. გამარჯვებულად კი ცხადდება იმდენი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი, რამდენმანდატიანიც არის ოლქი. მანდატების განაწილებისას, კანდიდატების რიგითობისგან განსხვავებით, მათ მიერ მიღებული ხმების აბსოლუტურ რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს. ბლოკური კენჭიყრა გამოიყენება ქუვეითის, სირიის, ტუვალუს, ფოლკლენდის კუნძულების, გერნზის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებისთვის.

პარტიული ბლოკური კენჭისყრის პირობებში სხვა პლურალურ-მაჟორიტარული სისტემებისგან განსხვავებით, ამომრჩევლები ხმას არა კანდიდატებს, არამედ პარტიებს აძლევენ, თუმცა პროპორციული სისტემისგან განსხვავებით, მრავალმანდატიან ოლქში გასანაწილებელ ყველა ადგილს პირველ ადგილზე გასული პარტია ისაკუთრებს.

 პროპორციული სისტემები

პროპორციული სისტემების გამოყენებისას საარჩევნო ოლქი ყოველთვის მრავალმანდატიანია. გამოიყოფა პროპორციულ სისტემათა ოჯახის ორი სახე: სიითი პროპორციული წარმომადგენლობის სისტემა და ერთი გადაცემადი ხმის სისტემა. ამჟამად პროპორციულ საარჩევნო სისტემას საკანონმდებლო ორგანოს ასარჩევად 82 ქვეყანა იყენებს.

სიითი პროპორციული წარმომადგენლობის საარჩევნო სისტემის პირობებში ამომრჩევლები ხმას ერთიან ან ერთზე მეტ მრავალმანდატიან ოლქში რეგისტრირებულ პარტიულ სიებს აძლევენ. სია შეიძლება იყოდ დახურული, ღია ან თავისუფალი (პანაშაჟი). მანდატებს პროპორციულად მოიპოვებს ყველა ის პოლიტიკური პარტია ან წინასაარჩევნო კოალიცია, რომელიც საარჩევნო ბარიერს გადალახავს.

საარჩევნო ბარიერი ორი სახისაა: სამართლებრივი და ბუნებრივი/ეფექტიანი. სამართლებრივი ბარიერი არის კანონით განსაზღვრული ხმების მინიმალური წილი, რაც საჭიროა ადგილების მისაღებად. იგი მოქმედებს პროპორციული წარმომადგენლობის სისტემის გამოყენების შემთხვევათა უდიდესი უმრავლესობის პირობებში. მეორე შემთხვევაში კი სამართლებრივად არ არის დაწესებული პარტიებისთვის ბარიერი, თუმცა ის ბუნებრივი სახით მაინც არსებობს. ამ შემთხვევაში ბუნებრივი ბარიერი უტოლდება ხმების იმ რაოდენობას, რომლის მიღებაც საჭიროა წარმომადგენლობით ორგანოში ერთი ადგილის მისაღებად. საარჩევნო სისტემების შესახებ არსებულ სამეცნიერო ლიტერატურაში სამართლებრივი ბარიერის არარსებობის პირობებში ეკვივალენტურ გადამღობ ფაქტორს ეფექტიანი ბარიერით მოიხსენიებენ. ეფექტიანი ბარიერის ცნება პირველად ტააგეპერამ და შუგარტმა განიხილეს. ლაიპჰარტმა კი შეიმუშავა ეფექტიანი ბარიერის გასაზომი სპეციალური ფორმულაც. სამართლებრივი ბარიერის გარეშე საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები ტარდება ნიდერლანდებში, პორტუგალიაში, ფინეთში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში.

პროპორციული წარმომადგენლობის სისტემით ადგილების განაწილებისთვის სხვადასხვა საარჩევნო ფორმულა გამოიყენება. გამოიყოფა მეთოდთა ორი ჯგუფი: კვოტირებისა და გამყოფთა მეთოდები.

კვოტირების მეთოდის გამოყენებისას თითოეული სია ადგილებს იღებს საარჩევნო კვოტის მიხედვით. კვოტირება ორი ეტაპისგან შედგება. ჯერ განისაზღვრება საარჩევნო კვოტა ჰეირის ან ჰოგენბახ-ბიშოპის მეთოდით, მეორე ეტაპზე კი გაუნაწილებელი მანდატები ნაწილდება, ჩვეულებრივ, უდიდესი ნაშთის ან უდიდესი საშუალოს წესით. გამყოფთა მეთოდის გამოყენებისას მანდატები ერთ ეტაპად ნაწილდება. ყოველი სიის მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობა რიცხვთა ზრდად მწკრივზე იყოფა. მიღებული განაყოფები კლებადობის მიხედვით ლაგდება. მათ შორის საარჩევნო კვოტა იქნება ის განაყოფი, რომლის რიგითი ნომერი გასანაწილებელი მანდატების რიცხვს ემთხვევა. გამყოფთა მეთოდებს შორისაა დ’ონტისა და სენ-ლაგის ფორმულები.

ერთი გადაცემადი ხმის სისტემის ძირითადი პრინციპები პირველად მე-19 საუკუნეში თომას ჰეირმა დიდ ბრიტანეთში და კარლ ანდრემ დანიაში, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, შეიმუშავეს. პრაქტიკაში კი პირველად 1921 წელს ირლანდიაში დაინერგა. აღნიშნული სისტემის გამოყენების პირობებში ამომრჩევლები ხმას მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულ კანდიდატებს აძლევენ. ამომრჩევლებს ერთზე მეტი კანდიდატისთვის შეუძლიათ ხმის მიცემა, თუმცა მათ იყენებენ, როგორც ერთ გადაცემად ხმას. კანდიდატებისთვის პრეფერენციების მინიჭება არჩევითია და შესაძლებელია, მხოლოდ ერთი ყველაზე სასურველი კანდიდატისთვის ხმის მიცემაც. პირველ ეტაპზე იწყება პირველი პრეფერენციით მიცემული ხმების დათვლა, რის შემდეგაც დგინდება საარჩევნო კვოტა, რომლის შესაბამისი რაოდენობის ხმების მოგროვების შემთხვევაში კანდიდატები გამარჯვებულად ითვლებიან. ძირითადად გამოიყენება დრუპის კვოტა. კანდიდატებმა გამარჯვებისთვის საჭიროა, მიიღონ იმ განაყოფზე ერთი მთელი ხმით მეტი მაინც, რომელიც მიიღება ამომრჩეველთა საერთო ხმების გაყოფით ერთი ერთეულით გაზრდილ მანდატების რაოდენობაზე.

ამჟამად ერთი გადაცემადი ხმის სისტემა გამოიყენება ირლანდიის პარლამენტის ორივე პალატის, პრეზიდენტის , ადგილობრივი თვითმმართველობისა და ევროპული არჩევნებისთვის . აღნიშნული სისტემა გამოიყენება მალტის საპარლამენტო არჩევნებისთვისაც. აგრეთვე, მოცემულ სისტემას სხვადასხვა სახის არჩევნებისთვის იყენებს ზოგიერთი სხვა ქვეყანაც. მათ შორის გაერთიანებულ სამეფოში ერთი გადაცემადი ხმის სისტემას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის შოტლანდია აგრეთვე ჩრდილოეთ ირლანდიის ასამბლეის არჩევნებისთვის იყენებენ. ერთი გადაცემადი ხმის სისტემა შტატების წარმომადგენლობითი ორგანოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის გამოიყენება ავსტრალიის შტატების ნაწილშიც.

შერეული სისტემები

შერეული (შერეული წევრობის) სისტემები წარმომადგენლობითი ორგანოს შემადგენლობას ერთზე მეტ დონეზე ანაწილებენ. როგორც წესი, ამომრჩეველს ორი ხმა აქვს, რომელთაგან ერთს კანდიდატს აძლევს, ხოლო მეორეს - პარტიულ სიას. შესაბამისად, მანდატების ნაწილი ნომინალურად, ძირითადად ერთმანდატიან ოლქებში, ხოლო ნაწილი პარტიული სიებით კომპლექტდება. ნომინალური კომპონენტი, ჩვეულებრივ, შეფარდებითი უმრავლესობის მაჟორიტარულ სისტემას ან ორტურიან სისტემას იყენებს, თუმცა არა ყოველთვის. მაგალითად, იაპონიის პარლამენტის მრჩეველთა პალატისა და ტაივანის პარლამენტის არჩევნებისთვის გამოყენებული შერეული საარჩევნო სისტემის ნომინალური კომპონენტი ადგილების ერთი არაგადაცემადი ხმის სისტემის საფუძველზე განაწილებას ითვალისწინებს. შერეულ სისტემათა ოჯახის ორი ძირითადი წარმომადგენელია პარალელური სისტემა და შერეული წევრობის პროპორციული სისტემა. მათ შორის შუალედურ ვარიანტს კი ნაწილობრივ კომპენსატორული სისტემა წარმოადგენს.

პარალელურ სისტემას სხვაგვარად დამოუკიდებელ, არაკომპენსატორულ, დაუკავშირებელ, შერეული წევრობის მაჟორიტარულ სისტემად და სუპერპოზიციადაც მოიხსენიებენ. პარალელური სისტემის გამოყენებისას წარმომადგენლობით ორგანოში ადგილები ნომინალურ (მაჟორიტარულ) და პროპორციულ კომპონენტებში ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ნაწილდება. მაჟორიტარული და პროპორციული ადგილების თანაფარდობის მიხედვით გამოიყოფა სიმეტრიული და ასიმეტრიული პარალელური სისტემები. სიმეტრიული სისტემის პირობებში წარმომადგენლობით ორგანოში პროპორციული და მაჟორიტარული ადგილები თანაბრად, ასიმეტრიული სისტემის შემთხვევაში კი უთანაბროდ ნაწილდება. პარალელური საარჩევნო სისტემით ირჩევენ 20-ზე მეტი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს. მათ შორის მოცემული სისტემით საპარლამენტო არჩევნები ტარდება იტალიაში, რუსეთში, უკრაინაში, ლიეტუვაში, საქართველოში, ტაჯიკეთში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში ვენესუელასა და სხვა ქვეყნებში.

