USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
თბილისი
საახალწლო გასტრონომია
თარიღი:  3804
ახალი წელი უმეტესობისთვის საზეიმო სუფრასთანაა დაკავშირებული. საცივი, ჩურჩხელა, გოზინაყი, სხვადასხვა გემრიელობები. ქართული ტრადიციული საახალწლო სუფრა მთელი ქვეყნის მასშტაბით თითქმის იდენტურია, მაგრამ რა ხდება სხვა ქვეყნებში? რა გასტრონომიული ტენდენციებია საზღვარგარეთ?

1. საფრანგეთი

საფრანგეთში ახალი წლის ღამისთვის თაფლაკვერში ლობიოს ათავსებენ და ასე აცხობენ. ფრანგები თვლიან, რომ ამას ბედნიერება მოაქვს. საახალწლო სუფრაზე აქ აუცილებლად არის შემწვარი წაბლი, ხამანწკები, ლამაზად მორთული სენდვიჩები ბატის პაშტეტით, ყველით. რა თქმა უნდა, მაგიდაზე ფრანგული ღვინოცაა.

2. ინგლისი

ინგლისში საახალწლო დღესასწაული წარმოუდგენელია Plum pudding გარეშე, რომელიც ლორით, პურის ნამცეცებით, ფქვილით, ქიშმიშით, კვერცხითა და სუნელებით მზადდება. სუფრაზე მირთმევამდე პუდინგს რომს ასხამენ და ცეცხლს უკიდებენ. ტრადიციულად ბრიტანელების სუფრაზე ბოსტნეულით და კინკოიჟის სოუსით გაჟღენთილი ინდაურიცაა.

3. აშშ

აშშ-ში საახალწლო სუფრაზე ინდაური აუცილებლად უნდა იყოს, თუმცა ბრიტანულისგან განსხვავებით, მას სხვანაირად ამზადებენ. მარტივად რომ ვთქვათ, მასში ყველაფერს ათავსებენ, რაც მაცივარში შემორჩა. ძირითადად, ეს ყველი, ნიორი, ქლიავი, ვაშლი, კომბოსტო, ლობიო, სოკო და სანელებლებია.

4. პოლონეთი

ახალი წლის ღამეს პოლონელები სუფრაზე „ბედნიერების მომტან“ 12 კერძს აწყობენ, რომელიც ხორცის გარეშეა. ესაა კლიოცკი, ბოსტნეულის და ხილის კერძები, ტკბილეული. ეს მომავალი 12 თვის სიმბოლოა და იმისთვის, რომ მთელი წელი კარგი იყოს, სუფრასთან მჯდომმა თითო კერძი აუცილებლად უნდა გასინჯოს.

5. ესპანეთი

ესპანეთში, როდესაც 12 საათი სრულდება, ყოველ ათვლაზე ყურძენს ჭამენ. თითო ყურძენი, რომელიც, შესაბამისად, 12 უნდა იყოს, თითო სურვილის ჩაფიქრებასთან ერთად მიირთმევა.

6. იაპონია

იაპონიაში, საახალწლო მენიუც კი დაბალკალორიული და ჯანმრთელია. იაპონელები ახალ წელს პარკოსნების, თევზის, ბრინჯის და ბოსტნეულის და ზღვის მცენარეების კერძებს მიირთმევენ. სუფრაზე აუცილებლად არის მოტი - მოხარშული ბრინჯისგან დამზადებული მცირე ზომის ღვეზელი, რომელსაც ხილისგან ამზადებენ და სეზამს აყრიან. საახალწლო სადღესასწაულო სუფრაზე დგას გრძელი ატრია. რაც უფრო გრძელია ის, მით უფრო გრძელი იქნება სუფრასთან შეკრებილების ცხოვრება. მაგიდაზე ხშირია ზღვის კომბოსტო, შემწვარი წაბლი, ბარდა, ლობიო, მოხარშული თევზი - ეს კომპონენტები ბედნიერების, ჯანმთელობის, საქმეში წარმატების და მშვიდობის სიმბოლოდ ითვლება.

7. იტალია

იტალიაში საახალწლო სუფრის მთავარი კერძი მორის ფორმის შოკოლადის ტორტია. დესერტამდე კი იტალიელები პასტას, მოთუშულ ლობიოს, ბოსტნეულის სუპ-პიურეს, მათ შორის ოსპის სუპს მიირთმევენ. დღეგრძელობის, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის სიმბოლო აქ ყურძენი, თხილი და ოსპია.

8. რუმინეთი, ავსტრალია, ბულგარეთი

სხვადასხვა ტრადიციულ კერძთან ერთად, ამ სამ ქვეყანაში საახალწლო სუფრაზე აუცილებლად არის სპეციალური ღვეზელი. მისი თავისებურება ის არის, რომ ნაჭერში ერთ-ერთ სტუმარს აუცილებლად შეხვდება მონეტა, კაკალი, ან წიწაკა. ამ ქვეყნების მკვიდრები თვლიან, რომ ვინც მათ იპოვის, ამ წელს აუცილებლად დაოჯახდება.

9. ავსტრია, უნგრეთი და ყოფილი იუგოსლავია

ამ ქვეყნებში საახალწლო სუფრაზე გამორიცხულია ფრინველის კერძი. ავსტრიელები, უნგრელები და ყოფილი იუგოსლავიის მცხოვრებლები თვლიან, რომ ამით „ბედნიერების ფრინველს“ შეაშინებენ და ის მათ სახლს დატოვებს.

10. ჩეხეთი და სლოვაკეთი

ჩეხეთსა და სლოვაკეთში ტრადიციული საახალწლო კერძი არაჟანში შემწვარი კობრია. ამავდროულად, სუფრაზე უამრავი ხორციანი კერძია. ითვლება, რომ რაც უფრო მეტია კერძი, უფრო მდიდარი იქნება ახალი წელი. სუფრაზე აუცილებლად არის ქერის ფაფა და სავალდებულოა შტრუდელი - ყველა ადგილობრივი კარგი დიასახლისის სიამაყე.

11. დანია, შვედეთი

დანიელებისა მთავარი საახალწლო კერძი ვირთევზაა. ეს ბედნიერების და სიმდიდრის სიმბოლოა. შვედების სადღესასწაულო მაგიდაზე, კი აუცილებლად არის ლუტეფიქსია - ხმელი ვირთევზისგან დამზადებული კერძი.

12. გერმანია

გერმანელების საახალწლო სუფრაზე აუცილებლად არის ქაშაყი. ითვლება, რომ ქაშაყი ნამდვილად მოიტანს ბედნიერებას მთელი წლის განმავლობაში. ტრადიციული და მნიშვნელოვანი კერძებია: Sauerkraut - ჩაშუშული კომბოსტო ძეხვებით, Eisbein - მოხარშული ღორის ფეხი და რა თქმა უნდა, მრავალი სახის გერმანული ძეხვი (თითოეული რეგიონი საკუთარი ნაირსახეობითაა ცნობილი).

13. ესპანეთი, პორტუგალია, კუბა

ამ სამ ქვეყანაში სიუხვის და ოჯახის ბედნიერების სიმბოლო ვაზია. ამიტომ, ამ ქვეყნებში 12 საათის შესრულებისას, ყურძენს ჭამენ. ესპანეთის მსგავსად, თითო ყურძენი თითო სურვილის ჩაფიქრებასთან ერთად მიირთმევა.

14. ტიბეტი

ტიბეტში ძალიან სტუმართმოყვარე საახალწლო ტრადიცია არსებობს. დიასახლისები ღვეზელის ურიცხვ რაოდენობას აცხობენ, რომელის სხვადასხვანაირი შიგთავსითაა გატენილი. მას ყველას ურიგებენ, ნაცნობებსაც და უცნობებსაც. ტიბეტელები თვლიან, რომ რაც მეტს დაარიგებენ, მით უფრო მდიდრები იქნებიან.

15. ბელგია

ბელგიაში საახალწლო სუფრაზე აუცილებლად არის ხბოს ძეხვი ტრიუფელებით, ტახის ხორცი, ტრადიციული ტორტი და ღვინო.

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის