4 აგვისტოს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
წმიდა მენელსაცხებლე, მოციქულთასწორი მარიამ მაგდალინელი (I)
წმიდა მოციქულთასწორი მენელსაცხებლე მარიამ მაგდალინელი გენესარეთის ტბის პირას, კაპერნაუმსა და ტიბერიადას შორის მდებარე პატარა ქალაქ მაგდალაში დაიბადა და აღიზარდა. საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, იგი, მშვენიერი და მომხიბლავი, ყმაწვილქალობაში თავშეუკავებლად ცხოვრობდა. სახარება გვამცნობს, რომ მომავალ წმიდანში შვიდი ეშმაკი ბუდობდა (ლკ. 8.2; მკ. 16.9). მას შემდეგ, რაც იესო ქრისტემ სნეული მარიამი განკურნა, იგი ღვთაებრივი სიყვარულით აენთო და მაცხოვრის ერთგული მოწაფე და მიმდევარი შეიქნა. მარიამ მაგდალინელი თან ახლდა მაცხოვარს, როცა იგი მოციქულებთან ერთად იუდეისა და გალილეის ქალაქებსა და დაბებში მოგზაურობდა სახარების ქადაგებით. როგორც ჩანს, ლუკა მახარებელი მასაც გულისხმობს იმ დედებში, რომლებიც თან გაჰყვნენ გოლგოთაზე მაცხოვარს, „ეტყებდეს და სტიროდეს მას“ (ლკ. 23; 27). მარიამ მაგდალინელი ღვთისმშობელთან და მოციქულ იოანესთან ერთად მოძღვრის გვერდით იდგა მაშინაც, როცა მას - ჯვარცმულსა და დამცირებულს - ყველა მოწაფე შემოეფანტა. მახარებლები ჯვართან მდგომარეთა შორის ასახელებენ აგრეთვე მარიამს - მოციქულ იაკობ მცირის დედას, სალომეას და სხვა ქალებს, რომლებიც გალილეაში დაემოწაფნენ ქრისტეს, მაგრამ ყველანი პირველად მარიამ მაგდალინელს იხსენიებენ (მთ. 27;55-56; მკ. 15;40-41; ლკ. 23; 49; ინ. 19; 25). ეს ნათლად მეტყველებს იმაზე, თუ როგორ გამოირჩეოდა იგი მაცხოვრის თანმხლებ დედებს შორის. სიყვარულითა და მადლიერებით აღვსილი მარიამი სხვა დედებთან ერთად, სურნელოვანი ნელსაცხებლებით ხელში გაეშურა მოძღვრის წმიდა ცხედრისთვის უკანასკნელი პატივის მისაგებად. მარიამმა აქაც გაუსწრო ყველას. ჯერ კიდევ „ვიდრე ბნელღა იყო“, მიეახლა აკლდამას და ჰპოვა „ლოდი იგი გარდაგორვებული საფლავისა მისგან“; გაოცებულმა და შეშინებულმა, სირბილით მიმართა იესოს ორ უახლოეს მოწაფეს - სიმონ-პეტრესა და იოანეს და მაცხოვრის ცხედრის გაუჩინარება ამცნო. მოციქულებმა ისწრაფეს საფლავისკენ, იხილეს „ტილონი იგი მდებარენი და სუდარი იგი... თჳსაგან შეკეცილი ერთსა ადგილსა“, შეძრწუნდნენ და განერიდნენ იქაურობას, მარიამი კი „დგა გარეშე საფლავსა მას თანა და ტიროდა“. აცრემლებულმა კიდევ ერთხელ შეიხედა გამოქვაბულში - სურდა დარწმუნებულიყო, რომ ის ნამდვილად ცარიელი იყო და აი, მაშინ უფალმა სულიერი თვალები აუხილა ნეტარს - მან „იხილა ორნი ანგელოზნი, სპეტაკითა მოსილნი, მსხდომარენი ერთი თავით და ერთი ფერჴით, სადა-იგი იდვა გუამი უფლისა იესუჲსი“. მათ კითხვაზე: „დედაკაცო, რასა სტირ?“ მარიამმა იმავე სიტყვებით უპასუხა, რომლითაც სულ ცოტა ხნის წინ პეტრეს და იოანეს მიმართა: „აღიღეს უფალი ჩემი საფლავით, და არა უწყი, სადა დადვეს იგი“. შემდეგ შებრუნდა და, „იხილა იესუ მდგომარე“, მაგრამ ვერ იცნო - მებაღე ეგონა და თხოვნით მიმართა: „უფალო, უკუეთუ შენ აღიღე იგი, მითხარ მე, სადა დასდევ, და მე წარმოვიღო იგი“. მაცხოვარმა დამწუხრებულ ქალს დაუძახა: „მარიამ!“ იცნო მარიამმა მოძღვრის უტკბესი ხმა, აღტაცებით შესძახა: „რაბბუნი!“ (მოძღვარო!) „და მირბიოდა შემთხუევად მისა“; მაგრამ ქრისტემ უთხრა: „ნუ შემომეხები მე, რამეთუ არღა აღსრულ ვარ მამისა ჩემისა; წარვედ ძმათა ჩემთა და არქუ მათ: აღვალ მამისა ჩემისა და მამისა თქუენისა, ღმრთისა ჩემისა და ღმრთისა თქუენისა“.
სიხარულით გაოგნებული და აღფრთოვანებული მარიამი გონს მოეგო, კვლავ გაიქცა მოციქულებისკენ, „რომელნი იგლოვდეს და ტიროდეს“ და ახარა, „რამეთუ ცხოველ არს და ეჩუენა“ უფალი. ეს იყო აღდგომის პირველი ქადაგება ამქვეყნად: მოციქულებს მთელი სამყაროსთვის უნდა ეხარებინათ, მან კი თავად მოციქულებს ახარა...
წმიდა წერილი არაფერს მოგვითხრობს მარიამ მაგდალინელის ცხოვრებაზე ქრისტეს აღდგომის შემდეგ, მაგრამ უეჭველია, რომ ის, ვინც ჯვარცმის უმძიმეს ჟამს მაცხოვრის ჯვრის კვარცხლბეკთან იდგა, აღდგომიდან ამაღლებამდეც მის გვერდით იქნებოდა.
წმიდა გადმოცემა მოგვითხრობს, რომ, როცა სულიწმიდის მადლით აღვსილმა მოციქულებმა დატოვეს იერუსალიმი და ქვეყნის სხვადასხვა კიდეს მიაშურეს საქადაგებლად, მარიამ მაგდალინელი რომში ჩავიდა. მან მთელი იტალია მოიარა სახარების ქადაგებით, ტიბერიუს კეისრის (14-37) კარზეც შეაღწია და ძღვნად წითელი კვერცხი მიართვა. სწორედ მარიამ მაგდალინელისგან მომდინარეობს აღდგომის დღესასწაულზე წითლად შეღებილი კვერცხების მირთმევის ტრადიცია. წმიდა მენელსაცხებლე დედა განაგრძობდა თავის მოციქულებრივ ღვაწლს იტალიასა და ქალაქ რომში. უნდა ვივარაუდოთ, რომ სწორედ მას გულისხმობს პავლე მოციქული რომაელთა მიმართ ეპისტოლეში, როცა წერს: „კითხვაჲ არქუთ მარიამს, რომელ-იგი ფრიად დაშურა ჩუენდა მომართ“ (16;6).
წმიდა მარიამმა ეფესოში შეჰვედრა სული უფალს და იქვე მიაბარეს მიწას. მისი უხრწნელი ნაწილები IX საუკუნეში გადაასვენეს ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქ კონსტანტინოპოლში და წმიდა ლაზარეს სახელობის მონასტრის საყდარში დააბრძანეს. ჯვაროსნული ლაშქრობების დროს ეს სიწმიდე იტალიაში გადაიტანეს და რომში, იოანე ლატერანის ტაძრის საკურთხევლის ქვეშ დაკრძალეს. ნაწილი ნეტარი დედის წმიდა ნაწილებისა საფრანგეთში, მარსელის მახლობლად, მისი სახელობის ტაძარშია დასვენებული.
აღმოყვანება ნაწილთა მღვდელმოწამისა ფოკასი (403-404)
მღვდელმოწამე ფოკა შავიზღვისპირა ქალაქ სინოპში დაიბადა. იგი ჯერ მენავე იყო, შემდეგ კი - ქალაქ სინოპის ეპისკოპოსი. იმპერატორ ტრაიანეს (98-117) დროს ქალაქის თავმა შეიპყრო წმიდა მღვდელმთავარი და სარწმუნოების უარყოფა მოსთხოვა. ქრისტეს მხნე აღმსარებელი მრავალგვარი წამების შემდეგ გახურებულ აბანოში შეაგდეს, სადაც ტანჯვით აღმოხდა სული (+117).
403-404 წლებში მღვდელმოწამის წმიდა ნაწილები სინოპიდან კონსტანტინოპოლში გადაასვენეს. ამ მოვლენას ზეიმობს ეკლესია 22 ივლისს (წმიდანის ხსენება აღინიშნება 22 სექტემბერსაც).
თბილისის მერია გადასასვლელ ხიდთან, ცოტნე დადიანისა და სადგურის მოედნის დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობას გეგმავს. ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი 2026 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია და მასზე მომდევნო წელს 10 მილიონი ლარი დაიხარჯება, 2027 წელს კი დამატებით 87.5 მილიონი ლარი. მთლიანობაში 280-მეტრიანი ესტაკადის პროექტირება-მშენებლობის წინასწარი სავარაუდო ღირებულება 100 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტზე საგზაო მარშრუტის კვლევაზე 2025 წელს უკვე 2.5 მილიონი ლარი დაიხარჯა.
2026 წლის ბიუჯეტის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ სარკინიგზო მაგისტრალი ქალაქის ცენტრალურ მონაკვეთს ყოფს იმგვარად, რომ მოედნის პარალელურად არსებულ ქუჩებს შორის დაკავშირებადობა მინიმალურია და აუცილებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ახალი ინფრასტრუქტურის შექმნით ქალაქის უბნების დაკავშირებადობა გაუმჯობესდეს.
"ქალაქ თბილისის ცენტრში არსებული რკინიგზის კორიდორი და თანმდევი ინფრასტრუქტურა ქმნის 4-კილომეტრიან მონაკვეთს აღმოსავლეთ-დასავლეთ სატრანსპორტო კავშირის გარეშე, გარდა შეზღუდული რაოდენობის საფეხმავლო კავშირებისა. ეს ისტორიული დაბრკოლება ხელს უშლის თბილისის სატრანსპორტო გეგმის პრიორიტეტებისკენ მისწრაფებას. სადგურის მოედანი მდებარეობს აღნიშნულ ამ 4-კილომეტრიან მონაკვეთში. ის წარმოადგენს დედაქალაქის უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო „ჰაბს“, სადაც თავს იყრის 61 ავტობუსის მარშრუტი, მეტროს 2 ხაზი, ისევე როგორც საქართველოს რკინიგზის სერვისები. ტერიტორია ემსახურება საათში 330 ავტობუსის სერვისს, საიდანაც მომავალში 150 გამოიყენებს ხიდს. თბილისის სატრანსპორტო გეგმის თანახმად, სადგურის მოედანი ასევე იქნება თბილისის საგარეუბნო რკინიგზის სერვისების თავმოყრის წერტილი, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს გახდის მისი, როგორც სატრანსპორტო ჰაბის ფუნქციას. ამჟამინდელი მდგომარეობით, აღმოსავლეთ-დასავლეთ კავშირის არარსებობა აფერხებს მაღალი ხარისხის ჰაბის განვითარებას, ხშირად 22 ავტობუსის მარშრუტის შეწყვეტა ხდება ვადაზე ადრე ან ახორციელებენ 1.5 კილომეტრიანი შემოვლითი მგზავრობას, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის გადაადგილების დროს, ჰაერის დაბინძურებასა და ვიბრაციას, ისევე როგორც ამცირებს მარშრუტების ხარჯეფექტიანობას. თბილისის სატრანსპორტო გეგმით გათვალისწინებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის შეკავშირებულობის ალტერნატივების ანალიზის კვლევამ, რომელიც მსოფლიო ბანკის დახმარებით ჩატარდა, მულტიკრიტერიუმიანი ანალიზის საშუალებით, გამოავლინა თბილისის ცენტრში არსებული რკინიგზის ხაზის ორ მხარეს (აღმოსავლეთ და დასავლეთ) შორის ახალი კავშირის შექმნის საუკეთესო ალტერნატივა - საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტის მქონე საავტომობილო ხიდი, დადიანის ქუჩასა და სადგურის მოედანს შორის. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ფლობს თბილისის სატრანსპორტო გეგმით გათვალისწინებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის შეკავშირებულობის ალტერნატივების ანალიზის კვლევის საფუძველზე შექმნილ ანგარიშს, კონცეფციას. პროექტის მიზანი არის, ამ კონცეფციით განსაზღვრული, საავტომობილო ხიდის მშენებლობა.
აღნიშნული ობიექტი წარმოადგენს საავტომობილო ხიდს ქალაქ თბილისში, რომელიც დააკავშირებს სადგურის მოედანს დადიანის ქუჩასთან და იქნება 280 მეტრი სიგრძის, 8.5 მეტრი სიგანის სწორ მონაკვეთში, ხოლო 15 მეტრი სიგანის მოხვევის მონაკვეთში (ე.წ. სპირალი, რომელიც ეშვება სადგურის მოედანზე). ხიდი იქნება ორზოლიანი და დასავლეთით, სადგურის მოედანზე დაშვებისას, რამპას ექნება მარჯვნივ ჩამხვევი ზოლი. რკინიგზის დერეფნის კვეთისას აუცილებელია 7 მეტრიანი სხვაობა რკინიგზის ლიანდაგსა და ხიდის სტრუქტურას შორის. საავტომობილო ხიდი ითვალისწინებს 18 მეტრიანი ავტობუსების მართვის ტრაექტორიებს, მისი მაქსიმალური გრძივი ქანობი - 10.7%, ხოლო მინიმალური რადიუსი - 12 მეტრი. საავტომობილო ხიდის გამტარობა შერეული ნაკადების პირობაში იქნება 800 ავტომობილი ერთ საათში ერთი მიმართულებით", - ნათქვამია 2026 წლის ბიუჯეტის განმარტებით ბარათში.
წყარო: https://bm.ge