შერეული წევრობის პროპორციულ სისტემას სამეცნიერო ლიტერატურაში კომპენსატორულ, დაკავშირებულ ან მაკორექტირებელ სისტემადაც მოიხსენიებენ. მოცემული საარჩევნო სისტემა პირველად გერმანიის ბუნდესტაგის ასარჩევად იქნა შემუშავებული 1949 წლის საარჩევნო კანონით და დღემდე მოქმედებს, რის გამოც ზოგჯერ ამ სისტემას „გერმანულ მოდელადაც“ მოიხსენიებენ. გერმანიის კანონმდებლობა ამ სისტემას პერსონალიზებულ პროპორციულ სისტემად განსაზღვრავს. შერეული წევრობის პროპორციული სისტემა ითვალისწინებს ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქების კენჭისყრის შედეგად გამოწვეული არაპროპორციულობის კომპენსირებას პარტიული სიებით. პარტიების მიერ პროპორციულ კომპონენტში მიღებული ადგილების რაოდენობა დამოკიდებულია, როგორც მათ მიერ მიღებული ხმების, ისე მოგებული ერთმანდატიანი ოლქების რაოდენობაზე. ამჟამად, გერმანიასთან ერთად, იგი გამოიყენება ახალი ზელანდიის, ბოლივიის, ჯიბუტის, ტაილანდის, მექსიკის, ლესოთოს საკანონმდებლო ორგანოთა არჩევნებისათვის.

შერეული საარჩევნო სისტემის ზოგიერთი ვარიანტი ნაწილობრივ კომპენსირებას ითვალისწინებს. მსგავს სისტემას იყენებდნენ უნგრეთის ეროვნული ასამბლეის არჩევნებისთვის 1990 წლებში. სამსაფეხურიანი არჩევნების შედეგად, ადგილების ერთი ნაწილი ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში ნაწილდებოდა, მეორე ნაწილი მრავალმანდატიან ოლქებში წარდგენილი რეგიონული სიებიდან, მესამე ნაწილი კი ერთიან ეროვნულ ოლქში წარდგენილი დამატებითი სიიდან, რომელიც საკომპენსაციო სიას წარმოადგენდა. უნგრული საარჩევნო სისტემის მოდელი, სამეცნიერო ლიტერატურაში, ასევე, მოიხსენიება, როგორც სუპერშერეული ან შერეული წევრობის მაჟორიტარული სისტემა პარტიული კომპენსირებით. დემოკრატიისა და საარჩევნო მხარდაჭერის საერთაშორისო ინსტიტუტი კი მას შერეული წევრობის პროპორციულ სისტემას მიაკუთვნებს. ნაწილობრივ კომპენსატორულ სისტემას წარმოადგენდა იტალიაში 1993-2005 წლებში მოქმედი საარჩევნო სისტემაც, რომელსაც „სკორპოროთი“ მოიხსენიებენ.

სხვა სისტემები

პლურალური/მაჟორიტარული, პროპორციული და შერეული სისტემების გარდა, არსებობს სხვა სისტემებიც, რომლებიც არ მიეკუთვნებიან კონკრეტულ ოჯახს. მათ შორისაა ერთი არაგადაცემადი ხმის სისტემა, ბორდას დათვლა და შეზღუდული კენჭისყრა.

დემოკრატიისა და საარჩევნო მხარდაჭერის საერთაშორისო ინსტიტუტის მიხედვით, ერთი არაგადაცემადი ხმის სისტემა არცერთ ოჯახთან არ კლასიფიცირდება. პიპა ნორისი კი აღნიშნულ სისტემას მაჟორიტარულ სისტემათა ოჯახს მიაკუთვნებს. მოცემული სისტემის გამოყენებისას ამომრჩეველი მრავალმანდატიან ოლქში რეგისტრირებული კანდიდატებიდან მხოლოდ ერთს აძლევს ხმას. გამარჯვებული კი ხდება იმდენი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი, რამდენი მანდატისგანაც შედგება ოლქი. ერთი არაგადაცემადი ხმის სისტემა ამჟამად გამოიყენება ავღანეთისა და ვანუატუს საპარლამენტო არჩევნებისთვის. 1948 წლიდან 1993 წლამდე ერთი არაგადაცემადი ხმის სისტემა გამოიყენებოდა იაპონიის პარლამენტის ქვედა პალატის არჩევნებისთვისაც.

შეზღუდული კენჭისყრაც მრავალმანდატიან ოლქში გამოიყენება. მოცემული სისტემის პირობებშიც ამომრჩევლებს ერთზე მეტი, თუმცა ოლქში გასანაწილებელი ადგილაბის რაოდენობაზე ნაკლები ხმა აქვთ. გამარჯვებული კანდიდატების გამოვლენის მეთოდი კი ისეთივეა, როგორიც ერთი გადაცემადი ხმის სისტემის შემთხვევაში. შეზღუდული კენჭისყრა სისტემა მოქმედებს გიბრალტარში. ბორდას დათვლა გამოიყენება, როგორც მრავალმანდატიან, ისე ერთმანდატიან ოლქში. ამომრჩევლები კანდიდატებს პრეფერენციებს ანიჭებენ. ყველაზე სასურველი კანდიდატის გასწვრივ წერენ „1“-ს, მომდევნო პრეფერენციის გასწვრივ „2“-ს და ა.შ. დათვლის დროს კანდიდატებს პრეფერენციის შესაბამისი ქულები ენიჭებათ. აღნიშნული ქულები ჯამდება და გამარჯვებულად ის კანდიდატები ცხადდებიან, რომლებიც ყველაზე ნაკლებ ქულას მიიღებენ. ბორდას დათვლა მოდიფიცირებული სახით საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებისთვის გამოიყენება ნაურუში.

საარჩევნო სისტემის განზომილებები

საარჩევნო სისტემებს შორის განსხვავებებს საფუძვლად უდევს სხვადასხვა განზომილებები. მაიკლ გალაგერის მიხედვით, საარჩევნო სისტემის ძირითად განზომილებებს შორისაა: ოლქის სიდიდე, კენჭისყრის სტრუქტურა, პარტიის ფარგლებში კანდიდატების არჩევა, ადგილების განაწილების დონეები და პროპორციულობის შეზღუდვა.

ოლქის სიდიდე

ოლქის სიდიდე წარმოადგენს საარჩევნო ოლქში გასანაწილებელი ადგილების რაოდენობას. აღნიშნულის გათვალისწინებით, საარჩევნო ოლქი შეიძლება, იყოს ერთმანდატიანი ან ერთზე მეტი მანდატისგან შემდგარი. საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებზე ზოგჯერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა ოლქი ერთი ზომისაა. აშშ-ში, კანადაში, დიდ ბრიტანეთში ინდოეთსა და სხვა ქვეყნებში ყველა საარჩევნო ოლქი ერთმანდატიანია, ზოგიერთი ქვეყანა კი თანაბარი სიდიდის მრავალმანდატიან ოლქებად იყოფა ჩრდილოეთი მაკედონია, მალტა, ჩილე. ხშირად ქვეყნის მასშტაბით მრავალმანდატიან ოლქებში განსხვავებული რაოდენობის ადგილები ნაწილდება. ზოგჯერ კი მთელი ქვეყანა ერთიან ეროვნულ მრავალმანდატიან ოლქს წარმოადგენს ნიდერლანდები, სლოვაკეთი , ისრაელი. პრეზიდენტის არჩევნების ჩატარებისას, როგორც წესი, მთელი ქვეყანა ერთმანდატიანი ოლქია.

ერთმანდატიანი ოლქები იქმნება შეფარდებითი უმრავლესობის მაჟორიტარული სისტემის, ალტერნატიული კენჭისყრისა და ორტურიანი სისტემის პირობებში, ზოგჯერ კი ბორდას დათვლის შემთხვევაშიც. მრავალმანდატიან ოლქებს კი იყენებს პროპორციულ და შერეულ სისტემათა ოჯახების ყველა წარმომადგენელი, აგრეთვე, პლურალურ/მაჟორიტარული სისტემების ზოგიერთი სახეობა (ბლოკური კენჭისყრა, პარტიული ბლოკური კენჭისყრა) და სხვა სახის სისტემაც (ერთი არაგადაცემადი ხმის სისტემა, შეზღუდული კენჭისყრა, ბორდას დათვლა.

კენჭისყრის სტრუქტურა

კენჭისყრის სტრუქტურა გულისხმობს, თუ როგორი არჩევანი არის წარმოდგენილი ბიულეტენზე ამომრჩევლის წინაშე ხმის მიცემის დროს. სტრუქტურის მიხედვით, კენჭისყრა შეიძლება, იყოს კატეგორიული, გამყოფი ან ორდინალური. კატეგორიული (აგრეთვე მოიხსენიება სახელწოდებით - ნომინალური ან ინტეგრალური) კენჭისყრის პირობებში ამომრჩეველს შეუძლია ხმის მიცემა მხოლოდ ერთი პარტიისთვის ან კანდიდატისთვის. კატეგორიული კენჭისყრის სისტემებს შორისაა შეფარდებითი უმრავლესობის მაჟორიტარული სისტემა, ორტურიანი სისტემა და სიითი პროპორციული წარმომადგენლობა. გამყოფი კენჭისყრის პირობებში ამომრჩეველს შეუძლია ხმების გაყოფა ორ ან მეტ პარტიას შორის. გამყოფი სტრუქტურით ხასიათდებიან შერეული სისტემები და სიითი პროპორციული სისტემა პანაშაჟით მაგალითად:ლუქსემბურგი, შვეიცარია. ორდინალური კენჭისყრის შემთხვევაში კი ამომრჩეველს აქვს კანდიდატების რანგირების შესაძლებლობა. კენჭისყრის ამგვარი სტრუქტურა გააჩნია ალტერნატიულ კენჭისყრასა და ერთი გადაცემადი ხმის სისტემას.

პარტიის ფარგლებში კანდიდატების არჩევა

საარჩევნო სისტემის ეს განზომილება განსაზღვრავს, აქვს თუ არა ამომრჩეველს შესაძლებლობა, პარტიის შიგნით ინდივიდუალურ კანდიდატებსაც მისცეს ხმა. აღნიშნულის მიხედვით საარჩევნო სისტემები სამ ჯგუფად იყოფა. საარჩევნო სისტემებს, რომლებიც არ იძლევიან პარტიის ფარგლებში კანდიდატების არჩევის შესაძლებლობას, განეკუთვნებიან ერთმანდატიანი ოლქების სისტემები, შერეული სისტემები და დახურული სიითი პროპორციული სისტემა. პარტიის ფარგლებში კანდიდატებისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობას იძლევა პრეფერენციული პროპორციული წარმომადგენლობის სისტემა, რომელიც მოქმედებს ბელგიაში, ჩილეში, დანიაში, ფინეთში, ნიდერლანდებსა და სხვა ქვეყნებში. მესამე ტიპის საარჩევნო სისტემა კი აღჭურვილია, როგორც პარტიის ფარგლებში, ისე მის გარეთ კანდიდატების არჩევის ფუნქციით. ამგვარ სისტემას ერთი გადაცემადი ხმის სისტემა წარმოადგენს.

ადგილების განაწილების დონეები

იმის მიხედვით, თუ რამდენ დონეზე ნაწილდება ადგილები, გამოიყოფა ერთსაფეხურიანი, ორსაფეხურიანი და სამსაფეხურიანი სისტემები. ქვეყნების დიდ ნაწილში ადგილები მხოლოდ ერთ დონეზე ნაწილდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამომრჩევლები ხმას აძლევენ ერთ საარჩევნო ოლქში, საიდანაც ადგილები გადაეცემა პარტიებს ან კანდიდატებს. პარტიების მიერ მიღებული ადგილების სრული რაოდენობა კი წარმოადგენს იმ ადგილების ჯამს, რომლებიც მიიღეს მათ თითოეულ ოლქში. ერთსაფეხურიანი სისტემებია: შეფარდებითი უმრავლესობის მაჟორიტარული სისტემა, ალტერნატიული კენჭისყრა, ორტურიანი სისტემა, ერთი გადაცემადი ხმის სისტემა და სიითი პროპორციული წარმომადგენლობის ნაწილი (ბელგია, ჩილე, ფინეთი, ისრაელი, ნიდერლანდები, ესპანეთი და სხვ).

 ადგილების ორ საფეხურზე განაწილება ძირითადად შერეულ საარჩევნო სისტემებს ახასიათებთ. არსებობს ორსაფეხურიანი სისტემების ორი ქვეჯგუფი. შერეული წევრობის პროპორციული სისტემის, აგრეთვე სიითი პროპორციული წარმომადგენლობის ზოგიერთი ვარიანტის (სამხრეთ აფრიკისა და დანიის საპარლამენტო არჩევნები) შემთხვევაში გამოიყოფა ზედა და ქვედა საფეხურები, რომელთაგან ზედა საფეხური ქვედა დონეზე ხმებისა და ადგილების განაწილების არაპროპორციულობის კომპენსირებას ემსახურება. პარალელური სისტემის გამოყენებისას კი პროპორციულ და მაჟორიტარულ საფეხურებზე ადგილების განაწილებას მსგავსი დამოკიდებულება არ ახასიათებს.

სამსაფეხურიან საარჩევნო სისტემას წარმოადგენს შერეული საარჩევნო სისტემის უნგრული მოდელი 1990-2012 წლებში და სიითი პროპორციული წარმომადგენლობის ავსტრიული ვარიანტი.

პროპორციულობის შეზღუდვა

საარჩევნო სისტემათა უმრავლესობა ზღუდავს ადგილების განაწილების აბსოლუტურ პროპორციულობას ამომრჩეველთა ხმების მიმართ. პროპორციულობის შემზღუდავი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი საარჩევნო ბარიერია. სამართლებრივად განსაზღვრული ბარიერის დაწესებას პარტიული ფრაგმენტაციისგან თავის არიდების მიზანი უდევს საფუძვლად. ეფექტიანი ბარიერი კი დაკავშირებულია ოლქის სიდიდესთან. რაც უფრო ნაკლები მანდატისგან შედგება საარჩევნო ოლქი, მით უფრო მაღალია ეფექტიანი ბარიერის დონე, რაც მცირე პარტიების პარლამენტში წარმოდგენას აბრკოლებს. პროპორციულობის შემზღუდავი კიდევ ერთი ფაქტორი მოსახლეობის რაოდენობასთან შედარებით ოლქებს შორის ადგილების არასწორი, უთანაბრო განაწილებაა. აღნიშნულის მაგალითია აშშ-ის კონგრესის ზედა პალატის - სენატის საარჩევნო სისტემა. თითოეული შტატი მოსახლეობის რაოდენობის განურჩევლად 2-2 სენატორს ირჩევს.

ოლქებს შორის ადგილების არასწორი განაწილება არღვევს ამომრჩეველთა ხმის თანაბრობის პრინციპს, რაც აღინიშნებოდა 2016 წლამდე საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის შექმნილ ერთმანდატიან ოლქებშიც. ოლქების უთანაბრო დაყოფა 2015 წელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურაც ცნო.

