USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
რომელი წმინდათა ხსენების დღეა 5 სექტემბერს?
Date:  219

5 სექტემბერს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

წმიდა მოწამე ლუპე (IV)

წმიდა მოწამე ლუპე III-IV საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა და წმიდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის (ხს. 26 ოქტომბერს) ერთგული მსახური იყო. იგი დაესწრო თავისი ბატონის მოწამეობრივ აღსასრულს. დიდმოწამე დიმიტრის ბეჭდით, სისხლინი სამოსლითა და წმიდანის სახელით წმიდა ლუპე თესალონიკში მრავალ სასწაულს აღასრულებდა. ნეტარი ნებით ჩაბარდა უღმრთოებს და იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) ბრძანებით თავი მოჰკვეთეს (+306 წლის შემდეგ).

მღვდელმოწამე ირინეოსი, ლიონელი ეპისკოპოსი (+202)

მღვდელმოწამე ირინეოს ლიონელი 130 წელს დაიბადა ქალაქ სმირნაში. აქვე მიიღო მან ბრწყინვალე განათლება: დაეუფლა პოეზიას, ფილოსოფიას, რიტორიკასა და სხვა მეცნიერებებს. ქრისტიანული მოძღვრების ჭეშმარიტებებში იგი მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის მოწაფემ, მღვდელმთავარმა პოლიკარპე სმირნელმა (ხს. 23 თებერვალს) განსწავლა. მანვე მონათლა ჭაბუკი, ხუცესად აკურთხა და გალიის ქალაქ ლუგდუნში (დღევანდელი ლიონი - საფრანგეთში) გაგზავნა მხცოვან მღვდელმთავარ პოთინესთან. მალე ირინეოსს საპასუხისმგებლო დავალება მიეცა - აღმსარებლებმა რომის პაპ ელეფთერს (177-190) მისი ხელით ეპისტოლე გაუგზავნეს. წმიდანის არყოფნაში ყველა გამორჩეული ქრისტიანი საპყრობილეში ჩაყარეს. 178 წელს, ეპისკოპოს პოთინეს მოწამეობრივი აღსასრულიდან ერთი წლის თავზე ნეტარ ირინეოსს ქალაქ ლუგდუნის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. „მოკლე ხანში, - წერდა წმიდანის შესახებ მღვდელმთავარი გრიგოლ ტურელი, - თავისი ქადაგებით მან მთელი ლუგდუნი ქრისტიანულ ქალაქად აქცია!“

იმპერატორ სეპტიმიუს სევერუსის (193-211) ზეობის დროს, 202 წელს ჭეშმარიტი სარწმუნოების აღსარებისთვის მღვდელმთავარ ირინეოსს თავი მოჰკვეთეს.

ღირსი ევტიქი (+540) და ფლორენტი (+547)

ღირსი ევტიქი და ფლორენტი ბერები იყვნენ და იტალიაში, ნურსიის ოლქში მოსაგრეობდნენ VI საუკუნეში. წმიდა ევტიქიმა თავისი ქადაგებით მრავალი მოაქცია ქრისტიანობაზე. როცა მახლობელ მონასტერში იღუმენი გარდაიცვალა, ბერებმა სწორედ მას სთხოვეს, წინამძღვრობის ჯვარი ეტვირთა. წმიდანი დათანხმდა, მაგრამ ამის შემდგომაც განაგრძობდა ზრუნვას უწინდელ სამოღვაწეო ადგილზე, სადაც მისი თანამოსაგრე ფლორენტი დარჩა.

ღირსი ფლორენტი უამრავ სასწაულს აღასრულებდა: მოათვინიერა დათვი, რომელიც ემსახურებოდა, ცხვრებს მწყემსავდა, წყალს ეზიდებოდა და მოძღვრის სხვა კურთხევებსაც აღასრულებდა. წმიდა ევტიქი სიცოცხლეში არ იყო ცნობილი სასწაულთქმედებით, მაგრამ სიკვდილის შემდეგ მის სამოსელთან კურნებები აღესრულებოდა. გვალვის დროს ამ სამოსით ხელში მოივლიდნენ ხოლმე მინდვრებს და უფალიც წვიმას გარდამოავლენდა. ღირსი ევტიქი გარდაიცვალა 540 წლის 23 მაისს, ღირსი ფლორენტი კი - 547 წლის 1 ივნისს.

წმიდა კალინიკე - კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (+705)

წმიდა კალინიკე, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (693-705) თავდაპირველად ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრის ხუცესი იყო. 693 წელს კი, პატრიარქ პავლეს (686-693) მიცვალების შემდეგ, კონსტანტინოპოლის ეკლესიის მესაჭეობა მიანდეს. ამ დროს მეფობდა სისასტიკით ცნობილი იუსტინიანე II (685-695). მან ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის სიახლოვეს სასახლის აშენება გადაწყვიტა და კალინიკეს უბრძანა, ამ ტაძრის დანგრევაზე მიეცა კურთხევა. წმიდა მამამ უპასუხა, მე მხოლოდ ტაძრების აშენებისთვის ვლოცულობ და არა მათი შემუსვრისათვისო. როცა საყდარი მაინც დაარღვიეს, ნეტარმა ცრემლებით ღაღად-ჰყო: „დიდება შენდა, უფალო, ყოველთა დამთმენელო!“

მალე იუსტინიანეს ღვთის სასჯელი დაატყდა თავს: იგი ტახტიდან ჩამოაგდეს და გადაასახლეს ხერსონში. ტახტზე ავიდა ლეონ II. ათი წლის შემდეგ იუსტინიანე საპყრობილიდან გაიქცა, ლაშქარი შეჰყარა და კონსტანტინოპოლს მიადგა. მან პატრიარქსა და იმპერატორს აღუთქვა, რომ ქალაქში შესვლის შემდეგ არავის არაფერს ავნებდა და ჯვარზე, სახარებაზე და წმიდა საიდუმლოებებზე დაიფიცა, მაგრამ, როცა კონსტანტინოპოლში შეაღწია, წარჩინებულ მოქალაქეთა და ხალხის ხოცვა-ჟლეტა დაიწყო, იმპერატორს კი თავი მოჰკვეთა. მღვდელმთავარი კალინიკე მისი ბრძანებით შეიპყრეს, თვალები დათხარეს, ენა მოჭრეს და რომში ქვითკირის კედელში ცოცხლად ჩააშენეს. ორმოცი დღის შემდეგ კედელი ჩამოირღვა და წმიდა მამა ჯერ ისევ ცოცხალი, მაგრამ უკვე სულთმობრძავი იპოვეს. ოთხი დღის შემდეგ იგი მიიცვალა (+705). რომის პაპს იოანე VI-ს (701-705) ძილში პეტრე და პავლე მოციქულები გამოეცხადნენ და უბრძანეს, პატრიარქი კალინიკე რომში, მოციქულთა ტაძარში დაეკრძალათ.

tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way