USD 2.6959
EUR 3.1747
RUB 3.4365
თბილისი
რუსი მილიარდერების RMG ჰოლდინგი
თარიღი:  3464

ოქრო და სპილენძი ქვეყნის მთავარი საექსპორტო საქონლის პირველ ათეულში თითქმის ყოველწლიურად ხვდება.

2018 წელს ოქროს ექსპორტი $69.8 მილიონი დოლარის ტოლი იყო, სპილენძის მადნების ექსპორტი კი ნახევარ მილიარდ დოლარს აჭარბებდა, თუმცა აღნიშნული სპილენძის უდიდესი ნაწილი არა ადგილობრივ წარმოებას, არამედ რეექსპორტს წარმოადგენდა. Forbes Georgia კომპანიის ოფიციალურ აუდიტორულ ანგარიშგებაზე დაყრდნობით უფრო ახლოდან გაგაცნობთ საქართველოში ძვირფასი მეტალების უმსხვილეს მომპოვებელ ჯგუფს - RMG ჰოლდინგს.

საქართველოში ძვირფასი მეტალების უმსხვილესი მომპოვებელი ჯგუფი RMG ჰოლდინგია, რომელიც RMG Copper-სა და RMG Gold-ს აერთიანებს. კომპანიების აუდიტორული ანგარიშის მიხედვით, მათი საკონტროლო პაკეტის მფლობელები რუსი მილიარდერები და ბიზნესპარტნიორები - დმიტრი ტროიცკი და დმიტრი კორჟევი არიან.

Forbes-ის ინფორმაციით, როგორც კორჟევის, ასევე ტროიცკის ქონება $1 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. კორჟევი და ტროიცკი კლასელები იყვნენ, მათ ქონება 1990-იანი წლების დასაწყისში ავტომობილებით ვაჭრობით დააგროვეს, შემდგომ კი რუსეთის ერთ- ერთი წარმატებული რიტეილის ქსელი O’Key დააფუძნეს.

რუსმა ბიზნესმენებმა RMG ჰოლდინგი 2012 წელს შეიძინეს, აღნიშნული გარიგების ღირებულება, Bloomberg-ის ინფორმაციით, $120 მილიონს შეადგენდა.

RMG Gold-ის 2018 წლის აუდიტორული ანგარიშგების მიხედვით, გასული წლის განმავლობაში კომპანიის მთლიანი შემოსავალი 209,953,000 ლარი იყო. 2017 წელთან შედარებით, RMG-ის მთლიანი შემოსავალი 5.1%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება კომპანიის წმინდა მოგებას, ის 45,043,000 ლარს შეადგენდა. 2017 წელთან შედარებით მოგების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული, რადგანაც აღნიშნულ წელს RMG Gold-ს მოგება/ ზარალის უწყისში მოგების ნაცვლად 16,724,000 ლარის ზარალი აქვს მითითებული.

RMG Gold-ის საბალანსო უწყისის მიხედვით, კომპანიის აქტივების ჯამური მოცულობა 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 343,698,000 ლარს შეადგენდა.

RMG Gold-ი ანუ Rich Metals Group-ი 1994 წელს დაფუძნდა. კომპანიის ძირითად საქმიანობას, საყდრისის საბადოს მინერალური რესურსების მოპოვების ლიცენზიის შესაბამისად, ოქროს, სპილენძისა და სხვა ფერადი ლითონების მოპოვება და გადამუშავება წარმოადგენს. RMG-ი აღნიშნული ლიცენზიის საფუძველზე ოქროს ბოლნისისა და დმანისის რაიონებში 2042 წლის იანვრამდე მოიპოვებს.

ცალკეული მეტალების მიხედვით, RMG Gold-ის შემოსავლები 2018 წლის მდგომარეობით ასე ნაწილდება:

• შემოსავალი ოქროს რეალიზაციიდან - 165,474,000 ლარი;

• შემოსავალი სპილენძის მადნის რეალიზაციიდან - 35,823,000 ლარი;

• შემოსავალი ვერცხლის რეალიზაციიდან - 1,060,000 ლარი.

როგორ იწარმოება ქართული ოქრო:

RMG Gold-ი ოქროსა და ვერცხლს მოპოვებული მადნის გამოტუტვის გზით, ანუ მათი ნატრიუმის ციანიდში გატარების პროცესით მოიპოვებს.

კომპანიის მმართველობით ანგარიშგებაში გამოტუტვის პროცესი ამგვარად არის აღწერილი:

“გამოტუტვის ტექნოლოგიური პროცესის ფარგლებში ხდება ე.წ. გროვის ფორმირება წყალგაუმტარ ზედაპირზე, რომელზეც ხდება ციანიდის ხსნარის დასხურება. ოქრო და ვერცხლი გადადის ხსნარში, რომელიც გაიფილტრება აქტივირებული ნახშირის საშუალებით და გამოწვის შემდეგ ხდება ზოდების ჩამოსხმა. გროვაზე დასხურება ხანგრძლივი პროცესია და შესაძლებელია, ერთ წლამდე გაგრძელდეს. აღსანიშნავია, რომ მოცემული პროცესი იძლევა ოქროს დაბალი შემცველობის (ოქროს შემცველობა ერთი გრამი ტონაზე და ნაკლები) მადნის გადამუშავების საშუალებას. აგრეთვე შესაძლებელია ერთხელ დაფქული და გადამუშავებული მადნის მეორედ და მესამედ გადამუშავება. ამ შემთხვევაში ეკონომიკურად მიზანშეწონილი მადნის შემცველობა შეიძლება იყოს 0.3 გრამი ტონაზე ან უფრო ნაკლები. ასევე აღსანიშნავია, რომ მოცემული ტექნოლოგიით შესაძლებელია მხოლოდ სპეციფიკური მადნების (ე.წ. ოქსიდური ანუ დაჟანგული) გადამუშავება”, - ნათქვამია ანგარიშგებაში.

რამდენი ოქრო არის იმ ტერიტორიაზე, სადაც RMG Gold-ი მოიპოვებს ძვირფას მეტალებს:

RMG Gold-ის მმართველობითი ანგარიშგების მიხედვით, ამ ეტაპზე არსებული მარაგების გათვალისწინებით, საყდრისის საბადოდან მადნის მოპოვება 1.5 მილიონი ტონის რაოდენობით არის მოსალოდნელი, რაც დაახლოებით 48.9 ათას უნცია ოქროს შეიცავს (1 უნცია 31.1035 გრამია). ეს კი დღევანდელი ფასებით $71,156,000 დოლარს, ანუ 211,000,000 ლარს უდრის. კომპანიის ინფორმაციით, მოცემული რაოდენობის ამოღება უნდა მოხდეს 2020 წლის ბოლომდე.

ამასთანავე, კომპანია ძველი მადნის ხელახალ გადამუშავებასაც ახდენს. “მესამედური გადამუშავებისთვის ვარგისი მადანი შეფასებულია 19.2 მილიონი ტონის რაოდენობით, რომელიც შეიცავს 154 ათას უნცია ოქროს. მოცემული რაოდენობის მადნის გადამუშავება იგეგმება 2021 წლის ბოლომდე”, - ნათქვამია ანგარიშგებაში.

დასახელებულ 154,000 უნცია ოქროს საბაზრო ფასი (დღევანდელი ფასით) $224,000,000-ს უდრის, რაც 665,000,000 ლარის ტოლია.

“სს “არემჯი კოპერისთვის” ოქრო /სპილენძის მადნების მოპოვება იგეგმება 8.9 მილიონი ტონის ოდენობით, რომელშიც ოქროს შემცველობა იგეგმება 178 ათასი უნციის ოდენობით (დღევანდელი ფასით $259,000,000), ხოლო სპილენძის შემცველობა 28 ათასი ტონის ოდენობით (დღევანდელი ფასით $163,000,000). მოცემული რაოდენობის მადნის მოპოვება იგეგმება 2025 წლის ბოლომდე”, - ნათქვამია ანგარიშგებაში.

