USD 2.7215
EUR 3.2155
RUB 3.4658
თბილისი
რუსეთთან ბრძოლას შეწირული სამი პატრიარქი
თარიღი:  11276

ავტოკეფალიის აღდგენიდან 10 წელიწადში საქართველომ სამი პატრიარქი გამოიცვალა. სამივეს ტრაგიკული ბედი ხვდა წილად. კირიონ II მოკლეს, ლეონიდე ქოლერით გარდაიცვალა, ამბროსი ხელაია კი თითქმის სიკდილამდე ციხეში იყო გამოკეტილი. ეს იყო სამი პატრიარქის რუსეთთან ბრძოლის შედეგი.

1917 წელს საქართველომ ავტოკეფალია, ფაქტობრივად, ხელიდან გამოგლიჯა რუსეთს. ბრძოლა უშეღავათო, მომქანცველი და დამამცირებელი იყო. ამ ბრძოლაში ერთად იყვნენ კირიონი (საძაგლიშვილი), ლეონიდე (ოქროპირიძე) და ამბროსი (ხელაია). კირიონი და ამბროსი გარდაცვალების შემდეგ ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა.

ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი ელდარ ბუბულაშვილი წერს: „კირიონ საძაგლიშვილის ეროვნული სულისკვეთება მეფის რუსეთის მოხელეთა დიდ უკმაყოფილებას იწვევდა. ამ მიზეზით მასზე საერო ხელისუფლების მიერ მკაცრი საიდუმლო მეთვალყურეობა იყო დაწესებული, ხოლო „სასულიერო მთავრობა სასტიკად ავიწროებდა“.

1902 წელს, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო პიროვნება, კირიონი გაათავისუფლეს გორის ეპისკოპოსობიდან, აუკრძალეს საკუთარ სამშობლოში მოღვაწეობა და რუსეთში გადაიყვანეს. მას იმის უფლებაც კი არ მიეცა, ილია ჭავჭავაძის გასვენებაზე ჩამოსულიყო. ერთხანს ეპარქიის მმართველი იყო სოხუმში, სადაც ქართული ეკლესია-მონასტრების აღდგენა დაიწყო. ამის გამო ისევ რუსეთში გადაიყვანეს. უფრო გვიან კი მღვდელმოქმედება შეუჩერეს და დააპატიმრეს კიდეც - 1908 წელს თბილისში პიროვნებამ, რომლის ვინაობა დღემდე არ არის დადგენილი, ეგზარქოსი ნიკონი მოკლა, რაც ქართველ სამღვდელოებასა და კირიონს დაბრალდა.

კირიონის დაპატიმრების გამო აკაკი წერეთელი მღვდელ იოსებ ჩიჯავაძეს სწერდა: „კირიონის ამბავმა ლახვარი გამიყარა... რაც იმედი მქონდა, სულ გამიქარწყლდა, მაგრამ ამაზედ გლოვის დრო არ არის. თავს არ დავზოგავ, წავალ პეტერბურგში და თუ ჩემი არ გავიტანე, ცოცხალი აღარ დავბრუნდები და მტრებს კი არ გავახარებ“.

გადასახლებისა და დაპატიმრების მიუხედავად, კირიონი ავტოკეფალიისთვის ბრძოლას განაგრძობდა - ხან ღიად, ხანაც შეფარულად. მის მიერ საქართველოში გამოგზავნილ წერილებში მხოლოდ ამ საკითხზეა საუბარი.

„ეხლა აქ გვირჩიეს მანდიდან დავაჩქარებინოთ საქმე, თორემ აქ როგორღაც ყურებს არ იბერტყამენ. უნდა შეიკრიბოთ, მოიწვიოთ ილია ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვილი, გ. დიასამიძე და სხ… გააცნოთ აქაური საქმის მდგომარეობა, შეადგინოთ დეპუტაცია ვორონცოვ-დაშკოვთან და სთხოვოთ მას საქართველოს ბედკრულ ეკლესიას უშველოს რაიმე“.

 

„მკითხამ, რად დაგანარჩუნეს პეტრეს ქალაქშიო? ნუ თუ ვერ მიჰხვედრიხარ, რომ რაღაც რიდი აქვთ და ჩემს აქედან დაბრუნებას საქართველოში მუდამ აბრკოლებენ. ეს ხომ პირველი შემთხვევა არ არის. იწერები: მანდ რას აკეთებო, - ღმერთმა არ იცის ამათი თავ-ტანი!...“

„წყალკურთხევის (უკეთ ვსთქვათ, ყინულის კურთხევის) მეორე დღეს ლავრის დიდ ტაძარში ვსწირე“.

