USD 2.7174
EUR 3.1875
RUB 3.4975
თბილისი
რუსეთ-უკრაინის ომის შეჯამება 3 ოქტომბრის დილის მდგომარეობით - გიორგი კობერიძე
 2031
რუსეთ-უკრაინის ომი [შეჯამება | 02.10.2024]:
- დონეცკის ოლქში, რუსები მნიშვნელოვან ქალაქ ვუჰლედარში შევიდნენ და მთელი დასახლება დაიკავეს. მხოლოდ უკიდურესი ჩრდილოეთის მონაკვეთში გრძელდება შეტაკებები, რომლის მიზანიც არა პოზიციების შენარჩუნება, არამედ უსაფრთხო უკანდახევაა. ვუჰლედარსა და მის მომიჯნავე დასახლებებს რუსები 2022 წლის ოქტომბრიდან უტევდნენ. ვუჰლედარი უკრაინული თავდაცვის ერთ-ერთი საყრდენი წერტილი იყო, სადაც რუსებმა 2023 წელს ცოცხალი ძალისა და ტექნიკის კატასტროფული დანაკარგი განიცადეს.
ვუჰლედარი იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ იქიდან უკრაინელები ქალაქი დონეცკის შემოგარენსაც სწვდებოდნენ, ჩრდილო-აღმოსავლეთით და ვოლვონახასაც,სამხრეთით. ეს უკანასკნელი არამხოლოდ მარიუპოლისაკენ მიმავალ გზაზე საკვანძო ქალაქია, არამედ რკინიგზის ქსელის ცენტრალური უბანიც.
ვუჰლედარის დაცემა ფრონტის ხაზზე სტრატეგიული თვალსაზრისით სიტუაციას არ ცვლის, მაგრამ რუსებს ტაქტიკური უპირატესობა აქვთ და ინიციატივაც მათ ხელშია. საეჭვოა რუსებმა სწრაფი წინსვლა განახორციელონ ამ მიმართულებაზე, რადგან უკრაინელებმა ვუჰლედარის ჩრდილოეთით ახალი პოზიციები მოაწყვეს, მაგრამ რუსები მაინც სწრაფად მოქმედებას შეეცდებიან.
- სხვა სიტუაციაა ხარკივის ოლქში. სასაზღვრო ქალაქ ვოვჩანსკში რუსებმა აგრეგატის ქარხნისაკენ გაჭრა სცადეს. ეს ის ქარხანაა, რომელიც რამდენიმე დღის წინ უკრაინელებმა გაათავისუფლეს და რუსი სამხედროებით დაატყვევეს. რუსული შეტევა არათუ ჩავარდა, არამედ ასობით დაღუპული და დაჭრილი მიიღო საკუთარ რიგებში. ვოვჩანსკი რუსების ერთგვარ თავისტკივილად იქცა. რუსები ქალაქის 30%-ს ფლობენ. და რაც მთავარია ისინი უკრაინული თავდაცვის მთავარ ხაზამდეც კი არ არიან მისულები, რომელიც მდინარე ვოვჩას სიახლოვეს მდებარეობს. მაისში დაწყებული რუსული იერიშის მიზანი უკრაინული სამხედრო ძალების ამ მიმართულებაზე იძულებითი დაკავება გახლდათ, ხოლო უფრო სასურველ შემთხვევაში უშუალოდ ხარკივის შემოგარენამდე მიღწევა იყო, მაგრამ რუსებს ეს ოპერაცია ძალიან ძვირად უჯდებათ ცოცხალი ძალისა და ტექნიკის თვალსაზრისით. ხოლო ტერიტორიულ განზომილებაში თუ შევხედავთ, რუსებს არცერთი მნიშვნელოვანი დასახლება არ უგდიათ ხელთ. ამასთან, მცირე ტერიტორიულ მონაკვეთში დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალის შეყრა უკრაინული არტილერიისათვის ადვილ სამიზნედაც იქცა.
- რუსეთის კურსკის ოლქში ვითარება უცვლელია. რუსების მცდელობა კრემლის მიერ დადგენილ თარიღში, 1 ოქტომბრამდე გაეთავისუფლებინათ ეს ტერიტორია არ გამოვიდა. რუსეთის უძლეველობის ამბავი კიდევ ერთხელ დადასტურდა რომ უსაფუძვლოა. რაც მთავარია რუსული კონტრშეტევა არ წარმოადგენს მხოლოდ ერთი მხარის შეტევას, არამედ უკრაინელებიც ფლობენ ინიციატივას. შესაბამისად, შეტევა გარდამავალი ხასიათისაა. თუკი რუსები კურსკის ოლქში ლუბომივკას წარუმატებლად უტევენ, უკრაინელები გლუშკოვოს რაიონში ფლობენ ინიციატივას. უშუალოდ გლუშკოვოში ბაზირებული რუსული სამხედრო ნაწილები კი საარტილერიო ცეცხლის ქვეშ არიან მოქცეულნი. აქტიურობენ უკრაინული დრონებიც.
საინტერესოა ისიც, რომ უკრაინელებმა რუსული კონტრშეტევის მოსაგერიებლად მთელ რიგ მონაკვეთში ის თავდაცვის ზღუდეები და სანგრები გამოიყენეს, რომელიც მანამდე რუსებს ჰქონდათ მოწყობილი. რუსებს კურსკის ოლქში დაახლოებით 45-50 ათასი სამხედრო ჰყავთ მობილიზებული. ამ მხრივ უკრაინელებმა მიზანს მიაღწიეს და რუსებს სხვადასხვა სექტორიდან მოახსნევინეს ნაწილები.
- უკრაინელები თითქმის ყოველდღიურად ბომბავენ როსტოვისა და კრასნოდარის ოლქებში რუსულ სამხედრო ობიექტებსა და ნავთობტერმინალებს. როსტოვში, მილეროვოს ავიაბაზის მიმართულებაზე უკრაინელები ბოლო დღეებია აქტიურად უშვებენ დრონებს. აღნიშნულმა იერიშებმა ცეცხლი და ხანძარი გამოიწვია.
- უკრაინაში რუსებმა ოდესის პორტი დაბომბეს. დაიბომბა უკრაინა-რუმინეთის საზღვრის სიახლოვეს გამშვები პუნქტიც. რუსები დრონების მაქსიმალურად დიდი რაოდენობით გაშვებით უკრაინული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების გადატვირთვას ცდილობენ. შესაბამისად, დრონებისა და რაკეტების ნაწილის ჩამოგდება ძალიან რთულდება ხოლმე.
- დანიამ უკრაინული თავდაცვის ინდუსტრიის გასაძლიერებლად 700 მილიონ ევრომდე ჩადო. კონცეფცია მარტივია: უკრაინელები ამ ფულით არა დასავლურ ტექნიკას, არამედ უკრაინულ სამხედრო წარმოებას ავითარებენ. ეს ძალიან სწორი მიდგომაა, რადგან ამ შემთხვევაში ფული უკრაინის ეკონომიკაში რჩება და სამხედროსთან ერთად ეკონომიკური დახმარებაც გამოდის.
- განწყობების შემსწავლელი საინტერესო კვლევა ჩატარდა რუსეთში, რომლის მიხედვითაც: ომში რუსეთის გამოკითხული მოსახლეობის 33%-ის ოჯახის წევრი ან ნათესავი მონაწილეობს. 13%-ს კი დაღუპული ჰყავს ფრონტზე. დაჭრილებისა და ტყვეების შესახებ ინფორმაცია არ არის, მაგრამ დაღუპულების სიაში არ შედის. ეს კი მართლაც ძალიან დიდი რიცხვზე მიუთითებს, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ საჯაროდ გამოსულ რუსულ კვლევებში რეალური რიცხვები მაინც ფორმირდება ხოლმე. უშუალოდ განწყობას რაც შეეხება ქალაქის მოსახლეობა განსაკუთრებით უკმაყოფილოა ომით. შორეული რეგიონები უფრო ნაკლებად. არადა სწორედ რეგიონებიდან ჰყავს რუსეთს ძირითადი სამხედრო კონტინგენტი ჩამოყალიბებული.
- უკრაინაში საუბარი მიმდინარეობს უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის, კირილო ბუდანოვის შესაძლო გადაყენებაზე. ცხადია, ოფიციალური ვერსია არაფერია და არც გადაყენების შესახებ გაკეთებულა რაიმე განცხადება. თუმცა აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ ბუდანოვის პოპულარობა და წონა ძალიან დიდია უკრაინაში. შესაბამისად, მის შესაძლო ჩანაცვლებას სერიოზული მიზეზები უნდა ჰქონდეს. ამასთან, რა თანამდებობაზე გადაიყვანენ მას უცნობია. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ადრეც იყო ბუდანოვის სხვა თანამდებობაზე გადაყვანის შესაძლებლობა და თავდაცვის მინისტრადაც და გენშტაბის უფროსადაც განიხილავდნენ მას, მაგრამ მაშინ არ გამართლდა მოლოდინი. ახლა ვნახოთ. შეიძლება მხოლოდ საინფორმაციო კამპანიაა. მთავარი ისაა, რომ რუსეთში ბუდანოვის ძალიან ეშინიათ.
- რუსეთში მოსახლეობის ნებისმიერი სახის აღწერა 2029 წლამდე ვერ ჩატარდება - ამ ბრძანებას პუტინმა მოაწერა ხელი. მიზეზი ნათელია - ძალიან დიდი რაოდენობით მიგრაციამ და ფრონტზე სიკვდილიანობამ რუსეთის დემოგრაფიაზე ძალიან მძიმედ იმოქმედა. შესაბამისად, საჯაროდ რეალური რიცხვის გამოტანა კრემლს არ სურს. ისედაც, ძველი აღწერებიდან ჩანდა, რომ რუსეთი ცრუობდა საკუთარ მონაცემებზე საუბრისას.
- კრემლს არ მოსწონს რომ მისი მოკავშირეები თუ ყოფილი კოლონიები ისტორიის სასწავლებელ წიგნებში რუსეთის იმპერიას და საბჭოთა ტერორს ნეგატიურად მოიხსენიებენ. ამაზე რუსული პრესა აქტიურად საუბრობს და აღნიშნავს, რომ იმპერიის პერიოდზე საუბრისას რუსეთი კოლონიურ და დამპყრობელ ძალადაა მოხსენიებული როგორც შუა აზიაში ისე კავკასიაში. ამ ფონზე აფრიკაშიც კი რუსეთის იმპერიული პოლიტიკის სწავლებისას ხაზგასმა ხდება იმ ძალადობაზე რაც ცარისტული რუსეთისა თუ საბჭოთა იმპერიის დროს იქნა ჩადენილი. რუსეთს ამ ყველაფრის შეცვლა სურს და ამ კამპანიის წარმოებას აპირებს. ანუ ისტორიიდან ამოშალოს ის, რაც მან არაერთხელ ჩაიდინა - ტერორი, გენოციდი და ეთნიკური წმენდა. სხვათა შორის ძალიან ცნობილი ამერიკელი ავტორი ტიმოთი სნაიდერი მუდმივად უსვამს ხაზს, რომ ისტორიის ცოდნა პოლიტიკაში იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს დღეს დასავლეთშია წარმოდგენილი. იგი განმარტავს, რომ რუსეთი ფალსიფიცირებული ისტორიული თქმულებებით აყალიბებს მიზნებს. ხოლო ისტორიის არცოდნა კულტურული და პოლიტიკური ასპექტების არცოდნას მოასწავებს და რუსული ისტორიული თქმულებების მახეში გაბმა უფრო ადვილდება.
- ნატოს ახალი გენერალური მდივანი მარკ რუტეა. იგი აქამდე ნიდერლანდების პრემიერის თანამდებობას იკავებდა. საინტერესოა, რომ ნიდერლანდები ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო იყო, რომელმაც უკრაინას დიდი რაოდენობით შეიარაღება გადასცა და მისი თავისუფლად გამოყენების ნებართვა გასცა. დღესაც, რუტე მომხრეა მოეხსნას უკრაინას ყველა სახის შეზღუდვა იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების შესახებ.
- ირანი რუსეთისათვის იარაღის ერთ-ერთი პირველი მიმწოდებელი იყო. ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების ფონზე ირანი რამდენად მიაწვდის ბალისტიკურ რაკეტებს რუსეთს საკითხავია. მაგრამ ირანული შეიარაღება საკმაოდ იაფად მზადდება. შესაბამისად, მისი გაცვლა რაიმე რუსულ ტექნიკაში ან წარმოების ნებართვა/ნოუ-ჰაუში არ არის გამორიცხული.
- გავლენიანი მკვლევრის ან აპელბაუმის საინტერესო სტატია დაიბეჭდა The Atlantic-ში. იგი ღიად წერს, რომ დასავლეთი უნდა გამოვიდეს არარსებული მოლაპარაკებების მოლოდინის რეჟიმიდან და გადავიდეს უკრაინის გამარჯვების მიდგომაზე. იგი ამატებს, რომ სანამ რუსეთს სჯერა გამარჯვების და ამ ომის მოგების, მანამ ეს ომი გაგრძელდება. ხოლო რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში (რა ფორმითაც არ უნდა იყოს ის) მძიმე შედეგებით დასრულდება დასავლეთისათვის და რუსული ინტერესები გაძლიერდება სამხრეთ ამერიკიდან დაწყებული აფრიკით დამთვრებული - ყველგან. რუსეთი ისედაც აწარმოებს მესამე ქვეყნების გამოყენებით ომებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში და წარმატების შემთხვევაში ეს ყველაფერი გაორმაგდება.
ანალიტიკა
გიორგი კობერიძე: რა პროცესები ვითარდება ჩვენს სამეზობლოში - სომხეთსა და აზერბაიჯანში?
ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები ვითარდება ჩვენს სამეზობლოში - სომხეთსა და აზერბაიჯანში.
 
როგორც ცნობილია, სომხეთში ბოლო ორი კვირაა აქტიურად მიმდინარეობს გამოძიება გადატრიალების შესახებ. არსებული ვერსიით სპეციალურ ჯგუფებს 21 სექტემბერს (სომხეთის დამოუკიდებლობის დღეს) გადატრიალება უნდა ეცადათ. ეჭვმიტანილებს შორის არიან პოლიტიკოსები, ბიზნესმენები და მაღალი რანგის სასულიერო პირები და სხვა, რომელთა შეხედულებებიც ძირითადად რუსეთის სასარგებლოა.
დაკავებულებს შორის არიან:
 
მთავარეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი - იგი ადრეც იყო შემჩნეული ფაშინიანის წინააღმდეგ ღიად გამოსვლასა და აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების არსებულ ვერსიას გმობდა;
 
მთავარეპისკოპოსი მიქაელ აჯაფაჰიანი - მას ბრალად სახალხო აჯანყების მოწოდებას ედავებიან; უშუალოდ სომხეთის პატრიარქისადმიც გამწვავდა რიტორიკა, რომელსაც შვილის ყოლასა და კორუფციაში ედავებიან.
 
ეჭვმიტანილ პარლამენტარებს შეუჩერდათ იმუნიტეტი. მათ შორისაა არტურ სარგისიანიც, პარტია "ჰაესტანის" წევრი და ერთ-ერთი ლიდერი. ამ პროცესს პარლამენტის შიგნით დაპირისპირება და ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა. დაძაბულობაა პარლამენტის გარეთაც. ზოგადად, ფიზიკური დაპირისპირება ყოველთვის ცუდი ნიშანია.
 
შესაძლოა დევნა დაიწყოს ქვეყნის წინა ლიდერებზეც - სერჟ სარქისიანსა და რობერტ ქოჩარიანზე, რომლებიც ერთდროულად ყარაბაღის კლანსაც წარმოადგენდნენ და რუსეთის სასარგებლო ინტერესების გატარებასაც ცდილობდნენ. ყარაბაღის კლანი იყო იმ პოლიტიკოსების ერთობა, რომელთაც ყარაბაღთან ჰქონდათ პირდაპირი კავშირი (დაბადებულნი იყვნენ იქ, პოლიტიკური ან/და სამხედრო მოღვაწეობა ჰქონდათ) და აზერბაიჯანთან ნებისმიერი სახის კონსენსუსზე წასვლას ეწინააღმდეგებოდნენ. ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ტერ პეტროსიანის იძულებით გადადგომის შემდეგ, სომხეთს ყარაბაღის კლანი მართავდა, მანამ სანამ ფაშინიანი არ მოვიდა ხელისუფლებაში.
 
დაკავებულია მსხვილი ბიზნესმენი სამველ კარაპეტიანი - იგი სომხეთის ელექტროსისტემის მფლობელია. აქვს რუსეთის მოქალაქეობა და პირდაპირი კავშირები რუსეთის პოლიტიკურ ელიტასთან, მათ შორის ვლადიმერ პუტინთანაც. არის ვერსია, რომ რუსეთში მასზე სერიოზულ გათვლებს აკეთებდნენ.
 
მოწმის სახით დაიკითხა გაჟიკ ცარუკიანიც - სომეხი ოლიგარქი და აყვავებული სომხეთის პარტიის ლიდერი.
 
არსებული ვერსიით გადატრიალებაში 1000 ადამიანი უნდა ყოფილიყო უშუალოდ ჩართული. მათი უმრავლესობა ლოიალური ყოფილი სამხედრო თუ პოლიციური ძალების წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო.
 