წყარო:https://forbes.ge/news/7645/rusi-miliarderebis-RMG-holdingi

 

 
თბილისი
კახა კალაძის განცხადებები 24 დეკემბრის თბილისის მთავრობის სხდომაზე

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და 2026 წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, მომავალ წელს ფინანსები მიემართება იმ პროექტებისკენ, რომლებიც მოქალაქეების კეთილდღეობასა და კომფორტს ეხება, მთავარი პრიორიტეტები კი კვლავ ინფრასტრუქტურის განვითარება და ჯანდაცვის მიმართულება იქნება.

„გუშინ თბილისის საკრებულომ ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი - 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ვისაც გახსოვთ, 2017 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, ბიუჯეტის მოცულობა, დაახლოებით, 861 მლნ ლარს შეადგენდა. ამის შემდეგ თანდათანობით, დედაქალაქის ბიუჯეტი იზრდებოდა, რაც საშუალებას გვაძლევდა, ქალაქში ხელშესახები ცვლილებები განხორციელებულიყო. გამონაკლისი არ იქნება მომავალი წელიც. 2026 წლის ბიუჯეტის საერთო მოცულობა შეადგენს 2 193 388 700 ლარს, რომელიც 210 210 700 ლარით მეტია 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ბიუჯეტის შემოსავლების სტრუქტურა შემდეგნაირია: საკუთარი შემოსულობები – 1 533 357 600 ლარი; სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები კაპიტალური სპეციალური ტრანსფერი – 630 000 000 ლარი; სხვა კაპიტალური გრანტები (სესხის ფარგლებში დასაფარი დღგ-ის ჩათვლით) – 25 480 000 ლარი; მიზნობრივი ტრანსფერი, დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად – 4 551 100 ლარი.

„მომავალ წელსაც პრიორიტეტული მიმართულება იქნება ინფრასტრუქტურის განვითარება, რადგან მიგვაჩნია, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურული ნაწილი - გზები, ხიდები, სკვერები, მუნიციპალური ტრანსპორტის მოწესრიგება და ა.შ., მნიშვნელოვანია. ყველაზე მეტ თანხას კი, რა თქმა უნდა, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით დავხარჯავთ, რადგან ჩვენთვის ამოსავალი წერტილი ადამიანი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყველაფერი, რაც ქალაქში კეთდება, კეთდება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისა და კომფორტისთვის“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა იმ მნიშვნელოვან და მასშტაბურ პროექტებზე, რომლებსაც მუნიციპალიტეტი 2026 წელს განახორციელებს.

„გუშინაც დეტალურად ვისაუბრეთ ბიუჯეტის პროექტის მიხედვით დაგეგმილ მსხვილ და ახალ პროექტებზე, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მომავალი წელი აუცილებლად იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებების დასაწყისი, რადგან განხორციელდება: სადგურის მოედნისა და დადიანის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის პროექტირება/მშენებლობა; სკვერების მოწყობა/რეაბილიტაცია (მათ შორის დიღმის ჭალები, პირველი რესპუბლიკის პარკის რეაბილიტაცია); ე.წ. სამხედრო ქალაქის პარკის მოწყობა; ვაკის პარკის შადრევნების კასკადის რეაბილიტაცია; ოთხი საბავშვო ბაღის მშენებლობა; ავარიული სახლების ჩანაცვლება; ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაცია; სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაცია (კომუნიკაციების ჩათვლით) და ბევრი სხვა პროექტი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ დღევანდელ სხდომაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებს, ცენტრალურ ხელისუფლებას და უწყების თითოეულ თანამშრომელს.

„აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თბილისის საკრებულოს წევრებს მხარდაჭერისთვის. დიდი მადლობა ცენტრალურ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს, ფინასთა მინისტრს, რადგან მათი თანადგომის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა უკვე განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტების ბოლომდე მიყვანა. მადლობას ასევე იმსახურებენ ჩვენი უწყების თანამშრომლები, რადგან მათი დაუღალავი შრომისა და ერთგულების გარეშე, წარმატებაზე საუბარი წარმოუდგენელია.

მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომელი საკუთარ აგურს დებს ქალაქის აღმშენებლობის საქმეში, რაც მე, როგორც თბილისის მერს და როგორც ამ ქალაქში მცხოვრებს, მეამაყება. ბედნიერი ვარ, რომ მყავს ძლიერი, პროფესიონალი, საქმესა და ქალაქზე შეყვარებული, ერთგული ადამიანები. ყველაფერი, რაც ბოლო წლებში გაკეთდა და რაც დაგეგმილია, ჩვენი თითოეული თანამშრომლის დიდი დამსახურებაა. ამ გაკეთებულ საქმეებში უზარმაზარი შრომაა ჩადებული. დარწმუნებული ვარ, ერთად დგომითა და სხვა სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერით, ქალაქი მომავალი წლების განმავლობაში იქნება უფრო მწვანე, მოწესრიგებული და თანამედროვე“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

თბილისის მერმა აქვე აღნიშნა, რომ მოქალაქეებთან ყოველკვირეული, პირისპირი შეხვედრები 25 დეკემბრიდან 13 იანვრის პერიოდში არ გაიმართება, 2026 წლის 14 იანვრიდან კი მოქალაქეების მიღებას ჩვეულ რეჟიმში შეძლებს.

„ყოველ ოთხშაბათს, 16:00-დან 18:00 საათამდე გვაქვს მოქალაქეების მიღება, სადაც პირისპირ ვხვდებით მათ. ვისმენთ პრობლემურ საკითხებს, ვიღებთ გადაწყვეტილებებს. დღესაც გვექნება აღნიშნული შეხვედრა, თუმცა მომდევნო კვირიდან, საახალწლო დღესასწაულების პერიოდში, აღარ გაიმართება, 14 იანვრიდან კი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ყურადღება რეკრეაციულ სივრცეებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ისნის რაიონში ოთხი სკვერის რეაბილიტაცია განახორციელა.

მისი თქმით, ვაზისუბანში რეაბილიტირდა N8 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერი, ხოლო N7 კორპუსის მიმდებარედ მოეწყო სრულიად ახალი რეკრეაციული ზონა, მანამდე კი, ამავე ტერიტორიაზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა შაქარაშვილის სახელობის სკვერს და სრულად განახლდა 90-ე სკოლის მიმდებარედ არსებული მარტიაშვილის სახელობის სკვერი.

„სამუშაოების ფარგლებში რეკრეაციულ სივრცეებში მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სავარჯიშო მოედნები, სასმელი წყლის შადრევნები, ძაღლების გასასეირნებელი ზონა, ხოლო ტერიტორიაზე განთავსდა თანამედროვე საპარკო ავეჯი. მარტიაშვილის სახელობის სკვერში მოეწყო შადრევანიც. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამწვანებას - მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო ხე-მცენარეები“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ამჟამად განხორციელებულმა პროექტებმა ხელი შეუწყო რეკრეაციული ზონების ერთმანეთთან ინტეგრაციას და ერთიანი სარეკრეაციო სივრცის შექმნას, რომელიც თითქმის 3 ჰექტარს მოიცავს.

გარდა ამისა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, დაფინანსებას მიიღებს 46 ბიზნესსუბიექტი, რომელიც გამარჯვებულად შესაბამისმა კომისიამ გამოავლინა.

კახა კალაძის ინფორმაციით, აღნიშნული ბიზნესსუბიექტების დასაფინანსებლად მერიამ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გამოყო.

„გამოცხადებული გვქონდა განაცხადების მიღება მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტზე. შესაბამისმა კომისიამ მუშაობა დაასრულა და გამარჯვებულად გამოავლინა 46 ბიზნესსუბიექტი. თავდაპირველად გამოყოფილი იყო 300 000 ლარი, თუმცა გავზარდეთ ბიუჯეტი და საბოლოო ჯამში, 523 000 ლარი იქნება განაწილებული აღნიშნულ ბიზნესსუბიექტებზე. ადგილობრივი წარმოების გაძლიერება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მდგრადი ეკონომიკური განვითარების განუყოფელი ნაწილია. ვულოცავ გამარჯვებულებს და ვუსურვებ წარმატებებს. მსგავსი პროექტების დაფინანსებას მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ, უფრო გაზრდილი ბიუჯეტით და მეტი შესაძლებლობებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის