USD 2.7433
EUR 2.8862
RUB 2.7214
თბილისი
რომელი წმინდათა ხსენების დღეა 31 აგვისტოს?!
თარიღი:  136

31 აგვისტოს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

ღირსი მამა ქრისტოდულე ფილოსოფოსი (XII)

ღირსი მამა ქრისტოდულე ფილოსოფოსი XII საუკუნის იმ წმიდა მამათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა ცხოვრებამ და მოღვაწეობამ წარუშლელი კვალი დატოვა ეკლესიისა და ერის ისტორიაში.

ცნობილი საეკლესიო მწერლისა და ფილოსოფოსის, არსენ ვაჩეს ძის „დოგმატიკონში“ გვხვდება ერთი ანტიმაჰმადიანური საპოლემიკო თხზულება, რომელსაც ასეთი სათაური აქვს: „ჴსენებაჲ სიტყვისგებისაჲ და სასჯელისაჲ სჯულისათჳს ქრისტიანეთაჲსა და სარკინოზთა“. აქ მოთხრობილ ამბავს ავსებს იოანე ბატონიშვილის „კალმასობა“, რომელშიც გვაქვს ცნობები „მამისა ქრისტოდულე ოსად წოდებულისათჳს“.

ამ ცნობების მიხედვით, მამა ქრისტოდულე იყო მონაზონი, წარჩინებულთაგან და კეთილშობილთა ძირთაგან აღმოსრული. ქრიტოდულე ფილოსოფოსი ყოფილა, წმიდა წერილში ღრმად ჩახედული, არაბულ და სპარსულ ენებში განსწავლული და ყურანის მცოდნე.

როცა საქართველოში სპარსთა ხელმწიფე იამამე შემოიჭრა, თბილისში იგი უომრად შემოუშვეს, რისთვისაც უსჯულო მეფე მათ კეთილად მოექცა და „მრავალთა მიანიჭა საბოძვარნი“.

ერთხელ იამამემ შეკრიბა ქართველნი და სარკინოზნი. მათ შორის იყო ქართველი ბერი ქრისტოდულეც. მასა და სარკინოზებს შორის ამ კრებაზე პაექრობა გაიმართა. ბერს შეეკამათა ჯერ თვით იამამე ხელმწიფე, რომელიც ძლეულ იქნა, შემდეგ მას შეენაცვლა ვინმე მოგვი, ვარსკვლავთმრიცხველი. ისიც რომ ვერას გახდა, მოუწოდეს „კაცსა ვისმე მოძღუარსა და სიტყჳს მეცნიერად საგონებელსა“, რომელიც თითქოს უფრო მომზადებული იყო საპაექროდ. კამათი წარმოებდა შემდეგი საკითხების ირგვლივ: აზრი და მნიშვნელობა ქრისტიანთა ბერმონაზვნობისა; იესო ქრისტეს ღვთაება და განხორციელება; არის თუ არა მუჰამედი ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი. ბერს თავისი არგუმენტები მოჰყავდა როგორც საღვთო წერილიდან, ისე ყურანიდან. მან სძლია მეტოქეებს, რომელნიც „შეკდიმებულ და სირცხვილეულ“ დარჩნენ.

მიტროპოლიტი ტიმოთე (გაბაშვილი) თავის „მიმოსვლაში“ აღწერს ათონის მთაზე მოგზაურობას, მოიხსენიებს იქ მოღვაწე მამებს და წერს: „...და იყო მუნ დაყუდებული ქართველი ანთიმოს ჯავახი, შორად მყოფი სენაკებსა, ესე არა გამოვიდოდის სენაკით ფრიადისა შიშვლოებისა და უპოვარებისა მისისათვის. და იყო სხუა ქართველი, გერმანე ატოცელი სამარლანაშვილი და კვალად ფცელი გერასიმე და იმერელი, საქარელი ხრისტოდულო და კვალად პატიოსანი და დაყუდებული კახი, საალავერდელო გრიგოლი, ფრიად პატიოსანი მონაზონებითა“.

სხვაგან ტიმოთე გაბაშვილი აღწერს პატმოსზე მოგზაურობას და ამბობს: „და იყო მთლივ გვამი წმიდისა ხრისტოდულოსი მუნ“.

სავარაუდოა, რომ საქართველოში მოღვაწე ბერი შემდგომ ათონს გაემგზავრა, ქართველთა მონასტერში და აღესრულა კუნძულ პატმოსზე.

ღირსი იოანე ზედაზნელი და მისი თორმეტი მოწაფე:
აბიბოს ნეკრესელი, ანტონ მარტყოფელი, დავით გარეჯელი, ზენონ იყალთოელი, თადეოზ სტეფანწმიდელი, ისე წილკნელი, იოსებ ალავერდელი, ისიდორე სამთავნელი, მიქაელ ულუმბოელი, პიროს ბრეთელი, სტეფანე ხირსელი და შიო მღვიმელი (VI)

ღირსი იოანე ზედაზნელი და მისი თორმეტი მოწაფე: აბიბოს ნეკრესელი, ანტონ მარტყოფელი, დავით გარეჯელი, ზენონ იყალთოელი, თადეოზ სტეფანწმიდელი, ისე წილკნელი, იოსებ ალავერდელი, ისიდორე სამთავნელი, მიქაელ ულუმბოელი, პიროს ბრეთელი, სტეფანე ხირსელი და შიო მღვიმელი იყვნენ ასურელი მოღვაწეები, რომლებმაც საქართველოში სამონასტრო ცხოვრება ააღორძინეს და დაამკვიდრეს.

ღირსმა იოანე ზედაზნელმა სასულიერო განათლება ანტიოქიაში მიიღო. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდამ დატოვა მაცდური წუთისოფელი, მონაზვნად აღიკვეცა და უდაბნოში წავიდა სამოღვაწეოდ. მისი სიმდაბლე, მარხვა და მღვიძარება, ცრემლი და ვედრება სათნოეყო უფალს და ერთგულ მსახურს მიჰმადლა სენთა კურნებისა და ეშმაკთა განსხმის ნიჭი. ღირსმა იოანემ სახელი გაითქვა წმიდა ცხოვრებითა და სასწაულებით. მის სანახავად უამრავი ხალხი მიდიოდა, ამიტომ წმიდა მამამ საჭიროდ ჩათვალა მოშორებოდა იქაურობას, წაიყვანა ზოგიერთი მოწაფე, აირჩია ერთი მივარდნილი ადგილი, ააშენა სენაკები და დაიწყო მოღვაწეობა.

ერთხელ ღირს იოანეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, მოწაფეთა შორის თორმეტი ბერი აერჩია და მათთან ერთად საქართველოში წასულიყო, რათა ქრისტეს სჯული განემტკიცებინა. წმიდა იოანემ ღვთისმშობლის ბრძანება თავის მოწაფეებს გამოუცხადა. ხანგრძლივი მარხვისა და ლოცვის შემდეგ ღვთის მინიშნებით მოწაფეთაგან თორმეტი გამოარჩია: შიო, დავითი, ანტონი, ისე, იოსები, თადეოზი, სტეფანე, ისიდორე, მიქაელი, პიროსი, ზენონი და აბიბოსი. უდაბნოში დარჩენილებს თავის ნაცვლად მოძღვრად ბერი ექვთიმე დაუტოვა, თვითონ კი ძმებთან ერთად საქართველოში წამოვიდა.

საქართველოს მეფეს და კათოლიკოსს ანგელოზისგან ეუწყათ შუამდინარეთს აღმობრწყინებულ წმიდა მამათა საქართველოში მობრძანების შესახებ. მცხეთას მოახლოებულ მამებს წინ მიეგებნენ მეფე ფარსმანი და კათოლიკოსი ევლავიოსი კრებულითურთ.

ევლავიოს კათოლიკოსის კურთხევით წმიდა იოანე მოწაფეებთან ერთად ზედაზნის მთაზე დასახლდა, სადაც ადრე ზადენის კერპი იდგა. მოღვაწეები უბადრუკ სენაკებში ცხოვრობდნენ და მხოლოდ მცენარეულით იკვებებოდნენ.

ხალხმა გაიგო წმიდა იოანეს სასწაულები. ბევრს აღეძრა მონაზვნური ცხოვრების წრფელი სურვილი, ბევრმა დატოვა სოფლის ამაო, შფოთიანი ცხოვრება და ზედაზენს დაემკვიდრა სამოღვაწეოდ. ამგვარად, ზედაზნის მთა განდეგილთა სამყოფელი გახდა.

ერთ ღამეს წმიდა იოანეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, თავისი მოწაფეები სხვადასხვა მხარეს გაეგზავნა საქადაგებლად. მეორე დღეს მან შეკრიბა ისინი, უამბო, რაც იხილა და უთხრა: „სარგებლისათვის ამის ქუეყანისა წარმოგუავლინნა უფალმან ღმერთმან ჩუენმან იესუ ქრიტემან, რამეთუ ახალ ნერგ არიან კაცნი ესე ამის სოფლისანი, ამისათჳსცა ჯერ არს, რაჲთა წარხჳდეთ კაცად-კაცადი და განამტკიცებდეთ ძმათა, რომელთა აღუარებიეს ქრისტე, უფალი ჩუენი“.

მოწაფეების გასტუმრების შემდეგ წმიდა იოანე ზედაზენზე დარჩა, დატოვა თავისთან ილია დიაკონი (ხს. 4 იანვარს) და ჩვეულ მოღვაწეობას შეუდგა. მოძღვარმა და მოწაფემ მრავალი წინააღმდეგობა და განსაცდელი დაითმინეს. ზედაზენი უწყლო ადგილი იყო. ილია დიაკონი ყოველდღე შორი მანძილიდან ეზიდებოდა წყალს. მოწაფის ფიცხელი შრომის შემხედვარე წმიდა იოანემ უფალს წყაროს აღმოცენება სთხოვა. სახიერმა უფალმა ისმინა ვედრება წმიდისა ბერისა და მთის მწვერვალზე მაკურნებელი წყარო აღმოცენდა.

წმიდა იოანეს ლოცვით აღმოცენებულ წყაროს დათვი შეეჩვია. წმიდა იოანეს ლოცვით მხეცი მოთვინიერდა. ამის შემდეგ ზედაზნის ტყის ბინადარი ნადირები კაცთაგან არავის აწყენდნენ. ღირსი იოანეს ლოცვით, დიდი ხნის დავარდნილი სნეული და დამუნჯებული ადამიანი განიკურნა. წმიდა იოანე თავისთან იბარებდა მოწაფეებს, ხანაც თვითონ მიაკითხავდა ხოლმე და ამოწმებდა, თუ სულიერების რა საზომს იყვნენ მიღწეულნი.

ხანგრძლივი მოღვაწეობის შემდეგ წმიდა იოანეს უფლისაგან გამოეცხადა აღსასრულის მოახლოება. ღირსმა მამამ იხმო თავისი მოწაფეები, დაარიგა, აკურთხა და ანდერძად დაიბარა, დაესაფლავებინათ იმ მღვიმეში, სადაც მოღვაწეობდა.

მოძღვრის განშორებით დამწუხრებულმა მოწაფეებმა ზედაზნის ძირას მდებარე მონასტერში წაასვენეს მოძღვარი. მოულოდნელად მიწა იძრა და არ დაწყნარებულა მანამ, სანამ არ გაიხსენეს წმიდა მამის ანდერძი და არ გულისხმაჰყვეს, რომ ეს მიწისძვრა ზეციური ნიშანი იყო. წმიდა იოანეს მოწაფენი მღვდლებისა და დიაკვნების თანხლებით მოძღვრის საფლავთან მივიდნენ, პატივით აღმოიყვანეს წმიდა ნაწილები და ანდერძისამებრ დაასაფლავეს. წმიდა ნაწილთა აღმოყვანების ჟამს მრავალი სნეული და ეშმაკეული განიკურნა.

X საუკუნეში, კათოლიკოს კლიმენტის (908-923) დროს, მღვიმის სამხრეთით წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია აშენდა. წმიდა იოანე ზედაზნელის საფლავი არის ტაძრის სამკვეთლოსთან.

წმიდა მღვდელმოწამე აბიბოსი მეფე ფარსმან VI-ის და ევლავიოს კათოლიკოსის თხოვნით ნეკრესის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. იმ დროს აღმოსავლეთ საქართველოში სპარსელი მოგვები თავისუფლად ავრცელებდნენ თავიანთ ცრუსწავლებას და მძლევრობით მრავალს გარდადრეკდნენ ჭეშმარიტებისაგან. ერთხელ ცეცლხთაყვანისმცემელთა მზაკვრობის სამხილებლად წმიდა მღვდელმთავარმა აბიბოსმა წყალი დაასხა სამსხვერპლოზე დანთებულ ცეცხლს და ჩააქრო. განრისხებულმა სპარსელებმა წმიდა აბიბოსი შეიპყრეს და სასტიკად გვემეს, შემდეგ კი ქვებით ჩაქოლეს. მარზპანის ბრძანებით წმიდანის გვამი ღია ცის ქვეშ დააგდეს მხეცთა საჯიჯგნად, მაგრამ წმიდა მოწამის გვამს არ შეხებია არც მხეცი და არც ფრინველი.

ღამით რეხში მცხოვრების ქრისტიანები მივიდნენ და დიდი პატივით დაასაფლავეს წმიდა მღვდელმთავრის ცხედარი სამთვისის მონასტერში. მოგვიანებით ქართლის ერისმთავარმა სტეფანოზმა წმიდა აბიბოსის უხრწნელი ნაწილები სამთავისიდან მცხეთის სამთავროს მონასტერში გადაასვენა და წმიდა ტრაპეზის ქვეშ დაფლა.

წმიდა ანტონ მარტყოფელი მუდამ თან ატარებდა მაცხოვრის ხელთუქმნელ ხატს, რომელიც ედესიდან ჩამოასვენა. განმარტოების მოყვარულმა წმიდა მამამ მადლმოსილი ლოცვითა და სასწაულებით მრავალი ქრისტიანი მიიზიდა. წმიდა ანტონმა თანამოსაგრეებისთვის მონასტერი ააშენა, ხოლო თვითონ ჯერ ალაზნის გაღმა წავიდა, შემდგომ კი აკრიანის მთას შეაფარა თავი. მარტომყოფელ ბერს, რომელიც ბალახებითა და ხის ქერქით იკვებებოდა, უფალმა საზრდოს მისაცემად ირმები გაუგზავნა. წმიდა ანტონმა მთის მწვერვალზე ააშენა სვეტი, დაეყუდა და იქ მოღვაწეობდა თვრამეტი წელი. ღირს მამას უფლისაგან წინასწარ ეუწყა ხორცთაგან განსვლის დღე. გარდაცვალების დროს მამა ანტონი მაცხოვრის ხატის წინ იყო დაჩოქილი და ლოცულობდა. ღირსი ანტონის გვამი მოწაფეებმა სვეტიდან ჩამოასვენეს და მის მიერ დაარსებულ მონასტერში დაკრძალეს, ღვთისმშობლის ხატის წინ.

წმიდა დავით გარეჯელი საქართველოს ახალ დედაქალაქში, თბილისში დაემკვიდრა სამოღვაწეოდ. ქალაქის განაპირას აღმართულ მთაზე დაყუდებულმა ბერმა თავისი საკვირველი ქადაგებითა და წმიდა ცხოვრებით მრავალი ადამიანი მიიზიდა და ბევრი ცეცხლთაყვანისმცემელი მოაქცია. განრისხებულმა მოგვებმა ფეხმძიმე როსკიპი დედაკაცი მოისყიდეს და მამა დავითს მასთან მრუშობა დასწამეს. წმიდანმა კვერთხი შეახო დედაკაცის მუცელს და წარმოთქვა: „შენ, ჩვილო, გიბრძანებ სახელითა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესითა, რათა გვაუწყო ჩვენ, ვარ თუ არა მე მამა შენი“. ჩვილმა დედის მუცლიდან უპასუხა წმიდანს და სხვაზე მიანიშნა. განრისხებულმა ხალხმა დედაკაცი ქვებით ჩაქოლა. შეძრწუნებულმა დავითმა, რომელმაც გამძვინვარებული ბრბო ვერ შეაჩერა, მდინარე მტკვარზე გაფინა მოსასხამი, თავის მოწაფესთან, წმიდა ლუკიანესთან ერთად ზედ შედგა და, მიუხედავად თბილისელების მხურვალე ვედრებისა, ქალაქი დატოვა.

მამა დავითი და ლუკიანე გარეჯის უდაბნოში დასახლდნენ. მოსაგრეებს უფალმა სასწაულებრივ საზრდელი გაუჩინა. მათთან ყოველდღე, გარდა ოთხშაბათისა და პარასკევისა, ირმები მიდიოდნენ, ლუკიანე წველიდა, მამა დავითი რძეს ჯვარს გადასახავდა და იგი ყველად იქცეოდა. გარეჯელ მამათა სასწაულები მთელმა ქვეყანამ გაიგო და მალე იქ „დაემკვიდრნეს სიმრავლენი მამაკაცთანი, უდაბნოებითსა ცხოვრებასა შემატკბობელნი“.

ნინოწმიდიდან ღირს დავითთან მივიდა სათნოებით შემკული ბერი დოდო (ხს. ამაღლების შემდგომ ოთხშაბათს), რომელმაც მოძღვრის ბრძანებით კლდის რქაზე ააშენა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი.

რამდენიმე ხნის შემდეგ ღირსი დავითი იერუსალიმის მოსალოცად წავიდა. ბერმა თავისი უღირსების გამო წმიდა ქალაქში შესვლა არ ინება, კარიბჭესთან დიდხანს და მხურვალედ ილოცა, შემდეგ იმ ადგილიდან აიღო სამი ქვა და სიწმიდეებად წამოიღო საქართველოში. იმ ღამეს იერუსალიმის პატრიარქს, ელიას, უფლის ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა, რომ საქართველოდან მოსულ მამა დავითს თავისი სარწმუნოებით იერუსალიმის მთელი მადლი მიჰქონდა. პატრიარქის გაგზავნილმა კაცებმა ორი ქვა გამოართვეს მამა დავითს, მესამე კი წმიდა ბერმა საქართველოში ჩამოიტანა.

ხანგრძლივი და ღვთივსათნო ცხოვრების შემდეგ აღსრულებული მამა დავითი იქვე, გარეჯის სავანეში დაკრძალეს.

წმიდა ისე წილკნელი მამა იოანეს რჩევით ევლავიოს კათოლიკოსმა წილკნის ეპისკოპოსად აკურთხა. ღირსმა მამამ „ფრიადი ურწმუნონი სწავლითა მოაქცივნა, მოძღურება და ქადაგება განფინა სამწყსოსა თვისსა“. ერთხელ ღირსმა იოანემ გადაწყვიტა, სათნოებაში და სულიერებაში გამოეცადა თავისი მოწაფეები. წმიდა ისე მდინარე ქსნის ნაპირას ჩავიდა, ჯვარი გადასახა მდინარეს,  შემდეგ კვერთხი შეახო და თქვა: „სახელითა უფლისათა გიბრძანებ, ჩემ მიერ კსინვით ვიდოდე და შემომიდეგ, ვიდრეცა ვიდოდე“. მდინარეს წყლის ნაკადი გამოეყო და ღირსი ისეს კვერთხს შეუდგა. ღირსმა მამამ წილკნის საყდრამდე მოიყვანა წყალი. ამ სასწაულმა მრავალი ხალხი მოაქცია ქრისტეს სჯულზე.

წმიდა ისემ უფლისაგან წინასწარ შეიტყო ხორცთაგან განსვლის დღე, ეზიარა წმიდა საიდუმლოს და ლოცვით შეჰვედრა სული უფალს. წმიდა მამა იქვე, წილკნის ღვთისმშობლის ტაძარში დაკრძალეს.

წმიდა იოსებ ალავერდელი განუშორებლად ატარებდა მაცხოვრის ცხოველმყოფელი ჯვრის ხისგან გაკეთებულ ჯვარს. წმიდა იოანე ზედაზნელის კურთხევით იგი კახეთის სხვადასხვა ადგილას ქადაგებდა, ბოლოს ალავერდის უდაბნო აირჩია და იქ დაიწყო მოღვაწეობა. ერთხელ სრულიად მარტო მყოფი ბერი შეხვდა მონადირე დიდებულს, რომელსაც ღვთის სიტყვა უქადაგა. მამა იოსების მადლიანი სწავლებით გახარებულმა დიდებულმა საფუძველი დაუდო ალავერდის მონასტერს. ხალხმა გაიგო მოღვაწე ბერის ამბავი და იწყო სიარული, რათა ეხილა საკვირველი მამა და მოესმინა მისი სწავლება. ბევრი იქვე დარჩა. დროთა განმავლობაში მეუდაბნოეთა რიცხვი გაიზარდა და დიდი კრებული შეადგინა.

დიდი ხნის მოღვაწეობითა და შრომით მოუძლურებულმა აბბა იოსებმა მოწაფეებს წინამძღვარი დაუდგინა და ღვთივ მიისვენა. იგი დაკრძალეს მის მიერ აშენებულ ალავერდის ტაძარში. აბბა იოსების საფლავზე მრავალი სასწაული აღესრულება.

წმიდა შიო მღვიმელი სარკინეთის კლდეთა შორის მდებარე მღვიმეში მოღვაწეობდა. უდაბურ ადგილას მოღვაწე ბერი თვით ყოველადწმიდა ღვთისმშობელმა აკურთხა. ეს ნახა სარკინეთის მთაზე სანადიროდ მყოფმა ციხედიდის მთავარმა ევაგრემ (ხს. 4 თებერვალს), მოინახულა საკვირველი ბერი და დაემოწაფა მას. მალე იქაურობა მეუდაბნოე მამებმა აავსო. წმიდა შიომ სარკინეთში სავანე დააარსა და ორი ათას ბერს მოუყარა თავი. წმიდა შიომ აღთქმა დადო, რომ დარჩენილ სიცოცხლეს მღვიმეში გაატარებდა. მღვიმე თავისსავე მონასტერში გათხარა და შიგ ჩავიდა. ღირსი შიო თხუთმეტი წელი მოღვაწეობდა მღვიმეში.

წმიდა ისიდორე სამთავნელი მოძღვრის კურთხევით დიდხანს ქადაგებდა ქართლში. შემდეგ რეხულას აღმოსავლეთით დააარსა მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის სახელობის სამთავისის მონასტერი, ღირსი მამა მოწაფეებმა მის მიერ დაარსებულ მონასტერში დაკრძალეს.

წმიდა თადეოზ სტეფანწმიდელი თავდაპირველად მცხეთაში მოღვაწეობდა. მან ზედაზნის ძირას ააშენა მონასტერი. წმიდანი ქადაგებდა ქართლში, სადაც მრავალი ეკლესია ააშენა, მათ შორის წმიდა პირველმოწამე სტეფანეს სახელობის ტაძარი ურბნისში. შემდეგ დაეყუდა წლევის მთის მღვიმეში (კასპთან). აღესრულა და დაკრძალულია იქვე.

წმიდა სტეფანე ხირსელი თანამოსაგრეებთან ერთად ქადაგებდა კახეთში. დაკრძალულია წმიდა სტეფანე პირველმოწამის სახელობის ტაძარში, სამკვეთლოსთან.

წმიდა ზენონ იყალთოელი ქადაგებდა კახეთის მთიანეთში, შემდეგ იყალთოში დააარსა მონასტერი და იქ მოღვაწეობდა სიკვდილამდე. დაკრძალულია მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის სახელობის ტაძარში.

წმიდა პიროს ბრეთელმა, „ღვთაებრივმან ხატმან სინანულისამან“, მდინარე ჯვარისწყლის მარცხენა სანაპიროზე, ბრეთში დააარსა სავანე. მისი წმიდა ნაწილები ამ მონასტერშია დაკარძალული.

წმიდა მიქაელ ულუმბოელი ქადაგებდა ზემო ქართლსა და ოსეთში. ულუმბოს ახლოს დააარსა დიდი სავანე. იქვე განისვენებს მისი სასწაულთმოქმედი წმიდა ნაწილები.

წმიდა ასურელ მამათა დაარსებულ ლავრებსა და სავანეებში იწვრთნებოდნენ ქართველთა შვილები გონებით და ზნეობით, ამ უდაბნოებიდან ეფინებოდა ქართველობას მადლი და კურთხევა. ეს სავანეები და მათი დამაარსებელი წმიდა მამები გახდნენ ქართველთა მფარველნი და მათი დამცველნი უსჯულოებისა და ბიწიერებისაგან.

წმიდა მოწამენი ფლოროსი და ლავროსი (II)

წმიდა მოწამენი ფლოროსი და ლავროსი ღვიძლი ძმები იყვნენ. ისინი II საუკუნეში ცხოვრობდნენ ჯერ ბიზანტიაში, შემდეგ კი - ილირიაში (დღევანდელი იუგოსლავია). ძმები ქვისმთლელობას მისდევდნენ. ეს ხელობა მათ ქრისტიანების, პროკლესა და მაქსიმესგან შეითვისეს, მათგანვე ისწავლეს ღვთივსათნო ცხოვრებაც. ილირიის მმართველმა ლიკაონმა ფლოროსი და ლავროსი მეზობელ ოლქში გაგზავნა წარმართული ტაძრის მშენებლობაზე. წმიდანები შრომაში აღებული საზღაურის უმეტეს ნაწილს გლახაკებს ურიგებდნენ, თავად კი მხოლოდ აუცილებლით კმაყოფილდებოდნენ, მკაცრად მარხულობდნენ და ლოცულობდნენ. ერთხელ მშენებლობაზე ადგილობრივი ქურუმის, მამერტის ვაჟი მოვიდა. მას გაუფრთხილებლობის გამო თვალში ქვის ნამსხვრევი მოხვდა და ძლიერ დაუზიანდა. ფლოროსმა და ლავროსმა განრისხებული მამა დაამშვიდეს და დააიმედეს, ჭაბუკი კი თავისთან წაიყვანეს და ქრისტიანული მოძღვრების ჭეშმარიტებებში დამოძღვრეს. როცა სნეულმა ირწმუნა ქრისტე, წმიდა ძმებმა ილოცეს და ყმაწვილს დაშავებული თვალი გაუმრთელდა. ამ სასწაულის მხილველმა ქურუმმაც მთელ სახლეულთან ერთად ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი, მათ სხვებმაც მიბაძეს... მორწმუნეთა რიცხვი ყოველდღე იზრდებოდა და როცა ტაძრის მშენებლობა დასრულდა, მასში უკვე სამასამდე ქრისტიანმა მოიყარა თავი. მაცხოვრის მსასოებლებმა შემუსრეს კერპები, საყდრის აღმოსავლეთ ნაწილში კი წმიდა ჯვარი აღმართეს. შემდეგ ისინი, ზეციური ნათლით გაბრწყინებულები, მთელი ღამე ლოცულობდნენ. როცა მომხდარის შესახებ შეიტყო, ოლქის მმართველმა სიკვდილი მიუსაჯა ქურუმყოფილ მამერტინს ძითა და სხვა სამასი ქრისტიანითურთ. ფლოროსი და ლავროსი თავად ლიკაონთან გაგზავნეს, მან კი ამომშრალ ჭაში ჩაყარა მარტვილები და შიგ ცოცხლად ჩამარხა. მრავალი წლის შემდეგ მოწამეთა ცხედრები უხრწნელად იქნა აღმოყვანებული. ისინი პატივით გადააბრძანეს კონსტანტინოპოლში.

წმიდა მოწამენი: ერმი, სერაპიონი და პოლიენი

წმიდა მოწამენი ერმი, სერაპიონი და პოლიენი რომაელები იყვნენ. ისინი II საუკუნეში ეწამნენ ქრისტესთვის. როცა დატუსაღებული წმიდანები სამსჯავროზე წარადგინეს, მათ ახოვნად აღიარეს ქრისტე და კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე უარი განაცხადეს. მაშინ მტარვალებმა ვიწრო და უვალ ადგილებში, ქვებზე და შვერილებზე ათრიეს უფლის რჩეულები, სანამ ტანჯვაში სული არ აღმოხდათ და ზეციურ დიდებას არ შეერთვნენ.

მღვდელმოწამენი: ემელიანე ეპისკოპოსი და მის თანა ილარიონი, დიონისე და ერმიპე (+დაახლ. 300)

მღვდელმოწამენი: ემელიანე ეპისკოპოსი და მასთან ერთად ილარიონი, დიონისე და ერმიპე დაიბადნენ და ცხოვრობდნენ სომხეთში. მშობლების სიკვდილის შემდეგ ძმებმა ემილიანემ, დიონისემ და ერმიპემ მოძღვართან - ილარიონთან ერთად დატოვეს სამშობლო და იტალიაში წავიდნენ. აქ წმიდა ემელიანე დაუცხრომლად ქადაგებდა სახარებას წარმართთა შორის. თავისი მკაცრი, კეთილმსახური ცხოვრებით მან ქრისტიანული თემის ღრმა პატივისცემა დაიმსახურა და ქალაქ ტრებიის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. ქიროტონია აღასრულა რომის პაპმა მარკელინემ. ტრებიაში გადასახლებული მღვდელმთავარი მრავალ უღმრთოს აყენებდა ცხონების გზაზე, რისთვისაც შეიპყრეს და იმპერატორ მაქსიმიანეს (284-305; 307-310) სამსჯავროზე წარადგინეს. ემელიანემ ხელისუფალს შესთავაზა, თვითონ დარწმუნებულიყო ქრისტესადმი აღვლენილი ლოცვის ძალაში. მოიყვანეს დავრდომილი, რომელიც დიდი ხნის წინ მიჯაჭვოდა სარეცელს. ქურუმები ბევრს ეცადნენ მის განკურნებას, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. მაშინ ემელიანემ ილოცა და იესო ქრისტეს სახელით წამოდგომა უბრძანა სნეულს. ისიც, სრულიად გამოჯანმრთელებული, წამოდგა და სიხარულით გაიქცა შინისაკენ. ეს სასწაული იმდენად დამაჯერებელი იყო, რომ იმპერატორმა ქრისტიანული სარწმუნოებისკენ იწყო გადადრეკა, მაგრამ მოგვებმა დაარწმუნეს, მღვდელმთავარი ჯადოსნობით მოქმედებსო.

მოწამე ბორბალზე დააკრეს, ადუღებულ კალაში ჩააგდეს, მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ იგი უვნებელი დარჩა. საკვირველი სახილველებით შეძრული ხალხი ყვიროდა: „დიდია ღმერთი ქრისტიანეთა! განთავისუფლდეს მისი მონა!“ ამ დღეს ათასმა კაცმა ირწმუნა ქრისტე და, მოწამის გვირგვინით შემკული, შეერთო სასუფეველს. გონდაკარგულმა მტარვალმა ბრძანა, ის მხეცებიც დაეხოცათ, რომლებმაც მღვდელმთავარს პირი არ დააკარეს, ემელიანე კი მადლობდა უფალს იმის გამო, რომ გარეული ნადირებიც ქრისტეს სადიდებლად იღუპებოდნენ. წმიდა ემელიანე ძმებთან და მოძღვართან ერთად საპყრობილეში ჩაყარეს. ილარიონს, დიონისეს და ერმიპეს წამების შემდეგ თავები მოჰკვეთეს. ემელიანე ქალაქგარეთ დასაჯეს სიკვდილით. როცა ჯალათმა ნეტარს ქედზე მახვილი დაჰკრა, იგი ცვილივით გაიღუნა და ვერანაირი ზიანი ვერ მიაყენა უფლის რჩეულს. მხედრები ფეხებში ჩაუვარდნენ წმიდა მამას, შენდობა სთხოვეს და ქრისტე აღიარეს ჭეშმარიტ ღმერთად. მღვდელმოწამე ემელიანემ მუხლმოყრილმა ილოცა მათთვის და უფალს შესთხოვა, მოწამეობრივი აღსასრულის ღირსი გაეხადა. წმიდანის ვედრება შესმენილ იქნა: მეორე ჯალათმა მას თავი მოჰკვეთა. ჭრილობიდან გადმომსკდარი რძის დანახვაზე მრავალმა წარმართმა ირწმუნა ქრისტე მაცხოვარი. ნეტარი მარტვილის პატიოსანი ცხედარი მათ კრძალვით მიაბარეს მიწას (+დაახლ. 300).

წმიდა იოანე (+674) და გიორგი (+683) - კონსტანტინოპოლელი პატრიარქები

წმიდა იოანე V კონსტანტინოპოლის პატრიარქი იყო 669 წლიდან 674 წლამდე, წმიდა გიორგი I კი - 678 წლიდან 683 წლამდე. ორივენი იმპერატორ კონსტანტინე პოღონატის (668-685) ზეობისას მოღვაწეობდნენ.

ღირსი მაკარი, პელიკიტის იღუმენი (+დაახლ. 830)

ღირსი მაკარი პელიკიტის სავანის წინამძღვარი იყო. ხატმბრძოლობის ერესის მძვინვარებისას მან დევნა და პყრობილება დაითმინა მართლმადიდებლური სარწმუნოების ერთგულებისათვის. გარდაიცვალა დაახლოებით 830 წელს. წმიდა ეკლესია მის ხსენებას 1 აპრილსაც დღესასწაულობს.

ღირსი იოანე რილელი (+946)

ღირსი იოანე რილელი - დიდი ბულგარელი მამა - 876 წელს დაიბადა სრედეცის (დღევანდელი - სოფია) ოლქის სოფელ სკრინოში. ადრე დაობლებული ყმაწვილი უცხო ხალხში მწყემსად დადგა. ერთხელ იგი სასტიკად სცემეს, რადგან ნახირს ძროხა და ხბო დააკლდა. ბიჭი დიდხანს ტიროდა და მხურვალედ შესთხოვდა უფალს შემწეობას. ღმერთმა შეისმინა მისი - აპოვნინა დაკარგული პირუტყვი, მაგრამ ამასთანავე მდინარე სტრუმეც ადიდდა. იოანემ ილოცა, თავისი პერანგი გაჰფინა წყალზე, ზედ ჯვარი გამოსახა, გაიარა მდინარეზე, როგორც ხმელზე და ხბოთი მეორე ნაპირზე გავიდა, სადაც ძროხა ადრევე გაეყვანა. საქონლის მდიდარი მეპატრონე ტყიდან ჩუმად უთვალთვალებდა წმიდანს. იგი შეაძრწუნა ამ სასწაულმა, უხვად დააჯილდოვა ყმაწვილი და გაათავისუფლა. იოანემ მოწყალებად გასცა მთელი ქონება და სოფელიც დატოვა. თავდაპირველად იგი მაღალ, შიშველ მთაზე მოსაგრეობდა და ველური მცენარეებით იკვებებოდა. მისი ქოხი ფიჩხისგან იყო შემზადებული. ერთხელ წმიდა მამას ავაზაკები დაესხნენ თავს და გააძევეს. ამის შემდეგ იოანემ ერთ ღრმა გამოქვაბულს შეაფარა თავი. მალე მას მოაშურა ძმისწულმა, წმიდა ლუკამაც. ეს ადგილი ისეთი უკაცრიელი იყო, რომ ლუკას გამოჩენა მოსაგრემ თავდაპირველად ეშმაკის საცდურად ჩათვალა, მაგრამ როცა დარწმუნდა, რომ ჭაბუკი გულწრფელად ესწრაფოდა ცხონებას, სიყვარულით მიიღო იგი. ბიძა-ძმისწულს დიდხანს არ დასცალდათ ერთად ყოფნა. იოანეს ძმამ გაიგო შვილის ადგილსამყოფელი და ძალით წაიყვანა სახლში. შინისაკენ მიმავალი ჭაბუკი გზაზე გველმა დაგესლა და გარდაიცვალა. სინანულში ჩავარდნილმა მამამისმა შენდობა ითხოვა წმიდა იოანესაგან. ღირსი მოსაგრე შემდგომში ხშირად დადიოდა მართალი ყმაწვილის საფლავთან - იქაურობა მის უსაყვარლეს ადგილად იქცა. თორმეტი წელი გაატარა წმიდანმა მღვიმეში, შემდეგ კი რილის უდაბნოში გადაინაცვლა და ხის ფუღუროში დამკვიდრდა. წმიდა იოანე უდაბნოს მწირი ბალახებით იკვებებოდა, მაგრამ ღვთის განგებით, მალე მის ირგვლივ ცერცვის ყანა აღმოცენდა. ერთხელ მოულოდნელად დამფრთხალი ცხვრის ფარა აუყვა მთის ციცაბო ბილიკებს და იოანეს სამკვიდრებელთან გაჩერდა. ცხვრების კვალში ჩამდგარი მწყემსების გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა იხილეს სახენათელი ბერი, გულთბილად რომ ეპატიჟებოდა მათ: „მშივრები იქნებით - მიირთვით ჩემი ცერცვი“. ყველანი დანაყრდნენ, ერთმა მეცხვარემ კი ზედმეტი ნაყოფიც დაკრიფა, გადამალა და, როცა შინისაკენ გაუყვნენ გზას, ამხანაგებს შესთავაზა. მოპარულ პარკებში ერთი მარცვალიც არ აღმოჩნდა. სირცხვილეული მწყემსები უკან დაბრუნდნენ პატიების სათხოვნელად, იოანემაც შეუნდო სტუმრებს და ღიმილით უთხრა: „ხედავთ, შვილებო?! - ეს ნაყოფები ღმერთს მეუდაბნოის გამოსაკვებად მიუნიშნავს“. ამ დროიდან მოყოლებული, ღირს მამასთან მრავლად მოჰყავდათ სნეულები და ბოროტი სულით შეპყრობილები, რომელთაც იგი ლოცვით კურნავდა. კაცთამიერი დიდებისაგან თავი რომ მოეზღუდა, მოსაგრე მაღალ და მიუვალ კლდეზე დამკვიდრდა და შვიდი წელი იცხოვრა ღია ცის ქვეშ. როცა ხმამ დიდი მეუდაბნოის შესახებ ბულგარეთის მეფე პეტრემდე (927-969) მიაღწია, მან წმიდა ბერის ნახვა ისურვა; ღირსმა იოანემ კი მხოლოდ ეპისტოლე გაუგზავნა თვითმპყრობელს, ხოლო მასთან შეხვედრას თავი აარიდა. მოგვიანებით, ღვთის კურთხევით, მეუდაბნოეს დაეკისრა ზრუნვა იმ ძმების სულებზე, რომლებმაც ტაძარი და მონასტერი მოაწყვეს ღირსი იოანეს უწინდელ მღვიმეში. 946 წლის 18 აგვისტოს წმინდანმა სამოცდაათი წლის ასაკში მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. მიცვალებამდე ხუთი წლით ადრე მან საკუთარი ხელით დაწერა „ანდერძი მოწაფეთა მიმართ“ - ძველი ბულგარული მწერლობის ერთ-ერთი საუკეთესო ძეგლი.

ანალიტიკა
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.