რუსეთი ძალიან გაღიზიანებულია სომხეთში მიმდინარე პროცესებით. 2024 წელს ერთხელ უკვე აღიძრა საქმე გადატრიალების შესახებ სომხეთში, რაც რუსეთის მხარეს მებრძოლ ბატალიონ "არბატამდე" მივიდა. მაშინ უკვე ღიად საუბრობდნენ რუსეთის სურვილზე მოეშორებინათ ფაშინიანის მთავრობა. თუკი ეს ამბავიც რუსეთამდე მივიდა, შესაძლოა არამხოლოდ რუსული კლანის ტოტალურ დასუსტებამდე დავიდეს საქმე, არამედ რუსეთის სამხედრო ბაზის გაყვანაზეც შეიქმნას ზეწოლა. არადა კონტრაქტი 2044 წლამდეა და მისი ცალმხრივი შეწყვეტა სერიოზულ საფუძველზე უნდა მოხდეს. თუმცა რუსეთი მას ასე მარტივად არ დათმობს, მით უფრო რომ უკრაინის სამხედრო დაზვერვა რუსეთის მხრიდან ბაზის გაძლიერებაზე საუბრობს. როგორც არ უნდა იყოს, სომხეთის ხელისუფლებამ შეიძლება დაიწყოს კიდეც ეს პროცესი.
 
რაც შეეხება აზერბაიჯანს. ის რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში დასუსტდა ირანი და ღიად დაიწყო დაპირისპირება რუსეთთან იმის მანიშნებელია, რომ ერთის მხრივ აზერბაიჯანის ხელისუფლება მყარად გრძნობს თავს, ხოლო მეორეს მხრივ, ბაქო რეგიონში თავის სასარგებლო წესრიგს ამყარებს. ცხადია ამ პროცესში მისი მთავარი მოკავშირე თურქეთია, ხოლო ერთ-ერთი მთავარი მეტოქე ირანი პრაქტიკულად გამოეთიშა პროცესიდან. თურქეთი სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა. სწორედ ამიტომ, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში რუსეთი თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდება, ხოლო სომხეთს ახალი ეკონომიკური პერსპექტივები გაუჩნდება.
 
მთლიანობაში გამოდის რომ რუსეთი აზერბაიჯანშიც სუსტდება და სომხეთშიც. ამის წინააღმდეგია რუსეთი და ყველანაირად ცდილობს ერთის მხრივ სომხეთში არიოს სიტუაცია, ხოლო მეორეს მხრივ აზერბიაჯანსა და სომხეთს შორის არ დაუშვას მოლაპარაკებები. მოსკოვი არც აზერბაიჯანის შიგნით სიტუაციის დესტაბილიზაციაზე არ იტყვის უარს, მით უფრო რომ რუსეთში მცხოვრები აზერბაიჯანული დიასპორის გამოყენებაზე ან პირიქით, განდევნაზე უკვე დაიწყეს კიდეც საუბარი.
 
რუსეთს პირდაპირი ომის თავი ახლა ნამდვილად არ აქვს, მაგრამ სიტუაციის არევას რომ შეეცადოს ეს გამორიცხული არ არის. ისიც სათქმელია - ვერც ვერაფერს, რომ ვერ გახდეს რუსეთი სომხეთსა და აზერბაიჯანში და საჩვენებლად რომც დალაგდეს მათთან, ორივე რეჟიმი - ალიევისა და ფაშინიანის - სანდო და მისაღები აღარაა მისთვის.
 
მაგრამ ფაქტი ერთია - ამ პროცესებით სამხრეთ კავკასიაში რუსეთი სუსტდება. რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისათვის ეს ძალიან კარგი მოვლენაა. ბიზნესის ინვესტიაციაც უფრო რეალისტურია იქ, სადაც ხელმწერილი მშვიდობაა. თუმცა მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამის შემდეგ რუსეთის ორბიტაზე მყოფი ერთადერთი სახელმწიფო საქართველო არ აღმოჩნდეს. ეს პოლიტიკურიცა და ეკონომიკური დარტყმა იქნება ჩვენთვის. აზერბაიჯანისა და სომხეთის დაახლოების შემთხვევაში ახალი ეკონომიკური დერეფანი გაჩნდება, რომელიც საქართველოს ალტერნატივა გახდება.
 
ამ ალტერნატივას ძალიან რთული რელიეფიდან გამომდინარე უახლოეს მომავალში დიდი მნიშვნელობა შეიძლება არ ჰქონდეს, მით უფრო თუკი პოლიტიკურად საქართველომ თავი დააღწია რუსეთს, მაგრამ გრძელვადიანად, რუსულ ორბიტაზე დარჩენის შემთხვევაში, ევროპული, თურქული და აზერბაიჯანული პოლიტიკური ნება გადაწყვეტს ძალიან ბევრ რამეს, მიუხედავად იმისა თუ როგორია რელიფი აღმოსავლეთ ანატოლიასა და მცირე კავკასიონზე. სხვის პოლიტიკურ ნებაზე დამოკიდებულება და რუსულ ორბიტაზე აღმოჩენა კი ძალიან მძიმე მოცემულობა იქნება.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.