USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
თბილისი
რომელი წმინდათა ხსენების დღეა 11 აგვისტოს?
თარიღი:  604

11 აგვისტოს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

წმიდა მოწამე ევსტათი მცხეთელი (+551)

 წმიდა ევსტათი მცხეთელი წარმოშობით სპარსი იყო. იგი საქართველოში ჩამოვიდა და ქართლში დასახლდა. მას ისე მოეწონა ქართველთა ზნე-ჩვეულება, რომ გაქრისტიანება გადაწყვიტა, ეს კი იმ დროისათვის ძალიან საშიში იყო. გვირობანდაკმა (ასე ერქვა მას ნათლობამდე) კათოლიკოს სამოელის ხელით მიიღო ნათლობა და ქრისტიანული სახელი - ევსტათი ეწოდა. მალე მან ქართველი ქალი შეირთო და მთლიანად დაუმოყვრდა ქრისტესთან დამოყვრებულ ერს.

 ერთხელ მცხეთელმა სპარსელებმა დღესასწაულზე მიიწვიეს ევსტათი, მაგრამ წმიდანმა შორს დაიჭირა: „მე ქრისტეს ბეჭდითა აღბეჭდილ ვარ და ბნელსა მაგას განშორებულ ვარო“, - შეუთვალა მან ძველ თანამემამულეებს. დღესასწაულის დამთავრების შემდეგ ცეცხლთაყვანისმცემლებმა მცხეთის ციხისთავთან, უსტამთან დაასმინეს ევსტათი. მან თავისთან დაიბარა წმიდანი.

 ევსტათი ჯერ შეყოყმანდა, შემდეგ კი გაიფიქრა: „ესენი ჩემი მოყვარენი არიან და თუ ამათი შემეშინდება, სხვასთან როგორღა მოვიქცევი. წავალ და ცხადად ვაღიარებ ქრისტეს, რამეთუ წერილ არს: „რომელმან აღმიაროს მე წინაშე კაცთა, აღვიარო მეცა იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაჲსა და რომელმან უარმყოს მე წინაშე კაცთა, უვარ ვყო იგი მეცა წინაშე მამისა ჩემისა, რომელ არს ცათა შინა“.

 უსტამმა სადაურობა გამოჰკითხა ევსტათის. წმიდანმა მიუგო: სპარსელი ვარ, არშაკეთის ხევიდან, ქალაქ განძაკიდან. მამაჩემი მოგვი იყო, მეც მოგვობას მასწავლიდა, მაგრამ ჩვენს ქალაქში ბევრი ქრისტიანი ცხოვრობდა, შევისწავლე მათი რჯული, ვარჩიე მოგვობას და ახლა ქრისტიანი ვარ.

 უსტამს არ ჰქონდა დასჯის უფლება, ამიტომ ქართლის მარზპანთან, არვანდ გუშნასპთან გაგზავნა აღმსარებელი. შემასმენელნი კვლავ ეახლნენ მცხეთის ციხისთავს და აუწყეს, რომ კიდევ შვიდი სპარსელი შედგომოდა ქრისტეს სჯულს. რვავე ქრისტიანს ბორკილები დაადეს და თბილისში გაგზავნეს.

მარზპანმა მკაცრად დაჰკითხა ქრისტეს მსასოებელი სპარსელები. მათ უპასუხეს: „მამულსა-ღა ზედა რჩულსა ვიყვენით, სპარსთა რჩული ვიცოდით, ხოლო რაჟამს ქართლად შემოვედით და ქრისტიანეთა რჩული ვიხილეთ, ქრისტეანე ვიქმნენით და აწ ქრისტეანე ვართ, რამეთუ ქრისტეანეთა რჩული წმიდა და სურნელ არს და ფრიად კეთილ და შუენიერ არს, ხოლო სხუაჲ რჩული ვერ ესწორების რჩულსა ქრისტეანეთასა“.

 განრისხებულმა მარზპანმა ბრძანა, სასტიკად დაესაჯათ ისინი: გაეპარსათ თმა და წვერი, გაეხვრიტათ ცხვირები, დაედოთ ბორკილები და საპყრობილეში ჩაეყარათ, ხოლო თუკი რომელიმე უარყოფდა ქრისტეს - შეეწყალებინათ.

