21 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
წმიდა დიდებული, ყოვლადქებული მოციქული და მახარებელი იოანე ღვთისმეტყველი (98-117), გალილეველი მეთევზის ზებედეს შვილი, ძმა წმიდისა მოციქულისა იაკობისი, მოუთმენლად ელოდა მესიის გამოცხადებას. შესაძლებელია, რომ იოანე იყო მოწაფე იოანე ნათლისმცემლისა და მან დაუკავშირა შემდგომში იგი იესო ქრისტეს. მაცხოვარმა მოუწოდა იოანეს, ისიც იაკობთან და პეტრესთან ერთად იესო ქრისტეს ერთ-ერთი უერთგულესი მოწაფე გახდა. იესო ქრისტეს იგი განსაკუთრებით უყვარდა და თავდადებული მსახურებისა და სულიერი სიძლიერისათვის „ძე ქუხილისა“ უწოდა. მაცხოვართან დაახლოების შემდეგ იოანეს ზნეობრივი სამყარო უფრო მეტად ამაღლდა და სული იესო ქრისტეს თავდადებული, უზენაესი სიყვარულით აევსო. სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ იოანე პეტრესთან ერთად გულმოდგინედ ქადაგებდა სახარებას იერუსალიმში, თავის სახლში, რომელიც მდებარეობდა სიონის მაღლობზე, ზრუნავდა ყოვლადწმიდა მარიამზე - მაცხოვრის დედაზე, რომელიც მას მიანდო ჯვარზე გაკრულმა ქრისტემ და რომელიც მასთან ცხოვრობდა მიძინებამდე. პეტრესთან ერთად მოღვაწეობდა იგი სამარიაშიც, შემდეგ დაბრუნდა იერუსალიმში, იერუსალიმიდან გადავიდა მცირე აზიაში და მოციქულებრივი საქმიანობის ცენტრად აირჩია ქალაქი ეფესო. იოანე ცდილობდა ქრისტიანობის განმტკიცებას იმ ადგილებში, სადაც მას უკვე ფეხი ჰქონდა მოკიდებული, რათა მტკიცე ნიადაგზე დაფუძნებული ქრისტიანობა შემდეგ სხვაგანაც გავრცელებულიყო. დომიციანეს მეფობის დროს იოანე ხმელთაშუა ზღვის კუნძულ პატმოსზე გადაასახლეს, რომელიც მან გაანათლა. კუნძულზე დღემდე არსებობს მონასტერი, აგებული ქრისტეს მოძღვრებისათვის პყრობილის, წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელზე.
უფალმა პატმოსის კუნძულზე წმიდა მოციქულ იოანეს მოუვლინა მთელი რიგი საიდუმლო გამოცხადებანი, რომლებშიც წარმოდგენილი იყო კრავის ბრძოლა გველთან და პირველის გამარჯვება. უფალმა უბრძანა მას, დაეწერა წიგნი ამ ჩვენებებზე და გაეგზავნა ის ასიის შვიდი ეკლესიისათვის ქრისტიანთა სანუგეშოდ და სახელმძღვანელოდ. აპოკალიფსი - გამოცხადება, ეკლესიისა და სამყაროს მომავალსა და დასასრულს გვიცხადებს.
რომის ტახტზე იმპერატორ ტრაიანეს ასვლის შემდეგ პატმოსის პატიმარმა თავისუფლება მიიღო და დაბრუნდა ეფესოში, სადაც განაგრძო მოღვაწეობა ქრისტიანული მოძღვრების სიწმიდის დასაცავად.
მორწმუნეთა დაბეჯითებული თხოვნით მან ჩაწერა ყველაფერი, რასაც სიტყვიერად ქადაგებდა და, ამრიგად, სამი უკვე ცნობილი სახარება მეოთხე სახარებით შეავსო.
მოციქულის სწავლებით, სადაც არ არის სრული ერთგულება, იქ არაფერი არ არსებობს. წმიდა იოანე წერს, რომ მორწმუნემ უფალს მთლიანად უნდა უძღვნას თავი, მისი ერთგული უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, იგი ცოდვას განიხილავს არა როგორც სისუსტეს, ან ადამიანური ბუნების არასრულყოფილებას, არამედ როგორც ბოროტებას, სიკეთის საწინააღმდეგო ჩადენილ ქმედებას. წმიდა მოციქულის თვალსაზრისით, ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს (1 ინ. 2,22; 4,3), ამიტომ ღმერთს ემსახურებოდა სრული სიყვარულით და სიმტკიცით; რაც უფრო მეტად უყვარს ადამიანს ქრისტე, მით უფრო სძულს ანტიქრისტე; რაც უფრო მეტად მიელტვის ჭეშმარიტებას, მით უფრო მეტად განეშორება სიცრუეს, რამეთუ ნათელი განდევნის ბნელს (ინ. 8,12; 12,35-36).
მოციქულთაგან იოანემ ყველაზე მეტ ხანს იცოცხლა. იგი მშვიდად მიიცვალა ეფესოში 26 სექტემბერს, დაახლოებით 110 წელს. ძველი გადმოცემის მიხედვით, როდესაც იოანემ სიკვდილის მოახლოება იგრძნო, თვითონ გაათხრევინა საფლავი, ჩაწვა შიგ, ვითარცა სარეცელში და მშვიდად განუტევა სული. დასაფლავებულია ეფესოში.
ღირსი არსენი დიდი (+449-450) დაიბადა 354 წელს რომში, კეთილმსახური ქრისტიანის ოჯახში, ღრმა სარწმუნოებამ ყმაწვილში მეცნიერებათა შესწავლის შეწყვეტისა და ღვთის მსახურებისთვის თავის გადადების სურვილი აღძრა. მალე წმიდა არსენის დიაკვნად დაასხეს ხელი.
რომის იმპერიის აღმოსავლეთის მმართველმა იმპერატორმა თეოდოსიმ (379-395) მისი განათლებისა და ღვთისმოსაობის შესახებ შეიტყო და თავისი ვაჟების, არკადისა და ჰონორიუსის აღზრდა დაავალა. თავისი სურვილის წინააღმდეგ, არსენი იძულებული გახდა დამორჩილებოდა იმპერატორის სურვილს. მაშინ წმიდა მამა 29 წლისა იყო.
კონსტანტინეპოლში ჩასული წმიდა არსენი დიდი პატივით მიიღო იმპერატორმა თეოდოსიმ და სთხოვა, მეფისწულები ღვთისმოშიშებით აღეზარდა: „თუმცა ისინი უფლისწულები არიან, მაგრამ ყველაფერში უნდა დაგემორჩილონ, როგორც მამას და მასწავლებელს“.
ღირსი მამა გულმოდგინედ შეუდგა ყრმათა აღზრდას, მაგრამ დიდი პატივი, რომლითაც გარშემორტყმული იყო, უმძიმებდა ბერული ცხოვრებისა და მდუმარებისკენ მოწოდებულ სულს. წმიდა არსენი მხურვალედ ევედრებოდა უფალს, გამოეჩინა მისთვის ცხოვრების გზა. უფალმა ისმინა მისი და, ერთხელ, წმიდა მამას ზეციდან მოესმა ხმა: „არსენ, განუდეგ კაცთა და ცხოვნდები“. წმიდა არსენმა განიძარცვა მდიდრული სამოსელი, მალულად დატოვა სასახლე, ხომალდზე ავიდა და ალექსანდრიაში წავიდა, აქედან კი უდაბნოს მიაშურა. მონასტერში მისულმა წმიდა არსენმა წინამძღვარს საძმოში მიღება სთხოვა. წმიდანი მიიყვანეს ღირს იოანე კოლოვასთან (ხს. 9 ნოემბერს). ღირსმა იოანემ წმიდა არსენის მორჩილების გამოსაცდელად ტრაპეზთან კი არ დასვა მისული, არამედ პურის ნაჭერი გადაუგდო და უთხრა: „ჭამე, თუ გინდა“. ღირსი არსენი მორჩილებით დაემხო მუხლებზე, მადლიერებით მიიღო პური და კუთხეში დადგა. წმიდა იოანემ თქვა: „ის უდიდესი მოღვაწე იქნება“ და სიხარულით აღკვეცა ბერად.
ღირსმა არსენმა გულმოდგინედ დაიწყო მოღვაწეობა და მალე აღემატა უდაბნოს ბევრ მამას. ერთხელ, ლოცვისას კვლავ გაიგონა ზეციური ხმა: „არსენ, განუდეგ კაცთა, მდუმარება დაიმარხე, რადგან ესაა ძირი უცოდველობისა“. ღირსი არსენი განმარტოებულ კელიაში დასახლდა და მდუმარების ღვაწლს შეუდგა. იშვიათად გამოდიოდა გარეთ, მხოლოდ დღესასწაულზე და კვირაობით მიდიოდა ეკლესიაში. ერთი ბერის კითხვაზე, თუ რატომ განუდგა ხალხს, მოწამემ უპასუხა: „ღმერთი ხედავს, რომ ყველა მიყვარს, მაგრამ არ ძალმიძს ერთდროულად ღმერთთანაც ვიყო და ხალხთანაც“.
დიდი მოღვაწის სახელი შორს გავარდა. ბევრს უნდოდა მისი ნახვა, ამით კი ღირსი მამის მდუმარების აღთქმა ირღვეოდა, ამიტომ წმიდანი იძულებული იყო ხშირად გამოეცვალა საცხოვრისი, მაგრამ მისი ნახვის მსურველები მაინც ახერხებდნენ მის პოვნას.
ერთხელ ერთმა ბერმა ჰკითხა წმიდა არსენის, როგორ მოქცეულიყო, როდესაც ფსალმუნის კითხვისას სიტყვების მნიშვნელობა არ ესმოდა. წმიდა ბერმა უპასუხა, რომ საჭიროა ფსალმუნის კითხვის გაგრძელება, რადგან ბოროტი ძალები გარბიან ადამიანისაგან წმიდა წერილის სიტყვების გაგონებისას.
ბერებს ხშირად ესმოდათ წმიდა არსენის სიტყვები: „იშრომე, არსენი, ნუ ზარმაცობ, შენ აქ დასასვენებლად კი არ მოსულხარ, არამედ საღვაწოდ“. წმიდა ბერი ხშირად იტყოდა ხოლმე: „ბევრჯერ ჩავვარდნილვარ სინანულში წარმოთქმული სიტყვების გამო, დუმილის გამო კი არასოდეს!“
წმიდა მამამ ბერულ მოღვაწეობაში 55 წელი გაატარა, თანამედროვეთაგან „დიდის“ ზედწოდება დაიმსახურა და აღესრულა 95 წლისა, 449 ან 450 წელს.
ამერიკული გაზეთი „ჰილი“ (The Hill) აქვეყნებს სტატიას სათაურით „მკვდრეთით აღმსდგარი: დონალდ ტრამპი როგორც ამერიკული პოლიტიკის „ლაზარე“ (ავტორი - დერეკ ჰანტერი).
„სიტყვას „ისტორიული“ პოლიტიკაში ხშირად იყენებენ ხოლმე და მას ფეხბურთის ბურთივით ათამაშებენ, ზოგჯერ კი მიზანში ვერ ურტყამენ. დონალდ ტრამპთან მიმართებით კი ამ სიტყვის გამოყენება სამართლიანია. მისი მიღწევა მართლაც ისტორიულია. მან უდიდესი რევანში აიღო პოლიტიკაში.
დონალდ ტრამპი არამხოლოდ პოლიტიკური გვამი იყო, არამედ საერთოდ, „პერსონა ნონ-გრატა“ როგორც ვაშინგტონში, ასევე მშობლიურ ნიუ-იორკშიც. და როგორც ხდება ხოლმე პოლიტიკაში, მას საპყრობლეში გაგზავნითაც ემუქრებოდნენ... და ახლა იგი თეთრ სახლში ძლევამოსილად ბრუნდება - ისეთ თამაშში გამარჯვების შემდეგ, რომელიც მანამდე არავის უთამაშია.
აშშ-ის ისტორიაში დონალდ ტრამპამდე მისნაირად მხოლოდ 22-ე და 24-ე პრეზიდენტი გროვერ კლივლენდი იქნა არჩეული ორი ვადით („შუალედური შესვენებით“ 1885-1889 და 1893-1897 წლებში). მსგავსი შემთხვევა ჰქონდა რიჩარდ ნიქსონს, რომელმაც 1960 წელს საპრეზიდენტო არჩევნებიც წააგო, გუბერნატორის არჩევნებიც (1962 წელს) და განაცხადა - „მორჩა, მეგობრებო, რიჩარდ ნიქსონს ვეღარსად ვეღარ ნახავთ - იმიტომ, რომ ეს ჩემი ბოლო პრეს-კონფერენციაა“. ჩვენ მისი ნახვა მაინც მოგვიწია 1968 წელს, თეთრ სახლის ოვალურ კაბინეტში. თუ რითი დაასრულა მან თავისი პრეზიდენტობა, გვახსოვს („უოტერგეიტით“), მაგრამ ფაქტია, რომ მისი დაბრუნება იმ დროისათვის ძალზე შთამბეჭდავი იყო.
დონალდ ტრამპმა კი რიჩარდ ნიქსონსაც გადააჭარბა. იგი ფაქტიურად „დამარხული“ იყო საკუთარი რესპუბლიკური პარტიის წევრების მხრიდანაც კი, სხვები კი მოთმინებით ელოდნენ, რომ იგი უბრალოდ გუდა-ნაბადს აიკრავდა და პოლიტიკიდან წავიდოდა. მაგრამ ასე არ მოხდა.
ამერიკელებმა თავისი პოზიცია გამოხატეს: მათ ცვლილებები სურდათ და კიდეც განახორციელეს. დონალდ ტრამპი ვერაფერმა ვერ შეაჩერა - ვერც ბრალდებებმა, ვერც თავდასხმებმა... ყველა მემარცხენე გაზეთი და ტელევიზია აკრიტიკებდა, ემუქრებოდა, აშინებდა, მაგრამ ისინი ყველა „ქაღალდის ვეფხვები“ აღმოჩნდნენ, დონალდ ტრამპმა ყველა „დაიკიდა“. რას იზამენ ახლა ტელეარხების MSNBC-სა და CNN-ის ხელმძღვანელები და მაყურებლები? ვინ აღმოჩნდა მარგინალი - ისინი თუ დონალდ ტრამპი? აღიარებენ თუ არა იმას, რომ არასწორად იქცეოდნენ - როცა ყველას, ვინც დონალდ ტრამპის გვერდით იდგა, გიჟებად და სულელებად თვლიდნენ?
მოკლედ, დონალდ ტრამპი „კონსტანტის“ (მუდმივის) განსახიერებაა: იგი იყო, არის და იქნება.
წყარო: https://thehill.com/opinion/campaign/4975713-donald-trump-greatest-comeback-since-lazarus/