20 აგვისტოს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
ღირსმოწამე დომენტი სპარსი და ორნი მოწაფენი მისნი (+363)
ღირსმოწამე დომენტი სპარსი იყო და წინაპართა ცრუსარწმუნოებას ერთგულებდა მანამ, სანამ სიყმაწვილეში ქრისტიანმა უარმა სახარების სწავლების ნათლით არ გაუნათა გონება. ამის შემდეგ ნეტარმა არ ისურვა სამშობლოში დარჩენა, სასაზღვრო ქალაქ ნიზიბიას მიაშურა (მესოპოტამიაში), ნათელიღო და ერთ-ერთ მონასტერში ბერად შედგა. ნეტარის მადლმოსილებამ შური აღუძრა სავანის მკვიდრთ, რის გამოც დომენტი განერიდა მათ და წმიდა სერგისა და ბაქოსის სახელობის მონასტერს მიაშურა თეოდოსიპოლში. აქ წმიდანი მოღვაწეობდა მკაცრი ასკეტის, არქიმანდრიტ ნურველის ხელმძღვანელობით. დომენტის საკვირველი ღვაწლი რომ იხილა, ნურველმა იგი დიაკვნად აკურთხა, შემდეგ მოისურვა, ხუცესადაც დაედგინა, მაგრამ წმიდანმა თავი უღირსად ჩათვალა და სირიაში, ერთ უდაბურ მთაზე განმარტოვდა. აქ ნეტარი მამა ღია ცის ქვეშ ცხოვრობდა, შემდგომ კი გამოქვაბულში დამკვიდრდა ორ მოწაფესთან ერთად. დომენტიმ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. ერთხელ იმ მხარეში, სადაც ნეტარი მამა და მისი მოწაფეები მოღვაწეობდნენ, გაიარა სპარსელებთან საბრძოლველად მიმავალმა იმპერატორმა იულიანე განდგომილმა (361-363). მისი ბრძანებით მხედრებმა მოძებნეს უფლის სათნომყოფელნი, შემდეგ კი, ერთი გადმოცემით, ქვებით ჩაქოლეს, სხვა ცნობით - მღვიმის შესასვლელი ამოქოლეს და შიგ ცოცხლად დამარხეს (+363).
წმიდა მოწამენი მარინ მხედარი და ასტერიოს სინკლიტიკოსი (+260)
წმიდა მოწამენი მარინ მხედარი და ასტერიოს სინკლიტიკოსი წარმართი იმპერატორის, გალიენუსის (260-268) ზეობაში აღესრულნენ.
წმიდა მარინი პალესტინის კესარიაში მსახურობდა და თავისი სიმამაცისა და სათნოებებისათვის თვით წარმართთა მხრიდანაც პატივისცემას იმსახურებდა. ახოვანი მეომარი ასისთავად დანიშნეს, მაგრამ ახალი ხარისხის მისაღებად საჭირო იყო ფიცის დადება წარმართულ ღვთაებათა სახელების მოხმობით. მარინმა მის წარმოთქმაზე მტკიცე უარი განაცხადა. მსაჯულმა წმიდანს სამი საათი მისცა მოსაფიქრებლად: თუ ურჩობას არ დაიშლიდა, სიკვდილი ელოდა.
სამსჯავროდან გასულ უფლის რჩეულს ეპისკოპოსი თეოტეკნი შეხვდა და ტაძარში შეიყვანა. მღვდელმთავარმა ნეტარს ჯერ სახარებაზე მიუთითა, შემდეგ კი ქამარში ჩამაგრებულ მახვილზე და უთხრა: „აირჩიე ან წიგნი ცხოვრებისა, რომელშიც ჩაიწერება შენი სახელი, როგორც ზეციური მეუფის მხედრისა, ან მახვილი, რომლითაც მიწიერ მეფეს ემსახურები“. მარინი ოდნავადაც არ შეყოყმანებულა - წმიდა სახარებისკენ გაიშვირა ხელი. თეოტეკნმა განამტკიცა, აკურთხა ნეტარი და უთხრა: „მიიღე ის, რაც ირჩიე“. ლოცვითა და მღვდელმთავრის კურთხევით მარტვილმა მსაჯულის წინაშე კვლავ უარი განაცხადა წარმართული ფიცის წარმოთქმაზე, რისთვისაც თავი მოჰკვეთეს.
წმიდანის წამებას შეესწრო რომაელი სენატორი ასტერიოსი. იგი კეთილმსახური ცხოვრებით სათნოეყოფოდა ღმერთს, მტკიცე ქრისტიანი იყო და მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანები სასტიკად იდევნებოდნენ, ურყევად იდგა თავის სარწმუნოებაზე. ერთხელ, პალესტინაში ყოფნისას ნეტარი ფილიპიის კესარიაში ჩავიდა. აქ, ჩვეულებისამებრ, წარმართული მსხვერპლშეწირვა აღესრულებოდა. შეწირულ მსხვერპლს კერპში ჩაბუდებული ეშმაკი უჩინარს ხდიდა, რაც უღმრთოებს დიდ სასწაულად მიაჩნდათ. წმიდა ასტერიოსმა ცრუღვთაების ქანდაკიდან განდევნა ბოროტი სული.
როცა წმიდა მარინი სიკვდილით დასაჯეს, ასტერიოსმა გაიხადა სენატორის მდიდრული შესამოსელი, მიწაზე გაფინა, შიგ მარტვილის პატიოსანი ცხედარი გაახვია, საკუთარი მხრებით მიაბრძანა საფლავამდე და დაფლა. ამ საქციელისათვის იგი შეიპყრეს და თავის მოკვეთა მიუსაჯეს. ქრისტეს ტარიგმა 260 წელს შეჰვედრა სული უფალს.
ღირსი ორე მონაზონი (+დაახლ. 390)
ღირსი ორე მონაზონი სიჭაბუკეშივე განერიდა ამსოფელს, თებაიდის უდაბნოს მიაშურა და მრავალი წელი ცხოვრობდა აქ განდეგილი ბერის მკაცრი ცხოვრებით. უკვე მხცოვან მოსაგრეს ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა, რომ უფალი ანდობდა მას ზრუნვას იმ ადამიანთა სულებზე, რომლებიც მისი ხელმძღვანელობით ცხოვრებას მოისურვებდნენ. უფალმა მას საღვთო წერილის კითხვის ნიჭი მიმადლა, თუმცა ბავშვობიდანვე წერა-კითხვის უცოდინარი იყო. თანდათან ღირსი ორეს ირგვლივ შემოიკრიბა მრავალრიცხოვანი ძმობა, დაარსდა სავანე, ნეტარი კი მისი სულიერი წინამძღვარი შეიქნა. იგი ხშირად მოუთხრობდა მოწაფეებს იმ საცთურთა შესახებ, რომლებიც თავს ატყდებათ ხოლმე განმარტოებით მოღვაწე ბერებს, მაგრამ ყველაფერს ისე ყვებოდა, თითქოს ამის შესახებ ნაცნობ მეუდაბნოეთა ცხოვრებიდან უწყოდა მხოლოდ. ღირსი მამა ფარავდა თავის ღვაწლს, ის თავის მოწაფეთა ყველა აზრსა და მოქმედებას ჭვრეტდა; ვერავინ ბედავდა მის მოტყუებას. ღრმა მოხუცებულობას მიღწეულმა წმიდანმა რამდენიმე მონასტერი დააარსა, რომლებშიც ათასზე მეტი მონაზონი მოსაგრეობდა. ნეტარი ორე დაახლოებით 390 წელს მიიცვალა, ოთხმოცდაათი წლის ასაკში.
ღირსმოწამე პოტამია საკვირველთმოქმედი
წმიდა დედა პოტამია საკვირველთმოქმედი ქრისტეს აღსარებისთვის მახვილით განგმირეს.
ღირსი პიმენ მრავალსნეული, ახლო მღვიმეებში (+დაახლ. 390)
ღირსი პიმენ მრავალსნეული ავადმყოფი დაიბადა და მხურვალედ ევედრებოდა დედ-მამას, წაეყვანათ კიევო-პეჩორის მონასტერში. როცა სნეულება მეტად გართულდა, მშობლებმა მას სურვილი შეუსრულეს. მათ სავანის ბერებს სთხოვეს, ელოცათ ყმაწვილის გამოჯანმრთელებისთვის; თავად დავრდომილი კი უფალს შესთხოვდა, გაეხანგრძლივებინა მისი ავადმყოფობა და ბერობის ღირსადაც გაეხადა. ნეტარის ლოცვა შესმენილ იქნა; როცა ყველას ეძინა, ოთახში, სადაც პიმენი იწვა, ანგელოზები გამოცხადდნენ იღუმენისა და ძმების სახით, ბერად აღკვეცეს იგი, თან განუცხადეს, რომ მთელი სიცოცხლე სნეული იქნებოდა და სიკვდილამდე სამი დღით ადრე განიკურნებოდა მხოლოდ. გალობის ხმა რომ შემოესმათ, ბერებმა ღირს პიმენს მიაშურეს და იგი სამონაზვნო სამოსელში იხილეს, ანთებული სანთლით ხელში; მისი მოკვეცილი კულული თეოდოსი პეჩორელის ლუსკუმაში აღმოჩნდა. წმიდანი მრავალი წელი მძიმედ ავადმყოფობდა. ტანჯვათა უდრტვინველი დათმენისთვის წმიდანს სხვათა სნეულებების კურნების ნიჭი მიემადლა. მან თავისივე მსგავსი დავრდომილი განკურნა იმ პირობით, რომ სიკვდილამდე ავადმყოფებზე იზრუნებდა. ერთხელ ძმას დაეზარა სნეულთა მსახურება და ავადმყოფობა კვლავ შეუბრუნდა. ღირსმა პიმენმა ისევ განკურნა იგი, თან დამოძღვრა, სნეული და სნეულის მსახური თანასწორ საზღაურს მიიღებენო. ოცი წელი გაატარა ნეტარმა მამამ საშინელ ტანჯვაში და, ანგელოზის წინასწარმეტყველებისამებრ, სიკვდილამდე სამი დღით ადრე გამოჯანმრთელდა.
წმიდა პიმენ მრავალსნეულის ამსოფლიდან განსვლის დღეს ტრაპეზზე აღიმართა სამი მანათობელი სვეტი, რომლებიც ტაძრის გუმბათს ზემოთაც გრძელდებოდა. მატიანეში აღწერილი მსგავსი ხილვა 1110 წლის 11 თებერვლით თარიღდება; ამაზე დაყრდნობით ვარაუდობენ, რომ ღირსი პიმენი მიიცვალა 1110 წლის 11 თებერვალს. წმიდა მამის უხრწნელი ნაწილები ანტონის მღვიმეებშია დაკრძალული.