საარჩევნო სისტემის გავლენები/შედეგები

პროპორციულობა / არაპროპორციულობა

საარჩევნო სისტემას ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გავლენა არჩევნების შედეგების არაპროპორციულობის დონეზე აქვს. არაპროპორციულობა გულისხმობს განსხვავებას პარტიების ხმების წილსა და მათ მიერ დაკავებული ადგილების წილს შორის. იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში მონაწილე პარტიების მიერ მიღებული ხმების წილი ზუსტად არ შეესაბამება მათ მიერ მოპოვებული ადგილების წილს, ფიქსირდება არაპროპორციულობა. არაპროპორციულობის გარკვეული დონე ყველა სახის საარჩევნო სისტემისთვის არის დამახასიათებელი, თუმცა როგორც სხვადასხვა კვლევები აჩვენებს, იგი პროპორციული საარჩევნო სისტემის გამოყენებისას ყველაზე დაბალია.

პარტიული სისტემა

პარტიული სისტემის ტიპი, საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილი პარტიების რაოდენობა და შედარებითი ზომა მნიშვნელოვნად არის განპირობებული საარჩევნო სისტემის მიერ. ზოგიერთმა საარჩევნო სისტემამ შეიძლება, ხელი შეუწყოს პარტიულ ფრაქციონალიზმს, როდესაც ერთი პარტიის შიგნით დაპირისპირებული ფრაქციები გამოიყოფა, ხოლო ზოგიერთმა სისტემამ შეიძლება, საპირისპირო შედეგი გამოიწვიოს. საარჩევნო სისტემა გავლენას ახდენს საარჩევნო კამპანიის ხასიათზე და პოლიტიკური ელიტის ქცევაზეც. მან შესაძლოა, პარტიებს ალიანსების შექმნისკენ ან ვიწრო ინტერესებით მოქმედებისკენ უბიძგოს. მორის დიუვერჟეს მიხედვით, საარჩევნო სისტემის გავლენა პარტიულ სისტემაზე მექანიკური და ფსიქოლოგიური ფაქტორების ზემოქმედებით გამოიხატება. მექანიკური ეფექტი შეიძლება გამოიხატოს ერთმანდატიან ოლქში უმცირესობის ხმების დაკარგვით, რაც, ფსიქოლოგიური ეფექტის სახით, ამომრჩეველთა განწყობებსა და ქცევაზეც აისახება. ისინი უფრო ძლიერ პოლიტიკურ პარტიებს აძლევენ ხმას, რაც ორპარტიულ სისტემას წარმოშობს. პროპორციული საარჩევნო სისტემა უფრო მეტად მრავალპარტიულ სისტემას წარმოშობს, მაშინ, როდესაც პლურალური/მაჟორიტარული სისტემები ორპარტიულობისკენ იხრებიან.

სოციალური გამმიჯნავი ხაზები

პიპა ნორისის მიხედვით, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის მოქმედებისას პარტიების საარჩევნო სტრატეგია ამომრჩეველთა ხმების მაქსიმიზაციაზე ორიენტირდება. ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში გამარჯვების მიღწევის მიზნით ისინი სხვადასხვა იდეოლოგიის რაც შეიძლება მეტი ადამიანის მიმხრობას ცდილობენ. პროპორციული სისტემის პირობებში კი პარტიები გარკვეული სოციალური ჯგუფების წარმომადგენლების მიმხრობაზე ორიენტირდებიან. ამდენად, მიიჩნევა, რომ საზოგადოების სოციალური სტრუქტურა და მისი გამმიჯნავი ხაზები ამომრჩევლების მიერ მემარცხენე თუ მემარჯვენე პარტიებისთვის ხმის მიცემაზე უფრო ძლიერად პროპორციული წარმომადგენლობის საარჩევნო სისტემის მქონე ქვეყნებში აისახება.

ამომრჩეველთა აქტივობა

საარჩევნო სისტემის გავლენების კვლევებს შორის ყურადღება ამომრჩეველთა აქტივობაზეც მახვილდება, რაც პროპორციული სისტემის პირობებში არჩევნებში მონაწილეობის უფრო მაღალ დონეს აჩვენებს. პიპა ნორისის მიხედვით, მაჟორიტარული სისტემის მოქმედების პირობებში იმ ამომრჩევლებს, რომლებიც მცირე ან გეოგრაფიულად მიმოფანტული მხარდაჭერის მქონე პარტიებს უჭერენ მხარს, არჩევნებში მონაწილეობის დაბალი მოტივაცია უჩნდებათ. პროპორციული სისტემის მოქმედებისას კი დაბალი საარჩევნო ბარიერი და ოლქის დიდი ზომა ზრდის მცირე პარტიების წარმომადგენლობით ორგანოში შესვლის შესაძლებლობას და მათ ამომრჩევლებს არჩევნებში მონაწილეობისკენ უბიძგებს.

ქალთა წარმომადგენლობა

საარჩევნო სისტემა გავლენას ახდენს ქალთა პოლიტიკურ წარმომადგენლობაზეც. პროპორციული საარჩევნო სისტემების გამოყენებისას წარმომადგენლობით ორგანოში ქალთა წილი უფრო მაღალია. პიპა ნორისის მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოში ქალთა წილი ყველაზე მაღალ დონეს იმ ქვეყნებში აღწევს, რომლებიც შერეული წევრობის პროპორციულ სისტემასა და სიითი პროპორციული წარმომადგენლობის სისტემას იყენებენ. ქალთა წარმომადგენლობის დონე ყველაზე დაბალი კი ბლოკური კენჭისყრის, ფარდობითი უმრავლესობის მაჟორიტარული სისტემისა და პარალელური სისტემის მოქმედების პირობებშია. ქალთა წარმომადგენლობაზე გავლენას ახდენს ოლქის სიდიდეც. გონივრულად მსხვილი ოლქების გამოყენება ახალისებს პარტიების მიერ მეტი ქალის ნომინირებას. ქალთა წარმომადგენლობას ზრდის გენდერული კვოტების გამოყენებაც. კვოტა სამი სახისაა: რეზერვირებული ადგილების, კანონით სავალდებულო და ნებაყოფლობითი პარტიული კვოტები.

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლობა

საარჩევნო სისტემის სხვადასხვა მახასიათებელმა ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლობის დონეზე შესაძლოა, სხვადასხვანაირი გავლენა იქონიოს. მაგალითად, დაბალი სამართლებრივი ბარიერი ან/და გონივრულად მსხვილი ოლქების არსებობა ზრდის ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლობას. ზოგჯერ უმცირესობათა წარმომადგენლობის გაზრდის მიზნით საარჩევნო სისტემა სპეციალურ წამახალისებელ წესებსაც შეიცავს. პროპორციული წარმომადგენლობის სისტემის/კომპონენტის პირობებში ეთნიკურ უმცირესობათა პარტიული სიებისათვის ზოგჯერ უფრო დაბალი ან ნულოვანი სამართლებრივი ბარიერი წესდება. მაგალითად, 0%-იანი სამართლებრივი ბარიერია განსაზღვრული ეთნიკური უმცირესობების სიებისთვის გერმანიასა და პოლონეთში, მაშინ, როდესაც სხვა სიებისთვის ბარიერი 5%-ს შეადგენს. უნგრეთში ეთნიკური უმცირესობებისთვის მხოლოდ ბუნებრივი ბარიერი მოქმედებს, რაც პარლამენტში ერთი ადგილის მოსაპოვებლად საკმარისი ხმების რაოდენობის მოთხოვნას გულისხმობს.

უმცირესობათა წარმოამდგენლობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი მეთოდი წარმომადგენლობით ორგანოში რეზერვირებული ადგილების გამოყოფაა. ასეთ შემთხვევაში საკანონმდებლო ორგანოს შემადგენლობის განსაზღვრულ ნაწილს მხოლოდ უმცირესობათა წარმომადგენლები იკავებენ. უმცირესობათა წახალისების კიდევ ერთი მეთოდს საკანონმდებლო ორგანოში გეოგრაფიულად კონცენტრირებული უმცირესობათა რეგიონებისთვის, მოსახლეობის რაოდენობასთან შედარებით, ზედმეტი ადგილების გამოყოფა წარმოადგენს. მაგალითად, მსგავს მეთოდს მიმართავს გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატა, სადაც შოტლანდიასა და უელსს იმაზე მეტი დეპუტატი ჰყავთ, ვიდრე მხოლოდ მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით შეიძლებოდა, ჰყოლოდათ.

საარჩევნო სისტემათა შედარება

საარჩევნო სისტემების შედარება ეფუძნება სხვადასხვა კრიტერიუმებს. გალაგერის მიხედვით, საარჩევნო სისტემის შეფასებისთვის გამოიყოფა 8 საკვანძო კრიტერიუმი, რომლებიც ეყრდნობა 6 სამეცნიერო ნაშრომსა და სამი კომისიის ანგარიშს. მათ შორისაა მაკენზის, ლეიკმანის, ახალი ზელანდიის საარჩევნო სისტემის სამეფო კომისიის, კატცის, სარტორის, კენჭისყრის სისტემაზე დამოუკიდებელი კომისიის (ჯენკინზის ანგარიში), პაუელის, პროპორციულ წარმომადგენლობაზე დამოუკიდებელი კომისიის, შუგარტისა და უატენბერგის მიერ შემუშავებული კრიტერიუმები.

 საარჩევნო სისტემის სხვადასხვა ტიპი სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით განსხვავებულ ეფექტს იძლევა. შეფარდებითი უმრავლესობის მაჟორიტარულ სისტემასა და ორტურიან სისტემას გააჩნიათ ძლიერი დადებითი ეფექტი სტაბილური ეფექტიანი მთავრობის, მთავრობის ვარიანტების იდენტიფიკაციისა და მთავრობის შეცვლის შესაძლებლობის შექმნის თვალსაზრისით. თუმცა, ისინი უარყოფით გავლენას ახდენენ ამომრჩეველთა პრეფერენციების წარმოდგენის სიზუსტესა და არჩევნებში მონაწილეობაზე. ამ ორ უკანასკნელ კრიტერიუმს ყველაზე კარგად უზრუნველყოფს ღია სიითი პროპორციული წარმომადგენლობის სისტემა. დახურული სიითი პროპორციული წარმომადგენლობის სიტემა ძლიერ დადებით გავლენას ახდენს პროპორციულობაზე, თუმცა ვერ უზრუნველყოფს ოლქის ამომრჩეველთა წინაშე დეპუტატების პერსონალურ პასუხისმგებლობას. შერეულ საარჩევნო სისტემებში სხვადასხვა კრიტერიუმის მიმართ სისტემის გავლენა შედარებით დაბალანსებულია.

 

კულტურა
პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველოს მწერალთა სახლი ეროვნული სტენდით პირველად არის წარმოდგენილი
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 12-14 აპრილს საქართველოს მწერალთა სახლი 2024 წლის პარიზის წიგნის ფესტივალზე ეროვნული სტენდით პირველად მონაწილეობს.
Grand Palais Éphémère–ში ფესტივალისა და საქართველოს ეროვნული სტენდის გახსნას მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილი და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს ეროვნული სტენდის პრეზენტაცია გაიმართა ღონისძიებით - „ჰაგიოგრაფიიდან პოსტმოდერნიზმამდე“. მწერალთა სახლის სტენდის სტუმრებს, ქართული მწერლობის გაცნობასთან ერთად, საინტერესო კალიგრაფიულ აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდათ. კალიგრაფმა გიორგი სისაურმა მათ ქართული ანბანით დაუწერა სასურველი სიტყვები, გამონათქვამები, ფრაზები, სახელები და ა. შ. ასევე გაიმართა ღონისძიება, სახელწოდებით, „თექვსმეტსაუკუნოვანი უწყვეტი ლიტერატურული პროცესი“, რომელიც განიხილავს ქართულ ლიტერატურას, ქართულ-ფრანგულ ლიტერატურულ ურთიერთობებსა და ქართული და ევროპული ლიტერატურის კავშირს.
პირველ საფესტივალო დღეს გამართულ პანელ-დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილმა და ფრანგული ფილოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რომანული ფილოლოგიის ფაკულტეტის ხელმძღვანელმა ბელა ხაბეიშვილმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უცხოელი გამომცემლები, ლიტერატურული აგენტები, მედიის წარმომადგენლები და ქართული სათვისტომოს საპატიო წევრები.
ფესტივალის მსვლელობისას ქართულ სტენდზე დაგეგმილია არაერთი აქტივობა და საქმიანი შეხვედრა - PUBLISHERS MATCHMAKING. შეხვედრის მონაწილეები იქნებიან საქართველოს მწერალთა სახლი, ქართული გამომცემლობები: „სეზან ფაბლიშინგი“, „მედუზა,“ „ბაკმი“ და მთარგმნელები - მაია ვარსიმაშვილი და მაია გიორხელიძე. შეხვედრაზე განიხილავენ ქართული ლიტერატურის კატალოგს. მთარგმნელი დალი იაშვილი წარადგენს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობას - „ლამბალო და ყაშა“ და მოთხრობების კრებულს. მთავარ სცენაზე გაიმართება წიგნის - „მზე, მთვარე და პურის ყანა“ წარდგენა. წიგნს წარადგენენ ავტორი - მწერალი და კინორეჟისორი თემურ ბაბლუანი და ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენელი ევროპაში სოფიო ბაბლუანი. ქართველ გამომცემლებთან ერთად საქართველოს სტენდთან იქნებიან ფრანგული გამომცემლობები: LE CHERCHE MIDI, GINGKO, EDITIONS DES CARNETS DU DESSERT DE LUNE, MEDUZA, და იტალიური გამომცემლობა MODERN TIMES, რომლებიც წარმოადგენენ ფრანგულად თარგმნილ კლასიკურ და თანამედროვე ქართულ პროზასა და პოეზიას.
საქართველოს ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილი იქნება ბუკლეტი ქართველი ავტორების 50-ამდე ნამუშევრის სინოპსისითა და ამონაბეჭდებით ისეთი ცნობილი ნაწარმოებებიდან, როგორიც არის „შუშანიკის წამება“, „ვეფხისტყაოსანი“ და სხვა.
აღსანიშნავია, რომ პარიზის წიგნის ბაზრობა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა, რომელიც ყოველწლიურად გაზაფხულზე იმართება და მასში მონაწილეობას 1 200 გამომცემელი და 2 000 ავტორი იღებს. საქართველოს წელს პირველად მიეცა საშუალება, საკუთარი სტენდით ჩაერთოს საფესტივალო აქტივობებში.
ფესტივალში ეროვნული სტენდით მონაწილეობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
საფესტივალო აქტივობები მწერალთა სახლს, ქართველ მწერლებსა თუ გამომცემლებს დაეხმარება ლიტერატურული ურთიერთობების წარმართვაში, ქართული მწერლობის პოპულარიზაციაში, ახალი კონტაქტების მოძიებასა და მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობაში.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.