USD 2.7263
EUR 3.1870
RUB 3.4187
თბილისი
რომელი წმინდათა ხსენების დღეა 14 ივნისს?
თარიღი:  647

14 ივნისს  მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

 

წინასწარმეტყველი ელისე (IX ს. ქრისტეს შობამდე)

14 (27) ივნისი

 

წინასწარმეტყველი ელისე იყო წინასწარმეტყველ ელია თეზბიტელის მოწაფე და მემკვიდრე. მსახურებისთვის ღმერთმა მას სიყრმის ასაკშივე მოუწოდა. იგი მიწათმოქმედი საფატის ოჯახში აღიზარდა. ერთხელ ელია მინდორში მომუშავე ელისეს მიუახლოვდა და თავისი ხალენი მოახურა, რაც მის წინასწარმეტყველად მოწოდებას ნიშნავდა. ელისემ მაშინვე ორი ხარი დაკლა და გამოსათხოვარი ტრაპეზი გამართა. ეს მოქმედება სიმბოლურად ღვთის უმაღლესი მსახურებისათვის ყოფითი კავშირების გაწყვეტას მოასწავებდა. ამის შემდეგ იგი თან გაჰყვა ელიას და მას ემსახურებოდა.

როცა ელიას ზეცად აღტაცების დრო მოვიდა, წინასწარმეტყველმა დაკეცა ხალენი, იორდანეს დაჰკრა და როცა წყალი გაიპო, მოწაფესთან ერთად შიგ გავიდა. ელიამ ელისეს უკანასკნელი სურვილის შესრულება აღუთქვა, მან კი ეს ითხოვა: „იყავნ სული ეგე, რომელ არს შენ ზედა, მრჩობლ ჩემ ზედა“. მოძღვარმა უპასუხა: „განაფიცხე თხოვაჲ ეგე; გარნა თუ მიხილო მე ამაღლებული შენგან, გეყავნ ეგრე, უკუეთუ არა, ვერ იყოს“. ამ საუბარში იყვნენ, როცა გამოჩნდნენ ეტლნი ცეცხლისანი და ცხენნი ცეცხლისანი და განაშორნეს ურთიერთას და აღიტაცა ელია ძრვით ვითარცა ზეცად“. ელისე ღაღადებდა: „მამაო, მამაო, ეტლო ისრაელისაო და მჴედარო მისო!“ (IV მეფეთა, 2;9-12). ზეცად აღტაცებულმა წინასწარმეტყველმა თავისი ხალენი გადაუგდო მოწაფეს. მან სცა იგი იორდანეს „და არა განიპო წყალი იგი“. მეორეჯერაც დაჰკრა „და განიყვნეს წყალნი იგი იმიერ და ამიერ და განვიდა იგი ჴმელად“.

 წინასწარმეტყველი ელისე 65 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მოღვაწეობდა ისრაელის მეფეების: აქაბის და იოსიას დროს. იგი უშიშრად ამხელდა მათ უსჯულოებასა და კერპთაყვანისმცემლობისკენ მიდრეკილებას. ელისეს მოღვაწეობის დროს ისრაელში გამრავლდა სარწმუნოებრივ-საგანმანათლებლო სკოლები. ამ სკოლებში ღვთისგან გამორჩეული და ცხოვრებისეული გამოცდილებით განბრძნობილი წინასწარმეტყველების ხელმძღვანელობით განისწავლებოდნენ ახალგაზრდები, სწორედ ის ახალგაზრდები, რომლებიც წმიდა წერილში „ძენი წინასწარმეტყველთანის“ სახელით არიან მოხსენიებულნი. ელისემ იერიქონში სასწაული მოახდინა: წყალი, რომელიც უნაყოფობასა და სიკვდილს იწვევდა, მარილით გააუვნებლა. იერიქონიდან ელისე ბეთილში გაემგზავრა. როდესაც იგი ქალაქს მიუახლოვდა, გზაზე ბავშვები შეხვდნენ და დაცინვა დაუწყეს. უკეთურ ბავშვებს საშინელი სასჯელი ეწიათ: 42 მათგანი ტყიდან გამოსულმა ორმა დათვმა დაგლიჯა. ამის შემდეგ წინასწარმეტყველი კარმილის მთისკენ გაემართა, ხოლო იქიდან სამარიაში დაბრუნდა.

როდესაც ისრაელის მეფე იორამი, იუდეველთა მეფე იოსაფატი და ედომელთა მეფე მოაბელთა წინააღმდეგ საბრძოლველად შეიკრიბნენ, წინასწარმეტყველი ელისეც მოკავშირეთა ჯართან ერთად იყო. უდაბნოში მგზავრობის სიმძიმისა და უწყლობის გამო ჯარი მეტად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. წინასწარმეტყველმა კიდევ ერთი სასწაული მოახდინა - ჯარი და საქონელი მიწიდან სასწაულებრივად აღმოცენებული წყლით მოამარაგა.

 ელისეს მიერ მოხდენილ სასწაულთა შორის აღსანიშნავია აგრეთვე ქვრივისათვის ზეთის სასწაულებრივი გამრავლება. ელისეს რჩევით ქვრივმა, რომელსაც მევალეები აწუხებდნენ და ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში შვილების მონებად გაყიდვით ემუქრებოდნენ, მეზობლებისგან ნათხოვარი ცარიელი ჭურჭელი თავისი ზეთიანი ჭურჭლიდან შეავსო. ამ გზით გამრავლებული ზეთი იმდენი აღმოჩნდა, რომ ქვრივმა ვალებიც გაისტუმრა და შვილებიც გამოკვება. ამ მოვლენის შემდეგ წინასწარმეტყველი ისაქარის ტომის ქალაქ სომანში გადავიდა, სადაც იგი ერთმა კეთილმორწმუნე დედაკაცმა ისტუმრა სახლში. დედაკაცმა ელისეს თავის სახლში ოთახი გამოუყო, რომლითაც მას სურვილისამებრ შეეძლო ესარგებლა. ელისეს მასპინძლები უშვილონი იყვნენ, რაც ებრაელთა შორის ღვთისგან მოვლინებულ უმძიმეს სასჯელად ითვლებოდა. წინასწარმეტყველის სიტყვისამებრ, დედაკაცსა და მის მეუღლეს შვილი შეეძინათ. ერთხელ, მკის დროს ყრმა მამასთან წავიდა მინდორში და უეცრად თავის ტკივილი იგრძნო. როდესაც იგი დედასთან მიიყვანეს, მშობლის კალთაში გარდაიცვალა. დედაკაცი თვითონ წავიდა წინასწარმეტყველთან კარმილის მთაზე. ელისემ იგი შორიდანვე დაინახა, თავის მსახურ გეზს მიეგება და მოკითხვა უბრძანა: „მშვიდობა არს შენდა და მშვიდობა არს ქმრისა შენისა, გინა მშვიდობით არსა ყრმა იგი?“ (IV მეფ. 4,26). ელისეს ეს სიტყვები იმაზე მიანიშნებს, რომ წინასწარმეტყველები ყველაფერს კი არ ჭვრეტდნენ, არამედ მხოლოდ იმას, რასაც მათ სულიწმიდა უცხადებდა. წინასწარმეტყველი დედაკაცს გაჰყვა და მისი მხურვალე ლოცვის შემდეგ ყრმას სიცოცხლე დაუბრუნდა. ეს იყო მდინარე იორდანესთან ახლოს მდებარე სოფელი, სადაც იგი ძალიან ხშირად ჩერდებოდა. აქ ხშირად მოდიოდნენ წინასწარმეტყველის მოწაფეები. ისინი თავს იყრიდნენ ხოლმე ელისესთან, მისგან სწავლა-დარიგებების მოსასმენად. ერთ-ერთი ასეთი თავშეყრის დროს, როდესაც გალგადში შიმშილობა იყო, წინასწარმეტყველმა მსახურს ხილის შეჭამადის მომზადება დაავალა. მოსამსახურე მინდორში გავიდა, იქ გარეული ყურძენი მოაგროვა და ქვაბში ჩაყარა. როდესაც მოწაფეებმა ამ ნაყოფებისგან მომზადებული საჭმელი გასინჯეს, შეამჩნიეს, რომ ქვაბში საწამლავი იყო და შიშისგან დაიყვირეს: „სიკვდილი არს, კაცო ღმრთისაო, ქვაბსა მაგას“ (4 მეფ. 4,40). ელისეს ბრძანებით ქვაბში ფქვილი ჩაყარეს და არავინ მოწამლულა. ამ დროს მიეკუთვნება, აგრეთვე, ელისეს მიერ ოცი პურით ასი კაცის დაპურება.

ელისემ სასწაულებრივ განკურნა კეთრისგან ასურეთის მეფის მხედართმთავარი ნემანიც. ყველა საშუალება, რომელსაც მხედართმთავარმა ამ სენისგან განსაკურნებლად მიმართა, უშედეგო აღმოჩნდა. ბოლოს, მას ერთმა მოსამსახურემ - ტყვე ისრაელელმა ქალიშვილმა სამარიაში წასვლა ურჩია. ნემანმა მეფეს სთხოვა, მიეცა ისრაელში წასვლის უფლება. მეფე დათანხმდა, თან ისრაელის მეფესთან წერილიც გაატანა და თავისი მხედართმთავრის განკურნებას ითხოვდა. ასეთი უცნაური თხოვნა ისრაელის მეფემ, რომელსაც მკურნალობის ნიჭი არ ჰქონდა, ომის საბაბად მიიჩნია. მან ტანსაცმელი შემოიხია, რაც ებრაელთა შორის გლოვის გარეგნულ გამოხატულებად ითვლება, და თქვა: „ღმერთი ნუ ვარა მეა, ვითარცა მოვაკვდინე და ვაცხოვნე?. უწყოდეთ და გულისხმაჰყავთ, რამეთუ მიზეზობს რასმე“ (IV მეფეთა, 5,7). როდესაც ამის შესახებ ელისემ გაიგო, მან ნემანის მოყვანა ბრძანა. მხედართმთავარი ეტლებით მიადგა წინასწარმეტყველის სახლს. ელისემ მსახურის პირით შეუთვალა: „მივედ, იბანე იორდანესა შვიდგზის და მოიქცეს ფერი შენი შენდა და განსწმნდე“ (4 მეფ. 5,10). წინასწარმეტყველის ასეთმა დამოკიდებულებამ და მკურნალობის სიმარტივემ ასურელი დიდებული განარისხა და უკან დაბრუნება გადაწყვიტა. მიუხედავად ამისა, მსახურების რჩევით, მან მაინც შეასრულა ელისეს ნათქვამი იორდანეში შვიდგზის განიბანა და განიკურნა. სასწაულით გაოცებულმა ნემანმა წინასწარმეტყველს საჩუქრები შესთავაზა, მაგრამ ელისემ არაფერი მიიღო. სამაგიეროდ, გეზმა ისარგებლა მისი სახელით და ნემანს ორი ტალანტი ვერცხლი და ორი ბრწყინვალე სამოსელი გამოსთხოვა, რისთვისაც სასტიკად დაისაჯა - ნემანის კეთრი მასზე გადავიდა.

 როდესაც ასურელებსა და ისრაელელებს შორის საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა, წინასწარმეტყველი ისრაელის მეფეს მოწინააღმდეგეთა მზაკვრული გეგმების შესახებ აწვდიდა ცნობებს. განრისხებულმა ასურეთის მეფემ ელისეს შესაპყრობად მთელი ლაშქარი გაგზავნა. ზეციური მხედრობა, რომელიც ცეცხლოვანი ეტლებითა და ცხენებით წინასწარმეტყველის გასამხნევებლად იყო გამოგზავნილი, მისმა ერთ-ერთმა მოწაფემაც იხილა. აქ ელისემ კიდევ ერთი სასწაული მოახდინა. მის შესაპყრობად გამოგზავნილი მეომრები უეცრად დაბრმავდნენ, თუმცა სამარიაში, ისრაელის მეფესთან ჩაყვანის შემდეგ ელისემ ლოცვით ისევ აუხილა მათ თვალები და თავიანთ მეფესთან დააბრუნა.

 ამის შემდეგ მეფე ბენ-ჰადადმა ალყაში მოაქცია სამარა და ქალაქი შიმშილობის უკიდურეს ზღვრამდე მიიყვანა. მეფე იორამმა მიზეზი ელისეში დაინახა და წინასწარმეტყველის შესაპყრობად მეომრები გაგზავნა, ხოლო შემდეგ თვითონაც მივიდა მასთან. ელისემ მეფეს, ღვთის სახელით, მეორე დღისთვის შიმშილობის შეწყვეტა აღუთქვა. მართლაც, იმავე დღეს მოულოდნელი შიშით ზარდაცემულმა მოწინააღმდეგემ ალყა მოხსნა და უკუიქცა, ხოლო მეფის დიდებული, რომელმაც არ ირწმუნა ელისესი, წინასწარმეტყველის სიტყვებისამებრ: „აჰა, იხილო თუალითა შენითა და მისგან შენ არა სჭამო“ (IV მეფეთა, 7,2), ხალხის მიერ იქნა გადაქელილი ქალაქის კარიბჭესთან.

სომანელ დედაკაცს, რომელსაც შვილი მკვდრეთით აღუდგინა, ელისემ მოსალოდნელი შიმშილობის შესახებ უწინასწარმეტყველა და ურჩია მას, ამ ხნის განმავლობაში ფილისტიმელთა ქვეყნისათვის შეეფარებინა თავი. მეზობელ ქვეყანაში დროებით გადასახლებას სომანელი დედაკაცის სახლისა და მიწების სხვა მეპატრონის საკუთრებაში გადაცემა მოჰყვა შედეგად. ქალი იძულებული გახდა, მეფესთან წასულიყო საჩივლელად. ამ დროს მეფეს წინასწარმეტყველის სასწაულების შესახებ ესაუბრებოდნენ. მეფე იორამმა, ეჭვგარეშეა, ამ საუბრით გულმოლბობილმა, დედაკაცის საუბარი გულისყურით მოისმინა და სათხოვარი შეუსრულა. ამ დროს ასურეთის მეფე ბენ-ჰაიდი მძიმე სენით დაავადდა. როგორც კი მეფემ წინასწარმეტყველის ჩამოსვლის შესახებ შეიტყო, მაშინვე გაგზავნა მასთან აზაილი. ელისემ აზაილს მოკლე ხანში მეფის გარდაცვალება და მისი გამეფება უწინასწარმეტყველა, მაგრამ ამის თქმა ბენ-ჰაიდისთვის აუკრძალა.

 წინასწარმეტყველი ელისე ღრმა მოხუცებულობაში, დაახლოებით ასი წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი საფლავი ნეტარი იერონიმეს აზრით, სამარიის მახლობლად მდებარეობდა. სასწაულები, რომლებსაც წინასწარმეტყველი ახდენდა, მხოლოდ მისი ამქვეყნიური ცხოვრებით როდი შემოიფარგლებოდა. გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ ელისეს საფლავის ახლოს მიცვალებულს მიასვენებდნენ. ამ დროს მოაბელთა რაზმი გამოჩნდა. ხალხი შეშინდა და მიცვალებული უახლოეს გამოქვაბულში დაასვენა, სწორედ იმ გამოქვაბულში, სადაც წინასწარმეტყველი იყო დაკრძალული. ელისეს ძვლებთან შეხებით მიცვალებული მკვდრეთით აღდგა. უფალმა ამ სასწაულით გარდაცვალების შემდეგაც ადიდა თავისი ერთგული მსახური.

 

წმიდა მეთოდე კონსტანტინეპოლელი პატრიარქი (+847)

14 (27) ივნისი

 წმიდა მეთოდე, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი მდიდარი სიცილიელების ვაჟი იყო. ღვთის ნებით, მან ჯერ ისევ ახალგაზრდამ, კუნძულ ქიოსზე მდებარე მონასტერს მიაშურა და საკუთარი სახსრებით განაახლა იგი. ხატმბრძოლი იმპერატორის, ლეონ სომეხის (813-820) მეფობაში, ნიკიფორე პატრიარქის (ხს. 2 ივნისს) მღვდელმთავრობისას მეთოდეს იმპერატორის კარზე მაღალი თანამდებობა ეკავა. ერთხელ პატრიარქმა იგი რომში გაგზავნა, პაპთან შესახვედრად. წმიდანს მობრუნება დაუგვიანდა, ამასობაში კი იმპერატორმა ნიკიფორე ტახტიდან ჩამოაგდო და მწყემსმთავრად ხატმბრძოლი თეოდოტე მილისინელი (815-822) დაადგინა. ლეონ სომეხის სიკვდილის შემდეგ მეთოდე დაბრუნდა კონსტანტინეპოლში და ხუცესის ხარისხში დაუცხრომლად იბრძოდა მწვალებელთა წინააღმდეგ. იმპერატორი მოჩვენებითი კეთილგანწყობით ეპყრობოდა ქრისტიანებს, თავისი წინამორბედის მიერ დატუსაღებული მრავალი ხატთაყვანისმცემელიც გაანთავისუფლა, მაგრამ მალე ჭეშმარიტი ბუნება გამოავლინა და განაახლა მართლმადიდებელთა დევნა. წმიდა მეთოდეც აკრიტის საპყრობილეში გამოამწყვდიეს. მიხეილ ენაბრგვნილის შემდეგ ტახტზე მისი ვაჟი, თეოფილე (829-842) ავიდა. მამასთან შედარებით განათლებულმა შვილმა გაანთავისუფლა მეთოდე, როგორც განსწავლული ადამიანი, რომელიც ბრწყინვალედ ერკვეოდა როგორც საეკლესიო, ისე საერო საქმეებში. სამშვიდობოს გამოსულმა მამამ კვლავ დაიწყო ერეტიკოსთა წინააღმდეგ ბრძოლა, რასაც იმპერატორი გარკვეული ხნის მანძილზე ითმენდა.

 ბოლოს, არაბებთან ბრძოლაში დამარცხების შემდეგ, თეოფილემ წმიდა მეთოდეს რისხვა დაატეხა თავს, ის ამტკიცებდა, „კერპთაყვანისმცემლის“ (ასე უწოდებდნენ მწვალებლები ხატთაყვანისმცემლებს) დაახლოებისთვის დამსაჯაო ღმერთმა. გამხეცებულმა უსჯულომ საშინლად აწამა ნეტარი აღმსარებელი. მას დაუნდობლად სცემდნენ, ყბები ჩაუმსხვრიეს, სახეზე კი ამაზრზენი ჭრილობა დაუტოვეს. შემდეგ წმიდა მეთოდე კუნძულ ატიგონზე გადაასახლეს და ორ ავაზაკთან ერთად ღრმა გამოქვაბულში გამოამწყვდიეს. ამ ბნელ მღვიმეში, სადაც მზის სხივიც კი ვერ აღწევდა, 7 წელი, იმპერატორ თეოფილეს აღსასრულამდე, იტანჯებოდა ნეტარი მამა.

 თეოფილეს შემდეგ მისი ძე, მიხეილ III (842-867) გამეფდა, მაგრამ ტახტის მემკვიდრის არასრულწლოვანების გამო ქვეყანას, ფაქტიურად, მისი დედა, ხატთაყვანისმცემელი დედოფალი თეოდორა განაგებდა. მან გაანთავისუფლა მართლმადიდებლობის დაცვისთვის დატყვევებული ქრისტიანები, განდევნა ერეტიკოსი პატრიარქი ანიუსი, მის ნაცვლად კი წმიდა მეთოდე აირჩიეს. 842 წელს, კონსტანტინეპოლში მეთოდეს თავმჯდომარეობით მოწვეულ იქნა ადგილობრივი კრება, რომელმაც აღადგინა ხატთა თაყვანისცემა და დაადგინა, ყოველწლიურად აღენიშნათ მართლმადიდებლობის ზეიმი. ეს დღესასწაული ნეტარი მამის მიერ შედგენილი წეს-განგებით აღესრულებდა დიდმარხვის პირველ კვირიაკეს.

 ღირსი მეთოდეს ცხოვრების უკანასკნელმა წლებმა მშვიდად ჩაიარა. ის ბევრს იღვწოდა ერეტიკოსთაგან დანგრეული ტაძრების აღსადგენადა და წმიდა ხატებს. ბოლოს, 846 წელს, წმიდა მამამ მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

 

წმიდა ნიფონტ ათონელი (XIV)

14 (27) ივნისი

ღირსი ნიფონტ ათონელი ხუცესის შვილი იყო და ბავშვობიდანვე ქრისტიანულად იზრდებოდა. ბერად აღკვეცის შემდეგ წმიდანს მღვდელ-მონაზვნადაც დაასხეს ხელი, მაგრამ სრული მდუმარებისა და მეუდაბნოობის ღვაწლის წყურვილმა ათონის წმიდა მთაზე მიიყვანა, სადაც მრავალი წლის მანძილზე მოსაგრეობდა ღირს მაქსიმე კავსოკალივიტთან (ხს. 13 იანვარს) ერთად. ღირსი ნიფონტი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან სასწაულთქმედებისა და განჭვრეტის ნიჭით შორს გაითქვა სახელი.

ანალიტიკა
13.08.2025 - საბრძოლო მოქმედებების მიმოხილვა დონეცკის ოლქში - გიორგი კობერიძე
ალასკის კონფერენციამდე რუსები დიდი მსხვერპლისა და ტექნიკის განადგურების ხარჯზე დაწოლას ახორციელებენ უკრაინული პოზიციების წინააღმდეგ და მაქსიმალურად დიდი ტერიტორიის დაკავებას ცდილობენ. კრემლი ფიქრობს, რომ მოლაპარაკებებისას რაც უფრო უკეთესი პოზიცია გაქვს სამხედრო თვალსაზრისით, მით უფრო ადვილად შეგიძლია მოითხოვო პოლიტიკური თვალსაზრისით.
 
ფრონტის ხაზი დონეცკის ოლქში პირველი მსოფლიო ომის ვითარებას მოგვაგონებს. სანგრები, სპეციალური ფორტიფიკაციები და საარტილერიო ჭურვების დაცემისაგან გაკეთებული კრატერები გვხვდება განსაკუთრებით პოკროვსკისა და დობროპოლიას მონაკვეთზე.
- რუსებმა წარმატებული გარღვევა განახორციელეს პოკროვსკის ჩრდილოეთით, დობროპილიას სიახლოვეს. ამ ყველაფერს ჯერ მასირებული საარტილერიო და საავიაციო დაბომბვა უძღოდა წინ, შემდეგ გვერდი აუარეს რამდენიმე უკრიანულ საყრდენ პუნქტს და ბოლო ერთ კვირაში დაახლოებით 10 კილომეტრი წაიწიეს წინ, რაც საკმაოდ დიდი წინსვლაა ომის მოცემული დინამიკიდან გამომდინარე. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ეს დივერსანტებისა და მცირე ჯგუფების შეტევას ჰგავდა, როგორც ჩანს რუსებმა საკმაოდ დიდი ძალები ჩართეს ამ გარღვევის განსახორციელებლად.
 
- ამის საპირისპიროდ და რუსული გარღვევის შესაკავებლად გუშინ უკრაინელებმა წამოიწყეს კონტრშეტევა, რამაც დღეს ფართომასშტაბიანი სახე მიიღო. კონტრშეტევაში ჩაბმულია აზოვის ბრიგადაც. რუსები საკმაოდ დიდ ფსონს დებენ ამ გარღვევაზე და ცოცხალი ძალის შტურმითა და საარტილერიო დარტყმებით ცდილობენ უკრაინული კონტრშეტევის ჩაშლას, თუმცა მათი მხრიდან გარღვევის ვიწრო ყელი 5 კილომეტრია, რაც უკრაინელთა მხრიდან გადაჭრისა და მათი დატყვევების საშუალებას ქმნის.
 
დეტალები რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი (თუმცა გარკვეული პოზიტიური სიგნალები და რუსი ტყვეების შესახებ ინფორმაცია არის, მაგრამ სრულ სურათში როგორია ვითარება ნაადრევია თქმა). თუკი რუსული შეტევა ჩავარდება, ეს მათთვის მნიშვნელოვანი დემორალიზების წყარო გახდება. შესაძლოა ვიხილოთ ტყვეებიც. წარმატების შემთხვევაში კი მათი მხრიდან დობროპილიასათვის საფრთხის შექმნა ან ფორტიფიცირებულ უკრაინულ ქალაქ დრუჟკივკასაკენ გადახვევა გამორიცხული არ იქნება, ისევე როგორც კრამატორსკი-დობროპილიას გზის გადაჭრის საშუალებაც.
 
- უფრო სამხრეთით, რუსები ცდილობენ დობროპილია-პოკროვსკის მომარაგების ხაზი გადაჭრან. პოკროვსკი-მირნოჰრადის აგლომერაციისაკენ მაგისტრალური ორი მთავარი გზა მიემართება. მიუხედავად იმისა, რომ რუსები მათ აქტიურად ბომბავენ, უკრაინელები მაინც ახერხებენ ორივე მათგანის შენარჩუნებას და ტვირთების გატარებასაც. რუსული მომარაგება ძირითადად რკინიგზით ხდება, ხოლო შეტევისას ისინი სამანქანო გზებსა და მათ მომიჯნავე ტერიტორიებს მიუყვებიან. საბრძოლო წარმატება მომარაგებაზეცაა დამოკიდებული. უკრაინული დრონები განსაკუთრებით აქტიურობენ ამ სექტორში, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს რუსების შეტევის სისწრაფესა და მათი ლოჯისტიკისათვის საფრთხის შექმნას. იმავეს ცდილობენ რუსებიც.
 
- დონეცკის ოლქში, პოკროვსკისა და დობროპილიას გარდა, უკრაინას ოთხი მთავარი ქალაქი აქვს ფორტიფიცირებული: კოსტიანტინივკა, დრუჟკივკა, კრამატორსკი და სლოვიანსკი. ამ ქალაქების აქტიური ფორტიფიცირება 2022 წლიდან მიმდინარეობს, თუმცა შეტაკებები ჯერ კიდევ 2014 წელს დაფიქსირდა, როდესაც რუსი ბანდფორმირებები აღნიშნული დასახლებებიდან ბრძოლით გაყარეს და შემდეგ უკრაინული თავდაცვის ზღუდეები შეიქმნა აქ. სანამ ეს ქალაქები დგას, მანამდე დონეცკის ოლქის უმნიშვნელოვანესი ნაწილი უკრაინელთა ხელში რჩება. ამ ქალაქების დაცემის შემთხვევაში არამხოლოდ დონეცკის ოლქს იგდებენ რუსები ხელში, არამედ დანარჩენ აღმოსავლეთ უკრაინასაც დაემუქრება საფრთხე.
 
სწორედ ამ ქალაქების დათმობას სთხოვს რუსეთი უკრაინას მოლაპარაკებების წინაპირობად. ანუ ჯერ დათმე ეს ქალაქები და მერე შევძლებთ მოლაპარაკებებსო. და თან ეს ყველაფერი ზაპორიჟიას, ხერსონისა და ლუგანსკის ოლქების დათმობასთან ერთად. თავი რომ დავანებოთ დანარჩენ რეგიონებს, ამ ოთხი ფორტიფიცირებული ქალაქის დაკარგვა, უკრაინის უსაფრთხოებისათვის ძალიან სერიოზულ პრობლემად გადაიქცევა. დნიპროპეტროვსკის ოლქში, პავლოგრადამდე დიდი დასახლება აღარცაა. შესაბამისად, ის, რასაც რუსები ითხოვენ, უკრაინული უსაფრთხოების სისტემისათვის მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება.
 
- შედარებით უკეთესი სიტუაციაა სლოვიანსკის აღმოსავლეთით, ლიმანის მიმართულებაზე, ლუგანსკის ოლქის მომიჯნავედ, სადაც უკრაინელებმა რუსეთის მხრიდან წარმოებული რამდენიმე მასირებული შეტევის მოგერიების შემდეგ თავად დაიწყეს ჯერჯერობით ლოკალური კონტრშეტევა. გამოითქვა მოსაზრება, რომ თუკი წელს კონტრშეტევა იქნება, უკრაინელებმა სწორედ ლუგანსკის მიმართულებაზე უნდა გააკეთონ აქცენტი კვლავ. ეს პოლიტიკურადაც გამართლებული იქნება და სამხედრო თვალსაზრისითაც. პოლიტიკურად იმიტომ, რომ იმ რეგიონში დაბრუნდება საბრძოლო მოქმედებები, რომელსაც რუსეთი ამბობს, რომ სრულად აკონტროლებს (თუმცა ეს არ შეესაბამება სინამდვილეს), ხოლო სამხრედრო თვალსაზრისით იმიტომ, რომ ამ რეგიონს ახლა რუსული საუკეთესო ნაწილები არ იცავენ, თუმცა მომარაგების ხაზების ნაწილი სწორედ მასზე გადის, ისევე როგორც სამეთაურო პუნქტები (კრემინასა და ლისიჩანსკში). შეტევის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი ხარკივის ოლქში, ქალაქ კუპიანსკისაც მოეხსნება საფრთხე. თუმცა 2022 წლის ბოლოდან ლუგანსკის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილი საკმაოდ ფორტიფიცირებულია რუსეთის მიერ.
 
- რაც შეეხება მოლაპარაკებებს. ტრამპის რიტორიკა ტერიტორების დათმობა-გაცვლასთან დაკავშირებით რას გულისხმობს არაა ნათელი, მაგრამ უკრაინა და ევროპა მას ვერ დასთანხმდება. ტერიტორიების გადაცემა რუსეთისათვის არამხოლოდ პოლიტიკურად იქნება ძალიან მძიმე დარტყმა საერთაშორისო უსაფრთხოებისათვის, არამედ შეაჩერებს თუ არა ომს ესეც საკითხავია, რადგან რუსეთი უბრალოდ არ აღიარებს უკრაინის უფლებას იყოს სუვერენული სახელმწიფო. ამასთან ცნობილია რომ 2003 წელს უკრაინა-რუსეთს შორის საზღვრის დადგენის შესახებ შეთანხმება დაიდო, რომელზეც რუსეთის მრიდან პუტინმა მოაწერა ხელი, მაგრამ რატიფიცირებიდან 10 წელიწადში თავადვე დაარღვია ის - რუსული სტილია ის, რომ ის ომს იწყებს და არღვევს შეთანხმებებს მაშინვე, როდესაც ის თავს ძლიერად იგრძნობს. დღეს კი უფრო სწრაფად ვითარდება მოვლენები. შესაბამისად, დაპყრობითი ომის წარმატება მიეცეს რუსეთს და უკრაინამ სანაცვლოდ უსაფრთხოების გარანტია თუ ვერ მიიღო, ეს უკრაინასთან ერთად ევროპის (და ჩვენი) უსაფრთხოების სისტემის ჩამოშლაც იქნება.
 
ევროპელები და უკრაინელები მოლაპარკებების წინაპირობად უპირობო ცეცხლის შეწყვეტას ასახელებენ, რომლის უარყოფის შემთხვევაშიც რუსეთს ტოტალური სანქციები უნდა დაედოს.
 
2018 წელს როდესაც პუტინსა და ტრამპს შორის შეხვედრა შედგა ჰელსინკიში ისე ჩანდა თითქოს პუტინი უფრო მძლავრად გამოიყურებიდა, ტრამპი კი დაბნეული იყო, მაგრამ მალევე შეიცვალა ვითარება და რუსეთმა ამ შეხვედრიდან ბევრი ვერაფერი მიიღო გარდა პოლიტიკური კაპიტალისა. შესაძლოა ახლაც იგივე სურათი ვიხილოთ.
 
თუმცა აშშ-ს ძალიან გამოცდილი დიპლომატი და ნაციონალური უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონი აღნიშნავს, რომ ტრამპი ახლა უფრო სერიოზულად ემზადება შეხვედრისათვის, ვიდრე ეს 7 წლის წინ იყოო. მან იცის, რომ ამ შეხვედრამ შეიძლება მისი პრეზიდენტობის საგარეო პოლიტიკური მემკვიდრეობაც კი განსაზღვროსო, თუმცა ძალიან სერიოზული პრობელმაა ის, რომ ტრამპს ახლა შეთანხმება უფრო უნდა ვიდრე მაგიდაზე ხელის დაკვრაო. მიუხედავად ამისა, შეიძლება ტრამპს არ მოუნდეს სუსტ და დამთმობ ლიდერაც წარმოჩენა. მისი გუნდიც კარგად ემზადება შეხვედრისათვის. თუმცა ომის დანაშაულებისათვის ძებნილ პუტინთან შეხვედრა უკვე გარკვეული დათმობაა.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.