„რუსეთს ჩავაბარეთ ჩვენი სვე-ბედი და აღარაფერს გვიბრუნებენ“.

„ვერ იქნა, ვერ დავმწყსნე ლეონიდი“, - წერს კირიონი ერთ წერილში.

ლეონიდეს და კირიონს უცნაური ურთიერთობა ჰქონდათ: ჩხუბობდნენ, მაგრამ ბოლოს მაინც ერთ საქმეს აკეთებდნენ.

„თქვენო მეუფებავ, მწყემსმთავარო კირიონ!

ჩვენ შორის არსებული უთანხმოება ერთობ შორს გავიდა საზოგადოებაში და მრავალნი იმ აზრისანი არიან, რომ საზოგადო საქმეს ვღუპავთ და ვმარხავთ პირადი ანგარიშების გამო. მოსასპობელად ყოველი ამისა, გთხოვთ დაივიწყოთ ყველაფერი და გამომიწოდოთ მეგობრული ხელი.

თანაძმა და მსახური მდაბალი ეპისკოპოსი ლეონიდი.

უფრო ემოციური და პოეტურია ლეონიდეს მეორე წერილი:

 

„ყოვლად სამღვდელო! თუ თქვენი აქ არყოფნა ვისმეს მოაკლდა, - ეს გახლავართ პირველათ მე: აღარა მყამს მომხრე, ყველას ენა მუცელში ჩაუვარდა, ყველა თაგვის სოროში იმალება, კრინტს ვეღარავინ სძრავს, ყველა კურდღლათ და დედალ ქათმათ გადაიქცა. მარტო ერთი ვერაფერს ვხდები და ტყუილ უბრალოთ თავქვას ვიხლი. თქვენით როდესაც ზურგი გამაგრებული მქონდა, ცა ქუდათ არ მიმაჩნდა და დედამიწა ქალამნად, ეხლა კი ზურგწამხდარი ცხენივით, ცაში კაჭკაჭის გაფრენაც კი საგონებელში მაგდებს. ჩვენი სილაჩრით გამარჯვებულებმა აღარ იციან როგორ იდღესასწაულონ თავიანთი დღესასწაული, როგორ გაგვთელონ, გაგვანადგურონ, ყურით გაგვლეწონ და მტვრათ გვაქციონ. ოჰ, ღმერთო, როდემდის, როდემდის უნდა ვიტრიალოთ ამ ჯოჯოხეთ საკირეში და გავარვარებულ თონეში! ნეტავი სულაც შეგნება არ მქონდეს, ან ისე ვიყო აგებული, რომ ადვილათ ურიგდებოდე და ვეთვისებოდე ცხოვრების ყოველგვარ პირობებს...

უთქვენობით მხარმოტეხილი და ობლად დარჩომილი ეპისკოპოსი ლეონიდი“.

თვითმკვლელობა ჩაკეტილი რევოლვერით

1917 წლის თებერვალ-მარტის რევოლუციის შემდეგ სვეტიცხოველში შეკრებილმა ქართველმა სამღვდელოებამ საგანგებო საეკლესიო კრებაზე მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შესახებ. კირიონი უკვე ასაკოვანი იყო და ჯანმრთელობაც შერყეული ჰქონდა, მაგრამ პატრიარქად მაინც აირჩიეს. ერთი წლის შემდეგ, 27 ივლისს, მარტყოფის საზაფხულო რეზიდენციაში ჩავიდა. მოსასვენებლად საწოლში მწოლი კირიონი დილით ტყვიით მოკლული იპოვეს.

თავდაპირველად გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიად თვითმკვლელობა დასახელდა. არავინ დაიჯერა, მაგრამ რეალურად ვინ მოკლა პატრიარქი, მაინც გაურკვევლი დარჩა. ეს დიდი დარტყმა იყო საზოგადოებისთვის, რომელიც ჯერ ილია ჭავჭავაძის მკვლელობისგან მიღებული შოკიდანაც ვერ გამოსულიყო.

დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე იგონებს: „ხმა დაუყარეს, რომ თავი მოიკლაო!“ 68 წლის მოხუცმა, რომელსაც დამბლის გამო პირზე ჭიქა ვერ მიჰქონდა დასალევად, ასეთი ხელით მწოლიარემ რევოლვერი დაირტყა და თავი მოიკლაო! რევოლვერი იქვე ეგდო ცხედართან: რევოლვერი დაკეტილი იყო. როგორ, თავი მოიკლა და რევოლვერი დაკეტა? გვერდზე დაიგდო?! ასეთი დასკვნა გამოუტანა „გამოძიებამ“… ამის გამო მქონდა პირადი შეტაკება ნოე რამიშვილთან. 1918 წლის ივლისში, როდესაც ანჩისხატის ტაძარში მესვენა უცნაურად ტყვიით განგმირული კათოლიკოზი კირიონი, დიდძალი ხალხის თანდასწრებით გადავიხადე პანაშვიდი. ჯერ წარმოვთქვი მეტად აღგზნებული [სიტყვა] იმის თაობაზე, რომ მოწმე ვიყავი იმ არაადამიანური, მეფისტოფელური დევნა-შევიწროვებისა, რომელიც წილად ხვდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურ უფლებებში აღდგენილ მის პირველ კათოლიკოზს”.

ლეონიდი

1919 წელს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად ლეონიდე აკურთხეს. წინამორბედის მსგავსად, არც მას მოუწია ამ წოდების დიდხანს ტარება - ორ წელიწადში ქოლერით გარდაიცვალა. 1921 წელს, როდესაც თბილისში ბოლშევიკები შემოვიდნენ, სუფთა წყალიც არ იშოვებოდა. შესთავზეს, წყაროს წყალს მოგიტანთ ხოლმეო, მაგრამ უარი თქვა. ისიც სხვებივით მტკვრიდან მოტანილს სვამდა, რასაც შეეწირა კიდეც.

ლეონიდე ერთ-ერთი იყო, ვინც კირიონსა და ამბროსი ხელაიასთან ერთად ავტოკეფალიისთვის იბრძოდა. ის მონაწილეობდა პეტერბურგის შეხვედრაში, სადაც ქართველები დიდხანს უშედეგოდ ამტკიცებდნენ, რომ საქართველოს ეკლესია ისტორიულად დამოუკიდებელი იყო.

ისტორიკოსი ლევან ტყეშელაშვილი წერს: „კრების წარმომადგენლებმა აღიარეს: „ისტორიული მხრით საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურ უფლებათა შესახებ აღარაფერი ეჭვი არა გვაქვს. ეს ეკლესია, როგორც დამტკიცდა, ნამდვილად ავტოკეფალური იყო, მაგრამ ეს ღირსება დაჰკარგა მას შემდეგ, რაც საქართველო პოლიტიკურად რუსეთს შეუერთდა“. მეტად საინტერესო იყო მიტროპოლიტ ფლაბიანეს პასუხი ყოვლადსამღვდელო ლეონიდის მიმართ: ყოვლადსამღვდელო ლეონიდმა ჰკითხა: „მაშ, ღმერთმა რომ გაუმარჯოს რუსეთის იარაღს და აიღოთ კონსტანტინეპოლი, იერუსალიმი, ანტიოქია და სხვა... თქვენ განა მოსპობთ იქ საპატრიარქოებს?!“ მიტროპოლიტმა ფლაბიანემ დიდის აღტაცებით წამოიძახა: „უეჭველად, უეჭველად, საპატრიარქოებს გავაუქმებდითო!!!“

პატრიარქი მეტეხის ციხეში

ლეონიდეს შემდეგ, 1921 წელს, პატრიარქი ამბროსი ხელაია ხდება. მის კურთხევაზე სვეტიცხოველში ხალხი ცოტა იყო, მილიციონერი - ბევრი. საქართველოში ბოლშევიკური ტერორი იწყებოდა.

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი სერგო ვარდოსანიძე წერს, რომ პრესაში ქვეყნდებოდა „მუშათა მოწოდებანი“, გაესამართლებინათ „ანაფორიანი ინტრიგანები“, „ბნელეთის მოციქულები,“ „მენშევიკური საქართველოს იდეალისტები“. მართალია, ხელისუფლება საჯაროდ აღიარებდა სინდისის თავისუფლებას, მაგრამ პროვინციებში, დიდ ქალაქებში ადგილობრივი ბოლშევიკური მმართველობის დეკრეტებით აუქმებდნენ მოქმედ ეკლესიებს, აღწერდნენ საეკლესიო ქონებას და ახდენდნენ მის კონფისკაციას.

ოქრო-ვერცხლით მოჭედილ ხატებს, ბარძიმ-ფეშხუმებს „ეკლესიებში ტყუილუბრალოდ დაყრილ ოქრო-ვერცხლს“ უწოდებდნენ. ანადგურებდნენ ეკლესია-მონასტრებში დაცულ უნიკალურ ხელნაწერებს, წიგნებს. საეკლესიო მეტრიკულ ჩანაწერებს. მხოლოდ 1923 წელს საქართველოში 600-ზე მეტი ეკლესია-მონასტერი დაიხურა.

 

რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლა ხშირად უკიდურეს ფორმას იღებდა, მაგალითად, ქუთაისში წმინდა დავითისა და წმინდა კონსტანტინეს ნეშტებს სასამართლო მოუწყვეს.

„ორი კვირის მანძილზე მათ ლანძღავდნენ, რომ ისინი არავითარი წმინდანები არ იყვნენ და ხალხს ატყუებდნენ. სასამართლომ გამოიტანა განაჩენი, წმიდა დავით და კონსტანტინეს ნეშტები რიონში უნდა გადაეყარათ, მაგრამ ცნობილმა მხარეთმცოდნემ პეტრე ჭაბუკიანმა მოახერხა მათი მუზეუმში გადაბრძანება... სოფელ სალხინოში ტრადიციული ქრისტიანული წესით დაკრძალული მიცვალებულები ამოასვენეს და წითელი დროშებისა და რევოლუციური სიმღერების, სასულე ორკესტრის თანხლებით გადაასვენეს კომუნისტურ სასაფლაოზე“, - წერს სერგო ვარდოსანიძე.

რა თქმა უნდა, ასეთ ვითარებაში პატრიარქი დიდხანს ვერ დარჩებოდა ხელშეუხებელი, მით უფრო, რომ მას აღსაყდრებამდეც დევნიდნენ, განსაკუთებით მაშინ, როცა სოხუმში მოღვაწეობდა და აცხადებდა, წირვა რუსულად არ უნდა ტარდებოდესო.

1922 წლის აპრილში ამბროსი ხელაიამ გენუაში მიმდინარე კონფერენციას მიმართვა გაუგზავნა და სთხოვა საქართველოს დახმარებოდნენ. ის წერდა, რომ რუსეთმა „დასძრა საქართველოს საზღვრებისკენ საოკუპაციო არმია და 1921 წლის 25 თებერვალს უსწორო ბრძოლაში სისხლიდან დაცლილ საქართველოს ხელმეორედ დაადგა კისერზე ისეთი მძიმე და სამარცხვინო მონობის უღელი, რომლის მსგავსი მას არ განუცდია თავის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში. ოკუპანტები, მართალია, ლამობენ შინ და გარეთ ყველანი დაარწმუნონ, რომ მათ გაათავისუფლეს და გააბედნიერეს ქართველები, მაგრამ რამდენად ბედნიერად ჰგრძნობს თავს ქართველი ერი, ეს ყველაზე უკეთ ვუწყი მე, მისმა სულიერმა მამამ… თამამად და გაუზვიადებლად ვამბობ, რომ ის ყოვლად შეუფერებელი ექსპერიმენტები, რომელსაც ახდენენ ქართველი ერის ზურგზე, აუცილებლად მიიყვანს მას ფიზიკურად გადაშენების და სულიერად გაველურების და გახრწნის კარამდე!“.

 

მალევე, 1923 წელს, ამბროსი ხელაია, საკათალიკოსო საბჭოს სხვა წევრებთან ერთად, „ჩეკამ“ დააპატიმრა. თუმცა ორი წლის შემდეგ შეიწყალეს. როდესაც მეტეხის ციხიდან გამოსულმა სიონში წირვა აღავლინა, უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი. ამბროსი ხელაიამ გრძელი სიტყვა წარმოთქვა:

„როგორ სარგებლობენ მტრები ჩვენი უდისციპლინობით და შეუგნებლობით, მისი მაგალითი ბევრია, მაგრამ აქ მოვიყვან მხოლოდ ერთს. რუსეთის ეკლესიას არ მოეწონა ჩვენი ავტოკეფალიის გამოცხადება, რუსეთის ეკლესიიდან ყოველთვის გვიმზადებდნენ სხვადასხვა დაბრკოლებას…“ აქ პატრიარქი ცუდად გახდა და ცრემლები მოერია.

1927 წლის 22 მარტს დროებითი მმართველობის წევრებმა ამბროსი ხელაიას გამოუცხადეს, რომ იგი განთავისუფლებული იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელობიდან. მეორე დღეს, 23 მარტს, პატრიარქმა დაკარგა მეტყველების უნარი, 27 მარტს გონება, 29 მარტს კი, დილის 3 საათზე, გარდაიცვალა…

ამბროსი ხელაიამ ანდერძად დაიბარა, მისი დაკრძალვის დროს სიტყვით არავინ გამოსულიყო, გაითავლისწინა რა, რომ მასზე კარგის თქმა მთქმელს საფრთხეში ჩააგდებდა. 3 აპრილს ის სიონის ტაძარში კირიონისა და ლეონიდეს გვერდით დაკრძალეს.

ავტორი: თეა თოფურია

 
ანალიტიკა
«The Guardian»: „ პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“

„სწორედ იმ დროს, როცა მსოფლიოს უაღრესად ჭირდება ბრძენი უხუცესები, პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“ - ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში“ (The Guardian) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორია დევიდ ვან რეიბრუკი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფილოსოფიაში ნიდერლანდებიდან.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

მოდით ერთ დელიკატურ საკითხზე მსჯელობას შევეცადოთ: ვისაუბროთ ასაკზე ისე, რომ ეიჯიზმში - ასაკობრივ დისკრიმინაციაში - არ გადავვარდეთ.

არასოდეს არ მომხდარა ისეთი პრეცედენტი პლანეტის თანამედროვე ისტორიაში, როგორიც დღეს არის: მსოფლიოში მშვიდობის ბედი ისეთი ადამიანების ხელშია, რომლებიც საკმაოდ ხანდაზმულები არიან. ვლადიმერ პუტინს და სი ძინპინს 72 წელი შეუსრულდათ, ნარენდრა მოდი - 74 წლისაა, ბენიამინ ნეთანიაჰუ - 75-ის, დონალდ ტრამპი - 79-ის, ალი ჰამენეი - 86-ის.

რასაკვირველია, მედიცინის განვითარების წყალობით, ადამიანები სულ უფრო მეტ ხანს ცოხლობენ და შეუძლიათ აქტიური ცხოვრებით იცხოვრონ, მაგრამ ამის მიუხედავად, დრეს ცვენ მოწმენი ვართ იმ პოლიტიკური ლიდერების რაოდენობის ზრდისა, რომლებიც ასაკის კვალობაზე სულ უფრო ამკაცრებენ საკუთარ ხელისუფლებას, ხშირად თავიანთი ახალგაზრდა კოლეგების ხარჯზე.

გასულ კვირაში ჰააგაში ნატოს ყოველწლიურ სამიტზე ალიანსის ლიდერები, ემანუელ მაკრონის და მეტე ფრედერიქსონის (ორივე 47-47 წლისაა), ჯორჯა მელონის (48 წლის), პედრო სანჩესის (53 წლის) ჩათვლით, იძულებულნი იყვნენ დათანხმებულიყვნენ დონალდ ტრამპის მოთხოვნას სამხედრო ბიუჯეტის გაზრდის შესახებ. ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურების საშუალო ასაკი 60 წელს შეადგენს: გერმანიის კანცლერი 69-ისაა, ხოლო თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი - 71 წლის.

ყველა დაეთანხმა სამხედრო ასიგნებათა 5%-იან ზრდას, თუმცა აშკარაა, რომ ეს ციფრო თვითნებურად არის დადგენილი - მისი განხილვა სერიოზული დებატებით არ მომხდარა არც ნატოში და არც წევრი ქვეყნების შიგნით. ამ დროს უფრო მეტად სამხედრო-პოლიტიკური რეალობას კი არ მიექცა ყურადღება, არამედ ჭირვეული ამერიკელი პატრიარქის პატივისცემას და მის აკვიატებულ მოთხოვნას. ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე, რომელიც მხოლოდ 58 წლისაა, ისე შორს წავიდა აშშ-ის პრეზიდენტისადმი მოწიწებაში, რომ დონალდს „მამიკოთი“ (Daddy) მიმართა. ეს დიპლომატია არ არის. ეს მორჩილებაა.

თაობათა კონფლიქტი სხვა არენებზეც ხდება: უკრაინის 47 წლის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უპირისპირდება მასზე ბევრად უფროსი ასაკის კოლეგას - რუსეთის 72 წლის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. იმავე ასაკის მქონე სი ძინპინი მტრული თვალით უყურებს ტაივანის  პრეზიდენტს, რომელიც კომუნისტ ბელადზე 7 წლით უმცროსია. ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომლის წლოვანება საუკუნის სამ მეოთხედს შეადგენს, აუღელვებლად უყურებს ღაზას სექტორის განადგურებას, რომლის მოსახლეობის საშუალო ასაკი 18-20 წელია. ირანში 86 წლის ლიდერი მართავს ქვეყნის 80-მილიონიან მოსახლეობას, რომელთა საშუალო ასაკი 32 წელია. კამერუნელი 92 წლის პრეზიდენტი პოლ ბია 1982 წლიდან იმყოფება იმ ქვეყნის სათავეში, რომლის მცხოვრებლების საშუალო ასაკს 18 წელი შეადგენს, ხოლო სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა - 62 წელს.

რასაკვირველია, ჩვენ არ ვდგავართ გერონტოკრატიული შეთქმულების წინაშე. ჯერ-ჯერობით არც მოხუცი მოქმედი ლიდერების კლუბი არ არსებობს, რომლებიც მსოფლიოს ბატონობას სიცოცხლის ბოლომდე ესწრაფვიან... მაგრამ არის რაღაც შემაშფოთებელი იმაში, რომ  მშვიდობა ინგრევა სწორედ იმ ადამიანების მიერ, რომელთა ცხოვრება მეორე მსოფლიო ომის შემდომი არქიტექტურით განისაზღვრა. ალი ჰამენეი 6 წლისა იყო, როცა ჯერ გერმანიამ, შემდეგ კი იაპონიამ ხელი უსიტყვო კაპიტულაციას მოაწერეს.

დონალდ ტრამპი 1946 წელს დაიბადა, როცა გაერომ თავისი პირველი გენერალური ასამბლეის სხდომა ჩაატარა. ბენიამინ ნეთანიაჰუ  დაიბადა ისრაელის სახელმწიფოს შექმნიდან ერთი წლის შემდეგ. ნარენდრა მოდი დაიბადა 1950 წელს, როცა ინდოეთი საპარლამენტო რესპუბლიკად გამოცხადდა და ქვეყნის კონსტიტუცია მიიღეს. ვლადიმერ პუტინი ქვეყანას 1952 წლის ოქტომბერში მოევლინა, იოსებ სტალინის სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე. ამხანაგი სი ძინპინი - 1953 წლის ივნისში დაიბადა, სტალინის სიკვდილის შემდეგ. რეჯეფ ერდოღანი გაჩნდა 1954 წელს, თურქეთის ნატოში შესვლიდან ორი წლის შემდეგ. ყველა ჩამოთვლილი პირები ომისშემდგომი ეპოქის ბავშვები არიან და ახლა, როცა თავიანთი სიცოცხლის მიჯნას უახლოვდებიან, ისინი, როგორც ჩანს, მზად არიან იმ მსოფლიოს დასანგრევად, რომლებშიც თვითონ დაიბადნენ. ასთი მოქმედება შურისძიებას ჰგავს.

დიახ, საერთაშორისო წესრიგი, რომელიც თეორიულად გარკვეულ წესებს ემყარებოდა, პრაქტიკაში ყოველთვის არეულ-დარეული იყო, ვიდრე ეს ქაღალდზე ჩანდა. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში რაღაც იდეალი არსებობდა, რომლის მიღწევას ყველა თავისებურად ცდილობდა. არსებობდა საერთო მორალური პრინციპები - დიახ, მყიფე, მაგრამ გულწრფელი, რომელიც იმ რწმენას ემყარებოდა, რომლის მიხედვით, კაცობრიობას აღარ უნდა გაემეორებინა მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის მხეცობები და რომ უმჯობესია უთანხმოებები დიალოგისა და დიპლომატიის მეშვეობით მოგვარდეს. დღეს ეს რწმენები აორთქლდა, გაქრა და უმეტესად იმ ადამიანთა გონებასა და სულში, რომლებისთვისაც ყველაზე ძვირფასი უნდა ყოფილიყო და რომელებიც სიკეთის რწმენას ყველაზე მეტად უნდა გაფრთხილებოდნენ.

დღეს უპრეცედენტო მომენტია. წინა მსოფლიო მართლწესრიგის არქიტექტორები - ადოლფ ჰიტლერი, ბენიტო მუსოლინი, იოსებ სტალინი და მაო ძედუნი სულ რაღაც 30-40 წლისანი იყვნენ, როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ. ახალმა თაობამ ახალი მსოფლიო ააშენა, მაგრამ წინა მართლწესრიგის შედეგებს შეეჯახნენ. დრეს ახალი მსოფლიოც ინგრევა იმ ძველი თაობის ადამიანების მიერ, რომლებიც ვერ იცოცხლებენ იმ დრომდე, რათა დაინახონ, როგორი ნანგრევები დარჩება მათი მოქმედებით.

ჩვენ შეიძლებოდა გვქონოდა იმის იმედი, რომ თაობა, რომელსაც ბედმა გაუღიმა და სიცოცხლის ხანგრძლივობა გაუგრძელდა, თავიანთი სიკვდილის შემდეგ სიკეთის, პტივისცემის და გლობალური პოზიტიური ხელმძღვანელობის მემკვიდრეობას დატოვებდა. ამის ნაცვლად ჩვენ მოწმენი ვართ ბოლო ათწლეულებში მომხდარი ყველაზე უარესი რეპრესიების, ძალადობის, გენოციდების, ეკოციდების და საერთაშორისო სამართლის მიმართ უპატივცემლო დამოკიდებულებისა, რომლებსაც ყველაზე მეტად ულმობელი 70-80 წლის მოხუცები სჩადიან და რომლებიც, როგორც ჩანს, უფრო მეტად იმით არიან დაინტერესებული, რომ თავი აარიდონ სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ვიდრე მშვიდობის შენარჩუნებაზე იზრუნონ.

მაგრამ ასე არ უნდა იყოს.

როცა ნელსონ მანდელამ 1999 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტი დატოვა, მან ჩამოაყალიბა ორგანიზაცია „უხუცესები“, რომელიც ყოფილ მსოფლიო ლიდერებს აერთიანებდა. ისინი მუშაობდნენ მშვიდობის, სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების მხარდასაჭერად. დღეს, მოქმედებენ რა კონსენსუსის ტრადიციებით და წინა თაობების პოლიტიკოსთა საუკეთესო გამოცდილებით, „უხუცესების“ წევრები ითვლებიან იმის მაგალითად, თუ როგორ შეუძლიათ ასაკოვან ადამიანებს კაცობრიობას მოუტანონ მეტი სინათლე, გამოხატონ თანაზიარობა, იმოქმედონ სინდისით და არა მარტო გავლენითა და ძალით.

პრობლემა მოხუცებულობაში არ არის. პრობლემა იმაშია, თუ როგორი მიზნის მიღწევა სურთ მისი სარგებლობით და რას აძლევენ უპირატესობას. მსოფლიოს არ სურს ისეთი ახალი მოხუცი ძალოვანი პირები, რომლებსაც მმართველის საჭისა და ტახტის დატოვება არ სურთ. მსოფლიოსათვის უკეტესია ის მოხუცი ლიდერები, ის უხუცესები, რომლებიც მზად არიან კომპრომისებისათვის და ადამიანთა ენერგიის სასიკეთოდ წარმართვისათვის. ისინი, ვინც მემკვიდრეობაზე ფიქრობენ არა როგორც პირად დიდებაზე, არამედ როგორც მშვიდობაზე, რომელსაც ისინი თავიათი სიცოცხლის შემდეგ დატოვებენ. ჩვენს დროში გვჭირდება არა ბატონობა, არამედ სიბრძნის გამოვლენა. და ეს, საბოლოო ჯამში, არის ის, რაც მმართველს ლიდერისაგან განასხვავებს.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.