 ექვსი თვის შემდეგ მარზპანი სპარსეთის მეფემ თავისთან იხმო. ამით ისარგებლეს ქართლის კათალიკოსმა სამოელმა, მცხეთის მამასახლისმა გრიგოლმა, პიტიახშმა არშუშამ და სპარსეთს მიმავალ არვანდ გუშნასპს სთხოვეს, გაეთავისუფლებინა დილეგში ჩაგდებული სპარსი ქრისტიანები. არვანდ გუშნასპმა თხოვნა შეუსრულა ქართველ დიდებულებს, თუმცა დაამატა - ისინი მოსაკლავად მყავდა გამზადებულიო.

 სამი წლის შემდეგ ქართლს მარზპანად ვეჟან ბუზმირი მოევლინა. მოგვებმა კვლავ დაასმინეს ევსტათი. წმიდა ევსტათი სამუდამოდ გამოეთხოვა ოჯახს: „ჯმნულმცა ვარ მე თქვენგან, რამეთუ მე აქა აღარა მოქცევად ვარ და ქრისტე მე არა უვარ მყო და მათ მე არღარა განმიტეონ ცოცხლებით, ხოლო სიკუდილი ჩემი ტფილისს ყოფად არს საპყრობილესა და თავი მოკუეთად არს ჩემდა, ხოლო გუამი ჩემი მოიწიოს აქვე ნებითა ღმრთისაჲთა“.

 წმიდა ევსტათი შეევედრა ღმერთს: „უფალო ღმერთო იესუ ქრისტე, უკუეთუ ღირს მყო მე სიკუდილსა სახელისა შენისათჳს ქრისტიანობით, ჴორცთა ჩემთაჲ ნუ ჯერ გიჩნს განგდებაჲ გარე და შეჭმაჲ ძაღლთა და ფრინველთა ცისათაჲ, არამედ ჴორცთა ჩემთა ბრძანე აქვე მოქცევაჲ და დამარხვაჲ მცხეთას, სადაც ნათელ მიღებიეს“.

 წმიდა ევსტათი თბილისში ჩაიყვანეს და ვეჟან ბეზმირს მიჰგვარეს. ევსტათისგან მოსმენილი ქრისტიანული აღმსარებლობით გაკვირვებულმა და მისი სიმშვენიერით მოხიბლულმა ბუზმირმა ტკბილად მიმართა წმიდანს: „შვილო ჩემო ევსტათი, ისმინე ჩემი და ნუ დაიმცირებ დღეთა ცხოვრებისა შენისათა ქრისტეანებისათჳს და ნუ ქურივ სუამ ცოლსა შენსა და ობოლ შჳლთა შენთა და ნუ მოსწყდები მოყუასთა შენთა ამას ცხორებასა“. წმიდა ევსტათიმ განუცხადა, რომ ქრისტეს არ უარყოფდა. გაბრაზებულმა მარზპანმა ბრძანა, წმიდანი საპყრობილეში წაეყვანათ, ღამით კი თავი მოეკვეთათ და ქალაქგარეთ დაეგდოთ ფრინველთა საჯიჯგნად. ვიდრე საპყრობილეს მიაღწევდნენ, მან ითხოვა ლოცვისათვის დრო მიეცათ, მუხლი მოიდრიკა, თვალები ზეცად აღაპყრო და უფალს შეევედრა: „უფალო ღმერთო ყოვლისა მპყრობელო, რომელსა ყოველთა კაცთაჲ გნებავს ცხორებაჲ, რომელნი ესვენ სარწმუნოებით სახლსა წმიდასა შენსა; რომელმან ისმინე ლოცვაჲ პირველთა მათ მოწამეთაჲ... ამას ვილოცავ და გევედრები და ვითხოვ შენ სახიერისაგან, რათა არა დაეტეოს გვამი ჩემი აქა ტფილისს შინაა, არამედ რაჲთა დაემარხოს იგი მცხეთას წმიდასა, სადა იგი შენ გამომიჩნდი და რათა აქუნდეს მადლი და კურნებაჲ ძუალთა ჩემთა, ვითარცა იგი პირველთა მათ“. უცებ გაისმა ხმა: „არა უნაკლულეს იყო შენ პირველთა მათ მადლითა კურნებისათა, რომელთა ვჰრწმენე მე, ხოლო გუამისა შენისათჳს ნუ ჰზრუნავ, ეგრე იყოს, ვითარცა შენ სთქუ ყოფად“. მარზპანის მსახურებმა თავი წარკვეთეს წმიდა ევსტათის, გვამი კი ღამით გაიტანეს და ქალაქგარეთ დააგდეს.

 ქრისტიანებმა ევსტათის ცხედარი, მალულად წაასვენეს მცხეთას. მოწამის ნეშტს წმიდა სამოელ კათოლიკოსი (ხს. 30 ნოემბერს) შემოეგება და პატივით დაკრძანა სვეტიცხოველში, წმიდა ტრაპეზის ქვეშ.

 

წმიდა მოწამე კალინიკე (III-IV)

წმიდა მოწამე კალინიკე დაიბადა კილიკიაში. კეთილმსახურმა მშობლებმა იგი ქრისტეს სარწმუნოების ერთგულებით აღზარდეს. წმიდანი ფეხის ყოველ ნაბიჯზე ხედავდა კერპთმსახურთა უგუნურებას და გადაწყიტა, მოციქულებრივი ღვაწლი ეტვირთა. იგი დაუზარლად დადიოდა სოფლიდან სოფელში, ქალაქიდან ქალაქში და დაუცხრომლად ქადაგებდა სახარების სწავლებას. ერთ-ერთი ასეთი მოგზაურობის დროს, ქალაქ ანკვირიაში ნეტარი კალინიკე სამსჯავროზე წარადგინეს, ქრისტიანთა სასტიკი მდევნელის, საკერდონის წინაშე. წამებისა და სიკვდილის მუქარით უღმრთო ხელისუფალი აიძულებდა უფლის რჩეულს, მსხვერპლი შეეწირა კერპებისთვის, მაგრამ წმიდანი მტკიცედ იდგა სარწმუნოებაზე. განრისხებული მმართველის ბრძანებით წმიდა კალინიკე დაუნდობლად გვემეს ხარის ძარღვებით, მაგრამ იგი სიმშვიდითა და მოთმინებით იტანდა ტკივილებს. ამან კიდევ უფრო გაააფთრა საკერდონი. მან განკარგულება გასცა, წვერწამახულ ლურსმნებგაჩრილი ჩექმები ჩაეცვათ მარტვილისთვის და მათრახების ცემით წაეყვანათ დასაწვავად. წამებისგან დაუძლურებული, ფეხებდაფლეთილი და დასისხლიანებული კალინიკე უდრტვინველად მიჰყვებოდა ცხენზე ამხედრებულ მეომრებს. ჯალათები საშინელ გვალვაში წყურვილისაგან გაითანგნენ და ტყვეს უთხრეს, ჭეშმარიტების დასამტკიცებლად უფლისგან წყლის აღმოცენება გამოეთხოვა. კალინიკემ ილოცა, და ლოდიდან მართლაც გადმოხეთქა საკვირველმა წყარომ. აღსრულებული სასწაულით გაოგნებული მეომრები თანაგრძნობით განიმსჭვალნენ წმიდანის მიმართ, მისი გათავისუფლებაც კი დააპირეს, მაგრამ სასჯელის შიში ვერ დაძლიეს: მაინც გააგრძელებინეს გზა ნეტარს. როცა დასჯის ადგილამდე ჩააღწიეს, მტარვალებმა დიდი კოცონი გააჩაღეს კალინიკეს დასაწვავად. მანაც, სიხარულით აღვსილმა, მადლობა შესწირა უფალს მოწამეობრივი აღსასრულის მომადლებისათვის და თავად შევიდა ცეცხლში. მისი უხრწნელი ცხედარი კი მორწმუნეებმა პატივით მიაბარეს მიწას.

 წმიდა მოწამე სერაფიმა ქალწული (II)

წმიდა მოწამე სერაფიმა ქალწული ანტიოქიაში დაიბადა, მაგრამ რომში ცხოვრობდა დიდებულ ქალბატონ საბინასთან, რომელიც თავად მოაქცია ქრისტიანობაზე.

