USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Тбилиси
რომელი წმინდათა ხსენების დღეა 18 სექტემბერს?!
 447

18 სექტემბერს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

 წინასწარმეტყველი ზაქარია და მართალი ელისაბედი -

მშობელნი იოანე ნათლისმცემლისა (I)

 წმიდა წინასწარმეტყველი ზაქარია და მართალი ელისაბედი, უფლის წინასწარმეტყველის, წინამორბედისა და ნათლისმცემლის, იოანეს მშობლები, აარონის მოდგმისანი იყვნენ: წმიდა ზაქარია, ბარაქიას ძე, იერუსალიმის ტაძარში მღვდელმსახურებდა. მართალი თანამეუღლენი „ვიდოდეს ყოველთა მცნებათა სიმართლისა უფლისათა უბიწონი“ (ლკ. 1,6), მაგრამ უშვილობით იტანჯებოდნენ, რაც იმ ხანებში უფლის დიდ სასჯელად ითვლებოდა. ერთხელ, ტაძარში მსახურების დროს, წმიდა ზაქარიას ანგელოზმა აუწყა, რომ უკვე მხცოვანებას მიღწეული ელისაბედი უშობდა ძეს, რომელიც იქნებოდა „დიდ წინაშე უფლისა“ (ლკ. 1,15) და „პირველად განვიდეს წინაშე მისსა სულითა და ძალითა ელიაჲსითა“ (ლკ. 1,17). ზაქარია დაეჭვდა ამ წინასწარმეტყველების აღსრულების შესაძლებლობაში და მცირედმორწმუნეობისთვის უტყვებით დაისაჯა. როცა მართალმა ელისაბედმა ძე შვა, სულიწმიდის შეგონებით მას იოანე უწოდა, თუმცა მათ მოდგმაში ეს სახელი არავის რქმევია. ახალშობილის მამას რომ დაეკითხნენ, მან ფიცარი მოითხოვა და ზედ იგივე სახელი წააწერა. ამის შემდეგ „მეყსეულად აღეღო პირი მისი და ენაჲ და იტყოდა და აკურთხებდა ღმერთსა“ (ლკ. 1,64). სულიწმიდის მადლით აღვსილი, იგი წინასწარმეტყველებდა თავის ძეზე, როგორც უფლის წინამორბედზე.

 როცა უსჯულო ჰეროდემ მოგვებისგან შეიტყო მესიის შობის შესახებ, გადაწყვიტა, ბეთლემსა და მის შემოგარენში ამოეჟლიტა ყველა წული „ორით წლითგანი და უდარესი“ (მთ. 2,16). ჰეროდემ კარგად უწყოდა იოანე წინასწარმეტყველის საკვირველი შობის შესახებ და მისი მოკვლაც სურდა. მართალი ელისაბედი ჩვილთან ერთად მთებში გაიხიზნა. მკვლელები ყველგან დაეძებდნენ მათ. როცა ელისაბედმა მდევრები შენიშნა, ცრემლებით შესთხოვა უფალს, შესწეოდა. უეცრად მთა გაიპო და დედა-შვილი შეიფარა. ამ ავბედით ჟამს ზაქარია იერუსალიმის ტაძარს არ განშორებია. ჰეროდეს გამოგზავნილი მეომრები დიდხანს ამაოდ ეცადნენ, იოანეს ადგილსამყოფელი შეეტყოთ მისგან, რის შემდეგაც ჰეროდეს ბრძანებით განგმირეს იგი „შორის ტაძრისა და საკურთხეველისა“ (მთ. 23,35). მართალი ელისაბედი თავის მეუღლის მიცვალებიდან ორმოცი დღის შემდეგ გავიდა ამსოფლიდან, უფლის მფარველობის ქვეშ მყოფი წმიდა იოანე კი უდაბნოში ცხოვრობდა მანამ, სანამ ებრაელი ხალხის წინაშე მისი გამოჩენის ჟამმა არ მოაწია.

 

წმიდა მოწამენი: თაიფალე და დაჲ მისი თიბეა (+98-138); წმიდა მოწამე სარვილე

 წმიდა მოწამე თაიფალე და მისი და თიბეა (ანუ ბებეა) წარმართთა შორის ქრიატიანული სარწმუნოების გაბედული და წარმატებული ქადაგებისთვის აწამეს, ერთი ცნობით, ტრაიანეს (98-117), სხვა წყაროებით კი - ადრიანეს (117-138) მეფობაში. ხანგრძლივი და სასტიკი წამების შემდეგ წმიდა თაიფალე ხეზე დაკიდეს და გახერხეს, მისი და თიბეა კი ყელში შუბის დარტყმით მოკლეს (15 ოქტომბერს ეკლესია იხსენიებს წმიდანებს: სარვილეს და ბებეას. ვარაუდობენ, რომ ბებეა იგივე თაიფალეს და - თიბეაა; ზოგი სარვილეს თავად თაიფალესთან აიგივებს, სხვები კი თვლიან, რომ სარვილესა და ბებეასთან ერთად 15 ოქტომბრის წმიდანებს შორის თაიფალეს სახელი ცალკე უნდა იყოს ჩართული).

 წმიდა მოწამე სარვილე

 წმიდა მოწამე რაისა (ან ირიადა) (+დაახლ. 308)

 წმიდა მოწამე რაისა (ირიადა) ქალწული ქალაქ ალექსანდრიიდან იყო და ერთ-ერთ სავანეში მოსაგრეობდა. ერთხელ, მონასტრიდან მორჩილების საქმეზე გასულმა ნეტარმა შენიშნა ხომალდი, რომელზეც ქრისტესთვის პყრობილები იმყოფებოდნენ. ნეტარი რაისა ნებით შეუერთდა ტყვეებს. როცა ხომალდი ეგვიპტის ქალაქ ანტინოეში გაჩერდა, რაისა (ირიადა) პირველი გადასცეს საწამებლად და მახვილით განგმირეს. მის შემდეგ სხვა მარტვილებმაც სისხლის დათხევით დაამტკიცეს თავიანთი ერთგულება ჭეშმარიტი სარწმუნოებისადმი.

 წმიდა რაისა 23 ოქტომბერსაც იხსენიება ირიადას სახელით.

 წმიდა მოწამენი: იუვენტინე და მაქსიმე მხედარნი (+361-363)

წმიდა მოწამენი: იუვენტინე და მაქსიმე მხედარნი იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) პირადი მცველები იყვნენ. ერთხელ, ანტიოქიაში ყოფნისას, იულიანემ გადაწყვიტა, ბაზრებში ყველა საკვები პროდუქტისთვის ნაკერპავი სისხლი ესხურებინა და ქრისტიანები შეებილწა. წმიდა იუვენტინემ და მაქსიმემ დაუფარავად დაგმეს მეფის საქციელი და ამხილეს იგი ქრისტიანული სარწმუნოების უარყოფაში. ორივე მათგანი უღმრთო ხელისუფლის ბრძანებით დაუნდობლად გვემეს, შემდეგ კი საპყრობილეში დაახრჩვეს. მათ ეკლესია 9 ოქტომბერსაც იხსენიებს.

წმიდა მოწამენი: ურბანოსი, თეოდორე, მედიმნე და

მათთან 77 მამანი სასულიეროთაგანნი - ნიკომიდიას წამებულნი (+370)

 წმიდა მოწამენი: ურბანოსი, თეოდორე, მედიმნე და სამოცდაჩვიდმეტი მამანი სასულიეროთაგანნი ნიკომიდიაში ეწამნენ არიანელი იმპერატორის, ვალენტის (364-378) დროს. ვალენტის მეფობაში არიანელებმა კონსტანტინოპოლის ეკლესიიდან განდევნეს მართლმადიდებელი ეპისკოპოსი ევაგრე, იმ ქრისტიანებს კი, რომელთაც არ ისურვეს მათ მწვალებლურ სწავლებას მიმხრობოდნენ, სასტიკი დევნა დაუწყეს. მართლმორწმუნეებმა გადაწყვიტეს, იმპერატორისთვის ეთხოვათ დახმარება და მასთან ელჩობა გაგზავნეს ოთხმოცამდე რჩეული სასულიერო პირით ურბანოსის, თეოდორესა და მედიმნეს წინამძღვრობით. მათი სამართლიანი საჩივარი რომ მოისმინა, უღმრთო თვითმპყრობელი გააფთრდა, მაგრამ შეძლო რისხვის დაოკება. მან ფარულად მოუწოდა ეპარქ მოდესტოსს და უბრძანა, მთელი ელჩიონი ამოეჟლიტა. მოდესტოსმა ხმები დაყარა, მეფესთან წარმოგზავნილებს გადასახლებაში აგზავნიანო, შემდეგ კი ხომალდზე აიყვანა ისინი და მენავეებს განკარგულება მისცა, ღია ზღვაში გემისთვის ცეცხლი

 წმიდა მოწამე აბდე (აბიდე), სპარსეთში წამებული (V)

 წმიდა მოწამე აბდე (აბიდე) იეზდიგერდ I-ის (408-420) ზეობისას ეწამა სპარსეთში მზისა და ცეცხლის თაყვანისცემაზე უარის თქმისთვის.ა

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати