წყარო:https://ifact.ge/
ამ სტატიაში მოგიყვებით ყველა იმ პირზე თუ გაერთიანებაზე, ვისი საქმიანობაც 1990-ანი წლებიდან დღემდე რუსეთის ჰიბრიდული ომის მიზნებს უფრო წაადგა, ვიდრე საქართველოს დამოუკიდებლობას და გაძლიერებას.
“ეს ყოველივე დასაწყისია ახალი, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი ომისა, რომელშიც უნდა გაიმარჯვოს ჩვენმა ერმა და რომელსაც ჰქვია თავისუფალი, დამოუკიდებელი საქართველოს აღორძინება!” – ასე მიმართა ზვიად გამსახურდიამ ახალ უზენაეს საბჭოს, 1990 წლის 14 ნოემბერს. ეს მოხდა 28 ოქტომბრის არჩევნებში ზვიად გამსახურდიას ბლოკის, “მრგვალი მაგიდის” გამარჯვების შემდეგ.
ახალი უზენაესი საბჭო გამსახურდიას მეთაურობით არ ერიდებოდა კრემლთან თამამ საუბარს. ეს კარგად გამოჩნდა 1991 წლის მარტშიც, როცა გამსახურდიას ხელმოწერილი წერილით პირდაპირ გორბაჩოვს შეუთვალეს, ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებას არ შევუერთდებითო.
საქმე ისაა, რომ 17 მარტს მოსკოვში ჩატარდა ე.წ საკავშირო რეფერენდუმი, ყველა წევრ სახელმწიფოს ეკითხებოდნენ, შეუერთებოდნენ თუ არა სუვერენულ სახელმწიფოთა კავშირს (სსკ-ში). საქართველომ მონაწილეობა არ მიიღო ამ “გამოკითხვაში.” სულ რაღაც ორ კვირაში, უზენაესმა საბჭომ ჩაატარა სრულიად სხვა შინაარსის რეფერენდუმი და ქართველ ხალხს ჰკითხა, სურდათ თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. მოსახლეობის უმრავლესობამ თქვა, რომ “დიახ.”
აქედან ზუსტად 9 დღეში, 1991 წლის 9 აპრილს ზვიად გამსახურდიამ უზენაესი საბჭოს სხდომაზე საქართველოს დამოუკიდებლობა ოფიციალურად გამოაცხადა. დარბაზში მსხდომები ამ ამბავს ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ, სკანდირებდნენ პრეზიდენტის სახელს, თუმცა შემდეგი მოვლენები ასეთი საზეიმო ხასიათის ნამდვილად არ ყოფილა.
მოხდა ის, რაც რუსეთის წისქვილზე ასხამდა წყალს – ზვიად გამსახურდიას გაპრეზიდენტების შემდეგ დამოუკიდებელი საქართველო კვლავ არეულობაში გაეხვა, გაღვივდა დაძაბულობის კერები და სახელმწიფოს აღმშენებლობის ნაცვლად, პოლიტიკური ჯგუფების რესურსი ერთმანეთთან ჭიდილს მოხმარდა. საბოლოოდ ამას კანონიერი ხელისუფლების დამხობა მოჰყვა.
ზვიად გამსახურდიას გაპრეზიდენტებიდან სამ თვეში მის წინააღმეგ ბრძოლა დაიწყო “ეროვნული გვარდიის” ყოფილმა მეთაურმა თენგიზ კიტოვანმა, მალევე თანამდებობა დატოვა და გამსახურდიას აუმხედრდა მაშინდელი პრემიერმინისტრი თენგიზ სიგუა და საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი ხოშტარია. სექტემბრიდან კი მთელი ოპოზიციური სპექტრი და ინტელიგენციის დიდი ნაწილი ქუჩაში გამოვიდა პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით.
საპროტესტო ტალღას გამსახურდიას ხელისუფლების წინააღმდეგ ნიადაგი შეუმზადა მოსკოვის “აგვისტოს პუტჩმა.” საგანგებო მდგომარეობის სახელმწიფო კომიტეტმა, гкчп-მ თანამდებობიდან გადააყენა პრეზიდენტი გორბაჩოვი და მის შემცვლელად პუტჩის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გენადი იანაევი დაასახელა. “გეკაჩეპეს” სურდა შეეჩერებინა სსრკ-ს დანგრევის მცდელობა და მიზანში ამოიღო დამოუკიდებელი რესპუბლიკები.
მათ დაშლილად გამოაცხადეს ყველა გასამხედროებული ფორმირება, რომელიც საბჭოთა კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა. მოსკოვმა ამით კბილი დაასვა გამსახურდიას მიერ ჩამოყალიბებულ ეროვნულ გვარდიას და პრეზიდენტს მისი გაუქმება მოსთხოვა.
ისტორიკოსი გიორგი არქანია “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში იხსენებს, რომ 19 აგვისტოს თბილისში ჩამოსული სსრკ-ს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გენერალი შურავლიოვი შეხვდა გამსახურდიას და ეროვნული გვარდიის გაუქმება კატეგორიულად მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში გვარდიას საბჭოთა ჯარი მოუღებდა ბოლოს.
“ზვიადის პასუხი იყო, რომ საქართველო არის სახელმწიფო და ის მოიქცევა ისე, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს შეჰფერის,” – იხსენებს ნემო ბურჭულაძე, საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მაშინდელი მოადგილე.
გამსახურდიამ მოსკოვის ბრძანება ყურად არ იღო და გვარდია კი არ გააუქმა, მისი რეორგანიზაცია გამოაცხადა, გააუქმა გვარდიის სარდლის თანამდებობა და შესაბამისად, დაითხოვა ამ პოსტზე მყოფი თენგიზ კიტოვანი.
„სინამდვილეში გვარდია კი არ დაიშალა, მას მიეცა ახალი სტატუსი განსაკუთრებული დანიშნულების მილიციის ქვეგანაყოფისა, რაც შექმნილი მწვავე მდგომარეობის გამო აუცილებელი იყო გვარდიის დასაცავად საბჭოთა იმპერიული ჯარების მხრივ თავდასხმისგან,” – წერდა გამსახურდია 23 აგვისტოს გამოქვეყნებულ საჯარო განცხადებაში.
ოპოზიციის პროტესტი სწორედ გვარდიის რეორგანიზაციას მოჰყვა. ისინი პრეზიდენტს ქვეყნის ღალატში და მოსკოვზე დამორჩილებაში სდებდნენ ბრალს.
ამბობდნენ, რომ გამსახურდია “უსიტყვოდ დაემორჩილა” პუტჩისტებს, გამოიჩინა გაუბედაობა, სიმხდალე, უპრინციპობა და შეასრულა მათი ყველა განკარგულება. ისმოდა ასეთი შეფასებებიც – “გამსახურდია – კრემლის შენიღბული და საშიში აგენტი.” ყველა ოპოზიციური ჯგუფის რიტორიკა ამგვარად ხისტი არ იყო, თუმცა შინაარსს იზიარებდნენ.
ისტორიკოს დიმიტრი შველიძის ნაშრომში ვკითხულობთ, რომ 1991 წლის 3 სექტემბერს ექვსმა პარტიამ გამოაქვეყნა ერთობლივი განცხადება, რომ გამსახურდიას ხელისუფლებამ მოახდინა სრული კაპიტულაცია “გეკაჩეპეს” წინაშე და ამით ქვეყნის რეპუტაცია დასცა მსოფლიოს საზოგადოების თვალში.
ისტორიული ცნობების თანახმად, ოპოზიციის მანიფესტაციები თბილისის ცენტრალურ უბნებში, ბარიკადების ფონზე იმართებოდა. აქციის მონაწილეებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობასაც მიმართეს.
წინააღმდეგობა ოფიციალურად შეაფასა გამსახურდიას მთავრობის მინისტრთა კაბინეტმა და ამ მოვლენებს “პუტჩი,” იგივე გადატრიალება უწოდა. გავრცელდა სამთავრობო დოკუმენტი, რომელშიც ეწერა, რომ საქართველოში “გრძელდებოდა სამხედრო და სამოქალაქო პუტჩი, რომელიც მიზნად ისახავდა ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლებისა და პრეზიდენტის დამხობას.”
დოკუმენტის თანახმად, “პუტჩს” ხელმძღვანელობდა სამხედრო ხუნტა, თენგიზ კიტოვანის, გიორგი ხოშტარიას და თენგის სიგუას მეთაურობით. იმჟამინდელი მთავრობის მიერ გავრცელებულ საჯარო მიმართვაში მკაფიოდ იყო ნათქვამი, რომ ეს პროცესები რუსეთიდან იმართებოდა, უშუალო დირექტივებს კი მოსკოვში მყოფი ედუარდ შევარდნაძე გასცემდა.
“მოსკოვის მიზანი იყო ხუნტის მეშვეობით მოეხდინა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება,”- ვკითხულობთ 1991 წლის 18 სექტემბერს გავრცელებულ მიმართვაში.
პრეზიდენტის წინააღმდეგ ქუჩის “მშვიდობიანმა” დემონსტრაციებმა ერთ თვეს გასტანა. შემდეგ კი დაიწყო შეიარაღებული ამბოხი. დედაქალაქის ცენტრალური გამზირები დაიკავეს უკანონო სამხედრო ფორმირებებმა, მათ შორის წამყვანი იყო თენგიზ კიტოვანის “ეროვნული გვარდია,” რომელსაც მხარს უჭერდა დაჯგუფება “იმედი,” დავით ხომასურიძის მეთაურობით.
ოპოზიციის მთავარი სულისჩამდგმელი იყო “რუსთაველის საზოგადოების” დამფუძნებელი თენგიზ სიგუა. სექტემბრის ბოლოს ის ქართველ ხალხს, ფაქტობრივად, უანონსებდა სისხლისღვრას თბილისის ქუჩებში: “მე მიმაჩნია, რომ დღევანდელი ხელისუფლება აუცილებლად და დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეროვნულ ტრაგედიას ვერ ავიცილებთ.”
პროცესები განსაკუთრებით გამწვავდა 1991 წლის ოქტომბერ-დეკემბერში. მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან შერიგებისკენ გადადგმული არაერთი ნაბიჯისა, კიტოვანის და თენგიზ სიგუას გვარდიის ნაწილები უკან არ იხევდა. ოქტომბრის ბოლოსკენ ხელისუფლებამ დაიწყო ამბოხებულთა დაპატიმრება, მათ რიგებში იყო გიორგი ჭანტურია და გოგა ხაინდრავა. დააკავეს ჟურნალისტი ვალერი კვარაცხელიაც. დეკემბერში საპროტესტო ტალღას სტუდენტები შეუერთდნენ, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ წარმოადგენდნენ.
დიმიტრი შველიძის აღწერით, ხელისუფლების დამხობის პროცესი რომ რუსეთიდან იყო მართული, დასტურდებოდა მეამბოხეთა რიგების ერთ-ერთი წევრის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის საზოგადოების თავმჯდომარის, სოსო ჯაჯანიძის ნაამბობით. მისი თქმით, 1991 წლის სექტემბრის ბოლოს შეესწრო კონფიდენციალურ საუბარს სიგუას, ხოშტარიას, იმჟამინდელ მაღალჩინოსან ქვილითაიასა და ვინმე რუსს შორის. ჯაჯანიძეს დიალოგიდან მოესმა: “შევარდნაძემ ყველაფერი იცის, შევარდნაძე ყველაფერ ამას დადებითად აფასებს, შევარდნაძე არის ერთადერთი მხსნელი საქართველოსი.” ისტორიკოსები იხსენებენ, რომ ამ საუბარმა ჯაჯანიძე დაარწმუნა იმაში, რომ ამბოხებულებს ზურგი საქართველოს გარედან ჰქონდათ.
“კომუნისტები, რა თქმა უნდა, ცალსახად და მკაფიოდ ებრძოდნენ გამსახურდიას. ეს არ იყო დაფარული. მიაჩნდათ, გამსახურდიას ქვეყანა მიჰყავდა დაღუპვისკენ და მათ უნდა გადაერჩინათ საქართველო… შევარდნაძე მოსკოვიდან ასეთ ხალხს აგულიანებდა. ამ დროს შევარდნაძე არ წყვეტდა საქართველოზე კონტროლს,” – გვითხრა პაატა ზაქარეიშვილმა, რომელიც 2012-2016 წლებში სახელმწიფო მინისტრი იყო შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში, 90-ან წლებში კი ოპოზიციურ პარტია “დასში” ერთიანდებოდა.
როგორც ისტორიკოს დიმიტრი შველიძის ნაშრომში ვკითხულობთ, ხელისუფლების დასამხობად უშუალო სამხედრო ოპერაციები დაიწყო 22 დეკემბერს და ამავე დღეს იყო პირველი მსხვერპლიც. იერიში მიიტანეს მთავრობის სასახლეზე, ორმხრივი სროლის შედეგად დაიწვა მხატვრის სახლი და პირველი გიმნაზიის შენობა. მხოლოდ ერთდღიან ორმხრივ სროლებს 17 ადამიანი შეეწირა და 128-ზე მეტი დაიჭრა.
პირველ სროლებს შეეწირა უზენაესი საბჭოს დეპუტატი და წმინდა ილია მართლის საზოგადოების წევრები. როგორც ჩანს, მიმდინარე მოვლენების განმუხტვაში წვლილი არ შეუტანია პატრიარქ ილია მეორეს. მას მიმართა დეპუტატმა გურამ პეტრიაშვილმა, რომ მისი იქ არყოფნა ღმერთის გმობის ტოლფასი იყო. პატრიარქმა დაპირისპირებულ მხარეებს დილოგისა და სისხლის ღვრის შეწყვეტისკენ მომდევნო დღეს მოუწოდა.
27 დეკემბერს კანონიერ ხელისუფლებას მათივე რიგებიდანაც უღალატეს, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ბესო ქუთათელაძემ ტელეანძა ამბოხებულებს ჩააბარა. ამგვარად ხელისუფლება საინფორმაციო იზოლაციაში მოექცა და მოსახლეობასთან კავშირი დაკარგა.
27 დეკემბერს იზოლატორიდან გაათავისუფლეს სამხედრო ფორმირება “მხედრიონის” დამფუძნებელი ჯაბა იოსელიანი, გია ჭანტურია, მამუკა გიორგაძე და გოგა ხაინდრავა.
დეკემბერის ბოლო დღეებში უკვე ყველასთვის ნათელი გახდა, რომ გადატრიალება რუსეთის ხელშეწყობით მიმდინარეობდა. ამ დღეებში რუსთაველზე პირველად გამოჩდნენ ტანკები და ქვემეხები რუსი სპეციალისტებით. ამავე დროს თენგიზ კიტოვანი გამოვიდა რუსეთის ტელევიზიით და მიმდინარე მოვლენებს “დემოკრატიული რევოლუცია” უწოდა. რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინს კი გადასარჩენად დახმარება სთხოვა.
მოგვიანებით, თავად საბჭოთა კავშირის და მისი სამართალმემკვიდრე რუსეთის პოლიტიკური ელიტაც დაუფარავად საუბრობოდა, რომ გადატრიალებაში რუსეთის ფინანსური და სამხედრო რესურსი იყო გამოყენებული.
პოლიტიკის მეცნიერებების სრული პროფესორი კორნელი კაკაჩიაც ფიქრობს, რომ შეიარაღებული ფორმირებებისა და რუსეთის კავშირი ლოგიკური უნდა ყოფილიყო: “კიტოვანს კავშირები ჰქონდა რუსეთის თავდაცვის მინისტრ გრაჩოვთან. ახლაც კი ცხოვრობს მოსკოვში. მას ყოველთვის ჰქონდა კავშირები რუსულ სამხედრო ელიტებთან და ისინიც აქეზებდნენ. თორემ ეგრე ადვილი არ იყო ქვეყნის ხელისუფლების დამხობა, რომ არ გქონდეს მხარდაჭერა.”
წლის დასაწყისში ძალაუფლება ხელში ჩაიგდო სამხედრო საბჭომ, რომელმაც 2 იანვარს გამოაცხადა, რომ “დიქტატორული რეჟიმი დამხობილია.” ამას დედაქალაქში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მოჰყვა, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ. 6 იანვარს ზვიად გამსახურდიამ და მისმა მთავრობამ ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს. პრეზიდენტი ჯერ სომხეთში გაიქცა, საბოლოოდ კი ჩეჩნეთს შეაფარა თავი.
იმავე დღეს, პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა თენგიზ სიგუამ ხელისუფლების დამხობა ტელევიზიით ოფიციალურად გამოაცხადა და ამ მოვლენებს საერთო-სახალხო აჯანყება უწოდა. გამარჯვებულ მეამბოხეებს მოსკოვიდან თანადგომა ედუარდ შევარდნაძემ გამოუცხადა და ჩავლილი პროცესი ასე მონათლა: “დემოკრატიის და თავისუფლების იდეალების ერთგულმა ძალებმა სძლიეს დიქტატურას, გაიმარჯვა საღმა აზრმა. მივესალმები ამ ისტორიულ მოვლენას.”
საბოლოოდ, 8 იანვრის მონაცემებით, ამ “ისტორიულ მოვლენას” 113 ადამიანი ემსხვერპლა, 400 კი დაიჭრა.
ძალაუფლების ხელში ჩაგდებიდან მალევე, ქვეყნის ფორმალურმა მმართველებმა, სამხედრო დაჯგუფების სამმა ლიდერმა მოსკოვის კარზე მიაკაკუნა, საქართველოში ედუარდ შევარდნაძის ჩამოყვანის იდეით. ჯაბა იოესელიანმა, თენგიზ კიტოვანმა და თენგიზ სიგუამ ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს სამშობლოში დაბრუნება შესთავაზეს. გასაკვირი არაა, რომ წინადადებაზე თანხმობა მიიღეს. შევარდნაძე ხომ მათ “უდიდეს სახელმწიფო მოღვაწეებს” უწოდებდა.
“იმდენად ძლიერი იყო შემოტევა, ტელეფონის ზარები… იძულებული ვიყავი წამოვსულიყავი, თუმცა არც ვიცოდი, რომ ჩამოვალ რა უნდა გავაკეთო,” – ასე იხსენებს შევარდნაძე დაბრუნების მომენტს.
ედუარდ შევარდნაძე 1972 წლიდან საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი იყო. 1985-1992 წლებში კი მოსკოვში მსახურობდა, სსრკ-ს საგარეო საქმეთა მინისტრად და საგარეო პოლიტიკური ასოციაციის ხელმძღვანელად.
7 მარტს საქართველოს შევარდნაძე თბილისში ჩამოფრინდა. მომავალი პრეზიდენტი აეროპორტში ჟრიამულით მიიღო ასობით მხარდამჭერმა, იოსელიან-კიტოვანმა და “წითელმა ინტელიგენციამ,” ხელში ყვავილებით.
შევარდნაძე ერთ საათშივე ეახლა პატრიარქს სიონის ტაძარში და როგორც თვითონ ამბობს, სულიერი საყრდენი იგრძნო. ილია მეორე კი ამბობდა, შევარდნაძემ უფლისგან “ერის ჯვარი” მიიღოო. რვა თვის შემდეგ კი პატრიარქმა პრეზიდენტი მართლმადიდებლად მონათლა.
ჩამოსვლის დღესვე შევარდნაძე მივიდა სამოქალაქო ომში დაღუპულთა საფლავებთან, სადაც თქვა: “ყველაფერი დანგრეულია… ჩვენ უნდა ხელებდაკაპიწებულებმა ვიშრომოთ და საქმე ვაკეთოთ”.
ისე გამოვიდა, რომ მისმა ხელებდაკაპიწებულმა მუშაობამ რუსეთის პოლიტიკურ ინტერესებს მეტად არგო, ვიდრე დამოუკიდებელი საქართველოსას. შევარდნაძე თავიდან სახელმწიფო საბჭოს მეთაურობდა, ოქტომბერში პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს, 1993 წლიდან მოქალაქეთა კავშირის ლიდერი გახდა, 1995 წლის 5 ნოემბერს კი არჩევნებში ხმათა 74%-ით გაიმარჯვა და პრეზიდენტის პოსტი დაიკავა.
“შევარდნაძე 1992-93 წლებში იყო საკმაოდ შებოჭილი და შეზღუდული, ლეგიტიმაციის და ხელისუფლების ფლობის თვალსაზრისით. იმდენად უჭირს, რომ იძულებულია მოსკოვიდან მიიღოს დირექტივები … პირდაპირ მოსკოვიდან ინიშნებოდა, მაგალითად, თავდაცვის მინისტრი ვარდიკო ნადიბაიძე და უშიშროების ხელმძღვანელი იგორ გიორგაძე,” – გვითხრა ისტორიკოსმა გიორგი არქანიამ.
თსუ-ს პოლიტიკის მეცნიერების პროფესორი კორნელი კაკაჩია კი გვეუბნება, შევარდნაძე, სხვადასხვა დროს სხვადასხვა პოლიტიკას ატარებდაო. მმართველობის დასაწყისში, “რუსი პოლიტიკოსის” როლს ინარჩუნებდა და დამოუკიდებლობის ამბიცია არ ჰქონდა.
მოგვიანებით, როდესაც საქართველო ევროსაბჭოში გაწევრიანდა და ქვეყანაში გააქტიურდა პროდასავლურად, დემოკრატიულად მოაზროვნე ახალგაზრდები, შევარდნაძე იძულებული გახდა მათთვის მოესმინა და გეზი დასავლეთისკენ აიღო.
“განა იმიტომ, რომ თვითონ იყო განსაკუთრებული დემოკრატი ან ევროპული ორიენტაციის. უბრალოდ, იყო ბალანსირების პოლიტიკის ოსტატი. მთავარი იყო ხელისუფლება შეენარჩუნებინა ნებისმერ ფასად და დასაყრდენს ყოველთივს იცვლიდა… ის იყო პირველი პოლიტიკოსი, რომელმაც მიუკაკუნა ნატოს კარს, ეს მას გარემოებებმა აიძულეს ,” – გვეუბნება პოლიტიკის მეცნიერი, პროფესორი კორნელი კაკაჩია.
მიუხედავად ილუზიისა, რომ საქართველო დამოუკიდებელი გახდა და დასავლური სამყაროსკენ მიისწრაფოდა, დედაქალაქში დიდი პატივით იღებენ რუსეთის უმაღლეს პირს. 1994 წლის თებერვალში თბილისს ესტუმრა პრეზიდენტი ბორის ელცინი.
“მას ხვდებიან სამარცხვინოდ დიდი პომპეზურობით. რუსთაველზე სეირნობს, პატრიარქი ზღაპრულად იღებს და ხელი ეწერება დოკუმენტებს,” – ამბობს პაატა ზაქარეიშვილი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში.
ელცინის ვიზიტის ფარგლებში დაიდო რუსეთ-საქართველოს ჩარჩო-ხელშეკრულება მეგობრობის, კეთილმეზობლობისა და თანამშრომლობის შესახებ. საბოლოოდ, დოკუმენტი ძალაში ვერ შევიდა. საქართველოს პარლამენტმა დოკუმენტი დაამტკიცა, მაგრამ რუსეთის დუმამ უარი თქვა.
“ხელშეკრულებაში იყო ჩადებული, რომ რუსეთს საქართველოსთვის იარაღი უნდა მოეწოდებინა. ეს იყო წამყვანი ფაქტორი, მაგრამ რუსეთის დუმამ არ მოახდინა რატიფიცირება და ამან გადაგვარჩინა, სიმართლე რომ ვთქვა. შევარდნაძემ კიარ უთხრა უარი რუსეთს, რუსეთმა უთხრა შევარდნაძეს უარი. ამის შემდეგ იღებს ის გადაწყვეტილებას, რომ წავიდეს ნატო-სკენ და შეაქვს განაცხადი,” – ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.
ელცინის ვიზიტიდან ერთ თვეში, ედუარდ შევარდნაძის ინიციატივით და პარლამენტის 122 დეპუტატის მხარდაჭერით საქართველო ოფიციალურად გახდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (снг-დსთ) წევრი. იმ დროისთვის დსთ-ში ყველა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა იყო, გარდა ბალტიისპირეთისა.
ისტორიკოსები და პოლიტიკის მეცნიერები დსთ-ში შესვლას ხელახალ გასაბჭოებად აღიქვამენ.
“ამან ერთგვარი დაღი დაასვა ედუარდ შევარდნაძის პროდასავლურ რიტორიკას,” – ნათქვამი აქვს პოლიტიკის მეცნიერებათა დოექტორ მალხაზ მაცაბერიძეს. ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ ნაშრომში ვკითხულობთ.
“ “ესენგეში” ყოფნა ნიშნავს, რომ საქართველო, რაღაც დონეზე, რჩება რუსეთის იმპერიის გავლენის სფეროში. რაც ჩემთვის, როგორც თავისუფლებისათვის მებრძოლი პოლიტიკოსისათვის, იყო მიუღებელი,” – ამბობდა ირაკლი წერეთელი დსთ-ში გაწევრიანების 13 წლისთავზე, “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში.
“დსთ-ში გაწევრიანებით საქართველოში მყარდება ჭაობის სიმშვიდე. შეიქმნა ილუზია, რომ ამ ფორმატში მოვაგვარებთ აფხაზეთის კონფლიქტს, მაგრამ ამასობაში შევარდნაძე ეფლობა კორუფციაში და ვერ მართავს სიტუაციას. მან შექმნა ჭაობის კეთილდღეობა.მართალია, იყო შედარებით იაფიანი გაზი, მაგრამ რუსეთის მონობაში გვამყოფა, პრაქტიკულად, 15 წელი. ეს იყო მონური პლიუსები. მონას რომ საჭმელს და წყალს მისცემენ, ასეთი უფასო სიკეთეები გვქონდა,” – გვეუბნება პაატა ზაქარეიშვილი.
რატომ ჰქონდა ედუარდ შევარდნაძეს დსთ-ში შესვლის გამალებული სურვილი? ის მოსახლეობას უმტკიცებდა, რომ ამ გაერთიანებაში ყოფნა ეკონომიკურ კეთილდღეობას მოგვიტანს და ტერიტორიულ მთლიანობას აღვადგენთო. თუმცა, როგორც “აი, ფაქტთან” საუბარში ისტორიკოსები და პოლიტიკის მეცნიერები ამბობენ, შევარდნაძე მოტყუებული და “გადაგდებული” დარჩა.
“იმ დროს იმ ქაოსურმა ვითარებამ წარმოქმნა პირობა, რომ საქართველო გახდა დსთ-ს წევრი. შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ შევარდნაძეც ვითარების “ტყვეა,” თუმცა ამ სიტუაციის შექმნაში თვითონაც აქტიური მონაწილეობა მიიღო, ის არ ყოფილა ნეიტრალური,” – ამბობს პოლიტიკის მეცნიერი ზვიად აბაშიძე.
რა ბედი ელოდა საქართველოს, რომ არა დსთ-ს წევრობა? პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, თუ საქართველო უარს იტყოდა “მოდერნიზებულ საბჭოთა კავშირში” შესვლაზე, დასავლელი პარტნიორები მეტ ყურადღებას მოგვაქცევდნენ. ამას ხელს შეუწყობდა ედუარდ შევარდნაძის, როგორც პოლიტიკური ფიგურის, ავტორიტეტი და საერთაშორისო კავშირები.
“კონფლქიტი ახალი დასრულებული იყო აფხაზეთში და მთელი მსოფლიო ჩვენ მხარეს იდგა. შევარდნაძე მსოფლიოში პოპულარულია, დიდი ძალა აქვს, სადაც ჩადის, გერმანია იქნება თუ ამერიკა, ყველგან დიდი ამბებით ხვდებიან. ჩვენ რომ დსთ-ში არ ვყოფილიყავით, ღრმად ვარ დარწმუნებული, დღეს ნატო-ს წევრი ვიქნებოდით, სულ სხვა მიმართულებით წავიდოდა პროცესები.”
“ვარდების რევოლუციამდელ” პერიოდში, როცა თბილისში, პარლამენტის წინ უწყვეტად მიმდინარეობდა საპროტესტო აქციები შევარდნაძის გადადგომის მოთხოვნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ, ასლან აბაშიძემ მოქმედება დაიწყო. მან 7 ნოემბერს აჭარის კონსტიტუციაში შეიტანა ცვლილებები, რომლითაც გახდა უმაღლესი პოლიტიკური და სამხედრო პირი. მიიღო დამოუკიდებლად სამხედრო ფორმირების ყოლის უფლებაც.
ამის შემდეგ, ასლან აბაშიძემ თბილისში მომხდარი “ვარდების რევოლუცია” დაგმო და ის არაკონსტიტუციურად შეაფასა. ამასთან, მის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ერთი თვის ვადით გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, რაც აჭარის საზღვრებზე კონტროლის გაძლიერებას გულისხმობდა.
აბაშიძის შემდეგი ნაბიჯი 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადება იყო. საპრეზიდენტო არჩევნებში მიხეილ სააკაშვილმა გაიმარჯვა. ბოიკოტის სანაცვლოდ, თავის მხრივ, მოსკოვმაც გადადგა აბაშიძის სასარგებლო ნაბიჯი და 8 დეკემბერს აჭარასთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი დააწესა. ამ ნაბიჯმა ასლანის კმაყოფილება და ცენტრალური ხელისუფლების უკმაყოფილება გამოიწვია.
აბაშიძისა და სააკაშვილის მთავრობის დაპირისპირებაში რუსეთმა აბაშიძის მხარი დაიჭირა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ თბილისში სპეციალურად ამზადებენ სამართალდამცველებს აჭარის კანონიერი ხელისუფების ჩამოსაგდებად და ბათუმში საპროტესტო აქციებსაც გეგმავენ.
“აბაშიძის მთელი პოლიტიკა და რიტორიკა მიმართული იყო იმისკენ, რომ აჭარის რეგიონში ყოფილიყო დაცული და გატარებული რუსული ინტერესები. ის არ ექვემდებარებოდა ცენტრალურ იურისდიქციას,” – გვითხრა “ილია ჭავჭავაძის ცენტრის” ხელმძღვანელმა ზაზა ბიბილაშვილმა.
ამის ნათელი მაგალითია 2004 წლის 14 მარტი, როცა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აჭარაში არ შეუშვეს. იგი ჩოლოქის ადმინისტრაციული საზღვრიდან შეიარაღებულმა დაჯგუფებამ გამოაბრუნა. ეს აბაშიძის მიერ შექმნილი საზღვარია, რომლის გავლაც საქართველოს მოქალაქეებს, პირადობის დამადასტურებელი საბუთის გარეშე არ შეეძლოთ.
ამის შემდეგ აბაშიძესთან მოსკოვის მერი იური ლოჟკოვი ჩადის იმისთვის, რომ “მძიმე წუთებში უახლოესი მეგობრის გვერდით ყოფილიყო.” ლუჟკოვია ის, ვისი დახმარებითაც ასლან აბაშიძემ შეძლო რუსეთიდან აჭარისთვის ელექტროენერგია შეღავათიან ფასში მიეწოდებინა.
ასლან აბაშიძემ 2004 წელს საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებსაც გაყალბებული უწოდა, რადგან მისმა პარტიამ ბარიერი ვერ გადალახა და პარლამენტს გარეთ დარჩა.
ცენტრზე გაბრაზებულმა ასლან აბაშიძემ საკუთარი არმია მწყობრში მოიყვანა და ადმინისტრციულ საზღვრებზე მდებარე ჩოლოქისა და ქაქუთის ხიდები ააფეთქა. აჭარაში შესვლა მხოლოდ ფეხით, შემოვლითი გზებით გახდა შესაძლებელი. ასე მოწყვიტა ასლანმა აჭარა საქართველოს დანარჩენ ნაწილს.
ორი-სამი დღის შემდეგ ბათუმში 15,000 ადამიანი შეიკრიბა და ასლან აბაშიძის გადადგომა მოითხოვა. აჭარაში იქამდე ასეთი მასშტაბური აქცია არ ჩატარებულა. საბოლოოდ, აბაშიძე დანებდა, მის მომხრეებს მოუწოდა „დაიშალეთ, წადით სახლებშიო“ და თავადაც წავიდა, ოღონდ რუსეთში. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა იგორ ივანოვმა, ასლან აბაშიძე რუსეთში მისივე თვითმფრინავით წაიყვანა. მეტიც, რუსულმა თვითმფრინავმა ჩამოაკითხა აბაშიძის საყვარელ ძაღლს “ბასმაჩასაც.”
ასლან აბაშიძე ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება. მას ბრალი ედება ტერორისტული აქტების მოწყობაში, კერძოდ, ჩოლოქისა და ქაქუთის ხიდების აფეთქებაში. ასევე, უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნაში, რომელსაც რუსი გენერალი იური ნეტკაჩოვი ხელმძღვანელობდა. აბაშიძე დღემდე რუსეთში ცხოვრობს.
ასლან აბაშიძის შემდეგ რუსეთი ააქტიურებს кгб-ს ყოფილ თანამშრომელს და საქართველოს უშიშროების ყოფილ მინისტრ იგორ გიორგაძეს. ის 1991-1992 წლების სამოქალაქო ომში ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ იბრძოდა. 1993 წელს ფორმალურად შევარდნაძემ, ოფიციალურად კი მოსკოვმა გიორგაძე საქართველოს რესპუბლიკის უშიშროების მინისტრად დანიშნა.
“რუსებმა დამირეკეს, გიორგაძის დანიშვნა კარგი იქნებოდა, ურთიერთობა გაგვიადვილდებოდაო,” – წერს შევარდნაძე მის მემუარებში.
2003 წელს ამას იგორ გიორგაძეც ადასტურებს, “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში: “მართალია. ჩემს დანიშვნამდე ერთი დღით ადრე შევარდნაძემ სხვა ადამიანის დანიშვნის ბრძანებას მოაწერა ხელი. მერე მითხრა – გუშინ ბრძანება დავწერე, მაგრამ შენი დანიშვნა მეგობრებმა მირჩიესო.”
რუსებისთვის კარგი “კაცი,” შევარდნაძისთვის ცუდი აღმოჩნდა. 1995 წელს ქართველმა სამართალდამცველებმა იგორ გიორგაძე მის წინააღმდეგ ტერაქტის ორგანიზებაში დაადანაშაულეს.
გიორგაძე გაიქცა. მაშინ ოფიციალური ქართული მხარე ამბობდა, რომ ის რუსეთში იყო, თუმცა რუსეთი ამას უარყოფდა. უარყოფის მიუხედავად, გიორგაძე რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი მედიის ხშირი სტუმარი გახდა.
გაქცეულმა გიორგაძემ დააფუძნა პარტია “სამართლიანობა” დააფუძნა. ხან საქართველოს პარლამენტში შესვლა, ხან დეპუტატობა, ხანაც პრეზიდენტობა მოინდომა, თუმცა ცესკოსგან ყველა ჯერზე უარი მიიღო, რადგან არჩევნებამდე ბოლო ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში არ ცხოვრობდა.
საქართველოში ჯორჯ სოროსის წინააღმდეგ დეზინფორმაცია და პროპაგანდა სწორედ იგორ გიორგაძემ დაიწყო. 2005 წელს მან დააფუძნა მოძრაობა “ანტი-სოროსი”, რომლის მიზანიც საქართველოში მილიარდელ ჯორჯ სოროსის “იდეების გავრცელებასთან“ შებრძოლება იყო.
2005 წლის 3 ოქტომბერს მისმა პარტიამ ყრილობაც ჩაატარა და სააკაშვილის ხელისუფლებისგან დასავლეთზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკის შეცვლა მოითხოვა. ამას მოჰყვა 2005 წლის 23 ნოემბერს “ვარდების რევოლუციის” წინააღმდეგ ჩატარებული აქცია.
იგორ გიორგაძე რუსულ ტელეეთერებში დადიოდა და საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლების მისამართით შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა. პარალელურად, ის აქციებს აწყობდა თბილისში და პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომას ითხოვდა.
გიორგაძე რომ რუსული სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებდა და არა საქართველოს ინტერესებით, მაშინდელი ხელისუფლების გარდა, იმდროინდელი ოთხი ოპოზიციური პარტიაც (ახალი მემარჯვენეები, რესპუბლიკელები, კონსერვატორები, პარტია თავისუფლება) ამბობდა.
თავად გიორგაძეც არ მალავდა მის კეთილგანწყობას რუსეთის მიმართ. “რუსთავი 2”-ის ეთერში 2006 წლის 25 მაისს ღიად თქვა, არჩევნებში ქართველებმა ჩემს პრორუსულ პარტიას უნდა დაუჭირონ მხარი, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღდგესო.
2009 წელს იგორ გიორგაძემ მოსკოვში საზოგადოებრივი მოძრაობა “საქართველო უცხოეთში” დაარეგისტრირა. მისი თქმით, ორგანიზაცია აერთიანებდა და ეხმარებოდა საქართველოდან იძულებით წასულ პირებს. მას შეხვედრები ჰქონდა ქართველ პოლიტიკოს კახა კუკავასთანაც. გიორგაძე დადებითად აფასებდა ბიძინა ივანიშვილის გადადგმულ ნაბიჯებს რუსეთთან მიმართებაში.
2016 წელს იგორ გიორგაძის წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა შეწყდა, რადგან რუსეთმა მას ლტოლვილის სტატუსი მიანიჭა. მასზე საუბრისას არ უნდა გამოგვრჩეს, რომ ის იყო პირველი, ვინც 2018 წელს საქართველოში არსებული ლუგარის ლაბორატორიის შესახებ ცრუ ინფორმაციების გავრცელება დაიწყო. თითქოს, ლაბორატორიაში ადამიანებზე ექსპერიმენტებს ატარებენ და ბიოლოგიურ იარაღს ქმნიან.
იგორ გიორგაძე დღემდე რუსეთის ერთგულია. 2022 წლის გაზაფხულზე მან პლატფორმა “თვალსაზრისს” ინტერვიუც მისცა. საერთოდ რომ არ იცოდეთ, ვინ არის იგორ გიორგაძე და რა გაუკეთებია რუსეთის სასარგებლოდ, მისი ერთი ფრაზიდან მიხვდებით.
“რუსეთი მეტაფიზიკაა! დიახ, დღეს წინა პლანზე დგება რუსეთის, როგორც სულიერი მიზიდულობის ცენტრის როლი! რუსეთი “სინათლის სულის” სამფლობელო ტერიტორიაა! ის “დროის სასწორის” ერთ პინაზე დევს და განგებამ მას განსაკუთრებული მისია არგუნა: გადაწონოს საპირისპირო პინაზე მდებარე “ბნელეთის სული!”
2016-2020 წლებში საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრმა, ემზარ კვიციანმა “კავკასიის” ეთერში აღიარა, რომ 2006 წელს რუსეთის სპეცსამსახურების დავალებას ასრულებდა. კერძოდ, ავრცელებდა ნარატივს, თითქოს კოდორის ხეობაში ამერიკელი სამხედროები იყვნენ და ქართველებთან ერთად რუსეთს ებრძოდნენ.
კოდორის ამბოხება 2006 წლის მნიშვნელოვან პრორუსულ მოვლენად იქცა. ემზარ კვიციანი მაშინ გასამხედროებული ჯგუფის, ”მონადირის” მეთაური იყო. დაჯგუფება 1992 წელს აფხაზეთში ომის დაწყებისას შეიქმნა და მასში 300-400 ადამიანი იყო გაწევრიანებული. ეს დაჯგუფება აკონტროლებდა კოდორის ხეობასაც, სადაც 1994-2004 წლებში ადამიანების ცემა, გატაცება და მკვლელობა არავის უკვირდა.
“ვარდების რევოლუციის” დროს ეს დაჯგუფება, ემზარ კვიციანის ხელმძღვანელობით, ედუარდ შევარდნაძის მხარეს იდგა. თავად კვიციანი კოდორის რწმუნებულის თანამდებობას 2004 წლამდე იკავებდა, სანამ ახალმა მთავრობამ ეს თანამდებობა არ გააუქმა. 2005 წელს კი მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ამ შენაერთს არაფორმალური, ბანდიტებისგან შემდგარი უწოდა და დაშალა. ეს გადაწყვეტილებას მხოლოდ აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარემ ირაკლი ალასანიამ გააკრიტიკა, რაც მისი ოქრუაშვილთან უთანხმოების მიზეზი გახდა.
2006 წლის 22 ივლისს კვიციანმა ცენტრალურ ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა და ამის მიზეზად „მონადირის“ დაშლა დაასახელა. ხელისუფლებამ კვიციანის ეს ქმედება რუსეთის მიერ დადგმულ პროვოკაციად მიიჩნია და სამხედრო ძალები გაგზავნა, რის შემდეგაც კვიციანმა თავი რუსეთს შეაფარა. ხელისუფლებამ კოდორის ხეობაზე კონტროლი აღადგინა და აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის შტაბ-ბინა ხეობაში გადაიტანა. საქართველოს მთავრობა ხეობას 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე აკონტროლებდა.
რუსეთში გაქცეულმა კვიციანმა იქაურ ტელეარხებზე აქტიურად დაიწყო პრორუსული ნარატივების გავრცელება. კვიციანის თქმით, სააკაშვილი და მისი მთავრობა ქართულ სისხლს ღვრიდა და ამერიკის სურვილებს ასრულებდა.
მისი ერთ-ერთი რუსულენოვანი ვიდეომიმართვა, ნიღბიანი შეიარაღებული მებრძოლების ფონზე ჩაწერილი, აფხაზურმა და რუსულმა ტელევიზიებმა 2006 წლის 1 ნოემბერს გაავრცელეს. ამ მიმართვით, კვიციანმა თავის თავზე აიღო 2006 წლის 25 ოქტომბერს, კოდორში, შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილის კორტეჟისთვის ცეცხლის გახსნა.
კვიციანი 2006 წლის მოვლენების მერე ძებნილად იყო გამოცხადებული და მას ბრალი ედებოდა ამბოხის მოწყობასა და უკანონო შეიარაღებული ჯგუფის შექმნაში, რაც 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. 2014 წელს ქართული ოცნების ხელისუფლებამ საქართველოში დაბრუნებული კვიციანი დააკავა. მას 12 წელიც მიუსაჯა, თუმცა 11 თვის მერე საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლა.
2015 წელს ემზარ კვიციანი პარტია პატრიოტთა-ალიანს შეუერთდა და 2020 წლამდე პარლამენტარად გვყავდა მოვლენილი.
“ბადრი პატარკაციშვილი ძალიან გავლენიანი ადამიანი იყო. ვიტყოდი, პირველი თაობის ბიძინა ივანიშვილი. ბიძინამ ყველაფერი ისწავლა მისგან, მათ შორის მისი შეცდომების საფუძველზეც,” – გვითხრა “ილია ჭავჭავაძის ცენტრის” დამფუძნებელმა ზაზა ბიბილაშვილმა.
პატარკაციშვილმა სიმდიდრე დააგროვა რუსეთში, სადაც 1989-2000-ან წლებში ცხოვრობდა. ის რუსული ტელეკომპანია “орт”-ს ყოფილი ფინანსური დირექტორი, შემდგომში დამოუკიდებელ ტელეარხ “тв-6”-ის გენერალური დირექტორი და რუსი პოლიტიკოსისა და ბიზნესმენის, ბორის ბერეზოვსკის პარტნიორი იყო.
რუსეთის დატოვება 2001 წელს მოუწია, მას შემდეგ რაც რუსეთში ხელისუფლება შეიცვალა და პრეზიდენტი პუტინი გახდა. მასზე რუსმა სამართალდამცველებმა ძებნა გამოაცხადეს. ბრალად ედებოდა ავიაკომპანია “აეროფლოტის” ხელმძღვანელის ციხიდან გაქცევის მცდელობის ორგანიზება და “ავტოვაზისთვის” ავტომობილის მოპარვა. პატარკაციშვილმა თავს საქართველოში გამოქცევით უშველა.
საქართველოში ჩამოსულმა კი დააარსა მედია და სხვა კომერციული ობიექტების შესყიდვა დაიწყო. ფინანსურად მხარს უჭერდა პოლიტიკურ პარტიებს, აფინანსებდა სპორტულ ღონისძიებებს და სხვადასხვა მიმართულებით მილიონობით ინვესტიციას დებდა. ამ ყველაფერს კი რუსული ფულით აკეთებდა.
“მე საქართველოში ვარ ასეთი ბუნჩულა ბაბუა… ჩემი “ბეგრაუნდი” იკითხონ რუსეთში, სადაც ცოტა სხვანაირად მიცნობენ. მე ჯერ გასროლაც კი არ დამიწყია,” – ამბობდა ბადრი პატარკაციშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ხელმძღვანელ ერეკლე კოდუასთან საუბრისას, როცა ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულებას გეგმავდა.
საქართველოს გენერალური პროკურორის მაშინდელი მოადგილის ნიკა გვარამიას განმარტებით აღნიშნული საუბარი ბრიტანეთის სპეცსამსახურებთან შეთანხმებით ლონდონში ფარულად განხორციელდა.
პატარკაციშვილმა ტ/კ “იმედი” 2001 წელს დააფუძნა და 2008 წლის იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებშიც მონაწილეობდა. მისი საარჩევნო დაპირების მიხედვით, პატარკაციშვილი ხალხს რამდენიმე წლის განმავლობაში კომუნალურ გადასახადებს გადაუხდიდა, მოსახლეობას კი გაბრწყინების პროგრამას სთავაზობდა. მისმა დაპირებებმა შედეგი ვერ გამოიღო და არჩევნებში მან მესამე ადგილი დაიკავა.
“ჩვენ სხვადასხვა წყაროებიდან ვიცით, რომ მას პუტინის დახმარებით ბელარუსში მოუწყვეს შტაბ-ბინა, სადაც ხდებოდა მათი ტრენინგი, მათთან კომუნიკაცია… პუტინის თხოვნით, ლუკაშენკომ მისცა საშუალება ბელარუსში შეექმნათ შტაბი, საიდანაც იმართებოდა პატარკაციშვილის პოლიტიკური ავანტურა,” – გვიყვება რონდელის ფონდის უფროსი მეცნიერი შოთა უტიაშვილი, რომელიც იმ დროს შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
პატარკაციშვილს რომ ბელარუსის პრეზიდენტთან კავშირები ნამდვილად ჰქონდა, თავად ლუკაშენკოც ადასტურებს. იგი 2014 წელს რუსულ ტელეარხ “დოჟდისთვის” მიცემულ ინტერვიუში ბადრი პატარკაციშვილთან და მის პარტნიორ ბერეზოვსკისთან მინსკში გამართულ საიდუმლო შეხვედრას იხსენებს.
„ჯერ მინსკში ბადრი პატარკაციშვილი ჩამოვიდა და მითხრა, რომ ჩემთან ბორის ბერეზოვსკის სურდა შეხვედრა. ეს შეხვედრა არც ჩემი და არც ბერეზოვსკის, არამედ რუსეთის ხელისუფლების ინიციატივით ჩატარდა. საუბრის ყველა დეტალს ვერ გაგანდობთ, რადგანაც იქ სხვა – მაღალი თანამდებობის პირებიც არიან ჩარეულები,”- ამბობდა ლუკაშენკო.
ლუკაშენკომ შეხვედრის შინაარსზე მხოლოდ ის თქვა, რომ მათი საუბარი უკრაინასა და საქართველოს ეხებოდა. საინტერესოა, რომ ლუკაშენკო შეხვდა რუსეთიდან “დევნილ” პატარკაციშვილსა და მის პარტნიორ ასევე დევნილ ბერეზოვსკის რუსეთის ინიციატივით, თუმცა არ ჩამოვიდა თბილისში მიხეილ სააკაშვილის მიპატიჟებისას, რუსეთი რომ არ გაეღიზიანებინა.
ბადრი პატარკაციშვილი, წესით, რუსეთზე გაბრაზებული უნდა ყოფილიყო, რადგან მას იქ პატიმრობით ემუქრებოდნენ. თუმცა, 2007 წელს ის თავის პოლიტიკურ პრიორიტეტებზე საუბრისას ამბობდა: ”რამდენადაც აგრესიული არ უნდა იყოს რუსეთი – იგი ჩვენი მეზობელია. რამდენადაც ძლიერნი არ უნდა იყვნენ შტატები – ისინი ოკეანის გაღმა არიან. ამერიკა ძლიერი და მეგობრულია, მაგრამ შორია. რუსეთი აგრესიულია, მაგრამ ახლობელია.”
ბადრი პატარკაციშვილი 2007 წელს გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო კამპანიებსაც აფინანსებდა. ამას ბიზნესმენი თავადაც ადასტურებდა.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთი საქართველოს მიმართ ტაქტიკას ცვლის. მართალია ჩვენი ქვეყნის 20% აქვთ ოკუპირებული, მაგრამ არ ასვენებთ ის, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი უცვლელია და კვლავ ევროატლანტიკური სივრცისკენ მივისწრაფვით. ამიტომ, რუსეთმა გადაწყვიტა გააღვივოს უთანხმოება შიდა პოლიტიკაში, კონფლიქტების არსებობა პროდასავლურ მთავრობას გადააბრალოს, თვითონ კი დასაყრდენი ძალები ოპოზიციურ პარტიებში იპოვოს.
რუსეთის ტაქტიკის ფერისცვალება კარგად გამოჩნდა 2010 წლის 29 იანვარს, როცა ჟენევაში, საერთაშორისო მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ დისკუსიაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგორი კარასინმა განცხადება გააკეთა. მისი თქმით, რუსული მხარე მიიღებდა ქართული ოპოზიციის ყველა წარმომადგენელს, რომელიც მოსკოვში “სიტუაციის შესაცვლელად” ჩავიდოდნენ.
“მზად ვართ მივიღოთ ისინი, რომლებიც მოდიან არა საბრძოლველად და მოსატყუებლად, არამედ ვითარების შეაცვლელად,”- განაცხადა კარასინმა. მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთისთვის ასეთი სასურველი სტუმარი იქნებოდა ნინო ბურჯანაძე, რომელსაც “აგვისტოს კონფლიქტის მიმართ სწორი მიდგომები აქვს.”
“დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ არ დააყოვნა და კარასინის განცხადებიდან მალევე, მარტის დასაწყისში მოსკოვს ეწვია. მისი სიტყვებით, ვიზიტის მიზანი იყო “დიდი პოლიტიკის კეთება.”
“მივდივარ იმისათვის, რომ დავიცვა ჩემი ქვეყნის და ჩემი ხალხის ინტერესები, იმიტომ, რომ ქვეყანა, სადაც მე მივემგზავრები, არის ჩვენი მეზობელი სახელმწიფო, ერთ-ერთი ძალიან დიდი და ძლიერი და ბუნებრივია, მნიშვნელოვანია მისი პოზიცია საქართველოს ერთიანობისათვის, დემოკრატიული და სუვერენული განვითარებისათვის,”- ამბობდა ბურჯანაძე აეროპორტში, მოსკოვში გაფრენის წინ. რუსეთში იგი შეხვდა პრემიერმინისტრ ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს.
მათი შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა ოფიციალური ცნობა, რომ რუსული მხარე ითანამშრომლებს მხოლოდ იმ პოლიტიკურ მოღვაწეებთან, რომლებიც სიტუაციას “რეალისტურად” უყურებენო.
ნინო ბურჯანაძემ კრემლში “მეგობრული” ვიზიტები მას შემდეგ დაიწყო, რაც “ვარდების რევოლუციის” სულისჩამდგმელებს გაემიჯნა და შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკურად თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა. 2008 წლის 23 ნოემბერს მან დააფუძნა პოლიტიკური პარტია “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა.” როგორც “აი, ფაქტთან” საუბარში “ჭავჭავაძის ცენტრის” დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი აღნიშნავს, ბურჯანაძეს შესაძლოა ეგონა, რომ რუსეთი მას ხელისუფლებაში მოსვლაში დაეხმარებოდა.
ბურჯანაძე ღიად აფიქსირებდა თავის პოზიციას და ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბება, დიალოგი და მოლაპარაკებები სურდა. მისი ვიზიტები მოსკოვში 2010-დან, ხოლო დაუფარავი პრორუსული განცხადებები 2013 წლიდან იწყება.
2016 წელს მან სატელევიზიო ეთერში ისიც კი თქვა, რუსეთი და პუტინი საქართველოს მტრები არ არიანო: “პუტინი არის ძალიან დიდი პოლიტიკოსი და პოლიტიკოსები არც არავის მტრები არიან და არც არავის მეგობრები.”
2011 წლის 21-26 მაისს საქართველოში ოპოზიციური ძალები იწყებენ საპროტესტო გამოსვლებს პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით. მათ შორისაა ნინო ბურჯანაძეც. საბოლოოდ, ხელისუფლებამ აქცია დაარბია. გარდაიცვალა ორი ადამიანი, ერთი პოლიციელი, ერთი კი აქციის მონაწილე.
შსს-მ 26 და 27 მაისს ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერები გამოაქვეყნა, რომლის მონაწილეები ნინო ბურჯანაძე და მისი ვაჟი ანზორ ბიწაძე იყვნენ.
ჩანაწერში ანზორ ბიწაძე ბურჯანაძეს ეუბნება, “თუ პასუხისმგებლობას იღებ, მაშინ სამოქალაქო ომზე წასვლა ღირს“ და დასძენს, რომ ამის გაკეთება შესაძლოა ღირდეს 100 ან 200 ადამიანის სიცოცხლის ხარჯზე. მისი თქმით, სამშობლოს გამო შეიძლება რამდენიმე ასეული ადამიანი მოკვდეს კიდეც, ეს სურვილი კი არ არის, „ეს ლაპარაკია იმაზე, რომ თუ ჩემ სამშობლოს დასჭირდება, მე უნდა მოვკვდე.”
2014 წელს ნინო ბურჯანაძე “ქართული ოცნების” მთავრობასაც მოსკოვში “ჩაბრძანებისკენ” მოუწოდებდა. ხელისუფლება არა, მაგრამ თვითონ წავიდა 2015 წელს და შეხვდა რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერ ვალენტინა მატვიენკოს, რომლისგანაც რუსეთთან მეგობრული დამოკიდებულებისთვის შექება და დაფასებაც დაიმსახურა.
2016 წელს ბურჯანაძემ ქართველებს უთხრა: “საქართველო ვერც NATO-ს წევრი გახდება, ვერც უახლოეს პერიოდში ვიზალიბერალიზაციას მიიღებს, მით უმეტეს, ვერც ევროკავშირში გაწევრიანდება. ჩვენთვის რუსეთთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია.”
ნინო ბურჯანაძე აქტიურად ესწრებოდა პუტინის მხარდაჭერილ ქალთა ფორუმებს 2018 და 2015 წლებში. 2018 წლის სექტემბერში ბურჯანაძემ მოსკოვში რუსული “პირველი არხის” გადაცემა “დიდ თამაშშიც” მიიღო მონაწილეობა, სადაც განაცხადა, საქართველოში ანტირუსული განწყობები ამერიკის ჩარევით გაჩნდა.
ბურჯანაძე რუსეთს ბოლოს 2019 წელს ეწვია და “გავრილოვის ღამის” გამო საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელ კონსტანტინ კოსაჩევს მოუბოდიშა. შემდეგ კი მას ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე დახმარება სთხოვა. პასუხად მიიღო, ეს “სამხრეთ ოსეთის” ხელისუფლების კომპეტენციაა და ჩვენ ვერაფერს ვიზამთო.
ნინო ბურჯანაძე არ ყოფილა ერთადერთი ქართველი პოლიტიკოსი, ვინც კრემლის წისქვილზე ასხამდა წყალს და ოკუპანტთან კეთილმეზობლობა გონივრული ნაბიჯი ეგონა. რუსეთის მთავრობასთან ყველაზე აქტიურად საქართველოს ყოფილი პრემიერი (2005-2007 წლებში), პარტია “მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერი – ზურაბ ნოღაიდელი თანამშრომლობდა.
პრემიერმინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ მან ოპოზიციაში გადაინაცვლა და 2009-2010 წლებში მოსკოვს, ჯამში, ათჯერ ეწვია. ნოღაიდელი ამბობდა, რომ მისი მთავარი მიზანი იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მოსკოვში ამ საკითხის მისეული ხედვა ჩაჰქონდა. როგორი იყო საქართველოს გამთლიანების მისეული გეგმა, არასდროს გაუმხელია.
2010 წლის 9 თებერვალს, მოსკოვში მეხუთე ვიზიტისას, ნოღაიდელმა ხელი მოაწერა თანამშრომლობის ხელშეკრულებას პუტინის პოლიტიკურ პარტია “ედინაია რასიასთან”. დოკუმენტს მმართველი პარტიის სახელით ხელს აწერდა დუმის სპიკერი, ბორის გრიზლოვიც. “პარტიები ისწრაფვიან, შეიტანონ წვლილი საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის კეთილმეზობლობის განმტკიცებაში,” – ნათქვამია ხელშეკრულების ტექსტში, რომელიც ნოღაიდელის მოძრაობამ გამოაქვეყნა.
ხელშეკრულებაში ასევე ვკითხულობთ, რომ მხარეებს ამ მიზნის მისაღწევად მუდმივი კონსულტაციები ექნებათ: გაცვლიან ინფორმაციას რუსეთსა და საქართველოში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე; გამართავენ კონფერენციებს; შეხვდებიან ექსპერტებს; გაცვლიან დელეგაციებს.
ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, საქართველოში დაბრუნებული ნოღაიდელი ამბობდა, რომ შესაძლოა, სამომავლოდ ეს შეთანხმება ისტორიულ დოკუმენტად ქცეულიყო. გარდა ამისა, საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობის მოგვარების საფუძველი იქნებოდა და საქართველოს გაერთიანების და განვითარების შანსს დაუბრუნებდა. ნოღაიდელი იმასაც აანონსებდა, შეთანხმების შემდეგ გაგრძელდება აქტუალური პრობლემების განხილვა, მაგალითად, პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენის და რუსეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის განახლებაზეო.
ნოღაიდელის სურვილები საჰაერო მიმოსვლისა და ვაჭრობის შესახებ “ქართული ოცნების” მთავრობამ ზედმიწევნით შეასრულა. საერთაშორისო საზოგადოება იმასაც კი აცხადებს, “ოცნება” რუსეთს სანქცირებული პროდუქციის მიღებაში ეხმარებაო.
როგორ მოვიდა “ქართული ოცნება” აქამდე? ის ჯერ სხვადასხვა პრორუსულ ძალას უთმობდა არენას, არ ზღუდავდა, პირიქით, მათ ლიდერებთან საქმიან ურთიერთობაშიც კი შედიოდა. ახლა კი ვხედავთ, რომ რუსეთის ინტერესების გატარება თავად დაიწყო.
პოლიტიკური გაერთიანება “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” 2012 წლის დეკემბერში შეიქმნა, პარტიად კი 2013 წლის 22 იანვარს დარეგისტრირდა. პარტიის თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავი, ხოლო გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი გახდნენ. დოკუმენტებში წერდნენ, რომ ეს არის მემარჯვენე-ცენტრისტული გაერთიანება, რომლის მიზანიც საზოგადოებაში კონსერვატიული იდეების და დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრება, ასევე ეროვნული სულისკვეთების, კულტურისა და ტრადიციების განვრცობაა.
2013 წლის აპრილში გამართულ პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მას აქვს დიდი სურვილი, ქვეყანაში იყოს მესამე ძალა და “პატრიოტთა ალიანსის” გაძლიერებას მიესალმებოდა კიდეც. “პატრიოტთა ალიანსს” საქართველოს მასშტაბით ათეულობით საპროტესტო აქცია აქვს ჩატარებული.
“სააკაშვილი-ბოკერიას” რეჟიმის დასჯის გარდა, მუდმივად ხაზს უსვამდნენ, რომ საქართველოს არ სჭირდება NATO-ში გაწევრიანება და სამხედრო ნეიტრალიტეტისკენ მოგვიწოდებდნენ. “მესამე ძალად” წოდებული “პატრიოტები” აღვივებდნენ ანტითურქულ განწყობებს, განსაკუთრებით აჭარის რეგიონში, მანიპულირებდნენ დავით-გარეჯის თემითაც და ცდილობდნენ ურთიერთობების დაძაბვას საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის.
“პატრიოტთა ალიანსი” არის ერთადერთი პარტია, რომელიც რუსეთს ოფიციალური ვიზიტით წელიწადში ერთხელ მაინც სტუმრობდა. თავადვე ამბობდნენ, რომ მათი ვიზიტები ემსახურებოდა რუსეთთან საერთო ენის გამონახვას, დიალოგს და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას.
2017 წლის 11 ივლისს “პატრიოტები” რუს დეპუტატებს შეხვდნენ. პარტიის ლიდერი ირმა ინაშვილი ამბობდა, რუსეთის სათათბიროში ჩასვლის მიზანი, დიალოგის გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენააო: “სულ სხვა ძვრები მიდის მსოფლიოში, რუსეთს ელაპარაკება აშშ, ტრამპი, რუსეთს ელაპარაკება ნატო და გენერალური მდივანი. ჩვენ, რა გამოდის, ვამბობთ, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღვადგინოთ და თანაც ვამტკიცებთ, არავითარი ლაპარაკი არავისთან არ უნდა იყოსო. ვთმობთ ცხინვალს და სოხუმს?”
ამ ვიზიტზე “პატრიოტთა ალიანსი” შეხვდა ლეონიდ კალაშნიკოვს. ის რუსეთის დუმაში დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარეა. მისი მოვალეობაა, პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებთან ურთიერთობის დალაგება.
2017 წელს “პატრიოტთა ალიანსი” მოსკოვს მეორედ, 17 ოქტომბერს ეწვია. დელეგაცია უცვლელი იყო. პრორუსი ოპოზიციონერები ვიზიტის მიზნად, ამჯერად, საქართველო-ნატო-რუსეთის ფორმატის ამოქმედებას ასახელებდნენ. ნატოსთვის კი ეს იდეა აბსურდულია.
“პატრიოტთა ალიანსის” და რუსი დეპუტატების მესამე შეხვედრა 2018 წლის ივნისში, ხოლო მეოთხე 2019 წლის ივლისში შედგა. 20 ივნისის მოვლენებიდან ერთი თვის შემდეგ, რუსეთის დუმაში სიტყვით გამოსვლისას, გიორგი ლომიამ თქვა, “გავრილოვის ღამე” სააკაშვილის პარტიის მიერ მოწყობილი სახიფათო პროვოკაცია იყოო.
რუსული საგამოძიებო მედიის, “დოსიეს” ცნობით, პარტია წინასაარჩევნოდ დაფინანსებასაც რუსეთიდან იღებდა და გეგმებსაც რუსეთის მთავრობასთან ათანხმებდა. “დოსიემ” ამ ურთიერთობის ამსახველი დოკუმენტური მასალა 2020 წლის აგვისტოს ბოლოს გამოაქვეყნა.
20 თებერვალს “პატრიოტთა ალიანსის” თაოსნობით 53 ორგანიზაციის წარმომადგენელმა ვლადიმერ პუტინს ღიად მიმართა. იმის წარმოსაჩენად, რომ თითქოს, ბევრი ორგანიზაცია უერთდებოდა მიმართვას, “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლებმა მოიტყუეს. ხელმომწერთაგან 20 “პატრიოტთა ალიანსის” წევრი, 6 კი პარტიის შემწირველი იყო. პუტინისადმი გაგზავნილი ტექსტის შინაარსი კი იზიარებს რუსეთის საგარეო პოლიტიკურ ხედვებს, საქართველომ და უკრაინამ რომ ნატო-სკენ არ უნდა გაიხედონ და რუსეთს “ბაბაია” დაუძახონ.
“ქართული მარშის” ლიდერებს რომ რუსეთთან კავშირი აქვთ და რუსულ საქმეს ემსახურებიან, ამაზე 2020 წელს ესტონეთის დაზვერვაც წერდა. ანგარიშში ითქვა, რომ “ქართული მარში” წარმოადგენს რუსულ “რბილ ძალას,” რომლის გაძლიერებაც კრემლმა 2008 წლის ომის შემდეგ დაიწყო.
ამ ეჭვს ამყარებს 2020 წელს გავრცელებული აუდიოჩანაწერიც, რომელშიც სანდრო ბრეგაძე, სავარაუდოდ, რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრს, фсб-ს ყოფილ პოლკოვნიკს და кгб-ში გამოზრდილ იგორ მოროზოვს ესაუბრება. მოროზოვი და ბრეგაძე ბიზნესპარტნიორობაზე თანხმდებიან. საქმიანობის გარდა ის ბრეგაძეს ჰპირდება, რომ ის გახდება რუსეთის ფედერაციის ნდობით აღჭურვილი პირი და მათი წარმომადგენელი საქართველოში.
მოროზოვი 2022 წლის მარტიდან სანქცირებულია ევროკავშირის 27 ქვეყნის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, კანადის, შვეიცარიის და ავსტრალიის მიერ. მას არაერთხელ აქვს დარღვეული ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონი, მხარს უჭერდა ოს სეპარატისტებს და ითხოვდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში შეყვანას.
“ქართული მარში” არენაზე 2017 წელს გამოჩნდა. მათი ძირითადი მოთხოვნა იყო “ქართული საქართველო”, რაც გულისხმობდა ირანელების, არაბებისა და აფრიკელების ქვეყნიდან გაძევებას, ბრძოლას “გარყვნილი დასავლეთის”, ლგბტქ ადამიანების, გენდერული იდენტობის, ანტიდისკრიმინაციის კანონისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის უცხოური დაფინანსების წინააღმდეგ. მასში ყველაზე გამოკვეთილი ლიდერები ალექსანდრე ბრეგაძე, კონსტანტინე მორგოშია და გია კორკოტაშვილი იყვნენ. 2020 წლიდან კი მათ აქტიურად შეურთდა ირაკლი შიხიაშვილი, რომელიც შემდეგ ორგანიზაციის გენერალური მდივანი გახდა.
სანდრო ბრეგაძე 2014-2016 წლებში ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე იყო. ბრეგაძის სიძე და ბიძაშვილი “ქართული ოცნების” შემწირველები არიან. მათ პარტიას 2016 წელს, წინასაარჩევნოდ, 85,000 ლარი შესწირეს.
საჯარო მოხელე იყო “მარშის” კიდევ ერთი ლიდერი – ირაკლი შიხიაშვილი. 1992-1993 წლებში ის მეთაურობდა შსს-ს სპეც-დანიშნულების დივერსიულ ასეულს, რომელიც აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ომში მონაწილეობდა. 2004-2008 წლებში მუშაობდა ისანი-სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილე; 2008-2010 წლებში ინიშნებოდა თბილისის მერიის სამობილიზაციო – საიდუმლო სამსახურის უფროსის მოადგილედ; 2010-2014 წლებში თბილისის საკრებულოში იყო, ჯერ წევრად შემდეგ კი თავმჯდომარედ. 2014-2015 წლებში კი ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურს ხელმძღვანელობდა.
2017 წლიდან სანდრო ბრეგაძე თანამოაზრეებთან ერთად მეთაურობდა არაერთ ქსენოფობიურ აქცია-მსვლელობას თბილისში; მონაწილეობდა კამპანიაში “დავით გარეჯი საქართველოა” და აღვივებდა შუღლს ეთნიკურ უმცირესობებში; “ქართული მარში” ებრძოდა მიგრანტებს, საიმიგრაციო პოლიტიკას და ავრცელებდა დეზინფორმაციას თითქოს მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებზე.
2017 წლის ივლისში აღმაშენებლის გამზირზე ე.წ ქართველთა მარშიც მოაწყვეს საქართველოში უცხოელების ყოფნასა და მათი საქმიანობის გასაპროტესტებლად. “მარშის” წევრები რუსების მიერ საქართველოში გადმოცხოვრებასა და ეკონომიკურ ექსპანსიაზე დუმან.
2022 წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე ოთხი დღით ადრე, “ქართულმა მარშმა” ხელი მოაწერა “პატრიოტთა ალიანსის” წერილს პუტინისადმი. ისინი რუსეთის პრეზიდენტის მიმართ პატივისცემას აფიქსირებდნენ და პუტინისგან პრობლემების მოგვარებაში ჩართულობას ითხოვდნენ.
ამ ფონზე, ბრეგაძე, რომელიც “ქართული მარშის” დამფუძნებელია, საჯაროდ გაიძახის – მე პრორუსი არ ვარ და პრორუსებიც ისევე მძულს, როგორც სოროსელები და ლიბერალებიო. არადა, საქმე, რომელსაც ის ემსახურება, ნამდვილად რუსეთის სასარგებლოა.
2022 წლის მარტში, მაშინ როდესაც რუსეთს უკვე დაწყებული ჰქონდა ომი უკრაინაში, ბრეგაძე სტატუსს სტატუსზე წერდა იმაზე, თუ როგორ გვჭირდება ახლა ნეიტრალიტეტი, როგორ უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი ნეიტრალური სტატუსის შესახებ. ამასთან, სიცრუესაც კი ავრცელებდა, რომ თითქოს უკრაინა სამხედრო-პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს აცხადებდა და ამით ომს ასრულებდა.
მას შემდეგ 15 თვე გავიდა და არც ომი შეჩერებულა და არც უკრაინას გამოუცხადებია სამხედრო ნეიტრალიტეტი, თუმცა საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს წვრთნები კი შეწყდა.
ალტ-ინფო
ალტ-ინფო, იგივე “ალტერნატივა საქართველოსთვის” “ქართული მარშიდან” წამოსულმა კონსტანტინე მორგოშიამ არასამთავრობო ორგანიზაციად 2019 წლის 30 იანვარს დაარეგისტრირა. მასთან ერთად დამფუძნებლები იყვნენ ზურაბ მახარაძე, შოთა მარტინენკო, ირაკლი ყიზილაშვილი (მარტინენკო) და გიორგი ქარდავა.
ამ გაერთიანებამ თავი 2021 წლის 5 ივლისს განსაკუთრებით დაგვამახსოვრა, როცა “ალტ-ინფოს” ლიდერების მიერ წაქეზებული ჯგუფები ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათ ძალადობას პოლიციის მხრიდან სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია. აქციის ორგანიზატორები დღემდე არავის დაუსჯია.
მეტიც, 2021 წლის სექტემბერში მთავრობამ მათ სატელევიზიო მაუწყებლობის ლიცენზიაც მისცა და მოგვიანებით, პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციის უფლებაც. ახალ პარტიას “კონსერვატიული მოძრაობა” დაარქვეს და რეგიონებში ოფისების გახსნა უკრაინაში რუსეთის ომს დაამთხვიეს.
ამ ორგანიზაციის დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშიაა, რომელიც მანამდე “ქართული მარშისა” და “პატრიოტთა ალიანსის” აქტიური წევრი იყო. ახლა მორგოშიას ბიზნესი რუსეთში აქვს და უკრაინასთან ომშიც რუსეთის გამარჯვების სჯერა.
“ალტ-ინფოს” სულისჩამდგმელია რუსეთში გამდიდრებული და რუსული განწყობებით ცნობილი ლევან ვასაძე და მისი ჩრდილოელი მეგობარი, ალექსანდრე დუგინიც.
“ალტ-ინფოს” მიერ გაჟღერებული იდეები ხშირად ერთი-ერთში ემთხვევა საქართველოში რუსული ჰიბრიდული ომის გზავნილებს. მკვლევრები, რომლებიც სოციალურ ქსელში “ალტ-ინფოს” მისი დაარსების დღიდან აკვირდებიან, ამბობენ, რომ ორგანიზაცია კონსერვატიულ იდეოლოგიას ნიღბად იყენებს, თითქოს მათი მთავარი პრინციპი ესაა. სინამდვილეში კი კრემლის ინტერესებს ატარებენ.
ამ ჯგუფის პრორუსულობასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში კითხვები აღარავის აქვს, რადგან უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ “ალტ-ინფოს” დამფუძნებლები და ლიდერები ხშირად აჟღერებენ რუსეთის მხარდასაჭერ პირდაპირ თუ ირიბ გზავნილებს. ამასთან, 2022 წლის ოქტომბერში მთელი გუნდი ამაყად პოზირებდა კრემლის წინ, წითელ მოედანზე და თავად ამბობდნენ, ოკუპანტ ქვეყანაში რუსეთის მთავრობასთან ურთიერთობის დასალაგებლად ვიყავით ჩასულიო.
“ალტ-ინფოს” დამფუძნებელ კონსტანტინე მორგოშიას “ქართული ოცნების” მთავრობასთან საქმიანი ურთიერთობა აქვს. მორგოშიას კომპანიებმა მთავრობასთან სარფიანი გარიგებები არაერთხელ დადეს. ამაზე ჩვენ ჯერ კიდევ 2021 წელს გიყვებოდით.
2022 წლის ივნისის ბოლოს “ქართულ ოცნებას” თითქოს აუჯანყდა და პარტია დატოვა სამმა დეპუტატმა – დიმიტრი ხუნდაძემ, სოზარ სუბარმა და მიხეილ ყაველაშვილმა. მოგვიანებით სხვებიც შეუერთდნენ და აგვისტოში ახალი პარტია “ხალხის ძალა” დააფუძნეს. მალევე აშკარა გახდა, რომ ეს გამიჯვნა ფარისევლობა იყო. სინამდვილეში, “ოცნების” წინააღმდეგ არ ამხედრებულან. მათი განცხადებებიდან ჩანს, რომ მმართველი პარტიის რიგები იმიტომ დატოვეს, დასავლეთი უფრო თამამად და ხისტად რომ ეკრიტიკებინათ, ეთქვათ, რომ აშშ-ს საელჩოს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს.
“დასავლეთი ამ ეტაპისთვის უკრაინაში ომს აგებს – ვიტოვებ ეჭვს, რომ შესაძლოა, საქართველო გარკვეული პოლიტიკური თამაშის მსხვერპლიც კი აღმოჩნდეს,” – თქვა დიმიტრი ხუნდაძემ 13 ივლისს “პალიტრანიუსის” ეთერში.
პარტია უკრაინა-რუსეთის ომის თემატიკაზე ანტიდასავლური რიტორიკით გამოირჩეოდა. “ხალხის ძალის” ლიდერები მთავარ მისიად „დასავლური წნეხისგან“ საქართველოს დაცვას მიიჩნევდნენ. ეს მოძრაობა მმართველი პარტიის პროექტია და მის კონტროლის ქვეშ იმყოფება.
„ხალხის ძალა“ საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს „ამერიკის აგენტებად“ მოიხსენიებდა და დასძენდა, რომ აშშ საქართველოში აფინანსებს მხოლოდ „მავნე პროექტებს“ და წვრთნის მესამე სექტორს რევოლუციის მოსაწყობად. “ხალხის ძალის” დამფუძნებელმა, სოზარ სუბარმა, 2022 წლის 17 ნოემბერს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ აშშ-დან ფულის უმეტესი ნაწილი მიდის არასამთავრობო ორგანიზაციებზე და უკეთესი იქნება, თუ მათ ეს თანხა შეუწყდებათო.
2023 წლის 14 თებერვალს „ქართულ ოცნებასთან“ სრულ სიამტკბილობაში მყოფმა ე.წ. „ხალხის ძალამ“ პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, იგივე “რუსული კანონი” დაარეგისტრირა. ამ კანონპროექტის მიხედვით, ის არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომლებიც საქართველოს პარტნიორებისგან ფინანსდებიან, “უცხოური გავლენის აგენტებად” უნდა დარეგისტრირდენენ.
კანონპროექტს საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა. კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ 7-8 მარტს პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა. დემონსტრაციების დროს საპოლიციო ძალებმა მშვიდობიანი მოქალაქეები არაერთხელ დაარბიეს, დააკავეს 100-ზე მეტი ადამიანი. 9 მარტს კი ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კანონპროექტს უპირობოდ გაიწვევდა, ხოლო 10 მარტს პარლამენტმა აგენტების შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით ოფიციალურად ჩააგდო.