 როცა იმპერატორმა ადრიანემ (117-138) ქრისტიანთა დევნა დაიწყო, მმართველმა ბერილმა, სხვებთან ერთად, წმიდა სერაფიმასაც მოუხმო სამსჯავროზე. მოწამეობრივი გვირგვინის მაძიებელი ქალწული უშიშრად გამოცხადდა მტარვალებთან. მას ერთგული საბინაც გაჰყვა თან. იხილა რა დიდგვაროვანი ქალბატონი, ბერილმა ჯერ გაათავისუფლა სერაფიმა, მაგრამ შემდეგ კვლავ გამოიძახა და დაჟინებით მოსთხოვა, წარმართული ღვთაებებისთვის მსხვერპლი შეეწირა. ნეტარმა ახოვნად აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი. მარტვილი მაშინაც კი ურყევი დარჩა, როცა სანთლების ალით წვა და დაუნდობელი გვემა დაუწყეს. გამხეცებულ ბერილს უფლის სასჯელი არ ასცდა: იმ არგანს მომწყდარი ხიწვი, რომლითაც სერაფიმას სცემდნენ, თვალში ჩაუვარდა და სამი დღის შემდეგ დაბრმავდა. წმიდა აღმსარებლის სულიერი ახოვნებით ძლეულმა მსაჯულმა მისთვის თავის მოკვეთა ბრძანა. საბინამ კრძალვით მიაბარა მიწას ძვირფასი ცხედარი.

 

წმიდა მოწამე თეოდოტია და სამნი ყრმანი მისნი (+დაახლ. 304)

წმიდა მოწამე თეოდოტია, მდიდარი ქვრივი ქალი ქალაქ ნიკეიდან, სამ მცირეწლოვან ყრმასთან ერთად მაკედონიაში ცხოვრობდა, საკუთარ მამულში. თავის სიმდიდრეს იგი უხვად ხარჯავდა გლახაკთა დასახმარებლად და უპატრონო მიცვალებულთა დასასაფლავებლად. წმიდანს სულიერი მეგობრობა აკავშირებდა წმიდა ანასტასიასთან (ხს. 22 დეკემბერს). როცა ქრისტიანთა დევნა დაიწყო, ორივე წმიდა დედა დაატუსაღეს. სამსჯავროზე დიდებული კარისკაცი ლევკადიუსი მოიხიბლა თეოდოტიას მშვენიერებით. გადაწყვიტა, შინ წაეყვანა და ცოლად შეერთო. ლევკადიუსის სახლში თეოდოტია შვილებთან ერთად სიწმიდით ატარებდა დღეებს; წარმართმა კარისკაცმა ვერც შეგონებებით, ვერც ლიქნით, ვერც მუქარით ვერ მოდრიკა მისი ნება. ბოლოს, წმიდანის სიმტკიცით გამხეცებულმა, შვილებთან ერთად ბითვინიაში გაგზავნა იგი, ოლქის მმართველ ნიკიტიუსთან. როცა მსაჯული წამების მუქარით შეეცადა ნეტარი დედის დაშინებას, მისმა უფროსმა შვილმა, ევოდმა განაცხადა: „ქრისტიანებს არ ეშინიათ სატანჯველების, ისინი მხოლოდ ღვთის მადლის დაკარგვას უფრთხიან!“ ბავშვი მშობლის თვალწინ სასტიკად გვემეს. იგი სისხლისგან დაიცალა და მოწამის გვირგვინით შეერთო ნეტარ მარადისობას. ამის შემდეგ ნეტარი დედა გარყვნილებს გადასცეს შესაგინებლად, მაგრამ ზეციურმა ძალამ დაიცვა იგი. ყველას თვალწინ სასწაული აღესრულა: უფლის ანგელოზი წინ აღუდგა უსჯულოებს, რომლებიც გაკადნიერდნენ, მიახლოებოდნენ ქრისტეს ტარიგს. მსაჯულმა მომხდარი წმიდანის ჯადოქრობას მიაწერა და მას შვილებთან ერთად ცეცხლში დაწვა მიუსაჯა.

წმიდა მოწამეთა: თეოდოტიას, ყრმა ევოდის და მისი ორი სხვა მცირეწლოვანი ძის ხსენება 22 დეკემბერსაც აღესრულება, წმიდა ანასტასიასთან ერთად.

ღირსმოწამე მიქაელი (IX)

ღირსმოწამე მიქაელს, წმიდა თეოდორე ედესელის (ხს. 9 ივლისს) მოწაფეს, IX საუკუნეში მოჰკვეთეს თავი ქრისტეს აღსარებისთვის. მისი ხსენება 23 მაისსაც იდღესასწაულება.

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის