USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
Tbilisi
«Kronen Zeitung» (ავსტრია): „საქართველოში, „ქუჩის უპატრონო ბავშვებთან“ ერთად...“
Date:  326

„საქართველოს ქალაქების ქუჩებში არამარტო მიუსაფარი ძაღლები დახეტიალობენ, არამედ ბავშვებიც, რომლებიც მშობლებისა და მზრუნველების გარეშე არიან დარჩენილები, განსაკუთრებით თბილისში, 1,4 მილიონი მცხოვრებით. „ქუჩის უპატრონო ბავშვები“ - როგორც მათ უწოდებენ - ხელისუფლებისათვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. მთავრობა ცდილობს პრობლემის მოგვარებას, ამ საქმეში ჩართულია ავსტრიული საქველმოქმედო ორგანიზაციაც World Vision Austria (WVÖ), რომლის ახალგაზრდული ცენტრი ბევრ „უპატრონო პატარას“ და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ, სოციალურად დაუცველ მოზარდ ბავშვებს ეხმარება. „კრონენ ცაიტუნგის“ ჟურნალისტს შესაძლებლობა მიეცა გაცნობოდა „თბილისელ ქუჩის ბავშვებს“, რომლებიც World Vision Austria-ს მფარველობის ქვეშ იმყოფებიან და ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორთან სებასტიან კორტისთან ესაუბრა“ - ასე იწყება ავსტრიის გაზეთ „კრონენ ცაიტუნგში“ (Kronen Zeitung) 22 დეკემბერს გამოქვეყნებული სტატია სათაურით „საქართველოში, „ქუჩის უპატრონო ბავშვებთან“ ერთად...“ (ავტორი - მათიას ლასნიგი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

9 წლის ბორისი ფეხბურთზეა შეყვარებული - იგი ჩემს თვალწინ ბურთით უამრავ ფინტს აკეთებს. „მე ძალიან მომწონს ნეიმარ ჟუნიორის თამაში, მას ხშირად ვბაძავ, მაგრამ ჩვენს „კვარადონას“ ყველაზე მაგარ ფეხბურთელად ვთვლი“, - ამბობს ბორისი.

„კვარადონა“ - ეს ის ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელიც იტალიის „ნაპოლის“ საფეხბურთო კლუბში თამაშობს და რომელმაც ვეზუვის ძირში მდებარე ქალაქს ძველი სპორტული დიდება დაუბრუნა. ნეაპოლში ხვიჩას „კვარადონა“ იმიტომ შეარქვეს, რომ ჯერ ერთი - მისი გვარი იტალიურად ძნელი წარმოსათქმელია და მეორე - იგი ჰგავს  „ფეხბურთის მეფეს“ - არგენტინელ დიეგო მარადონას.

ბორისი სპორტულ მოედანზე სკოლიდან მოდის, გაკვეთილების შემდეგ და თითქმის საღამომდე რჩება, შემდეგ სახლში მიდის, მშობლებთან, რომლებიც დილიდან საღამომდე, მთელი დღის განმავლობაში ბევრს მუშაობენ და მცირე ხელფასს იღებენ. შედარებისათვის: თბილისში მაღაზიის თანამშრომელი თვეში ხელფასის სახით 100 ევროს იღებს, ხოლო უნიბერსიტეტის ახლად კურსდამთავრებული ექიმი-სტომატოლოგი - თვეში 500 ევროს.

ახალგაზრდული ცენტრი ისეთ შენობაშია, რომელიც ეტყობა, ადრე ლამაზი იყო, მაგრამ დღეისათვის გარეგნულად ისეთ მდგომარეობაშია, რომ აშკარად მრავალი ჭირ-ვარამი აქვს გადატანილი. ავსტრიაში ასეთ შენობას, ალბათ, ქოხმახს თუ ვუწოდებთ, თუმცა შიგნით რომ შევალთ, სულ სხვა სურათის მოწმენი ვხდებით - ოთახები და სათავსოები ძალიან კარგად არის მოწყობილი, სითბო და სიყვარული სუფევს... სამზარეულოდან მადის აღმძვრელი სუნი მოდის.

ვესაუბრები 23 წლის გიორგის (სახელი შეცვლილია), რომელიც ბავშვობაში, მამის გარდაცვალების შემდეგ, ქუჩაში იზრდებოდა, შემდეგ კი ამ ახალგაზრდულ ცენტრში მოხვდა. აქური აღმზრდელების დახმარებით გიორგიმ სკოლა დაამთავრა და სტუდენტი გახდა. დღეს იგი IT-სპეციალისტი და თავის საქმის პროფესიონალია, მაგრამ ახალგაზრდულ ცენტრს არ ივიწყებს.

ინტერვიუ სებასტიან კორტისთან, World Vision Austria-ს აღმასრულებელ დირექტორთან, რომელიც საქართველოს შესახებ შთაბეჭდილბებზე ჰყვება.

- ჰერ კორტი, რას იტყოდით საქართველოზე - რა უჭირს და რა ულხინს ამ კავკასიურ ქვეყანას და ხალხს?

- როგორც მე ვაკვირდები და ვხედავ, საქართველო ვითარდება და მიზანმიმართულად არის დაინტერესებული ევროკავშირში ინტეგრირებისათვის, მაგრამ წლები უნდა გავიდეს, რომ ქვეყანამ განვითარების ისეთ დონეს მიაღწიოს, როგორიც ჩვენ ავსტრიაში გვაქვს. საქართველო იმიტომ არის ასეთ მდგომარეობში, რომ ეს ქვეყანა საბჭოთა ხელისუფლებისაგან დაზარალდა. ქართველებს წინ კიდევ ბევრი სამუშაო აქვთ. საქართველო ისეთ რეგიონში მდებარეობს, რომელიც არასტაბილურია და მეზობლებიც ერთმანეთთან მტრულად არიან განწყობილნი. აქ ცხოვრება მუდმივი გამოწვევის პირობებში ყოფნას ნიშნავს. სიღარიბის დონე ძალიან მაღალია - მოსახლეობის დაახლოებით 20% უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

- როგორი დამოკიდებულება აქვთ ქართველებს თქვენს ორგანიზაციასთან?

- ჩვენი გუნდის მუშაობა ისეთია, რომ კარი ყველა გაჭირვებულის დასახმარებლად ღია გვაქვს, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის. ჩემი კოლეგები მაღალი პასუხისმგებლობით და პროფესიონალიზმით ეკიდებიან თავიანთ საქმიანობას, ისინი საკუტარი საქმეში კომპეტენტურები არიან. რა თქმა უნდა, სამსახურებრივი ფუნქციების შესრულების გარდა, ისინი სუფთა ადამიანურ თბილ დამოკიდებულებასაც ამჟღავნებენ, სურთ, რომ დამატებით რაღაც კარგი საქმე გააკეთონ. ადგილობრივ ხელისუფლებასთან მჭიდრო და ურთიერთნდობაზე დამყარებული დამოკიდებულება გვაქვს.

- საქართველოში, მწარე სიღარიბის გარდა, ალბათ, არის პოზიტიურიც... მაგალითად, ტურიზმი...

- დიახ, საქართველო უკვე მსოფლიოტურიზმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად ითვლება, თუმცა ავსტრიელები ამ ქვეყანას ჯერ კიდევ კარგად არ იცნობენ. საქართველოში ბევრია ისტორიული ძეგლები, მოსახლეობა ამაყობს თავისი მრავალსაუკუნოვანი ქვეყნით და აქური ხელშეუხებელი ბუნებით - მოგზაურებს სწორედ ასეთი ქვეყნები იზიდავს. ჩვენ გარკვეულ კავშირებს ვამყარებთ ავსტრიულ კომპანიებთან, შევქმენით სპეციალური პროგრამა მობილური ტელეფონებისათვის სხვადასხვა ენებზე, რომელიც ქვეყანას ახალ პერსპექტივებს უმზადებს.

წყარო: https://www.krone.at/3200534

 

tbilisi
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
See all
Survey
By the way