10 სექტემბერს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
წმიდა დიდებული მოწამე შუშანიკი (+475)
წმიდა შუშანიკი ჰერეთის პიტიახშის, ვარსქენის მეუღლე იყო. ქრისტიანულ ოჯახში აღზრდილი დედოფალი ბავშვობიდანვე ღვთის შიშითა და სიყვარულით გამოირჩეოდა.
იმ დროს ქართლში სპარსელები ბატონობდნენ. სპარსეთის სამეფო კართან კეთილი ურთიერთობის დამყარების მიზნით ვარსქენ პიტიახში სპარსეთის მეფეს, პეროზს ეწვია, საკუთარი ნებით უარყო ჭეშმარიტი სარწმუნოება, მაზდეანობა მიიღო და მეფეს დაჰპირდა, როგორც კი ქართლში დავბრუნდები, ჩემს ცოლსა და შვილებსაც ჩემს რჯულს მივაღებინებო.
ქართლსმოახლოებულმა ვარსქენმა მოციქულები გაგზავნა საპიტიახშო ქალაქ ცურტავში, რათა ქვეშევრდომები შესაფერი პატივით მიგეგებოდნენ სამშობლოში დაბრუნებულ პიტიახშს.
სანატრელმა შუშანიკმა, რომელიც ადრევე გრძნობდა მეუღლის გულგრილობას სარწმუნოების მიმართ წინასწარმეტყველივით უთხრა გამოგზავნილებს: „უკუეთუ სულითა ცხოველ არს იგი, ცოცხალმცა ხართ, იგიცა და შენცა. უკუეთუ სულითა მომკუდარ ხართ, მოკითხვაჲ ეგე შენი შენდავე მოიქეცინ“. როცა შუშანიკმა ვარსქენის განდგომა შეიტყო, მიწაზე დაემხო და მწარე ცრემლით გამოიტირა უბადრუკი და ქრისტეს უარმყოფელი ვარსქენი: „საწყალობელ იქმნა უბადრუკი ვარსქენ, რამეთუ უვარ-ყო ჭეშმარიტი ღმერთი და აღიარა ატროშანი და შეერთო იგი უღმრთოთა“. შემდეგ შუშანიკმა დატოვა სასახლე, თან წაიყვანა თავისი ოთხი შვილი და ეკლესიას შეაფარა თავი. მან შვილები საკურთხევლის წინაშე დააყენა და უფალს შეჰღაღადა: „უფალო ღმერთო, შენნი მოცემულნი არიან და შენ დაიცვენ ესენი, განათლებულნი წმიდისაგან ემბაზისა მადლითა სულისა წმიდისაჲთა, ყოფად ერთ სამწყსო ერთისა მწყემსისა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა“.
მწუხრის ლოცვის შემდეგ წმიდა დედოფალმა ეკლესიის მახლობლად მდგომ სახლს მიაშურა, „შევიდა მუნ შინა სიმწრითა სავსჱ და მიეყრდნა ყურესა ერთსა და მწარითა ცრემლითა ტიროდა“.
საღამოს წმიდა შუშანიკი თავისმა მოძღვარმა, იაკობ ხუცესმა მოინახულა. ის აატირა დედოფლის საცოდაობამ და გააფრთხილა სულიერი შვილი: ვარსქენი დაუნდობელია და საშინლად გაგტანჯავს, ამიტომ თუ საკუთარი სიმტკიც იმედი არა გაქვს, სჯობს მოერიდო მასთან შეჯახებასო. ამაზე წმიდა შუშანიკმა უპასუხა: „უმჯობჱს არს ჩემდა ჴელთა მისთაგან სიკუდილი, ვიდრე ჩემი და მისი შეკრებაჲ და წარწყმედაჲ სულისა ჩემისაჲ, რამეთუ მასმიეს მე პავლჱ მოციქულისაგან: „არა დამონებულ არს ძმაჲ გინა დაჲ, არამედ განეყენენ“.
სამი დღის შემდეგ პიტიახშიც ჩამოვიდა ცურტავში. მან მეორე დღესვე იხმო ეპისკოპოსნი და მღვდელნი თავისთან და ლმობიერად უთხრა: „აწ ნუ რას მერიდებით მე ნუცა ღა გძაგ“. მღვდლებმა კი ამხილეს სჯულის უარმყოფელი: „წარსწყმიდე თავი შენი და ჩუენცა წარგუწყმიდენ“. მხილებით გაგულისებულმა ვარსქენმა მეუღლის გადმობირება გადაწყვიტა, მაგრამ შუშანიკმა მწარედ ამხილა და თან მტკიცედ შეუთვალა: „შენ ღმერთი ჭეშმარიტი უვარ-ჰყავ და ცეცხლსა თაყუანის ეც, და ვითარცა შენ შემოქმედი შენი უვარ-ჰყავ, ეგრეცა მე შენ შეურაცხ-გყავ და თუ მრავალი ტანჯვაჲ მოაწიო ჩემ ზედა, მე არა ვეზიარო საქმეთა შენთა“.
ამგვარი პასუხით განრისხებულმა ვარსქენმა თავისი ძმა, ჯოჯიკი და აფოც ეპისკოპოსი გაგზავნა წმიდა შუშანიკის სასახლეში წამოსაყვანად. დედოფალმა შინ დაბრუნებაზე კვლავ უარი განაცხადა. ჯოჯიკმა იცოდა, რომ ვარსქენი მას ძალით მიიყვანდა სასახლეში და სთხოვა, ნებით დაბრუნებულიყო. შუშანიკმა აიღო წმიდა სახარება, წმიდა მოწამეთა წიგნები, მივიდა სასახლეში და იქ ერთ მცირე სენაკში ჩაიკეტა.
ორი დღის შემდეგ ვარსქენი სასახლეში დაბრუნდა და პურის საჭმელად ძმასთან და რძალთან ერთად წმიდა შუშანიკიც მიიწვია. დედოფალს არ სურდა ქრისტეს მოღალატე ქმართან ტრაპეზის გაყოფა, აღარ უნდოდა ქრისტეს მოწამის გვირგვინის გარიდება: მან ჯოჯიკის ცოლს ხელი აუკრა მოწოდებულ ჭიქაზე და ამით კიდევ ერთხელ გამოხატა ქრისტესთვის წამების სურვილი.
გამხეცებულმა ვარსქენმა სასტიკად ცემა მეუღლე. ცოცხალ-მკვდარი შუშანიკი ჯოჯიკმა ძლივს გამოჰგლიჯა მას ხელიდან. პიტიახშმა ბრძანა, შეეკრათ დედოფალი და ბორკილები დაედოთ. შემდეგ, ვარსქენის ბრძანებითვე, ბორკილდადებული დედოფალი სენაკში შეიყვანეს და დარაჯი დაუყენეს.
დილით პიტიახშმა მოინახულა შუშანიკი. შემდეგ მსახურს უბრძანა, არავინ შეეშვა მასთან, თვითონ კი სანადიროდ წავიდა.
შუშანიკის მოძღვარმა მოახერხა დატყვევებულ დედოფალთან შესვლა და როცა მისი ნაწამები სახე იხილა, განცდებს ვეღარ გაუძლო და ხმამაღლა ატირდა. წმიდა შუშანიკმა მშვიდად უთხრა: „ნუ სტირ ჩემთჳს, რამეთუ დასაბამ სიხარულისა იქმნა ჩემდა ღამჱ ესე“.
მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარი
წმიდა შუშანიკის განსასვენებელი
იაკობ ხუცესი ევედრა წმიდანს, მიეცა ნება, მისთვის პირიდან სისხლი და თვალთაგან ნაცარი მოებანა და ჭრილობებზე სალბუნი დაედო. შუშანიკმა მიუგო: „ჴუცეს, მაგას ნუ იტყჳ, რამეთუ სისხლი ესე განმწმენდელ არს ცოდვათა ჩემთა“.
ჰონების წინააღმდეგ საბრძოლველად წასვლის წინ ვარსქენმა თავისი ნაჩუქარი სამკაულები წაართვა შუშანიკს... ამასობაში დიდი მარხვაც დადგა. წმიდა დედოფალი კვლავ ეკლესიის მახლობლად მდებარე პატარა ბნელ სენაკში გადავიდა და მარხვა-ლოცვასა და ტირილში გაატარა წმიდა ორმეოცი.
ბრძოლიდან დაბრუნებულმა ვარსქენმა შუშანიკი მოიკითხა. ერთმა ახლობელმა კარისკაცმა ურჩია, ამ წმიდა მარხვაში არაფერი ეთქვა მისთვის. მარხვის შემდეგ ვარსქენმა ცემით წაიყვანა დედოფალი სასახლეში, სამასი ჯოხი დაჰკრა, ქედზე ჯაჭვის დადება და საპყრობილეში ჩასმა ბრძანა.
ექვსი წელი გაატარა წმიდა შუშანიკმა ციხეში. ამ ხნის განმავლობაში არ შეუწყვეტია ლოცვა, მარხვა და სხვა ღვთის სათნო საქმეები. საპყრობილეში მყოფი, იგი თავად ამხნევებდა მის გასამხნევებლად მოსულ ქრისტიანებს, დახმარების მიღების მაგივრად თვითონ ეხმარებოდა გაჭირვებულებს. მისი ლოცვით ავადმყოფები იკურნებოდნენ, უშვილოებს შვილი ეძლეოდათ... შუშანიკის ლოცვით განიკურნა და მართად სარწმუნოებაზე მოექცა ერთი კეთროვანი სპარსი დედაკაცი. დედოფალი ყველაზე უფრო შვილების ცეცხლთაყვანისმცემლობაზე გადაბირებამ შეაძრწუნა - „ტირილითა დიდითა... თავსა თჳსსა ქუე დამართ სცემდა“, მაგრამ მაინც სამადლობელი აღმოთქვა: „გმადლობ შენ, უფალო ღმერთო ჩემო, რამეთუ იყვნესვე არა ჩემნი, არამედ შენნი მოცემულნი იყვნეს. ვითარცა გნებავს, იყავნ ნებაჲ შენი, უფალო, და დამიცევ მე საქმეთაგან მტერისათა“.
სიკვდილის წინ წმიდა მოწამემ ყველანი დალოცა და ითხოვა, დაესაფლავებინათ იქ, საიდანაც პირველად გამოათრია უშჯულო ქმარმა, შემდეგ ფსალმუნის სიტყვები გაიმეორა: „კურთხეულ არს უფალი ღმერთი ჩემი, რამეთუ მშვიდობით მას ზედა დავწევ და დავიძინე“ და სული უფალს შეავედრა.
სამღვდელოებამ და ერმა ნაწამები დედოფლის გვამი ნაანდერძევ ადგილას დაფლა.
მე-6 საუკუნეში ქართველებმა შუშანიკის ნეშტი თბილისში გადმოასვენეს და მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარში დაკრძალეს.
ღირსი მოსე შავი (+დაახლ. 400)
ღირსი მოსე შავი IV საუკუნეში ცხოვრობდა ეგვიპტეში. წარმოშობით ეთიოპიელმა ზანგმა ეს ზედწოდება პირისკანის ფერის მიხედვით მიიღო. ახალგაზრდობაში წმიდანი ერთი დიდებულის მონა იყო და ერთგულადაც მსახურობდა, მაგრამ შემდეგ მკვლელობისათვის ბატონმა სასახლიდან გააძევა. მართლმსაჯულებას გაქცეული მოსე ავაზაკების გუნდს შეუერთდა, მათ კი მკაცრი ხასიათისა და დიდი ფიზიკური ძალის გამო წინამძღოლად აირჩიეს. მოსე შავი თავის ამალათან ერთად მრავალ ბოროტებას სჩადიოდა: იგი დაუნდობლად ძარცვავდა და ხოცავდა ხალხს, მისი სახელის ხსენებაც კი ყველას შიშის ზარსა სცემდა. მომავალმა წმიდანმა რამდენიმე წელი დაჰყო ასეთ უსჯულოებაში, მაგრამ შემდგომ, ღვთის უსაზღვრო გულმოწყალებით, სინანულში ჩავარდა, დატოვა ავაზაკთა ბანდა და უდაბნოს ერთ-ერთ მონასტერს მიაშურა. იგი დიდხანს ტირილით ითხოვდა, მიეღოთ ძმობაში. ბერებს არ სჯეროდათ მისი სინანულის გულწრფელობისა, მაგრამ ყოფილი ბოროტმოქმედი მანამ იხვეწებოდა, ხელი არ მკრათო, სანამ სათხოვარი არ შეუსრულეს. მონასტერში ღირსი მამა იღუმენისა და საძმოს სრულ მორჩილებაში იმყოფებოდა, დასტიროდა თავის ცოდვილ ცხოვრებას. რამდენიმე ხნის შემდეგ მოსე განმარტოებულ სენაკში დაეყუდა და ლოცვასა და უმკაცრეს მარხვაში ატარებდა დღეებს. ერთხელ წმიდანის სენაკს მისი ყოფილი რაზმის ოთხი ყაჩაღი დაესხა თავს. ნეტარმა მამამ, რომელსაც უწინდელი ფიზიკური ძალა არ დაჰკარგვოდა, შებოჭა ოთხივე, მონასტერში მიიყვანა და ბერებს ჰკითხა, როგორ მოქცეოდა მათ. ძმებმა უბრძანეს, გაეთავისუფლებინა ტყვეები. ავაზაკებმა როცა შეიტყვეს, რომ თავიანთ ყოფილ წინამძღვართან მოხვდნენ, თავადაც ბერებად აღიკვეცნენ. მოსე შავის სინანულის შესახებ რომ ესმათ, დანარჩენმა ყაჩაღებმაც მიჰბაძეს მას, ხელი აიღეს უსჯულო ცხოვრებაზე და მოშურნე ბერები გახდნენ.
ღირსი მოსე ერთბაშად არ განწმენდილა ვნებათაგან. იგი ხშირად მიდიოდა მონასტრის იღუმენთან, ამბა ისიდორესთან და ეკითხებოდა, როგორ გათავისუფლებულიყო ავხორცი გულისთქმებისაგან. სულიერ ბრძოლაში გამოცდილი ბერი ასწავლიდა, არასდროს დანაყრებულიყო საზრდელით, მუდამ ნახევრად მშიერი ყოფილიყო და უმკაცრესი თავშეკავებით ეცხოვრა. ბილწი დემონი არ ცხრებოდა - სიზმრისეული ოცნებებით აღაგზნებდა ნეტარ მამას, მაშინ ამბა ისიდორემ ურჩია მას, მღვიძარების ღვაწლი ეტვირთა. წმიდა მოსეც დაჰყვა წინამძღვრის კურთხევას და მთელ ღამეებს მხურვალე ლოცვაში ატარებდა. დაუსრულებელმა ბრძოლამ ერთხანს მოწყინებაში ჩააგდო ნეტარი, მაგრამ ბერმა ისიდორემ განამტკიცა მოწაფე: თავისი სენაკის ბანზე აიყვანა და დასავლეთით, ცის კაბადონზე საბრძოლველად განმზადებულ დემონთა მრავალრიცხოვანი მხედრობა აჩვენა. აღმოსავლეთით ანგელოზთა კიდევ უფრო დიდი დასი ჩანდა. ისინიც ბრძოლისთვის ემზადებოდნენ.
ღირსმა მოსემ ახალი ღვაწლი იტვირთა: ღამღამობით მეუდაბნოეთა სენაკებს შემოივლიდა ხოლმე და ბერებს ჭიდან წყალს უზიდავდა. განსაკუთრებით ზრუნავდა მოხუცებზე, რომელთაც შორ მანძილზე სიარული და წყლის ტარება არ შეეძლოთ. ერთხელ ჭის თავზე დახრილმა მოსემ ანაზდად ზურგში ძლიერი დარტყმა იგრძნო, მკვდარივით დაეცა ჯურღმულთან და ასე ეგდო გათენებამდე. დილით კი ძმებმა სენაკში გადაიყვანეს. მთელი წლის განმავლობაში ნეტარი განრღვეულივით უძლური იყო და ძალზე იტანჯებოდა. გამომჯობინების შემდეგ მან იღუმენს განუცხადა, რომ კვლავაც განაგრძობდა ბრძოლას. ამბა ისიდორემ აკურთხა იგი და უბრძანა, წმიდა საიდუმლოს ზიარებოდა და სენაკს დაბრუნებოდა. ამ დროიდან მოყოლებული, მას ბოროტ სულებზე დიდი ხელმწიფება მიემადლა.
ხმა ღირსი მამის ღვაწლის შესახებ შორს გავარდა. მაშინ ქვეყნის მმართველმა მისი ნახვა ისურვა. ეს რომ შეიტყო, მოსემ გადაწყვიტა, დამალვოდა სტუმრებს და სენაკი დატოვა. გზაში იგი შეხვდა მმართველის მსახურებს, რომლებმაც მოსე შავის სენაკი იკითხეს. „არ ღირს მისვლა ამ ცრუ და უღირს ბერთან“, - უპასუხა ნეტარმა. მსახურები დაბრუნდნენ მონასტერში, სადაც მმართველი ელოდათ და მოსაგრის სიტყვები გადასცეს; ძმები კი ბერის გარეგნობის აღწერამ დაარწმუნა, რომ ეს ბერი თავად მოსე იყო.
უდაბნოში მრავალი წლის მოღვაწეობის შემდეგ ღირს მამას დიაკვნად დაასხეს ხელი. ეპისკოპოსმა თეთრი სამოსით შემოსა იგი და თქვა: „ახლა ამბა მოსე მთლად თეთრი შეიქნა“. წმიდანმა მიუგო: „მეუფეო, რა განასპეტაკებს კაცს - შინაგანი თუ გარეგანი?“ თავმდაბლობის გამო ნეტარს დიაკვნობის ხარისხისთვის თავი უღირსად მიაჩნდა. ერთხელ ეპისკოპოსმა გადაწყვიტა, გამოეცადა წმიდანი და ღვთისმსახურებს უბრძანა, საკურთხევლიდან გაეგდოთ იგი, შემდეგ უკან გაჰყოლოდნენ და გაეგოთ, რას იტყოდა.
მღვდელმსახურნი ასეც მოიქცნენ - როცა მოსე საკურთხეველში შევიდა, უთხრეს: „განვედ აქედან, ჰოი, შავო!“ ხელი მოჰკიდეს და უპატიოდ გარეთ გააგდეს. ნეტარმა მამამ საოცარი თავმდაბლობით აიტანა დამცირება და, გამოძევებულმა, ჩაილაპარაკა: „ასეც გხვდება, ქოფაკო!.. ან კი როგორ გაბედე წმიდათა წმიდა ალაგას შესვლა?“ ეს რომ მოახსენეს, ეპისკოპოსმა კვლავ საკურთხეველში შეაყვანინა წმიდანი და ხუცესად აკურთხა. კითხვაზე, რას ფიქრობდი, როცა აქედან გაგაძევეს, შემდეგ კი ისევ დაგაბრუნესო, მან უპასუხა: „თავს ქოფაკს ვადარებდი, რომელიც, თუ გააძევებენ, კუდამოძუებული გაიქცევა, ხოლო თუ უკანვე დაუძახებენ, უმალვე ხალისით მოირბენს!“ მოსე შავი თხუთმეტი წელი მოღვაწეობდა სამღვდელო ხარისხში და სამოცდათხუთმეტი მოწაფე შემოიკრიბა.
როცა ღირს მამას სამოცდათხუთმეტი წელი შეუსრულდა, მან ბერები გააფრთხილა, რომ მალე სკიტს ავაზაკები დაესხმოდნენ თავს და მის მკვიდრთ ამოჟლეტდნენ. წმიდანმა აკურთხა ისინი, დროზე დაეტოვებინათ აქაურობა და თავი აერიდებინათ ძალმომრეობითი სიკვდილისაგან. მოწაფეები სთხოვდნენ ნეტარს, ისიც მათთან ერთად წასულიყო, მაგრამ მოსემ მიუგო: „მე დიდი ხანია ველი დროს, როცა ჩემზე აღსრულდება უფალ იესო ქრისტეს სიტყვები: „ყოველთა, რომელთა აღიღონ მახჳლი, მახჳლითა წარწყმდენ“ (მთ. 26.52). წმიდა მამასთან სულ შვიდი ბერი დარჩა, რომელთაგან ერთი ავაზაკების მოახლოებისას დაიმალა. ყაჩაღებმა სიცოცხლეს გამოასალმეს მოსე და სხვა ექვსი ძმა. ეს მოხდა დაახლოებით 400 წელს.
მართალი ანა წინასწარმეტყველი, ასული ფანოელისა (I)
მართალი ანა წინასწარმეტყველი, ფანოელის ასული, ასერის ტომიდან იყო. მან მხოლოდ შვიდი წელი იცხოვრა ქმართან, შემდეგ კი, დაქვრივებული, მკაცრი კეთილმსახური ცხოვრებით ცხოვრობდა და „არა განეშორებოდა ტაძრისა მისგან მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა ღამე და დღე“ (ლკ. 2,37). როცა ანა 84 წლის გახდა, იგი ღირსი შეიქნა ჩვილი იესოს ხილვისა, რომელიც იოსებმა და ქალწულმა მარიამმა ტაძრად მიიყვანეს „ჩვეულებისა მისებრ შჯულისა“. მართალ ანას ესმოდა წინასწარმეტყველური სიტყვები, რომლითაც მოხუცებულმა სვიმეონმა ღვთისმშობელს მიმართა, სვიმეონთან ერთად მანაც შეიცნო განკაცებული მაცხოვარი და გამოხსნის მოლოდინით მცხოვრებ იერუსალიმელებს ახარებდა მის განკაცებას.
მართალი ეზეკია, იუდეველთა მეფე (721-691 ქრისტეს შობამდე)
მართალი ეზეკია (721-691 ქრისტეს შობამდე) იუდეის უსჯულო მეფის, აქაზის ძე იყო. ოცდახუთი წლისა ავიდა ტახტზე და ოცდაცხრა წელი მეფობდა იერუსალიმში. მისი ცხოვრება ბიბლიაშია აღწერილი (4 მეფ. 18-20).
კრება ღირს კიევო-პეჩორელ მამათა, შორეულ, თეოდოსის მღვიმეებში განსვენებულთა