USD 2.6074
EUR 2.9941
RUB 3.1022
თბილისი
რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - სად, რამდენი, რისთვის?
თარიღი:  2354

გარეკანზე სურათი: მანქანა რუსული დროშით ყირიმის ნახევარკუნძულზე, ქალაქ ფეოდოსიასთან. 2014 წლის 24 მარტი Photo: Reuters

ოქტომბრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ რუსეთი ოჩამჩირეში სამხედრო ფლოტის შეყვანას და მუდმივი საზღვაო ბაზის გახსნას გეგმავს. ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურა მრავალი წელია ძლიერდება, განსაკუთრებით 2008 წლის ომის შემდეგ. მოსკოვი მუდმივად აახლებს სამხედრო ბაზებს, ამატებს საგუშაგო და ე.წ. სასაზღვრო პოსტებს, ატარებს სამხედრო წვრთნებს.

მაშინ, რატომ არის ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ბაზის შესახებ ინფორმაცია საგანგაშო?

უკრაინაში ომის დაწყებამდე რუსეთს აფხაზეთის ტერიტორიაზე საზღვაო ფლოტი არ ჰყავდა. შავ ზღვაზე სამხედრო ფლოტის მთავარი ბაზები ანექსირებულ ყირიმსა (უკრაინა) და კრასნოდარის მხარეში (რუსეთი) იყო განთავსებული. პირველი ცნობა ოჩამჩირის პორტში (საქართველო) რუსული სამხედრო გემების გამოჩენის შესახებ 2009 წელს გვხვდება. რუსული წყაროები მაშინ იუწყებოდნენ, რომ საპატრულო გემი “ნოვოროსიისკი” პირველი იქნებოდა იმ 10 სამხედრო ხომალდიდან, რომელიც ოჩამჩირის პორტში განთავსდებოდა. ბოლოს მცირე სარაკეტო ხომალდი "ციკლონი" სოხუმის პორტში აფხაზეთის “დამოუკიდებლობის დღის” საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობისთვის 2023 წლის 29 სექტემბერს გამოჩნდა.

5 ოქტომბერს კი აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა რუსულ გაზეთ იზვესტიას უთხრა: „ჩვენს საზეიმო ღონისძიებაზე [30 სექტემბერს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ომში გამარჯვების 30 წლისთავი აღნიშნეს. რედ.] ჩვენთან მცირე სარაკეტო ხომალდი შემოვიდა, ვიყავით ბორტზე - ძალიან თანამედროვე გემია, სერიოზული საბრძოლო შესაძლებლობებით. ჩვენ შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი და უახლოეს მომავალში ოჩამჩირის რაიონში იქნება რუსეთის ფედერაციის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მუდმივმოქმედი განთავსების პუნქტი“, - თქვა ბჟანიამ.

რუსული ხომალდი "ციკლონი" სოხუმის პორტში, 29 სექტემბერი, 2023 წელი
რუსული ხომალდი "ციკლონი" სოხუმის პორტში, 29 სექტემბერი, 2023 წელი

მას შემდეგ, რაც უკრაინული რაკეტები და დრონები ყირიმის რუსულ სამხედრო ბაზებს მისწვდა, რუსეთს სევასტოპოლიდან ფლოტის შედარებით უსაფრთხო ადგილას გაყვანა სჭირდება. ასეთი ადგილი ორია - ნოვოროსიისკის პორტი და ოჩამჩირის ყურე.

 

ოჩამჩირეში რუსული ფლოტის შეყვანა რამდენიმე მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოქმნის, - დარწმუნებული არიან ექსპერტები; საფრთხეებს შორის დასახელებულია უკრაინის უფლება, დაარტყას რუსულ გემებს და საქართველოს სურვილი, განავითაროს ანაკლიის პორტი.

საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერებმა თქვეს, რომ რუსეთის სურვილი, ოჩამჩირეში განათავსოს სამხედრო ფლოტის ნაწილი, ოკუპაციის შედეგია, და არაფერი ახალი და განსაკუთრებულად საგანგაშო არ ხდება. პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეს მესამე რუსული სამხედრო ბაზა იქნება საქართველოს ტერიტორიაზე.

ასეა თუ არა ეს?

რადიო თავისუფლება ღია წყაროების, სატელიტური ფოტოებისა და შეიარაღების სპეციალიტების დახმარებით შეეცადა კიდევ ერთხელ გადაეხედა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული რუსული სამხედრო ინფრასტრუქტურისთვის და დაენახა, როგორ იცვლებოდა წლების განმავლობაში რუსეთის სამხედრო ნაწილების განლაგება ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში დღეისათვის მართლაც ორი რუსული სამხედრო ბაზაა განლაგებული - მე-7 და მე-4. როდესაც ოჩამჩირის სამხედრო პორტი განახლდება, ისიც სავარაუდოდ აფხაზეთის მე-7 სამხედრო ბაზის ნაწილი გახდება, მაგრამ ამ ორი ბაზის მხარდამჭერ სამხედრო და სადაზვერვო ინფრასტრუქტურას სრულად აქვს დაფარული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიები.

 

გარდა სრულად სამხედრო ბაზებისა, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, როგორც სამხრეთ ოსეთთან, ისე აფხაზეთში, რუსული უშიშროების ფედერალური სამსახურის, ეფესბეს, სულ მცირე, 32 სამხედრო პუნქტია განლაგებული (20 ცხინვალის რეგიონში, 12 აფხაზეთში). მათი უმეტესობა 2009-2012 წლებში აშენდა. ბაზების ფუნქცია, გარდა სადაზვერვო საქმიანობისა, ე.წ. საზღვრის მარკირება, კონტროლი და “საზღვრის დამრღვევი” ადამიანების დაკავებაა. ამ ბაზებზე ცხინვალში დაახლოებით 1200 და აფხაზეთში 1300 რუსი მესაზღვრეა დასაქმებული.

რუსეთის საოკუპაციო ძალების სამხედრო ბაზა სოფელ არბოსთან. 2018 წელი, 4 ივნისი
რუსეთის საოკუპაციო ძალების სამხედრო ბაზა სოფელ არბოსთან. 2018 წელი, 4 ივნისი

ეფესბეს ბაზების ნაწილის დანახვა საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალიდან შეუიარაღებელი თვალითაც ადვილად არის შესაძლებელი. ნაწილს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებიდან დაინახავთ. 2019 წელს საერთაშორისო უფლებადაცვითმა ორგანიზაციამ, "ამნესტი ინტერნეიშენალმა" ამ სამხედრო პუნქტებს “საზღვრის დაცვის მილიტარიზებული ბაზები” უწოდა.

სამხედრო ბაზების გარდა, როგორც ცხინვალის რეგიონში, ისე აფხაზეთში ბოლო წლებში სპეციალურად რუსი ჯარისკაცებისა და მათი ოჯახებისთვის აშენდა სამხედრო ქალაქები. სხვადასხვა წყაროს დათვლით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ათიდან თორმეტ ათასამდე რუსი სამხედრო და მესაზღვრე რეგულარულად იმყოფება. ამ მონაცემებზე გარკვეული გავლენა მოახდინა რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ უკრაინაში - პერიოდულად სამხედროების ნაწილი, გარკვეული დროით, უკრაინის ფრონტზეც გადაჰყავთ.

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსული სამხედრო ბაზებისა (მაშინ “საერთაშორისო სამშვიდობო ძალების მანდატის” საფარქვეშ) და მათთვის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა 2008 წლის ომამდე, დიდი ხნით ადრე დაიწყო. ომის შემდეგ, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის 6- პუნქტიანი შეთანხმების დარღვევით, მშენებლობის ტემპი გაიზარდა და მოიცვა რუსული არმიის მიერ ომის დროს დაკავებული ტერიტორიებიც - დიდი და პატარა ლიახვის ხეობები, ფრონეს ხეობა, ახალგორის რაიონი და კოდორის ხეობა/ზემო აფხაზეთი.

2009 წლიდან ამოქმედდა რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზა გუდაუთაში და მე-4 სამხედრო ბაზა ცხინვალის რეგიონში. ორივე ბაზა რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის შემადგენლობაში შედის. 2009 წლიდანვე ინტენსიურად იწყება ეფესბეს ბაზების მშენებლობა “მესაზღვრეებისთვის”.

„აფხაზეთის ჯარის გეგმური სამწლიანი მოდერნიზაციისთვის 2015 წელს რუსეთმა 5 მილიარდი რუბლი (73,5 მილიონი დოლარი) გამოყო. სამხრეთ ოსეთისთვის 2008-2018 წლებში რუსეთის ფინანსური დახმარების მოცულობამ 60 მილიარდი რუბლი (880 მილიონ დოლარზე მეტი) შეადგინა. ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი მიმართულია მეგობარი სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და რუსეთის სამხრეთ საზღვრების გაძლიერებაზე“, - ასე დათვალა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისთვის განკუთვნილი ფინანსური დახმარება sputnik ossetia-მ რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე. უკრაინაში ომმა აჩვენა როგორც მთლიანად რუსული არმიის, ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი რუსული ჯარის ნაწილების დემორალიზების სიღრმე. აფხაზეთიდან და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან ფრონტზე დაახლოებით 2000 ადგილობრივი სამხედრო წაიყვანეს.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან მეომრები რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრებიან. 2022 წლის მარტი
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან მეომრები რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრებიან. 2022 წლის მარტი

რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურა აფხაზეთში

ოჩამჩირის პორტი რუსული სამხედრო ინფრასტრუქტურის ნაწილი იყო 5 ოქტომბრის განცხადებამდეც. მდინარე ჯუყმურის ყურეში აშენებული ნავსადგური შეზღუდული რაოდენობის საპატრულო კატარღებისა და სატვირთო გემების მისაღებად იყო განკუთვნილი. 2009 წლის ოქტომბერში ყურე 3,8 მეტრიდან 9 მეტრამდე გააღრმავეს. მას შემდეგ პორტში შესვლა შეუძლიათ იმ გემებსაც, რომელთა წყალწყვა 10 ათასი ტონაა; ანუ, შავი ზღვის ფლოტის თითქმის ყველა ხომალდს, იქნება ეს სადესანტო თუ ნაღმმტყორცნი გემები. მიუხედავად პორტის შესაძლებლობების გაძლიერებისა, 2009 წლიდან დღემდე ოჩამჩირეში ძირითადად რუსეთის FSB-ს სასაზღვრო სამსახურის «Соболь»-ისა და «Мангуст»-ის ტიპის სანაპირო დაცვის კატარღები იყვნენ განლაგებული, რომელთა მაქსიმალური რაოდენობა 10-ზე მეტი არასოდეს ყოფილა.

ოჩამჩირის პორტი 2006 და 2022 წლებში
ოჩამჩირის პორტი 2006 და 2022 წლებში

ოჩამჩირის პორტის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება თვალნათელია სატელიტური ფოტოების შედარებით. 2006 წლის შემდეგ აშკარაა პორტის მოდერნიზება, თუმცა, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ოჩამჩირეს სევასტოპოლის პორტის ჩაანაცვლება შეუძლია. მას შემდეგ, რაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტს ანექსირებულ ყირიმში უკრაინის დრონები და რაკეტები მისწვდნენ და რუსეთმა ფლოტის გადაყვანა დაიწყო, ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა (ISW) დაწერა, რომ ოჩამჩირის ქვიშიანი სანაპირო ზოლი „დიდწილად არახელსაყრელია სამხედრო-საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის“.

ოჩამჩირის პორტი აფხაზეთში განთავსებული მე-7 რუსული სამხედრო ბაზის ნაწილია, ეს ბაზა, სულ მცირე, 17 სამხედრო ობიექტს აერთიანებს და რუსეთის მაშინდელ პრეზიდენტ დმიტრი მედვედევსა და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშს შორის 2010 წელს ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზეა აშენებული.

მე-7 ბაზის ნაწილია ნაგვალუს სამხედრო პოლიგონი, რომელიც ანაკლიის სანაპიროდან მხოლოდ 12 კილომეტრით არის დაშორებული. ადგილი, სადაც 2009 წლამდე არანაირი სამხედრო ინფრასტრუქტურა არ არსებობდა, ბოლო წლებში აქტიურად გამოიყენება სამხედრო წვრთნებისთვის.

აფხაზეთში, გარდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული სამხედრო ბაზებისა, განთავსებულია ეფესბეს ბაზებიც - ბიჭვინთაში, სოხუმთან, კოდორის ხეობაში, ტყვარჩელსა და გალის რაიონის სოფლებში, ნაბაკევში, ახალ ოტობაიასთან, საბერიოსთან, ლეკუხონასა და ჭუბურხინჯთან.

“გალის რაიონის სოფლებში ეგეთი ახალი, ლამაზი და ფეშენებელური შენობები სხვა არაფერია. შეიძლება სასტუმროც კი გეგონოს. თითქმის ყველა სოფელში ერთნაირი დიზაინის მრავალსართულიანი სამხედრო შენობებია აშენებული ეზოებით, საბავშვო ატრაქციონებით და ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით, სადაც რუსი სამხედროები ოჯახებთან ერთად ცხოვრობენ. ჩვენთვის ამ ბაზების ფოტოგადაღება აკრძალულია. ყოფილა შემთხვევა, ფოტოგადაღებისთვის დაუკავებიათ კიდეც ადგილობრივი”, - უყვება რადიო თავისუფლებას გალის მცხოვრები, რომელიც უსაფრთხოების მოტივებით ანონიმურად დარჩენას გვთხოვს.

გალის რაიონში, ისევე როგორც კოდორში, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ბაზები ხშირად ისეთ ადგილებშია აშენებული, სადაც მანამდე ტრიალი მინდორი ან ტყე იყო. მაგალითად, ოქუმის სამხედრო ბაზა გალის სიღრმეში, რომელიც საარტილერიო, სატანკო და ქვეითთა დისლოკაციის ადგილია დღეს, სატელიტის ფოტოებზე მხოლოდ 2011 წლიდან ჩნდება. იქამდე ადგილი უკაცრიელი იყო.

უკაცრიელ ადგილას, ზღვის პირას არის აშენებული ფიჩორის სამხედრო ბაზაც. აქაც 2011 წელს ჩნდება პირველად სამხედრო ნაგებობები სატელიტიდან გადაღებულ სურათებზე. ამ ფოტოებზე ცხადად ჩანს, რომ ბაზის ასაშენებლად ტყის ნაწილი გაიკაფა.

2008 წლის დეკემბერში, ადამიანის უფლებათა ცენტრი ჟურნალისტ პაატა ლაგვილავაზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსი ჯარისკაცები ფიჩორში საგუშაგოდ იყენებდნენ სოფლის ცენტრში მდებარე გამგეობის ყოფილ შენობას, რომელიც დაახლოებით 20 მეტრით იყო დაშორებული იმ სკოლასთან, სადაც 150-მდე ბავშვი სწავლობდა.

ამ დროს გალის რაიონში ჯერ კიდევ არ იყო შეზღუდული ქართულის სწავლება, თუმცა ჟურნალისტი ჰყვება, რომ ქართველებს ეშინოდათ შვილების გაშვება სკოლაში, რომლის გზაზეც რუსი ჯარისკაცები ხვდებოდნენ. მაშინ რუს ჯარისკაცებს საველე სამზარეულო და 6 კოტეჯი ზღვის სანაპიროზე ჰქონდათ მოწყობილი და დამატებითი ძალების შეყვანას ელოდნენ ფიჩორში.

2010 წელს მედია უკვე წერდა იმაზე, რომ ფიჩორის ბაზაზე, რომელიც ამ დროისთვის 5 ჰექტარზე იყო გადაჭიმული, მოწყობილი იყო აეროდრომი, სამხედრო აღჭურვილობაში კი სამხედრო ტექნიკის გარდა შვეულმფრენებიც შედიოდა. როცა ბაზა ოფიციალურად გაიხსნა, აფხაზეთის თბილისში დევნილი მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია ამბობდა, რომ ამ სამხედრო ობიექტის ფუნქცია საზღვაო აკვატორიის და სახმელეთო საზღვრის მთელი პერიმეტრის, მათ შორის ენგურზე არსებული ყველა გასასვლელის კონტროლი იყო.

„ფაქტობრივად, კრემლის მომდევნო ნაბიჯი რუსეთ-საქართველოს საზღვრის ფსოუდან ენგურზე გადმოტანა იქნება”, - ეს ვარაუდი ბარამიამ 2010 წლის მიწურულს გამოთქვა.

2023 წლის 26 ოქტომბერს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ ოჩამჩირის პორტის გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები დაახლოებით სამი კვირის წინ ფიჩორთან დაიწყო.

ფიჩორი ანაკლიიდან 4 კილომეტრში მდებარეობს.

გალის რაიონში მრავლადაა სამხედრო ქალაქები - სპეციალურად გაშენებული დასახლებები, სადაც რუსი ჯარისკაცები ოჯახებთან ერთად ცხოვრობენ. ერთ-ერთი ასეთი პირველი სამხედრო ქალაქი საბერიოში 2010 წელს გაიხსნა. სამხედრო ქალაქები 2011 წლიდან აშენდა ოტობაიაშიც, 2012 წლიდან კი ჭუბურხინჯშიც.

 

აფხაზეთში, გუდაუთის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, 2014-2020 წლებში 35-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი აშენდა სამხედრო მოსამსახურეებისთვის. ახლად აშენებულ კორპუსებში 540 ერთ-, ორ- და სამოთახიანი ბინებია, რომლებიც ჯარისკაცებს ავეჯით და ტექნიკით აღჭურვილი გადაეცათ.
აფხაზეთში, გუდაუთის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, 2014-2020 წლებში 35-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი აშენდა სამხედრო მოსამსახურეებისთვის. ახლად აშენებულ კორპუსებში 540 ერთ-, ორ- და სამოთახიანი ბინებია, რომლებიც ჯარისკაცებს ავეჯით და ტექნიკით აღჭურვილი გადაეცათ.

რა ხდება სამხრეთ ოსეთში?

 

ცხინვალის რეგიონში, თავად ქალაქ ცხინვალსა და ჯავაში სამხედრო ინფრასტრუქტურა არსებობდა 2008 წლის ომამდეც. ომის შემდეგ კი, როცა რუსეთს ხელიუ კვე მოწერილი ჰქონდა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებაზე, მან საომრად შემოყვანილი სამხედრო ძალის ნაწილი სამხრეთ ოსეთში დატოვა იქ “მშვიდობის დასაცავად”.

2008 წლის აგვისტოს ბოლოს ცხინვალის რეგიონში იყო ოთხი ათასამდე რუსი სამხედრო მოსამსახურე, 33 ტანკი, 220 საბრძოლო ქვეითი მანქანა, საარტილერიო და საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ამ სამხედრო ძალის ნაწილი მოგვიანებით ცხინვალის მეოთხე სამხედრო ბაზის შემადგენლობაში შევიდა. მე-4 ბაზის შესახებ შეთანხმებას ხელი ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ და მოსკოვმა 2010 წლის 7 აპრილს მოაწერეს. ცხინვალის მეოთხე სამხედრო ბაზა აერთიანებს ჯავის რაიონის სოფელ უგარდანთისა და ქალაქ ცხინვალის სამხედრო ბაზებს, ასევე ახალგორის რაიონის სოფელ ყანჩავეთის სამხედრო ბანაკს.

ცხინვალის მეოთხე ბაზაზე 4-დან 5 ათასამდე სამხედრო მოსამსახურეა მობილიზებული, და ათასზე მეტია ეფესბეს ჯარისკაცების რაოდენობა, ვინც ცხინვალის რეგიონის ე.წ. საზღვარს აკონტროლებს - ეთნიკური ოსების წილი ამ ძალებში 15%-საც არ შეადგენს.

ცხინვალის ბაზამ 2008 წლის ომიდან მალევე დაიწყო გაფართოება სოფელ თამარაშენის მიმართულებით, სადაც დღეს უკვე სრულად არის წაშლილი იქ მცხოვრები ეთნიკური ქართველების კვალი.

თამარაშენი ქართველების ეთნიკური წმენდის ერთ-ერთი მაგალითია. სოფლიდან ქართველები მასობრივად განდევნეს და მათი სახლები გაანადგურეს. იქ სადაც ომამდე 300-მდე სახლი იდგა, ახლა ნასოფლარია და ამ ნასოფლართან ახლოს “მოსკოვის რაიონია” გაშენებული რუსეთის პრეზიდენტების, პუტინისა და მედვედევის ქუჩებით.

 

პუტინის ქუჩა "მოსკოვის რაიონში"
პუტინის ქუჩა "მოსკოვის რაიონში"
 
დმიტრი მედვედევის ქუჩა "მოსკოვის რაიონში."
დმიტრი მედვედევის ქუჩა "მოსკოვის რაიონში."

უბანი, სადაც ორასამდე სახლი, სკოლა, რამდენიმე საბავშვო ბაღი, სავაჭრო და სპორტული ცენტრებია განთავსებული, მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის დახმარებით და მოსკოვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 2,5 მილიარდი რუბლით გაშენდა. ეს იყო ომის შემდეგ პირველი "უცხოური ინვესტიცია", რაც თვითაღიარებულმა რეჟიმმა მიიღო.

იური ლუჟკოვის ქუჩა 'მოსკოვის რაიონში"
იური ლუჟკოვის ქუჩა 'მოსკოვის რაიონში"

მე-4 ბაზის სამხედრო პოლიგონად არის ქცეული კიდევ ერთი სოფელი, ძარწემი, რომელიც ცხინვალიდან 10 კილომეტრით არის დაშორებული. მდინარე ლიახვის ხეობის ამ სოფელში თითქმის ყველა სახლი დანგრეულია. ძარწემის პოლიგონი წლიდან წლამდე უფრო და უფრო მეტ ტერიტორიას ითვისებს და ხშირად მასპინძლობს სამხედრო წვრთნებს.

ძარწემის პოლიგონი ესაზღვრება ქურთის, კეხვის, ქემერტის, მამითასა და აჩაბეთის ნასოფლარებს. ამ სოფლების ნაცვლად აქაც რუსული ეფესბეს ბაზებია განლაგებული. მსგავსი სამხედრო ბაზები ომის შემდეგ გაჩნდა ერედვში, დისევში, აძვისთავსა და ღრომშიც.

ცხინვალის სამხედრო ბაზის შემადგენლობაში შედის ჯავის რაიონის სოფელ უგარდანთის სამხედრო ინფრასტრუქტურაც. ჯავაში, 2004 წელს მცირე სამხედრო კომპლექსი, არალეგალურად და საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად ააშენეს რუსმა “მშვიდობისმყოფელებმა” და იქ პერიოდულად სამხედრო წვრთნებსაც კი ატარებდნენ. ეს სამხედრო ობიექტი გამოიყენებოდა დაზვერვის ქვედანაყოფებისა და სპეცსაშუალებების არაოფიციალური ბაზირებისთვის, ტექნიკისა და შეიარაღების საწყობად და სეპარატისტთა უკანონო სამხედრო ფორმირებების მოსამზადებლად.

ჯავის რაიონში განთავსებულია ასევე ეფესბეს ოთხი ბაზა: ქვემო ქარძმანში, ნოგყაუში, სინაგურსა და კვაისაში. ეს უკანასკნელი ცხინვალის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე კარგად აღჭურვილი ბაზაა. კვაისა რაჭას ესაზღვრება და ონიდან დაახლოებით 20 კილომეტრით არის დაშირებული.

 

ქარძმანში მოწყობილია გამშვები პუნქტიც, რომელიც 2019 წლის შემდეგ დაკეტილია. სოფელში დარჩენილია 3-4 ოჯახი, რომელიც ფაქტობრივად მოწყვეტილია გარესამყაროს.

გარდა მე-4 სამხედრო ბაზისა, ცხინვალის რეგიონში რუსული ეფესბეს ათობით ბაზაა განთავსებული: ლარგვისში, ახმაჯში, ორჭოსანში, ღდულეთში, ღრომში, აძვისთავში, დისევში, ერედვში, დიდმუხაში, ავნევში, ძვილეთში, ყორნისში, ვახტანაში, ქარზმანში, კვაისაში, სინაგურში, აჩაბეთში, ქურთაში, დმენისში, დვანთან, არბოსთან.

ამ სასაზღვრო ძალების ბაზების დიდ ნაწილს აქვს ვერტმფრენებისა და შვეულმფრენების ასაფრენ-დასაფრენი მოედნები, ზოგიერთთან კი ელექტრონული თვალთვალის სისტემებია დამონტაჟებული.

კიდევ ერთი სამხედრო პოლიგონია მოწყობილი ახალგორის რაიონის სოფელ ბაზუანში.

ახალგორშივეა ლარგვისის ბაზაც.

სასაზღვრო ბაზებიდან 6 ზნაურის რაიონშია განთავსებული. ამ ტერიტორიებზე 2008 წლის ომის დროს 1800-მდე დევნილმა დატოვა საკუთარი სახლი - სოფლები, ნული, ავნევი და დიდმუხა ქართველებისგან სრულად გაიწმინდა. ნასოფლარებზე და ნასოფლარების სიახლოვეს, 2009-2011 წლებში ნახევრად სამხედრო ბაზები აშენდა ავნევში, დიდმუხაში, ყორნისში, ვახტანაში, ძვილეთსა და სერიბალთაში.

ეფესბეს სამხედრო ბაზების ნაწილი სამხრეთ ოსეთის სიღრმეშია მოქცეული, ნაწილი კი შეუიარაღებელი თვალითაც ადვილად ჩანს საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიებიდან და ცენტრალური ავტობანიდან. მაგალითად, ახმაჯის ბაზა კარგად ჩანს სოფელ ოძისიდან. მის სანახავად ხშირად მიდიან დასავლეთიდან ჩამოსული პოლიტიკოსები.

FSB-ს ბაზა ახმაჯში
FSB-ს ბაზა ახმაჯში

2017 წელს რუსული საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში გაიჭრა ახალგორი-ახმაჯის დამაკავშირებელი 9-კილომეტრიანი გზა, რომელიც, ადგილობრივების თქმით, იმთავითვე, ძირითადად სამხედრო ტექნიკისთვის იყო განკუთვნილი. ამ გზის მშენებლობას პირადად ხელმძღვანელობდა რაშიდ ნურგალიევი, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე.

სამხედრო ინფრასტრუქტურის მშენებლობის პარალელურად, წლიდან წლამდე მძიმდება ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობა. 2020 წელს ახმაჯის საშუალო სკოლა დაიკეტა - სოფელში სკოლის ასაკის ბავშვი აღარ იყო დარჩენილი. ახალგორის რაიონის დანარჩენი ტერიტორიისაგან განსხვავებით, ახმაჯის მცხოვრებლები ვალდებული არიან მუდმივად ატარონ ე.წ. ოსური პასპორტები, ან საშვი (რომელზეც პირადი ინფორმაცია და ფოტოსურათია დატანილი), - სოფლის სიახლოვეს რუსი სამხედროები ხშირად აწყობენ რეიდებს.

2023 წლის 8 ივნისს ახმაჯთან დააკავეს და 4 თვის განმავლობაში უკანონო პატიმრობაში ჰყავდათ საოკუპაციო ხაზთან თბილისიდან ჩასული ივანე ილურიძე.

2023 წლის 19 ივნისს “ანტისაოკუპაციო მოძრაობის” წევრი, დავით ქაცარავა ავრცელებდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსმა სამხედროებმა ახმაჯის ბაზის სიახლოვეს ტერიტორია დანაღმეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ეს ინფორმაცია არც დაუდასტურებია და არც უარუყვია.

აღმოსავლეთ-დასავლეთის ცენტრალური მაგისტრალიდან შეუიარაღებელი თვალით ჩანს სოფელ ორჭოსანის სამხედრო ბაზაც - ოკუპირებულ სოფელთან აღმართული საოკუპაციო ბანერები მთავარი ავტობანიდან დაახლოებით 400 მეტრშია განთავსებული. 2015 წელს პირობითი საზღვრის გადმოწევისას, სეპარატისტების კონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის გარკვეული ნაწილი.

საოკუპაციო ბანერი ორჭოსანთან აქტივისტების მიერ დატოვებული უკრაინის მხარდამჭერი წარწერით. ამ წარწერის გამო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის უშიშროების კომიტეტმა გამოძიება დაიწყო; 17 თებერვალი, 2022 წელი
საოკუპაციო ბანერი ორჭოსანთან აქტივისტების მიერ დატოვებული უკრაინის მხარდამჭერი წარწერით. ამ წარწერის გამო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის უშიშროების კომიტეტმა გამოძიება დაიწყო; 17 თებერვალი, 2022 წელი

კონფლიქტის რეგიონებში არსებული რუსული სამხედრო ძალები იქ მცხოვრებ ადამიანებს უჩენენ შთაბეჭდილებას, რომ მათ უსაფრთხოებაზე რუსული სამხედრო ძალები ზრუნავენ, - თუმცა, იმ დროს, როცა ვითარება იძაბება, სამშვიდობო ძალები ადვილად ივიწყებენ თავიანთ ფუნქციას და მარტივად იქცევიან ომში მხარედ.

ასე მოხდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს 5-დღიანი ომისას. შერეული სამშვიდობო ძალების სარდლის, მარატ კულახმეტოვის აღიარებით, რუსი სამშვიდობოები სამხრეთ ოსეთის რეჟიმის შეიარაღებულ დაჯგუფებას ქართული შეიარაღებული ძალების პოზიციების კოორდინატებს აძლევდნენ. ეს ფაქტი კულახმეტოვმა დაუდასტურა ქართული სამშვიდობო ბატალიონის მეთაურს, მამუკა ყურაშვილს ომის დროს სატელეფონო საუბრისას. მარატ კულახმეტოვი 2008 წლის ომის შემდეგ მალევე ედუარდ კოკოითიმ და ვლადიმირ პუტინმა დააჯილდოვეს „მშვიდობის სადარაჯოზე გაწეული სამსახურისთვის” და „მეგობრობის” ჯილდოთი. მოგვიანებით ის რუსეთის ელჩი გახდა დე ფაქტო ცხინვალის რეგიონში.

რუსული სამხედრო ძალები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მორიგი სამხედრო აგრესიის განსახორციელებლად ხელსაყრელი პლაცდარმებია. თავდასხმის გარეშე კი სასაზღვრო ძალები მუდმივად ახერხებენ საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიებიდან ახალ-ახალი მიწების (“ბორდერიზაცია”) და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოქალაქეების მოტაცებას. გამყოფი ხაზის გარშემო ხალხი მუდმივ ტერორში ცხოვრობს. მცოცავი საოკუპაციო ხაზი, მზარდი რუსული სამხედრო ინფრასტრუქტურა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და მოქალაქეების გატაცებები, საბოლოო ჯამში, საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას სერიოზული რისკების ქვეშ აყენებს.

 ავტორი: ნასტასია არაბული

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის